კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწერენ ექიმები პაციენტებს ძვირად ღირებულ წამლებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ მედიკამენტების ნაწილის ფასი შეისწავლა, უფრო ზუსტად, სხვაობა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მედიკამენტის ფასსა და დახლზე იმავე მედიკამენტის ფასს შორის. აღმოჩნდა, რომ იმ 250 დასახელების წამლის ფასში,  რომლებიც ამჯერად კვლევის სამიზნეში მოხვდა, ფასნამატი 2-დან 199 პროცენტამდეა. თუმცა ჩვენ გვახსოვს იმავე აფბასა და, მოგვიანებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოს“ მიერ ჩატარებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევები, რის მიხედვითაც, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასნამატი 800-1 000 პროცენტსაც კი აღწევდა, საშუალო ფასნამატი კი 150-200 პროცენტს შეადგენდა. რამ გამოიწვია ფასნამატების შემცირება და, საერთოდაც, რა ტენდენციები შეინიშნება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასთან მიმართებაში, –  ამ თემაზე აფბას პრეზიდენტი, შოთა გულბანი გვესაუბრება.
–   თქვენმა ორგანიზაციამ ფარმაცევტული ბაზრის სხვა კვლევაც ჩაატარა რამდენიმე წლის წინათ, შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოც“ დაინტერესდა იმავე თემით. დაახლოებით ერთი და იგივე სურათი აჩვენა ორივე კვლევამ, მაგრამ სრულიად განსხვავებული ახლანდელისგან: ფასნამატი, საშუალოდ, 150-200 პროცენტს შეადგენდა. ახლა რა მოხდა?
– 2010 წელს ჩატარდა პირველი კვლევა, რომელიც საკმაოდ რეზონანსული გამოდგა და „საერთაშორისო გამჭვირვალობამაც“ ჩვენი კვლევიდან აიღო რამდენიმე მონაცემი, მათ შორის, ბაზრის წილების შესახებ, რაც არც მაშინ იყო საჯარო ინფორმაცია და არც დღესაა, სხვათა შორის და ჩვენ არ ვიცით, ფარმაცევტული ბაზრის რა წილი მოდის ამა თუ იმ ფარმაცევტულ კომპანიაზე. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. მაშინდელი კვლევის დაკვირვების ბადე უფრო მეტი იყო ამჟამინდელთან შედარებით და აბსოლუტურად სხვა. ბოლო კვლევაში მედიკამენტების სხვა ბაზაა, თუმცა მაშინ ნამდვილად გამოიკვეთა უფრო მეტი ფასნამატი.
– რა პრინციპით აირჩიეთ მაშინ მედიკამენტების ის ბაზა, დღეს –  ეს ბაზა?
– ბოლო კვლევისთვის მედიკამენტები შევარჩიეთ კვალიფიციურ ექსპერტებთან და წამლის სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად. ეს 200-250 დასახელების მედიკამენტი არის ისეთი, რომლებიც ყველაზე პოპულარულია და მათზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა მომხმარებლის მხრიდან. აქ გაერთიანებულია როგორც გენერიკები, ისე ორიგინალი დასახელების მედიკამენტები როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების. ანუ მაქსიმალურადაა შეზავებული, რომ, რაც შეიძლება, მეტად ობიექტური სურათი მიგვეღო. უკვე მეცხრე თვეა, რაც მუდმივ რეჟიმში, ყოველთვიურად ვაკვირდებით „ფანასკერტელის ინდექსით“ მედიკამენტების ფასებს: ის ხან იზრდება, ხან იკლებს და ვისაც აინტერესებს რა ხდება ფასების მხრივ ფარმაცევტულ ბაზარზე, შეუძლია, დააკვირდეს ამ ინდექსს. მას შესაბამისი ანალიზიც ერთვის ხოლმე, თუ რამ განაპირობა ფასის გაზრდა ან შემცირება.
– 9 თვე უკვე პერიოდია, ამ ხნის განმავლობაში რა ტენდენცია გამოიკვეთა ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ფასების მატება-კლებასთან მიმართებით?
– როდესაც კვლევა დავიწყეთ, ეს დროში დაემთხვა ახალი მოთამაშის გამოჩენას ფარმაცევტულ ბაზარზე. ამ ახალმა იმპორტიორმა კომპანიამ, დაახლოებით, 750 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა, საკმაოდ კონკურენტულ ფასებში: 30-70 პროცენტამდე ნაკლები ფასით კონკურენტ ანალოგიურ მედიკამენტებთან შედარებით, თუმცა იყო გენერიკები და არა ორიგინალი პრეპარატები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ესენი იყო საერთაშორისო სტანდარტის მედიკამენტები. როდესაც კონკურენტმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ნახეს, რომ გამოჩნდა ახალი კომპანია, რომელიც გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდა მომხმარებელს მედიკამენტებს, წარმოიქმნა გარკვეული მოლოდინები და ჩვენმა ინდექსმა რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით, 6 თვეს, აჩვენა ფასების შემცირების ტენდენცია. მაგრამ, როდესაც ახალი კომპანიის ეფექტი მინელდა, თან, 750 დასახელების მედიკამენტი იმ 16 000 მედიკამენტის ფონზე, რომლებიც დღეს მიმოქცევაშია, თითქმის არაფერია და მარკეტინგული ეფექტი აღარ ჰქონდა ახალი კომპანიის შემოსვლას, ფასების ინდექსი მეშვიდე თვეს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: მინავლდა ახალი კომპანიის ეფექტი, ისინი აღარ ეწეოდნენ აქტიურ პიარკამპანიას და, ასევე, ფარმაცევტულმა კომპანიებმაც შეცვალეს ტაქტიკა. მოგეხსენებათ, მათ მოგების მიღების ძლიერი მადა ჰქონდათ ყოველთვის, რაც ჩვეულებრივი ამბავია.
– ბიზნესისთვის დამახასიათებელი.
– ნებისმიერი ბიზნესის ინტერესია, მაქსიმალური მოგება მიიღოს, ამიტომ ფარმაცევტულმა კომპანიებმაც გამოიყენეს არსებული ვითარება და ისევ გაზარდეს ფასები მედიკამენტებზე. ანუ მედიკამენტების ფასის კლების ტენდენცია ისევ შეიცვალა მატებით და ახლა უკვე შენარჩუნებულია ის გაზრდილი ფასები. ფარმაცევტული კომპანიები ჩვეულ რიტმში დაუბრუნდნენ ფუნქციონირებას და პარალელურად, აქტიური კამპანია წამოიწყეს –  „ესემესებისა“ და ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნის, რომ ყველაზე იაფად მათთანაა შესაძლებელი მედიკამენტების შეძენა. არადა, თუ გადაამოწმებ, ეს ასე არ არის.
– ფასდაკლების დღეებში ყველგან ერთი და იგივე ფასია, 10-20-თეთრიანი სხვაობა თუ იქნა.
– დიახ, ძალიან უმნიშვნელო სხვაობებია, რასაც მყიდველისთვის არანაირი დატვირთვა არ აქვს. ფასების ცვლილებაზე დაკვირვების პროცესში დაგვაინტერესა, თუ რა ფასად შემოდის ის მედიკამენტები, რომელთა ფასებსაც ვაკვირდებით. ამიტომ საბაჟოდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია. ის მედიკამენტები, რომელთა ფასებსაც ვაკვირდებით, ძირითადად, ევროკავშირიდანაა იმპორტირებული, ძალიან მცირე ნაწილია დანარჩენი მსოფლიოდან, საიდანაც ტრანზაქცია აშშ დოლარში ხორციელდება. მაისში ევროს კურსი საშუალოდ იყო 2,61, დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი  კი –  2,34. იმ პერიოდის განმავლობაში ლარი მერყეობდა და საკმაოდ პარადოქსული მოვლენა მოხდა: როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო, ვნახეთ, რომ იმ პერიოდში ფარმაცევტულმა კომპანიებმა გაზარდეს ფასები მედიკამენტებზე. არადა, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, წესით, იმპორტირებულ საქონელზე ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ ამ ლოგიკას, რატომღაც, არ დაექვემდებარნენ ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები. ასევე, აღმოჩნდა, რომ ამ 200 დასახელების მედიკამენტზე იყო 2-პროცენტიანი ფასნამატიც და 199-პროცენტიანიც, საშუალო ფასნამატი კი გამოვიდა 36,25 პროცენტი.
– მოულოდნელი შედეგია.
– ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. ჩვენც გაგვიკვირდა. შემდგომში შევცვლით ამ მედიკამენტების ბაზას, უფრო ბევრი მედიკამენტის ფასს დავაკვირდებით, რომ ფართო სურათი მივიღოთ, იმიტომ რომ, 200 დასახელების მედიკამენტი არ არის ბევრი.
– ტენდენციას მაინც აჩვენებს.
– დიახ, იმიტომ რომ, ყველაზე პოპულარული მედიკამენტებია. ახლა გაირკვა, რომ ძალიან გაბერილი ფასებით არ ოპერირებენ ფარმაცევტული კომპანიები.
– ვინც ერთსა და იმავე მედიკამენტს მოიხმარს წლებია, უჩივის, რომ მათი ფასი საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ვნახეთ თქვენი კვლევით, რომ ფასნამატი არც ისე დიდია. მაშინ რა მიზეზით იზრდება მედიკამენტების ფასები? მწარმოებელ ქვეყნებში იზრდება მათი ღირებულება?
–  ამ შემთხვევაში ერთადერთი მიზეზია ამის რეალური და ყველაზე ლოგიკური, რომ სხვადასხვა მედიკამენტზეა საუბარი. მე არ გამოვრიცხავ, იგივე მედიკამენტები რომ ავიღოთ, რაც წინა კვლევაში, სურათი იგივე არ იქნება. ათი ადამიანი რომ გავაჩეროთ  ქუჩაში, ათიდან ათივე გეტყვით, რომ მედიკამენტებზე ფასები გაზრდილია. იმიტომ რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ეს არის სოციალური პროდუქტი, ადამიანები ამაზე დამოკიდებულები არიან.
– პურის მსგავსია, რომელიც იყიდება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რამდენჯერ ან რამდენით გაიზრდება მისი ფასი.
– მკვლევარი ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ მედიკამენტებზე ფასები გაზრდილია, ოღონდ ორიგინალ მედიკამენტებზე, მას შემდეგ, რაც რეცეპტების სისტემა შემოვიდა. შემცირება აღინიშნება გენერიკების ფასებზე და ამ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ათწლეულია, აწუხებს მოსახლეობას, ანუ უჩივის მედიკამენტების სიძვირეს, სახელმწიფომ უნდა დაუპირისპიროს თავისი პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს ძალიან მრავალმხრივი.
მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს გენერიული დასახელების მედიკამენტების პოპულარიზაცია და რაკი გადავედით რეცეპტების სისტემაზე, ამ რეცეპტის სისტემის ბერკეტად გამოყენება შეიძლება, ეფექტიანად. ექიმმა პაციენტს არ უნდა გამოუწეროს, მაინცდამაინც, ორიგინალი მედიკამენტები, რომლებზეც ფასები იზრდება და რასაც კვლევებიც ადასტურებს, არამედ გამოუწეროს შედარებით იაფფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტები, რომელიც არანაკლებ ეფექტიანია მკურნალობისთვის.
– ან ორივე გამოუწეროს და პაციენტი შემდეგ თავად აირჩევს ფასის მიხედვით.
– დარწმუნებული ვარ, ადამიანების 90 პროცენტი შეიძენს გენერიული დასახელების მედიკამეტებს, იმიტომ რომ, მათთვის მნიშვნელოვანია ფასი,. მაგრამ ამის გაკეთება რთულია, როდესაც არსებობს ეს წრე, როდესაც ფარმაცევტული კომპანიები ფლობენ სრულ ქსელს.
– გარდა დამკრძალავი ბიუროსი, ყველაფერი აქვთ.
– არადა ექიმი, რომელიც რეცეპტს უწერს მოქალაქეს, მიუთითებს, უნდა წავიდეს ამა და ამ კონკრეტულ აფთიაქში და შეიძინოს ესა და ეს მედიკამენტი. მას კი შეიძლება, აწარმოებს ის კომპანია, რომელშიც ექიმი მუშაობს. ასეთი მაგალითი მრავლად იყო. ასე რომ აღარ მოხდეს, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ის, რომ განავითაროს პირველადი ჯანდაცვის რგოლი ისე, მანიპულაციების შესაძლებლობა აღარ არსებობდეს. ექიმმა კი პაციენტს შესთავაზოს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მისი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით და ამ კუთხით მოხდეს გენერიული დასახელების მედიკამენტების პოპულარიზაცია. მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც გენერიული დასახელებები უნდა გამოუწეროს ექიმმა პაციენტს, მაგრამ ხშირად ექიმები იგნორირებას უკეთებენ გენერიკებს. ამდენად, მათი პოპულარიზაცია ერთ-ერთი მექანიზმია, რაც მომხმარებელს დაიცავს მედიკამენტების მაღალი ფასებისგან. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით.
P. S.  ახლა კი რაც შეეხება ცალკეული პრეპარატების ფასნამატებს: „იბუფენის” შემთხვევაში ფასნამატი, სულ რაღაც,  3 პროცენტია; „როცეფინის“ –  5,4 პროცენტი; „სმექტის“ –  7 პროცენტი;  „ტემპალგინის“ –  3,4 პროცენტი; „ციტრამონი“ 3 ცენტად შემოდის ქვეყანაში, თუმცა ჩვენ, სულ მცირე, 15  თეთრად ვყიდულობთ.
„სუმამედის“ ფასნამატი 56 პროცენტია; „ზიმაკსის“ –  50,5 პროცენტი; „ალმაგელის“ ფასნამატი 39 პროცენტია; „რაველ SR-ის“ –  199 პროცენტი; „კარტანი“ –  154,5 პროცენტით ძვირად იყიდება შემოტანის ფასზე; „დიაბეტონი MR-ის“ –  135 პროცენტით.
„ენტეროლი“ 32-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება; „ვამელანი“ –  41-პროცენტიანით; „კარდიომაგნილი“ –  46,5 პროცენტით ძვირად;   „კეტონალის“ ფასნამატი 70 პროცენტია;  „კოლდრექსის“ –  14; „მეზიმ ფორტესი“ –  37 პროცენტი; „მოვალისის“ –  77 პროცენტი; „ნიმესილი“ –  32-33 პროცენტი; „ნო-შპას“ – 48 პროცენტით ძვირად ვყიდულობთ; „სეპტოლეტეს“ – 78,7 პროცენტით; „აზიბიოტიკს“ კი –  99 პროცენტით.
„ტრიდერმი“ სააფთიაქო დახლებზე 42 პროცენტით ძვირი ღირს, „ფლუკონაზოლი“ –  54 პროცენტით; ბულგარული „პარაცეტამოლი“ –  0,8 პროცენტით; „ვალიდოლის“ ფასი კი საქართველოს საბაჟომდე 10 ცენტია.

скачать dle 11.3