კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გამოტეხოს ჭკვიანმა ცოლმა მოღალატე ქმარი

მამაკაცებს გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ ღალატის ფაქტის დამალვას შეძლებენ. ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ყველაზე მიამიტ ქალსაც შესწევს უნარი, ინტუიციით იგრძნოს, როდის ტყუის მამაკაცი. ამიტომაც, იმის თქმა, ერთს „გავივლი“ და შემრჩება, დიდი სისულელეა. ამბობენ, რომ მამაკაცი შეიძლება ღალატობდეს ცოლს, მაგრამ ოჯახის დანგრევა არ უნდა. სამწუხაროდ, ყველა ქალს არ შეუძლია, დახუჭოს თვალი ღალატზე. თუმცა, ოჯახის დანგრევა, მით უფრო ქმრისგან ღალატის აღიარება, საკმაოდ რთულია. მამაკაცის გამოტეხა სერიოზული პრობლემაა.

 ლიკა (32 წლის): თერთმეტი წლის ოჯახი მაქვს. ერთმანეთი რომ გავიცანით, თვრამეტი წლის ვიყავი. აზრი აღარ მომეკითხებოდა, ლეკვივით დავდევდი უკან. ლამის სწავლას დავანებე თავი და გავთხოვდი. ჩემი მშობლები რომ არ გადარეულიყვნენ, ნამდვილად ასეც მოვიქცეოდი. როგორც იქნა, „გავქაჩე“ ოცდაერთ წლამდე. მაშინ რომ ვინმეს ეთქვა, დადგება დღე და საკუთარ თავს ჰკითხავ, ეს იდიოტი რამ შემაყვარაო, გამეცინებოდა... რეალურად დავდექი ფაქტის წინაშე. ილუზიებისა და ტკბილი ბურანის ტყვეობაში კარგა ხანს ვიყავი. ორი შვილიც ისე გავაჩინე, ქმრის ერთგულებაში ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი.
– ფიქრობთ, მაშინაც გღალატობდათ?
– არ არის გამორიცხული, მაგრამ რა ვქნა, როგორ დავუმტკიცო... არადა, სწორედ დამტკიცებაა, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესი. კაცები უტეხნი არიან, როცა მათ ერთგულებაში ეჭვი შეგაქვს. განსაკუთრებით, თუ დანაშაული უკვე ჩადენილი აქვთ... მე ჩემი ქმრის მაგალითზე ვიცი, როგორ იქცევა მოღალატე კაცი. მარტო თვითონ ჰგონია, რომ მისი ღალატი შეუმჩნეველი დარჩება. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. მე ვუთხარი ქმარს, ყველაზე სულელ ქალსაც შეუძლია ქმრის ღალატი შეამჩნიოს-მეთქი და ასეცაა. ქალებს ინტუიცია კარგად გვაქვს განვითარებული, მით უმეტეს, ცოლებს. ძაღლებივით გვაქვს ალღო. რა უნდა მამაკაცის ღალატის მიხვედრას. მალევე გამიჩნდა ეჭვი, რომ მღალატობდა. როგორც კი მეტი ყურადღება გამოვიჩინე...
– მანამდე ვერ ხვდებოდით თუ არ ხვდებოდით?
– უფრო არ ვხვდებოდი. შეუძლებელი იყო დაკვირვებულ თვალს გამოჰპარვოდა მასში მომხდარი ცვლილებები, ჩემს ქმარს ვგულისხმობ. სამსახურში გადაუდებელი საქმეები მოუმრავლდა და სახლში მოსვლას აგვიანებდა. ჩემთან ლაპარაკს და თვალებში შემოხედვას გაურბოდა. საკუთარ გარეგნობას მეტ დროს უთმობდა და რაც მთავარია, სახლში მოსული, ტელეფონს ეგრევე რთავდა. შემეძლო, ამეტეხა სკანდალი... ამისი საფუძველი მქონდა, მაგრამ თვალსაჩინო მტკიცებულებები მაკლდა. ვიცოდი, ამის გარეშე ქმართან არაფერი გამომივიდოდა. ისეთი ჯიუტი და უტიფარია, შეუძლია, თვალებში გიყურებდეს და გატყუებდეს. თუ ქმართან ბრძოლას იწყებ, ისე უნდა იყო შეიარაღებული, რომ მთავარი ბრძოლა მოიგო. სხვანაირად, მხოლოდ პრობლემებს შეიქმნი. დიდი ჭკუა არ არის საჭირო ამის მისახვედრად. ჭკვიანმა ქალმა ჯერ უნდა გამოტეხოს ქმარი ღალატში, მერე თავისი პირობები უკარნახოს.
– რა პირობები?
– კაცი შეიძლება, გღალატობდეს, მაგრამ ოჯახის დანგრევა მისთვის ადვილი არ არის. პირიქით, ყველანაირად მალავს თავის ღალატს სწორედ იმიტომ, რომ ცოლმა სახლიდან არ გააგდოს. ხვდებით, რატომ არის მნიშვნელოვანი, ქმარმა თვითონვე თქვას, რომ გიღალატა?
– თქვენმა ქმარმა ეს გითხრათ?
– დიახ. ოღონდ თავისი სურვილის წინააღმდეგ. ვიცი, გაინტერესებთ, ეს როგორ მოხდა... რანაირად მოვახერხე. რამდენიმე მცდელობა დამჭირდა და ერთხელ გაამართლა.
– რამე ექსკლუზიური მეთოდია?
– არ ვიცი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ეფექტურად იმუშავა. მძინარეს, სრულ სიბნელეში ვეფერებოდი და ველაპარაკებოდი შეცვლილი ხმით.
– რას ეუბნებოდით?
– „არ წახვიდე, კიდევ დარჩი“, „ყოველთვის ცოლთან გარბიხარ“, „ერთი ღამე მაინც იყავი ჩემთან დილამდე“... – ბოლოს ამ ფრაზამ იმუშავა ყველაზე კარგად. დაფეთებული წამოხტა და ხელების ქნევა დაიწყო – არა, არა, უნდა წავიდე, ჩემმა ცოლმა არაფერი უნდა იეჭვოსო... ლამის ხარხარი დავიწყე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. შევაჯანჯღარე და როცა მიხვდა, სად იყო რეალურად, ლამის გაგიჟდა... სულელი არ არის, ეგრევე მიხვდა, რომ გაიშიფრა. სინათლე ავანთე და თვალებში მივაშტერდი – აბა, თქვი, რომ არ მღალატობ-მეთქი. ბრინჯივით დაიბნა. მამაკაცები დიდი ბავშვები არიან. როგორც კი კუთხეში მიიმწყვდევ, მათი შემართება და სიმამაცე უკვალოდ ქრება. ისეთი საცოდავი იყო...
– აღიარა?
– მაშინვე... მაპატიე, ეს როგორ მოხდა, არ ვიცი. მარტო ერთხელ იყო, მეტჯერ არაო... შეუვალი ვიყავი – რას ამბობ, ცოტა დაგაკლდა, მისი სახელიც არ დამიძახე. ჩაალაგე შენი ნივთები და წადი-მეთქი.
– პირდაპირ ასე უთხარით, შანსი არ დაუტოვეთ?
– ასეთ დროს გრძნობის გარეშე უნდა იმოქმედო და მარტო გონება ჩართო. თუ ემოციას აჰყვები და ამას შეამჩნევს, მორჩა, თამაში წაგებულია. იქით მოგედავება და შეეხვეწები, არ წახვიდეო. მე ოჯახის გადარჩენაზე ვიყავი ორიენტირებული და არა ჩვენი ურთიერთობის განადგურებაზე, ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. ბოლომდე „მივაწექი“. არ ამოვასუნთქე და გასაქანი არ მივეცი, სანამ ტირილამდე არ მივიყვანე. ბოლომდე გამოტყდა ღალატში და მთელი ერთი კვირა ინანიებდა. ვექცეოდი ისე, როგორც ცარიელ ადგილს, როგორც უმნიშვნელო ადამიანს, რომელსაც ადვილად შეელევი... ამ ყველაფერმა გაჭრა. ეტყობა, ოჯახი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე ის ვიღაც ქალი. ბევრი ბოდიშის მერე, დარჩენის უფლება მივეცი, მაგრამ მკაცრი კონტროლის ქვეშაა. ეს იცის და იმასაც სულ ვაგრძნობინებ, რომ კიდევ ერთ შანსს აღარ მივცემ.

скачать dle 11.3