კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როდის აკეთებდა ია უძილაური საზოგადოებისთვის მიუღებელ რაღაცეებს და რატომ მოდიოდა მის მიმართ ორივე სქესის მხრიდან აგრესია

ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა საკუთარ თავს განსაკუთრებულად და ზოგჯერ ზომაზე მეტად დასვენების, მოდუნების საშუალებას აძლევ. ხშირად ეს ფორმიდან ამოვარდნისა და ზედმეტი კილოგრამების მომატების მიზეზიც ხდება. როგორ უნდა მივიღოთ იდეალური სხეული, რა არის საჭირო ფორმაში ჩადგომისთვის და სწორი ვარჯიშისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება ფიტნესმოდელი, მწვრთნელი, ია უძილაური: როგორც დამწყებმა, ასევე მათ, ვინც სისტემატურად ვარჯიშობდა და დაისვენა, ჯობია, მსუბუქი დატვირთვით დაიწყონ ვარჯიში. ყველას ვურჩევ, ვარჯიში დაიწყონ გახურებით, რაშიც ვგულისხმობ კარდიოვარჯიშებს. ეს ვარჯიშები ყველა ადამიანს სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა – წონის პრობლემა აქვს თუ, პირიქით, ნაკლები წონისაა და მომატება უნდა. მაგრამ ეს გულისხმობს არა მაინცდამაინც სირბილს, არამედ ველოსიპედს, სწრაფ სიარულს, თხილამურებს, ნებისმიერი სახის დატვირთვას, მაგრამ არა ძალიან ინტენსიურს. მთავარია, არ დაისტრესოთ, რადგან, როცა ორგანიზმი რაღაც ახალს იწყებს, ისედაც ისტრესება. სტრესის შემთხვევაში, ხან  ძალიან სწრაფი ეფექტი გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ – პირიქითაა. ჩვენს ენაზე რომ ავხსნათ, ორგანიზმი „შეშინებულია“, უჭერს კილოგრამებს, ამიტომ პირველ პერიოდში უნდა ვისწავლოთ სწორი ვარჯიში.
– რა იწვევს ყველაზე მეტად ორგანიზმის „შეშინებას“?
– იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი არ გამოძრავებულა, არ ჰქონია ფიზიკური დატვირთვა და უცბად იწყებს ვარჯიშს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, ჯანსაღი ცხოვრების წესია, მაგრამ, რასაც ჩვენი ორგანიზმი მიუჩვეველია, სტრესად აღიქვამს. თუ დავუმატებთ, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ, რაც უფრო ლაღად იქნებით, მით მეტ შედეგს მიიღებთ. ჯობია, პირველ ეტაპზე ძალიან არ დაიტვირთოთ. მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ფიზიკური დატვირთვა ძალიან კარგად მოქმედებს გონებრივ შრომაზე; ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა და უფრო ბედნიერები ვართ. ეს კი გვეხმარება, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ, თუნდაც ჩვენს საქმეში. ფიტნესი, ზურგის ვარჯიშები აუცილებელია ხერხემლისთვის. ასაკთან ერთად იზრდება პრობლემები სახსრებზე, ხერხემალზე, ძვლებზე და მის პრევენციას შევუწყობთ ხელს, თუ დროულად დავკავდებით ფიტნესით.
– ბევრი ინსტრუქტორი ვარჯიშის დროს წყლის დალევას კრძალავს, ბევრი კი პირიქით – ამას აუცილებლად მიიჩნევს.
– ვარჯიშის დროს წყლის დალევა აუცილებელია. ოღონდ არა ერთბაშად, ყლუპ-ყლუპად. ორგანიზმი ისედაც კარგავს ვარჯიშის დროს სითხეს და სითხესთან ერთად მინერალებს. რომ არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოება, გულმა კარგად იმუშაოს, სისხლის მიმოქცევა გამართული იყოს, საჭიროა წყლის მიღება, განსაკუთრებით, დამწყებისთვის.
– აუცილებელია გოგონებისთვის სიმძიმეებით ვარჯიში?
– გარკვეული დატვირთვა კუნთისთვის აუცილებელია. ეს შეიძლება, მივიღოთ ბურთით, რეზინით, ტროსით და არა მხოლოდ სიმძიმეებით. თავიდან მძიმე წონით ვარჯიში საჭირო არ არის. ეს მეტ რისკს შეიცავს. თუ არასწორად გააკეთებთ წონით ვარჯიშს, ეს საკმაოდ საშიშია. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ თავიდან ნუ მოერიდებით მსუბუქ წონას, მძიმე წონით ვარჯიში, არ არის აუცილებელი.
–  ვარჯიშთან ერთად აუცილებელია სწორი კვება.
– სწორ კვებაში არ იგულისხმება შიმშილი, საკმარისია, თუნდაც, რომ არ ჭამოთ 5-6 საათის შემდეგ. მთავარია დაიცვათ გრაფიკი: დღეში ჭამეთ რამდენჯერმე და შუალედების განმავლობაში არაფერი მიიღოთ. ჭამად არ მიიჩნევენ, როცა შუალედებში ვაშლს ან კრეკერს, ან სხვა რაიმეს მიირთმევენ, ჯობია, დღეში მინიმუმ, სამჯერ მაინც იკვებოთ, უკეთესია – ოთხჯერ. ასევე კარგია, მოერიდოთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ტკბილეულს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, თუ გინდათ, რომ გამკვრივდეთ და ეს თქვენს ფორმებზე აისახოს. მეორე – ეს არის ცომეული, რომელშიც ბევრი ცხიმი და საფუარია, რაც არ გვეხმარება წონის დაკლებაში. მესამე – ის, რაც შემწვარია. აქ საუბარია მომზადების წესზე, თორემ ქათამი, თევზი – პირიქით, კარგია ყოველდღე მიიღოთ. ჯობია, გრილზე მოამზადოთ, უცხიმოდ, მაგრამ ცხიმი თუ მაინც გინდათ, უმჯობესია, ზეითუნის ზეთი, ან სხვა ჯანმრთელი ცხიმები გამოიყენოთ. ხშირად ამბობენ: სალათებს ვჭამ და რა მოხდაო. შეიძლება, სალათს ისეთი დრესინგი ჰქონდეს, ისეთი ზეთი ან მაიონეზი ესხას, რომ წყალში ჩაყრით ყველაფერს. ხილი ჯობია, დღის საათებში მიირთვათ. ასევე, დიდი რაოდენობით ჭამეთ მწვანე ბოსტნეული. რაც შეეხება წვენებს, ჯობია, ფრეში გააკეთოთ, რადგან ჯანმრთელ ვიტამინებს მიიღებთ. ჩვეულებრივ წვენებში არის შაქარი, რომელიც ნარკოტიკივითაა, მასზე დამოკიდებულები ხდებით და მომავალში შეიძლება, ბევრი ცუდი რამის გამომწვევი გახდეს.
– გოგონების უმეტესობა მხოლოდ მაშინ იწყებს ვარჯიშს, როცა ცელულიტის პრობლემა შეაწუხებს. ვფიქრობ, მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები არ უნდა იყოს ვარჯიშის დაწყების მიზეზი.
– რაც უფრო ადრე დაიწყებთ ვარჯიშს, რა თქმა უნდა, უკეთესია. არ არის აუცილებელი, ცელულიტი გამოგივიდეთ და მერე მიხვიდეთ სავარჯიშოდ. ცელულიტი, ცხიმი და მოშვებულობა სიმსუქნის პრობლემა არ არის. ბევრი გამხდარი გოგონა მინახავს, რომელიც ფიზიკურად არ არის დატვირთული, ამიტომ კანი მოშვებული აქვს, ცხიმი კი – თავის წონასთან შედარებით ჭარბი. ცელულიტის მოსაშორებლად ძალიან კარგი გზაა ვარჯიში, სწორი კვება, მასაჟი და რა თქმა უნდა, ბევრი წყალი.
– ყველა გოგონას უნდა, რომ ჰქონდეს ლამაზი მკერდი, ლამაზი საჯდომი, მუცელი და ალბათ, შენთან სწორედ ამ პრობლემებით მოდიან.
– არსებობს სხეულის მსოფლიო მოდა. დღეს სტანდარტები შეიცვალა და ახლა „ფიტ-ბოდი“ ძალიან მოდურია. ამაში იგულისხმება: საჯდომის ფორმა – მრგვალი, დაკუნთული; ფეხებიც არ უნდა იყოს თხელი, ოღონდ არა ძალიან დიდი; წელი – წვრილი, რელიეფური მუცელი. ლამაზი საჯდომის დაყენებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება. შეიძლება, მოკლე პერიოდში დავიკლოთ წონაში, საჯდომის აწევასაც, ცხიმის დაწვასაც უფრო ნაკლები დრო სჭირდება. მაგრამ, ვისაც უნდა, რომ გაიზარდოს კიდეც, ამისთვის მინიმუმ ერთი წელი მაინც არის საჭირო სისტემატური ვარჯიში. თუმცა, ეს გენეტიკაზეც არის დამოკიდებული – ვიღაც ადვილად მოგყვება, ვიღაც – ნელა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი მიიღწევა. თუ გინდათ, რომ საჯდომის კუნთი გაიზარდოს, მაშინ სიმძიმის წონასაც უნდა მოუმატოთ ვარჯიშისას. ძალიან ბევრ ვარჯიშში, საჯდომ კუნთთან ერთად, ფეხის კუნთიც იტვირთება. ბუნებრივია, თუ გინდათ, საჯდომი გაგეზარდოთ, ფეხიც შეიძლება, გაიზარდოს და გამოიკვეთოს. შეიძლება, საჯდომის იზოლირებული ვარჯიშები სიმძიმეებით გაკეთდეს და ფეხზე ნაკლები დატვირთვა იყოს. მაგრამ, ფეხი რომ საერთოდ არ დაიტვირთოს და ისე მოინდომო საჯდომის გადიდება-გამკვრივება, ეს მისიას უფრო ართულებს. რაც შეეხება მუცლის პრესის ვარჯიშებს, ის ძალიან კარგია, რადგან იწვება  ცხიმები. მაგრამ მუცლის პრესი დამოკიდებულია არა იმდენად მუცლის პრესის ვარჯიშებზე, რამდენადაც კვებაზე და მეორე – კარდიოვარჯიშებზე. ველოსიპედზე ხანგრძლივი ჯდომა შეიძლება, უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე 500 პრესის გაკეთება. გოგონების შემთხვევაში, წონით დატვირთვა არ გვჭირდება, რადგან ბრტყელი, თხელი, ოდნავ რელიეფური მუცელი გვინდა და არა კუბიკები. ასეთ დროს კარგია სტატიკური ვარჯიშები – „პლანკა.“ ასევე, ვაკუუმის ვარჯიშები, რომელიც სუნთქვით ხდება. რაც შეეხება მკერდის კუნთს – ქალების შემთხვევაში აქ ფიტნეს-ჩარევა ნაკლებად ხდება. იზოლირებულად სიმძიმეებით ვარჯიში მკერდისთვის არ არის მიზანშეწონილი. იმიტომ რომ, ცხიმი იწვება ვარჯიშისას. აზიდვებით, მარტივი ვარჯიშებით, როცა სხეულის ზედა ნაწილს ვავარჯიშებთ, დატვირთვა მკერდზეც მოდის. იმისთვის, რომ მკერდი მკვრივი იყოს, ოდნავ მაღლა აიწიოს და ტონუსში მოვიდეს, ამას მთელი სხეულის დატვირთვით, ზურგის ვარჯიშებით, აზიდვებით უნდა მიაღწიოთ.
– წლების წინ, როდესაც აქტიური ვარჯიში დაიწყე, რა გახდა შენთვის სტიმული? მეუღლესთან დაშორებამაც განაპირობა შენი ცხოვრების სტილის შეცვლა?
– სპორტი ყოველთვის მიყვარდა. გათხოვილი ვიყავი და მაშინაც ვმონაწილებოდი ტურნირებში. ფრენბურთს, ფეხბურთასაც ვთამაშობდი. კიდევ ერთი მომენტი, რამაც გარდატეხა მოახდინა ჩემზე, ეს იყო ბავშვი. ორსულობის შემდეგ გადავწყვიტე, ვარჯიშით დავკავებულიყავი, რადგან ორსულობა გარკვეულად ემჩნევა ორგანიზმს. შემდეგ, თანდათან, პროფესიონალურად ჩავერთე ამ საქმეში. თან, პირველი გოგო ვიყავი ამ სახეობაში და ეს მაშინ ნორმად არ მიიჩნეოდა. სულ მეუბნებოდნენ: არ უხდება გოგოს ვარჯიშიო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ რაღაცას ვაკეთებდი. ვცდილობდი, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ, რომ გეუბნებიან: რა კარგი გოგო იყავი, რას დაემსგავსეო... მომერევი – ბიჭი რომ გეუბნება... ხელს გადამიწევ, რა ჯანზე ხარო... პირდაპირი აგრესიებიც იყო გოგონებისგან და ბიჭებისგანაც. რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ მე მიხარია, რომ დღეს ხალხს ეს დაავიწყდა. თავად ვარჯიშობენ და ამის პროპაგანდასაც ეწევიან.

скачать dle 11.3