კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზუგდიდელი ექიმი, რომელმაც მსოფლიოში ცნობილ სამედიცინო კონკურსში გაიმარჯვა, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს დიაგნოზს ტელეფონითა და ინტერნეტით უსვამს

საქართველოში არსებობენ ექიმები, რომელთაც თითქმის არავინ იცნობს და მოკლებულნი არიან რეგალიებს, მაგრამ თავიანთი მაღალპროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით, უამრავ პაციენტს ეხმარებიან. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება ზუგდიდელი ექიმი-თერაპევტი მალხაზ ჯალაღონია – გამოირჩეული პროფესიონალიზმით, თავმდაბლობით, განათლებითა და პაციენტებთან მიდგომის მეთოდით. ის მსოფლიოში ცნობილი გამოცემის, „ნიუ-იორკ თაიმსის“ სამედიცინო კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელშიც იშვიათი სამედიცონო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია და პერიოდულად განახლებადი სამედიცინო თავსატეხებია განთავსებული. რუბრიკის ავტორია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ ფართოდ ცნობილი ექიმი – ლიზა სანდერსი. ის სვამს კითხვებს და პასუხი მკითხველებმა უნდა გასცენ. რუბრიკა მრავალი წელია, არსებობს და ის თავად ლიზა სანდერსის შეთავაზებაა გამოცემისთვის. ლიზა სანდერსი იელის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ექიმია, ცნობილი თავისი სპეციალიზაციით გამოუცნობი და ჩახლართული სამედიცინო შემთხვევების სფეროში. ის, აგრეთვე, ტელესერიალ „ექიმი ჰაუსის“ ერთ-ერთი სცენარისტია. როგორც ერთ ინტერვიუში ამბობს, ამ რუბრიკის იდეა მას, მას შემდეგ დაებადა, რაც პრაქტიკაში დაუგროვდა სამედიცინო შემთხვევები, როცა პრობლემის გადაწყვეტას სჭირდებოდა ინტუიცია, არაორდინარული ხედვა და ზოგჯერ კი თეორიისა და პრაქტიკისგან მოწყვეტაც, რომელიც შტამპავს უმაღლესი პროფესიული ნიშან-თვისებების მქონე ადამიანსაც კი. არავინ იცის, აიყვანდა თუ არა დოქტორი ჰაუსი მალხაზ ჯალაღონიას თავის გუნდში, მაგრამ მისი სცენარისტი, ლიზა სანდერსი, ალბათ – კი, რადგან კონკურსის უამრავ მონაწილეს შორის, არჩევანი მასზე შეაჩერა.
მალხაზ ჯალაღონია: სტუდენტობის დროიდან მაინტერესებდა მედიცინაში იშვიათი შემთხვევები, ატიპური გამოვლინებები და ნაკლებად მაინტერესებდა გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა ფილტვების ანთება და ასე შემდეგ. თავიდანვე ვეძებდი იშვიათ დაავადებებს, დიდხანს ვესაუბრებოდი პაციენტებს... იშვიათი შემთხვევები მელანდებოდა ყველგან, იმდენად ვიყავი გატაცებული. სტუდენტობიდან მახსოვს სამი შემთხვევა, როცა სწორი დიაგნოზი დავსვი იმიტომ, რომ პაციენტებმა მითხრეს ის, რაც თავიანთ მკურნალ ექიმებს, ჩემს ლექტორებსა და მასწავლებლებს, არ უთხრეს. იყო ერთი გოგონა, რომელსაც ჰქონდა „სისტემური წითელი მგლურა“, მაგრამ დამატებით ჰქონდა სიმპტომები, რაც ამ დაავადებით არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული. მაშინ არ იყო ამ მეორე, თანმხლები დაავადების („თანდაყოლილი ანგიოედემა“) დამადასტურებელი კვლევები, მაგრამ საბოლოოდ, რამდენიმე ჩემი მასწავლებელი დაეთანხმა ამ დიაგნოზს. ჩემი სტუდენტობის დროს ითვლებოდა, რომ ეგრეთ წოდებული „პერიოდული დაავადება“ ქართველებში არ გვხვდებოდა. ერთი ბიჭი იყო, რომლის სიმპტომები კი არ ამბობდა, არამედ ყვიროდა, რომ პერიოდულ დაავადებასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ხელს მიშლიდა მისი ქართული გვარი. ამ ბიჭს შევუჩნდი და მანამ არ მოვცილდი, სანამ საკუთარი გენეალოგიური ხე კარგად არ გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ ორივე მხრიდან ჰყავდა არაქართველი წინაპრები. მესამე შემთხვევა „რეიტერის სინდრომს“ უკავშირდება. ამ სინდრომის დროს კუჭ-ნაწლავის ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია იწვევს სახსრებისა და მყესების დაზიანებას. ხშირად ზიანდება თვალიც. ამჟამად ბევრმა იცის ეს დაავადება, მაგრამ მაშინ ის უცხო ხილი იყო და ამ დიაგნოზის დასმა ყველას არ შეეძლო. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ეს უცნაური გატაცებაა, მაგრამ ჩვენ, ექიმები ვართ პასუხისმგებელნი პაციენტების წინაშე. აუცილებელია, ვიცოდეთ იშვიათი დაავადებები, რომ პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის დასმა შევძლოთ შესაბამის შემთხვევაში. თბილისში ორდინატურის დროს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი წელი ვიმუშავე. ძალიან საინტერესო იყო, რადგან იქ თავს იყრიდა უცნაურდაავადებებიანი პაციენტები, რომელთა დიაგნოსტიკა რაიონებში  ვერ ხდებოდა. ამ ორმა წელმა დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. მე იქ ბევრი რამ ვისწავლე. მუშაობა მომიწია მართლაც პროფესიონალ ექიმებთან.
– პრაქტიკაშიც თუ გხვდებათ პაციენტები ისეთი დაავადებებით, რომლებთანაც თქვენი ინტერესი და ცოდნა იშვიათი დაავადებების მიმართ დაგეხმარათ, დაგესვათ დიაგნოზი?
– დიახ. მე ვამაყობ ორი შემთხვევით, როცა პაციენტებს აღმოაჩნდათ დაახლოებით ორმოცი წლის ხანგრძლივობის ლუესი (სიფილისი). ეს ნამდვილად იშვიათობაა. ერთმა არც კი იცოდა, რომ ეს დაავადება ჰქონდა და მისი ერთადერთი ჩივილი დიდი ხნის განმავლობაში, იყო გაძლიერებული ოფლიანობა. მეორემ იცოდა, რომ ჰქონდა გადატანილი ეს დაავადება, იმკურნალა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, არ ჰქონდა კარგი ნამკურნალევი და მოვიდა ჩემთან ჩივილით, დაბალ არტერიულ წნევაზე. არ მინდა დეტალების მოყოლა, მაგრამ იქვე, ჩემს ოფისში ძალიან მარტივი რამ გავაკეთე და შემდეგ ეჭვი ლუესზე მივიტანე. ვკითხე, ეს დაავადება ხომ არ ჰქონდა გადატანილი და დამიმალა, მითხრა, არაო. მაინც ავუღეთ ტესტი ლუესზე. პასუხი დადებითი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლეც დაავადებული იყო. კიდევ ერთი პაციენტი მახსენდება, რომელსაც წელი სტკიოდა და სიცხეც ჰქონდა. პირველად მივიდა ექოსკოპიაზე, შემდეგ ანალიზებიც გაიკეთა და ბოლოს ჩემთანაც მოვიდა. ამბობდა, თირკმლების ანთება მაქვსო. პირველ დღეს ვერ გავიგე რა სჭირდა. მეორე დღეს ისევ მოვიდა ეს პაციენტი და მოგვართვა შემწვარი მწყერი. შენ მონადირე ხარ-მეთქი? კიო – მიპასუხა. ლეპტოსპიროზი – არის ასეთი დაავადება, რომელიც ადამიანს გადაეცემა მონადირე ძაღლებთან ურთიერთობით. გავაგზავნე თბილისში, სადაც ეს დაავადება დადასტურდა და იქ გაკვირვებიათ, ასე სწრაფად ამ დაავადების დადგენა იშვითად ხდებაო. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. მანქანაში ვიჯექი, სადღაც მივდიოდი და გზაში დამირეკა ჩემმა მეგობარმა ენდოკრინოლოგმა თბილისიდან. ერთი პაციენტია და ვერ დავუდგინეთ დიაგნოზიო. მომიყვა ამ პაციენტის შესახებ. ცელიაკია – ხორბალში და ზოგიერთ სხვა მარცვლეულში არსებული ნივთიერება – აზიანებს ნაწლავებს და ამ დროს არ ხდება ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვა. ვუთხარი, შენს პაციენტს ცელიაკია უნდა ჰქონდეს და შეამოწმეთ-მეთქი. ორ დღეში დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი დიაგნოზი დადასტურდა. როდესაც ჩემს პაციენტებს ვეუბნები, წადით თბილისში, ჩააბარეთ ესა თუ ის ანალიზი-მეთქი, ხშირად არ მიჯერებენ. არადა,  ტელეფონითა და ინტერნეტით შემიძლია, დავსვა დიაგნოზი. შეიძლება, უსახსრობის ბრალიცაა, ვერ მიდიან და ვერ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს.
– თქვენი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ალბათ, განსაკუთრებით ბევრი პაციენტი გყავთ...
– ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით ბევრი პაციენტი მყავს. საქართველოში თერაპევტის უფლებები არ არის დაცული და მისი შესაძლებლობები სათანადოდ არ არის გამოყენებული. თერაპევტსა და ოჯახის ექიმს იმდენად არ ენდობიან და ურჩევნიათ, ვიწრო სპეციალისტთან მისვლა, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროა. მაგრამ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს სპეციალისტი, პაციენტის მისებრივი აღქმა მაინც შეზღუდულია.  კარგი თერაპევტი კი ხშირად ხედავს სრულ სურათს. ეს ქართული მედიცინის დიდი პრობლემაა. არის მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაც, რასაც ზოგჯერ კონფლიქტში შევყავარ პაციენტებთან. მათ უყვართ ზედმეტი გამოკვლევები, რაც მე არ მიყვარს. ეს სენი ბოლო დროს ექიმებსაც გადაედოთ. თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ექიმებისა და პაციენტების გემოვნების ჩამოყალიბება ხდება ფარმაცევტული კომპანიებისა და დისტრიბუტორების მიერ. მათი მიზანია პროდუქციის გაყიდვა. მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბარიერია, რომელიც ამ პრობლემისგან იცავს პაციენტსაც და ექიმსაც, მაგრამ ჩვენ, ამ მხრივ, სრულიად დაუცველები ვართ. ეს სიტუაცია პირდაპირ კავშირშია პოლიპრაგმაზიასთან – მრავალი მედიკამენტის გამოწერასთან. იცით, მე ვიყავი მოსკოვში 80-იანი წლების ბოლოს. სამედიცინო ხარისხის დასაცავად გამიშვა მამაჩემმა, მაგრამ იყო ორი მიზეზი, რატომაც იქ არ დავრჩი. ერთი ის, რომ მიწევდა სულ კამათი ჩემს რუს კოლეგებთან საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე, რადგან ჩემი იქ ყოფნა დაემთხვა 9 აპრილს და არეულობის პერიოდს. მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ იქ პაციენტების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. მათ ისე ექცეოდნენ, როგორც საცდელ ბოცვრებს. 1994 წელს თავი დავანებე ექიმობას და 12 წელი ექიმად აღარ მიმუშავია. თუმცა, ვმუშაობდი უცხოურ ორგანიზაციების სამედიცინო განყოფილებებში. ერთხელ სამედიცინო კოორდინატორიც ვიყავი. 12 წლის შემდეგ, როდესაც მედიცინაში დავბრუნდი, საქართველოშიც პაციენტისადმი დამოკიდებულება ძალიან შეცვლილი დამხვდა, სამწუხაროდ, უარესობისკენ.
– თქვენ ხართ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემის, The New York Times-ის სამედიცინო ტესტირების გამარჯვებული. როგორ ჩაერთეთ ამ ტესტირებაში და მიაღწიეთ გამარჯვებას?
– მთელი ის თორმეტი წელი, რაც მედიცინაში არ ვიყავი, თეორიული მეცადინეობა არ შემიწყვეტია. 2002 წელს წიგნიც დავწერე – „100 შემთხვევა კლინიკური გასტროენტეროლოგიიდან“. ბევრს ვკითხულობდი, ვიწერდი სამედიცინო ტესტებს, რაც ტვინს ძალიან ავარჯიშებს. მაგრამ, ეს ტესტები ხელოვნურადაა შექმნილი. რა თქმა უნდა, უფრო სასარგებლოა რეალური შემთხვევები, რასაც სულ ვეძებდი ინტერნეტში და შემთხვევით წავაწყდი The New York Times-ის სამედიცინო ტესტირების გვერდს, რომელიც ყოველთვიური კონკურსია. ამ ტესტირების ავტორია იელის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის ექიმი – ლიზა სანდერსი. ამ კონკურსში რეალური შემთხვევებია მოცემული და ექიმებს რთულ დავალებებს სთავაზობენ. ბევრი საინტერესო პაციენტი იყო. მახსენდება ერთი შემთხვევა – ენცეფალიტი დაუდგინდა ქალბატონს, რომლის გამომწვევი იყო არა ინფექცია, არამედ ერთ-ერთ საკვერცხეში არსებული სიმსივნე დერმოიდული ცისტა. მეორე შემთხვევა შეეხებოდა ნაწლავების გარდამავალ გაუვალობას, რომლის მიზეზი იყო არტერიული წნევის დამწევი ერთ-ერთი პრეპარატი, კერძოდ, ლიზინოპრილი. ამ ჯგუფის პრეპარატები ზოგჯერ იწვევს კანის შეშუპებას, მაგრამ ნაწლავის კედლის შეშუპება ნამდვილი კაზუისტიკაა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვიღებდი მონაწილეობას კონკურსში. აქ იყო მოცემული ძალიან საინტერესო შემთხვევები, სადაც 12-დან 4-5 სწორი პასუხი მქონდა, მაგრამ კონკურსის გამარჯვებულია ის, ვინც პირველად გასცემს სწორ პასუხს. თანაც, ზოგჯერ დიაგნოზის დაზუსტების მეთოდი უნდა ჩაწერო, ანუ როგორ დაზუსტდა დიაგნოზი. მე სწრაფად ვერ ვპასუხობდი, მაგრამ იმ თვეში დადარაჯებული ვიყავი. გამარჯვება მოულოდნელი იყო, რადგან შემთხვევის წაკითხვა გამოქვეყნებიდან ოთხი წუთის დაგვიანებით დავიწყე. მართალია, 20 წუთში მოვასწარი პასუხის გაგზავნა, მაგრამ ვიფიქრე, ვერ გავიმარჯვებდი. ჩემი ელექტრონული ფოსტაც კი არ შემიმოწმებია. მეორე დილით ვნახე და ძალიან გამიხარდა. ეს ელექტორნული გზავნილი რომ მივიღე, სადაც ლიზა სანდერსი პირადად მილოცავდა გამარჯვებას, დავინტერესდი და ვკითხე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან რამდენი გამარჯვებული ჰყავდათ. მან მიპასუხა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არცერთი და ევროპიდან – სულ რამდენიმე.
–  გამარჯვება რა დაავადებამ მოგიტანათ?
– იყო შვიდი წლის ბიჭუნა, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა ცხელება, მაღალი ტემპერატურა. ვერ დაუსვეს დიაგნოზი, რვა ექიმმა ნახა. სწორი დიაგნოზი დასვა მხოლოდ მერვე ექიმმა, რომელიც იყო ინფექციონისტი. ეს იყო კოქციდიოიდომიკოზი, რაც წარმოადგენს სოკოვან დაავადებას და აზიანებს შინაგან ორგანოებს. გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. გადამწყვეტი ამ დიაგნოზის დასმაში ის იყო, რომ ეს პაციენტი გარკვეული პერიოდის წინ, იყო არიზონას უდაბნოში. ეს დაავადება კი მოდის ამ უდაბნოდან.
– გამარჯვებულს რაიმე პრიზი თუ გადმოგეცათ?
– სამედიცინო ვიქტორინის გამარჯვებულს გადაეცემა იელის სამედიცინი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ლიზა სანდერსის წიგნი „ყველა პაციენტი თავის ამბავს ყვება“, რომელიც უკვე გამომიგზავნეს და გზაშია. ეს არის პრიზი, რომელიც ნებისმიერ ფულად პრიზს მირჩევნია.

скачать dle 11.3