კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როდის აჩვენებენ „ნასაში“ „ჩაკრულოს“ შესახებ გადაღებულ ფილმს და როგორ აღმოჩნდა საბოლოოდ ის ცნობილ „ოქროს დისკზე“

ალბათ, იშვიათია ისეთი ადამიანი  ჩვენთან, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების შესახებ რომ არ სმენია და ამით არ უამაყია. 1977 წელს, კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“  ოქროს ფირფიტა, რომლზეც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, მზის სისტემაში გაიტანა. როგორ მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოში, როგორ კეთდებოდა ეს პროექტი და ასევე, სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე, რეჟისორი და პროდიუსერი რამაზ ბლუაშვილი იღებს ფილმს „სიმღერა – The Song.“ ცოტა ხნის წინ ბატონი რამაზი „ნასაში“ იმყოფებოდა და საინტერესო ინტერვიუები ჩაწერა.
რამაზ ბლუაშვილი: ამერიკაში ვცხოვრობდი 2000 წლიდან 2008 წლამდე და იქ ყოფნისას, ბოლო ორწელიწად-ნახევარი მოვანდომე ძიებას ალექსანდრე ქართველიშვილის, გამოჩენილი ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის შესახებ. დღესაც ვმუშაობ ამ საკითხზე. ჩემს ამირიკელ პარტნიორებთან ერთად, დავაარსე ალექსანდრე ქართველიშვილის ასოციაცია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. ძიებამ არაერთხელ მიმიყვანა „ნასამდე“, რომლის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მქონდა. „ნასაში“ ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვეცადე, გამერკვია მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე, ძალიან მაინტერესებდა. მამაჩემი 40 წელია, „ერისიონის“ გენერალური დირექტორია და მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ  „ჩაკრულო“ კოსმოსში წავიდა. ვინ მღეროდა – ამაზე დიდი დავა იყო, მაგრამ არავინ ამბობდა, 1977 წელს როგორ მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოსში. ეს საკითხი განსაკუთრებულად მაინტერესებდა და ძებნამ ქალბატონ ენნ დრუენთან მიმიყვანა, რომელიც კარლ საგანის მეუღლეა. პირველად ქალბატონ ენს იმეილით დავუკავშირდი. საოცარი პასუხი მომივიდა მისგან, რასაც არ ველოდი: სულ მინდოდა, ვინმე ქართველს ეკითხა ეს ამბავიო. ორი თვის წინ მასთან ინტერვიუ ჩავწერე და მან მიამბო „ჩაკრულოს“ შესახებ. როდესაც გადაწყდა, რომ „ვოიაჯერზე“ უნდა ყოფილიყო „ოქროს დისკი“, რომელიც ძალიან ბევრ ინფორმაციას მოიცავს კაცობრიობის შესახებ და მათ შორის, მუსიკალურ ნაწარმოებებს, ურჩიეს, მისულიყვნენ ცნობილ ფოლკლორისტთან, ალან ლომაქსთან, რომელიც დღეს გარდაცვლილია. ქალბატონი ენი ყვება, რომ ბატონმა ალანმა პირველი, რაც მოგვასმენინა, ეს „ჩაკრულო“ იყო, თან, გვითხრა: თუ გინდათ ისეთი რამ, რაც კოსმოსის ღირსია, ეს „ჩაკრულოაო“. ალან ლომაქსი ძალიან ბევრს მოგზაურობდა, რომ სხვადასხვა ჩანაწერი მოეგროვებინა და ასე მოისმინა „ჩაკრულო“ მოსკოვში, რადიოში და თავად წაიღო ამერიკაში. ქალბატონი ენი ამბობდა, დღესაც მახსოვს, ძვლებში ვიგრძენი ქართველი მამაკაცების საოცარი ხმა. მე და კარლს არც გვიფიქრია, მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა „ოქროს დისკზე“. რამდენიმე დღეში „ნასადან“ ცოტა გაბრაზებულებმა დაგვირეკეს. მათ მოსკოვიდან მიუღიათ წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩვენ და საქართველო ერთი ქვეყანა ვართ, საქართველო არ არის ცალკე ქვეყანა და ჩვენ ვწყვეტთ, რა უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყნიდანო. გამოგზავნეს სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“. როგორც ქალბატონი ენი ამბობს: რომ მოვუსმინე ამ სიმღერას, რა თქმა უნდა, მომეწონა, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც ვეძებდით, „ჩაკრულოს“ ვერც კი შევადარებდითო. მოსკოვმა „ჩაკრულოს“ ტექსტიც კი თარგმნა და გადაუგზავნა „ნასას“. ნახეთ, რას აგზავნით, აგრესიული სიმღერააო. იმ დონემდე მივიდნენ, რომ „ნასამ“ თითქმის გადაიფიქრა „ჩაკრულოს“ გაშვება, მაგრამ კარლ საგანმა პრინციპულობა გამოიჩინა: კი, ბატონო, გაუშვით ეს სიმღერა, მაგრამ მე ამერიკელ ხალხს ვეტყვი, რომ „ნასა“ მოსკოვიდან იღებს მითითებებსო. იქ დასრულდა ყველანაირი კამათი და ასე, ქართველების ჩაურევლად, მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოსში. „ჩაკრულო“ 1974 წელს მოსკოვშია ჩაწერილი, რომელსაც ასრულებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, დღევანდელი „ერისიონი.“ სოლისტები იყვნენ ილია ზაქაიძე, ჩვენი ილო პაპა და როსტომ საგინაშვილი, რომელიც სოფელ კოლაგში ცხოვრობს. რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, მივხვდი, ამ ყველაფერს თითოეული ქართველისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაიცნონ ბატონი როსტომ საგინაშვილი, რომლის სახით ცოცხალი ლეგენდა გვყავს – მისი ხმა დღესაც კოსმოსშია. იმ დროში, როცა ქართველები საბჭოთა დროშით გამოდიოდნენ და არ შეეძლოთ, ეთქვათ სცენიდან, ქართველები ვართო, „ჩაკრულო“ გვერდით სწევს მოსკოვის მიერ მოთხოვნილ „პოდმოსკოვნიე ვეჩერას“ და მიდის კოსმოსში. ეს არის ჩემი ფილმის ლაიტმოტივი, რომ ჭეშმარიტ ხელოვნებას ვერავინ დაუდგება წინ და ის თავის ადგილს ყოველთვის იპოვის. „ვოიაჯერი“ კი რომელზეც „ოქროს დისკია“, გასცდა მზის სისტემას და დღემდე მასთან არის კონტაქტი, მოდის ინფორმაცია. თუმცა, როგორც მითხრეს, 10 წელიწადში ეს კონტაქტი შეწყდება. ედ სტოუნმა საოცარი რამ მითხრა: დიდი ხნის გამქრალი იქნება კაცობრიობა, დედამიწა და ეს რაკეტები მაინც ივლიანო... 
–  ცოტა ხნის წინ „ნასაში“ იმყოფებოდით და ძალიან საინტერესო შეხვედრები, ინტერვიუები გქონდათ.
– JPL -ში, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს, ხორციელდება „ნასას“ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის, „ვოიაჯერის“ პროექტიც, რომელზეც „ჩაკრულოა“. ასევე, არა სატურნის პროექტი და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი ყველაზე ბოლო – მარსის პროექტი, როდესაც მარსზე ოთხი როვერი გაუშვეს. ერთ-ერთი დღესაც ცოცხალია. მარსის პროექტის მთავარი ინჟინერი რობერტ მენინგი – ლეგენდარული ადამიანი, რომელმაც მარსზე გაუშვა რობოტი, მას ყოველდღე ესაუბრება, დავალებებს აძლევს და ისიც აკეთებს. კრის შორტერმა შემომთავაზა მასთან შეხვედრა და რობერტ მენინგმაც მოგვწერა: ჩამოვიდეს რამაზი, შევხვდები და უფრო მეტიც, შევახვედრებ ედ სტოუნს და ჯონ კასანისო. მათზე დგას მთელი „ნასა“ და რაც მთავარია, ორივე იყო „ვოიაჯერის“ პროექტის ხელმძღვანელი. მათი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს პროექტი. მე და ჩემი ოპერატორი გიორგი ბაბილოძე ერთად ჩავედით 19 აგვისტოს ამერიკაში და დამხვდა წერილი რობერტ მენინგისთან: მინდა, შენ და შენი ოპერატორი, ხვალ ჩემთან, სახლში დაგპატიჟოთო. სიურეალისტური იყო, როდესაც მიყვებოდა, როგორ ჯდება საღამოს და დავალებას უგზავნის მარსზე როვერს, რომელსაც სძინავს. ათ საათზე კი იღვიძებს და მის დავალებებს ასრულებს. მიხვდა, ამ ყველაფრის შესახებ ბევრ ინფორმაციას ვფლობდი და მასთან შეხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება იყო. ეს ძალიან დააფასა და სასწაული გააკეთა – ინტერვიუების შემდეგ JPL-ში წაგვიყვანა, სადაც პატარა მარსი აქვთ მოწყობილი. იქვეა ისეთივე როვერი, როგორიც მარსზეა. თუ როვერს მარსზე რაიმე პრობლემა შეექმნება, აქვე, ლაბორატორიაში აგვარებენ. იგივე გარემოს ქმნიან, შემდეგ კომპიუტერულ კოდს აგზავნიან და ის იღებს მითითებებს. რობერტ მენინგი, როგორც შვილზე, ისე საუბრობს ამ საკითხზე. სხვათა შორის, უკვე მუშაობს ახალ როვერზე, რომელსაც „მარსი 20-20“ ერქმევა და 2020 წელს გაეგზავრება მარსზე.
– კიდევ თუ შეიტყვეთ რაიმე ახალი ინფორმაცია „ჩაკრულოს“ შესახებ?
– ედ სტოუნი არის უდიდესი ადამიანი, რომელსაც ამერიკის სამმა პრეზიდენტმა გადასცა ჯილდო. მან მიამბო, ზოგადად, როგორ ხორციელდებოდა „ვოიაჯერის“ პროექტი: როგორ კეთდებოდა „ოქროს დისკი“. როცა ჯონ კასანის ვკითხე, „ოქროს დისკის“ ჩანაწერის იდეა საიდან მოდიოდა, მან საოცარი რამ მითხრა. ეს ჩემი იდეა იყო, რომ  რაღაც უნდა გაგვეგზავნა და მერე დავურეკე კარლ საგანს. საბოლოოდ ასე განხორციელდა ყველაფერიო. „ჩაკრულოს“ ყველა ერთნაირად იხსენებდა: ის, რაც მოვისმინეთ, საოცრება იყოო.
– სად გაიმართება ფილმის პრემიერა?
– კარლ საგანი დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა და ასწავლიდა კორნელის უნივერსიტეტში. ქალბატონი ენი დამთანხმდა, რომ ჩემი ფილმის პრემიერა კორნელის უნივერსიტეტში გაიმართოს. ახლახან კი, როცა „ნასაში“ ჩავწერე ინტერვიუები, მათ მითხრეს, მოხარულები ვიქნებით, თუ თქვენი ფილმის ჩვენება JPL-ში მოხდება, რადგან „ვოიაჯერის“ პროექტი აქ განხორციელდაო. ალბათ, წლის ბოლოს ჩვენება „ნასაშიც“ გაიმართება. ფილმი ინგლისურენოვანია. მინდა, რომ ეს ფილმი იყოს რეკლამა საქართველოზე – ბევრი რამ გაიგონ ამერიკელებმა საქართველოს შესახებ. „ჩაკრულო“ კი გახდება საქართველოს ერთ-ერთი ელჩი, რომელიც ამერიკელებს გააცნობს ჩვენს ქვეყანას. მთელ მსოფლიოში უნდა გამოვიყენოთ ის საჩუქარი, რომელიც ამ ხალხმა 1977 წელს გაგვიკეთა. „ნასა“ და ამერიკის შეერთებული შტატები კი ისეთი პალატფორმაა, საიდანაც პოპულარობის დაწყება ძალიან ადვილია.

скачать dle 11.3