კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საქართველო იძულებული, მისცეს სომხეთსა და რუსეთს შეუფერხებელი კავშირის უზრუნველმყოფი მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანი

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მცხეთა-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა იგეგმება. კომუნიკაციები, განსაკუთრებით, გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელია, რათა საკუთარი ფუნქცია კარგად შეასრულოს და სხვებს, მტრებსაც და პარტნიორებსაც, თავი დააჭირვოსო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, თუ რა მძიმედ იმოქმედა ჩვენი ქვეყნის ბედზე  თავის დროზე კავკასიონში გაჭრილმა კომუნიკაციამ როკის გვირაბის სახით, ცხადია, უსიამოვნო ასოციაციები გაჩნდა, როდესაც ქართლის ჩრდილო ოსეთთან კიდევ ერთი დამაკავშირებელი გზის შესახებ შევიტყვეთ. მით უფრო, რომ არც ისეთი გაცხოველებული ვაჭრობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, მხოლოდ ლარსის საბაჟო ვერ ვიკმაროთ. თუმცა სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავის მფარველ რუსეთს უფრო სტაბილურად და ალტერნატიული გზებით დაუკავშირდეს. საბოლოოდ დავკარგეთ ცხინვალის გავლით ვლადიკავკაზში მოხვედრის იმედი; რატომ უნდა გავითვალისწინოთ, უპირველესად, სომხეთის მოტივი და იქმნება თუ არა დამატებითი სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე რფ-სთან ახალი ავტობანის გაჭრით, –  ამ კითხვებზე პასუხებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაგვცემს.
– საიდან გაჩნდა მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანის მშენებლობის იდეა და, საერთოდაც, რა საჭიროა ქართლის ვლადიკავკაზთან პირდაპირ დაკავშირება?
– როდესაც გაჩნდა ავტობანის თემა, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, ახალზეა ლაპარაკი თუ ძველზე?! იგულისხმება საქართველოს სამხედრო გზა, ოღონდ მოდიფიცირებული, იმიტომ რომ, იქ არის მონაკვეთები, რომლებსაც სჭირდება მნიშვნელოვანი გარდაქმნა. არსებობს გვირაბების იდეები, არაერთისა და სხვა საინჟინრო ინიციატივები, თუმცა მე არ ვიცი, რომელი იქნება რეალიზებული.
– ახალია თუ ძველი, ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება გზა, რომელიც მცხეთას ვლადიკავკაზს შეუფერხებლად დააკავშირებს.
–  იმას ვამბობ, რომ ამაში არაფერია ახალი. ეს არის საქართველოს სამხედრო გზა, ოღონდ გაკეთდება უფრო მაღალ დონეზე. მე, როგორც დაინტერესებულმა პირმა, ასეთი პასუხი მივიღე სახელისუფლო გუნდიდან.
– უფრო მაღალ დონეზე გაკეთება რა მიზანს ემსახურება: რა ასეთი გაცხოველებული ვაჭრობაა რუსეთსა და საქართველოს შორის, რომ რა გზაც არსებობს, ლარსის საბაჟოს ვგულისხმობ, ვერ აუდის და ამიტომ უნდა დავხვეწოთ ინფრასტრუქტურა? თუ სომხეთის ფაქტორია და რადგან ლარსი იკეტება, სომხეთს რუსეთთან დამაკავშირებელ კომფორტულ გზას ვუკეთებთ?
– რადგან ლარსი ვახსენეთ, ამ თემაზე დავასრულოთ საუბარი: დღეს არსებული გზა არასრულყოფილია, იმიტომ რომ, კლიმატური პირობების, არასწორად ჩატარებული საინჟინრო სამუშაოების, ჰესების მშენებლობისა და უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, ეს  არასტაბილური გზაა და შეიძლება, ჩაიკეტოს დიდი ხნის განმავლობაში. სხვათა შორის, ანალოგიური ვითარებაა ამ გზის მეორე მხარესაც.
– ჩრდილო ოსეთში?
– დიახ. ეს, რაც შეეხება საინჟინრო თემას. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს: ქვეყანას აქვს პრეტენზია, ჰქონდეს სატრანზიტო ფუნქცია როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ისე ჩრდილოეთიდან –  სამხრეთისკენ და პირიქით. თუ ამ ტიპის გზამ არ იფუნქციონირა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მეორე მხრივ, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, გზების ისეთი სისტემა შექმნას საქართველოს საზღვართან, რომ მომავალში აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რადგან ლარსის გზა რთულად გამოსაყენებელია, სხვა გზა ავამუშაოთ. ხან ამბობენ, მოდი, გავხსნათ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე გამავალი გზა; ხან ლაპარაკს იწყებენ ახალსოფელი-ბეშთას გზაზე, რომელიც დაღესტნიდან მოდის. ახლა მამისონის უღელტეხილზე დაიწყეს ფუთფუთი. იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ზეწოლის ქვეშ, აუცილებელია, ინიციატივა ავიღოთ ხელში და ის გზა გავაკეთოთ, რომელიც ჩვენთვის სტრატეგიულად მომგებიანია დანარჩენთან შედარებით.
– რატომ არის მცხეთა-ვლადიკავკაზის გზა სტრატეგიულად მომგებიანი ჩვენთვის?
– იმიტომ რომ, ამ გზაზე ვერავინ მოახდენს ზეწოლას და მთლიანად შენ აკონტროლებ.
– პირდაპირ არ ვადარებ, მაგრამ, თეორიულად, როკის გვირაბსაც ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა ვიცით, რა საბედისწერო როლი შეასრულა. თან, მასაც კომუნიკაციის საშუალებად იყენებდნენ.
– არასწორი შედარებაა. მაშინ ქართველი კომუნისტები ამ გვირაბის წინააღმდეგნი იყვნენ, ეს ვიცით საბუთებით, გადმოცემებით, ცოცხლად დარჩენილი ადამიანების ნაამბობით. წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ გზის სრული კონტროლის იმედი; ზუსტად იმიტომ, რომ ამ გზას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე უნდა გამოევლო და რომ არა გენერალი ისა პლიევი, რომელიც საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი იყო, ნოვოჩერკასკის დახვრეტებით გაითქვა სახელი და ძალიან ახლოს იყო კრემლის მმართველობასთან, როკის გვირაბი არ იარსებებდა. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა გაუწიეს მაშინდელ კომუნისტურ საქართველოში, გზა მაინც გააკეთეს, რადგან სტრატეგიულად მოსკოვს ეს გზა სჭირდებოდა. იმის თქმა მინდა, რომ ქართველი კომუნისტები სწორედ იმიტომ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ხვდებოდნენ, მომავალში ამ გზას ვერ გააკონტროლებდნენ; ლარსის გზა კი ასეთი არ არის.
– გაკონტროლების ფუნქცია ცოტა გადაჭარბებული მგონია. გამოუშვებს ერთ ავიაგამანადგურებელს და ჩვენი კონტროლი დასრულებულია. ანუ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინეთ? მაინც მოიყვანს გზებს ჩვენს საზღვრებამდე და ისეთი გზა დავუგოთ, ჩვენც რომ ვიხეირებთ?
– ჩათრევა-ჩაყოლა რომ ყოფილიყო, მაშინ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ბეშთა-ახალსოფლის გზაზე დაიწყებდა მოლაპარაკებას, რადგან ვიცით, რომ რუსებს ძალიან უნდათ ამ გზის მშენებლობა. საქართველოს ხელისუფლება უყრუებს რუსეთის ამ წინადადებას და არ თანხმდება. ამიტომ იმას, რაც ლარსთან დაკავშირებით ხდება, მე დავარქმევდი ინიციატივის გამოჩენას. რუსეთს არ აინტერესებს, გავაკეთებთ თუ არა ჩვენ ლარსის გზას და ამიტომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თორემ ისინი მოითხოვენ, დავიწყოთ მოლაპარკება ბეთშა-ახალსოფლის გზის მშენებლობაზე, რომელსაც „ავარსკაია დაროგას“ უწოდებენ.
– ბეტონი რომ ჩაასხეს რამდენიმე წლის წინათ?
– დიახ, სოფელ ბეშთამდე რომ მოიყვანეს. 2006 წლის კრასნოდარის კონფერენციაზე, რომელიც ჩრდილო კავკასიის განვითარების კონტექსტში გაიმართა, წარმოდგენილი იყო გზების პროექტები, რომელიც საქართველოს საზღვარს უნდა მობჯენოდა და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულიყო. პირველ გზად იგულისხმებოდა ყოფილი სოხუმის სამხედრო გზის რეაბილიტაცია, რომელიც კოდორის ხეობაში გადის და მოდის ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან; მეორე –  მამისონზე მომავალი გზა, რომელიც რაჭის გავლით უნდა გადმოსულიყო „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე, ყოფილი ოსური სამხედრო გზა და მესამე –  ავარიის გზა, ბეშთა-ახალსოფელი. ამ გზების მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მხარეს დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კოდორამდე მოყვანილია 270-კილომეტრიანი გზა; მამისონის უღელტეხილამდეცაა მოყვანილი გზა: 18 კილომეტრის დაგება რუსეთს 3 მილიარდ 200 მილიონი რუბლი დაუჯდა და ბეშთამდეც, ავად თუ კარგად, გზა მოყვანილია. ეს ის გზაა, პუტინმა რომ თქვა, აქ გაივლის თუ არა ტანკებიო. გასაგებია, ხომ, რომ რაღაც სტრატეგიული ჩანაფიქრია და როკის გვირაბის ამბავიც ვიცით: გაარემონტეს, გზაც გააკეთეს და გვირაბიც. ვხედავთ, რომ მათ აქვთ გარკვეული ინიციატივები, რომლებსაც უნდა დაუპირისპირო სხვა ინიციატივები. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ან უნდა იმსჯელო ლარსის გარდა სხვა გზებზეც, ან უნდა დაანებო ყველაფერზე მსჯელობას თავი და ლარსის გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
– ლარსის გზას, რომელსაც ჩვენი ინიციატივით ვთავაზობთ, რატომ ვერ გამოიყენებს რუსეთი თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის?
– რასაკვირველია, შეუძლია. მეტიც, ახლავე შეუძლია, გამოიყენოს საქართველოს ცენტრალური გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს აკავშირებს აღმოსავლეთთან. ვიცით, რომ ორჭოსანთან იმდენად ახლოსაა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ „საზღვარი“, რომ ერთ ადგილას შემოდის კიდეც ავტობანზე. აქ არის ვარჭობისა და პოლიტიკური თამაშის თემა, თორემ დაძრავს ოც ტანკს „სამხრეთ ოსეთიდან“ და გადაკეტილია ცენტრალური ტრასა.
– ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს, ამიტომ, ცხადია, ურჩევნია, ჩვენი ნებით შემოვუშვათ.
– ასევე, გამოიწვევს საერთაშორისო სკანდალს ლარსის, ანუ საქართველოს სამხედრო გზაზე მათი სამხედრო ტექნიკის გამოჩენა. როკიდან შემომავალ გზაზე კარგა ხანია, სეირნობენ რუსული ტანკები და არავინ ხმას არ იღებს. ამდენად, ნიუანსობრივი განსხვავებებია და, მოგეხსენებათ, ეშმაკები სწორედ დეტალებში იმალებიან.
– სომხეთის ინტერესზე არაფერი გითქვამთ.
– რასაკვირველია, სომხეთი არის საქართველოზე გამავალი გზების ლობისტი და მისთვის სულერთია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, მისთვის მთავარია, ჰქონდეს მუდმივმოქმედი სავაჭრო არტერია რუსეთთან, რომ იმუშაოს ევრაზიული ორგანიზაციის პრინციპებმა. ოფიციალური ერევანი ღიზიანდება, რომ საქართველო ვერ უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციას სამხედრო გზაზე. სომხეთის ინტერესი უზარმაზარია, რადგან ექსტრემალურ სიტუაციაში სომხეთი შეიძლება, დარჩეს მომარაგების გარეშე, ანუ მხოლოდ საჰაერო მომარაგების ამარა. გახსოვთ, 2008 წლის ომის დროს კასპთან ხიდის აფეთქების შემდეგ ერევანში 12 დღის სამყოფი საჭმელი იყო დარჩენილი და ჩამოვიდნენ, ჩვენ შევაკეთებთ დაზიანებულ მონაკვეთსო; ახლა უფრო გაიხსნა კომუნიკაციები, ირანთან გაცხოველდა ვაჭრობა, მაგრამ სომხეთისთვის რუსეთთან ვაჭრობაა ცენტრალური.
– ამ მხრივ ზეწოლის ამბავი იყო, გაბნიას რომ ჭიქა უჭახუნა სარგისიანმა?
– მე ამას დავარქმევდი ძალების მოსინჯვას, ქართული მხარის რეაქციის შეფასებას. პოლიტიკა გულისხმობს მოთელვას, მოსინჯვას და შემდეგ უკვე დასკვნების გაკეთებას.
– მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, რაკი ჩემი სიტყვები არ არის დამძიმებული პოლიტიკური პასუხისმგებლობით, მე რომ ვიყო, აწი გავუჯანჯლებდი ტვირთების მიწოდებას სხვადასხვა „ობიექტური“ მიზეზით და გულდაწყვეტით ვეტყოდი, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ-მეთქი, როგორც სარგისიანმა გვითხრა აფხაზეთის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ.
– მესმის, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა გეგმა უნდა გვქონდეს. მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა, ყარაბაღში გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, მოგვიანებით კი სომხეთის საელჩომ საქართველოში განაცხადა, არ შეხვედრიან ერთმანეთსო, მაშინ, როდესაც ყარაბაღის არაღიარებული ხელმძღვანელობა ავრცელებს ინფორმაციასაც და ფოტოებსაც, რომ შეხვდნენ, გაღიზიანების ხარისხი ძალიან მაღალია. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: შევწყვიტოთ ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ლაპარაკი და ვიმსჯელოთ ქვეყნის ფუნქციაზე. მე ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს უფლება, იყოს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა. საქართველომ უნდა გამონახოს რესურსი, რომ გახდეს რეგიონის ჰუმანიტარული ცენტრი. ჩვენ ამ ეტაპზე ვერ გავხდებით ვერც პოლიტიკური და ვერც სამხედრო ცენტრი რეგიონში, ამდენად, რაღაც ფუნქცია უნდა მოვირგოთ და, ჩემი აზრით, ჰუმანიტარული ფუნქციაა ყველაზე მომგებიანი საქართველოსთვის: საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, მოლაპარაკების, კონფლიქტების მოგვარებისა და ასე შემდეგ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ჩვენი სამეზობლო საქართველოზე იყოს დამოკიდებული სხვადასხვა ფორმით. მიხეილ სააკაშვილი ამას ცდილობდა და 2006-2007 წლებში ნაწილობრივ გამოუვიდა, თუმცა შემდეგ საკუთარი ხელით დაანგრია. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ჰუმანიტარული ფუნქცია, გამწვავებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, პირიქით, ჩვენი პოზიციის გამყარებაზე და რაც შეიძლება, მეტი ინიციატივის გამოჩენაზე. ზოგ რამეს უნდა წავუყრუოთ, ზოგზე უნდა გავკიცხოთ, მაგრამ გაბუტვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
– მე არც მითქვამს, გავებუტოთ-მეთქი.
– გაბუტვა გამოდის, რასაც ამბობთ, გავუჯანჯლოთო. ვერ მიხვდებოდნენ?!
– მიხვდნენ. ჩვენც მივხვდით, რა მოხდა ყარაბაღში და რა მერე?!.
– ყველა ნიუანსს გათვალისწინება სჭირდება. შეგიძლია, იგივე გაიმეორო და გამოაცხადო, რომ აზერბაიჯანელებს უჭერ მხარს და ყარაბაღი მათია. მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება აგონიაშია. განსაკუთრებით გაურთულდა ვითარება, რაც ერევანში რადიკალების გამოსვლას საზოგადოებამ დაუჭირა მხარი, იმდენად ჩამპალია იქ სიტუაცია. ამიტომ სარგისიანს ყოველთვის  პასუხი ვერ მოეთხოვება, იმდენად არაადეკვატურია. მას მტრობს როგორც ქვეყნის შიგნით სომეხი საზოგადოება, ისე დიასპორა და ხშირად მოსკოვშიც უკვე ყელში ჰყავთ ამოსული. ასე რომ, მის ქმედებებს ამ რაკურსით უნდა შევხედოთ.

скачать dle 11.3