კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ მეორე ნახევარი თავიდან მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ და როგორ გადავლახოთ ქორწინების კრიტიკული წლები

დაქორწინების შემდეგ წყვილი მალევე აცნობიერებს, რომ რეალობა წარმოდგენებისგან შორსაა. განსაკუთრებით რთული ცოლ-ქმრისთვის თანაცხოვრების პირველი წელია, რადგან ამ დროს ბევრ უსიამოვნო სიურპრიზთან უწევს შეგუება. ერთი წლის შემდეგ კი, სირთულეები იკლებს, თუმცა კიდევ არსებობს სამი, შვიდი, თოთხმეტი წლის და ბუდის დაცარიელების კრიზისული პერიოდები.
სალომე საბიაშვილი (ფსიქოლოგი): წყვილს შორის კრიზისული პერიოდები ჩვეულებრივი მოვლენაა და მას გვერდს ვერავინ აუვლის. მაგრამ, სხვადასხვა გზით, შესაძლებელია გართულებების თავიდან აცილება, რომ კრიზისს ოჯახი არ შეეწიროს. არსებობს კლასიკური კლასიფიკაცია ოჯახური კრიზისის მიხედვით: თანაცხოვრების პირველი, მესამე, მეშვიდე, მეთოთხმეტე წლები და ბუდის დაშლის პერიოდი. პირველი წლის კრიზისულ პერიოდში წყვილი ერთმანეთს ეჩვევა. მანამდე, შეყვარებულობის პერიოდში, ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ თანაცხოვრება უკვე სხვა ეტაპია – როცა პეპლების მუცელში ფრენის პერიოდი სრულდება და ვარდისფერ სათვალეს იხსნიან, რადგან თანაცხოვრებისას საკუთარ ნაკლოვანებებს ვეღარ მალავენ. ერთმანეთის რეალურ სახეს ხედავენ და შეიძლება, მოეჩვენოთ, რომ ეს ის ადამიანი არაა, ვისზეც დაქორწინდნენ. იმედგაცრუებისა და გაღიზიანების მიზეზი შეიძლება, ძალიან პრიმიტიულიც იყოს.
– ძალიან აქტუალურია ქორწინებამდე სექსუალურ თანაცხოვრებაზე საუბარი და ძირითადად, მომხრეები ამბობენ, რომ ამ გამოცდილების მიღება, სექსუალური შეუთავსებლობის შემთხვევაში ოჯახის დანგრევას აგვარიდებს.
– ამ კრიზისულ პერიოდს ჰქვია თანაცხოვრების პირველი წელი. უბრალოდ, ჩვენ ქორწინების პირველ წელს ვუწოდებთ, რადგან ჩვენს რეალობაში წყვილს შეიძლება ქორწინებამდე ჰქონდეს სექსუალური კავშირი, მაგრამ თანაცხოვრება ქორწინების შემდეგ იწყება. თუ წყვილი ქორწინებამდე ცდილობს, სექსუალური გამოცდილების მიღებას, ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ ისე, როგორც უცხოეთში ხდება. სირთულეს მარტო სექსუალური შეუთავსებლობა კი არა, თანაცხოვრება წარმოადგენს და იქ ამიტომაც გადადიან ერთად საცხოვრებლად, რომ ყველაფერში გაიცნონ ერთმანეთი. კრიზისული პერიოდის პირველ წელს ბეჭდის გარეშე გადიან და მერე გადაწყვეტენ, უღირთ თუ არა ოჯახის შექმნა. ჩვენთან მხოლოდ სექსი აქვთ ქორწინებამდე. კი ეს გაგვაგებინებს, როგორ ვეწყობით ერთმანეთს სექსუალურად, მაგრამ თანაცხოვრების სხვა ნაკლოვანებები ასე ვერ გამოვლინდება. მე ვარ მომხრე, რომ მხოლოდ სექსი კი არ ჰქონდეთ ქორწინებამდე, ერთადაც იცხოვრონ და ყველაფერში გაიცნონ ერთმანეთი. მაგრამ, მართლმადიდებულ ქვეყანაში, ამას ვერავის დაავალდებულებ.
– რა არის გამოსავალი ამ პერიოდში?
– წლევანდელი სტატისტიკით, ოჯახების ნგრევა პირველივე წელს ხდება. როგორც წესი, ამ პერიოდში მარტო ნეგატივი შეიმჩნევა, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რის გამო შეგვიყვარდა და შევქმენით ამ ადამიანთან ოჯახი. ყველა პრობლემისას წყვილმა აუცილებლად უნდა მიმართოს დიალოგს. ნუ მივაკერებთ იარლიყებს ერთმანეთს და ხაზი გავუსვათ კონკრეტულ ქცევას. მაგალითად, შენ ზარმაცი ყოფილხარ კი არა, უთხარით: მე მწყინს, როცა სახლში აგვიანებ. აუცილებელია, დათმობები და ეგოიზმის უკან გადაწევა. მე კი არა, უკვე „ჩვენ“ უნდა გაიაზრონ და ახსოვდეთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს ვეღარ შეცვლიან და თუ მეორე ნახევარში რამე არ მოსწონთ, უბრალოდ, მასთან შეგუება უნდა ისწავლონ. გაყრა მხოლოდ რადიკალური შეუთავსებლობის შემთხვევაშია დასაშვები. პირველი წლის შემდეგ მოდის ქორწინების სამი წლისთავის კრიზისული პერიოდი. ძირითად შემთხვევებში, ამ დროს წყვილს უკვე ჰყავს შვილი, რასაც ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ამას კაცების მხრიდან პატარაზე ეჭვიანობა და გაღიზიანებაც მოჰყვება (თუმცა, შეიძლება, ეს არ აღიარონ), რადგან ქალი შვილზეა გადართული და ქმარს ჩვეულ ყურადღებას ვეღარ უთმობს. ქალში დაბადებიდან დევს დედის ინსტინქტი და ამ როლს, კაცისგან გასხვავებით, რომელიც მამის როლს ცოტა გვიან იაზრებს, მალე ირგებს. თუ ცოლი მანამდე ქმარს დილით კოცნით აცილებდა, ახლა ბავშვითაა დაკავებული ან მკვდარივით სძინავს, რადგან ღამე გაათენა. შესაძლოა, ამ დროს ქმარმა სხვა ქალიც გაიჩინოს. ამ შემთხვევაში ქალებს ვურჩევ, ძალიანაც ნუ მიეჯაჭვებიან ბავშვებს. არ დაავიწყდეთ, რომ დედის გარდა, ცოლის მოვალეობაც აკისრიათ და ყურადღება ქმარსაც სჭირდება. მით უმეტეს, თუ აქამდე ამას მიჩვეული იყო ქმარი. განსაკუთრებით ეს იმ ქალებს ეხება, ვინც შვილის გაჩენის შემდეგ, თავის მოვლაზე აღარ ზრუნავს. თუმცა ქმარმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ შვილი უსუსურია და დედის დახმარება სჭირდება. ამიტომ, კაცი მომთმენი უნდა გახდეს და პატარ-პატარა დეტალების გამო  არ გაღიზიანდეს. კარგი იქნება, თუ არ ჩათვლის, რომ პამპერსის გამოცვლა მხოლოდ ქალის ვალია და ცოლს დაეხმარება. თუ მამა ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობს, ეს კრიზისული პერიოდი შედარებით მარტივად გადაილახება. შემდეგ კი, მოვა მეშვიდე წლის კრიზისი, რომლის დროსაც მთავარი პრობლემა მობეზრებაა. წყვილის ცხოვრებაში ერთფეროვნება შემოდის. წყვილმა ერთმანეთი თითქოს ბოლომდე გაიცნო, აღარ დადიან რესტორნებსა და კინოში, სახლი და სამსახური რუტინად ექცათ. ამ დროს ეჩვენებათ, რომ ერთმანეთი აღარ უყვართ და მხოლოდ შეჩვევა დარჩა. პირობითად, სიყვარული მოწონების, ვნების, ურთიერთპატივისცემისა და შეჩვევის ფაზებისგან შედგება. ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ შეჩვევასა და შეიძლება, პატივისცემას გრძნობენ და ეჩვენებათ, რომ მოწონება და ვნება გაქრა. მოყირჭების შეგრძნების გამო ერთ-ერთმა შეიძლება, დაიწყოს სხვასთან სიარული. ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია, თავიდან აღმოაჩინოთ მეორე ნახევარი. უნდა იპოვოთ მასში სიახლე, რაც მიგიზიდავთ. პარტნიორს რომ ახალი კუთხით დაანახვოთ თავი, უნდა გაიჩინოთ ახალი, საერთო ჰობი, საერთო საქმე და ინტერესი. ან როგორღაც უნდა დააბრუნოთ ურთიერთობის პირველი ეტაპი და გაიხსენოთ, როგორ აწონებდით მაშინ ერთმანეთს თავს, რის გამო შეგიყვარდათ ერთმანეთი. აუცილებელია, ისაუბროთ, რა აღარ მოგწონთ ერთმანეთში, რა გწყინთ და ასე შემდეგ. იქნებ ამის მოგვარება შესაძლებელია? ოღონდ არაფრით არ დაადანაშაულოთ ერთმანეთი.
– მეთოთხმეტე წლის კრიზისულ პერიოდს რა ახასიათებს?
– ეს არის შუახნის კრიზისული პერიოდი, როცა ცოლ-ქმარი უკან იყურება და აანალიზებენ, რა შექმნეს ერთად. ძირითად შემთხვევებში, არ არიან კმაყოფილი იმით, რასაც მიაღწიეს და ამაში ერთმანეთის დადანაშაულებას იწყებენ. ქალი ამბობს, რომ მთელი ახალგაზრდობა შვილებს შეალია და კარიერა ვერ განავითარა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარუმატებლობის ერთმანეთისთვის გადაბრალება, რადგან სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებებს თვითონ ვიღებთ და პასუხისმგებლობაც ჩვენზეა. წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები წარსულს დავუტოვოთ და აწმყოში იმით არ ვიცხოვროთ. ამ პერიოდმა დეპრესიები იცის განსაკუთრებით ქალებში, რადგან მამაკაცები იწყებენ „გულაობას“. ამ დროს წყვილს აღარ აქვს აქტიური სექსუალური ცხოვრება და კაცმა თავის თავს რომ დაუმტკიცოს, ისევ მაგარ ფორმაში ვარო, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა საყვარელს იჩენს. ეს ამ პერიოდში ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. აქაც დიალოგია მნიშვნელოვანი და არ უნდა დავივიწყოთ, რომ სექსუალური ცხოვრების გადახაზვა, არაფრით არ შეიძლება, მიუხედავად თანაცხოვრების ბევრი წლისა. თითქოს მიიჩნევა, რომ თუ შვილები გააჩინე და გაზარდე, სექსუალური ცხოვრება საჭირო აღარაა. ყოველდღიურად შეიძლება – აღარ, მაგრამ მთლიანად არ უნდა გამოაცალო პარტნიორს სექსუალური ცხოვრება, რისი ინიციატორებიც უფრო ხშირად ქალები არიან და ძირითადად, ბავშვს იმიზეზებენ. დროსთან ერთად, შეიძლება, ადამიანი ფიზიკურად ისეთ კონდიციაში ჩავარდეს, რომ ვნების ობიექტი აღარ იყოს. მაგრამ, ეს ორ დღეში არ ხდება და თუ რომელიმესთვის ეს დისკომფორტია, მაშინ დასაწყისშივე უნდა მიიღოს ზომები. გააფრთხილოს პარტნიორი, რომ მაგალითად, არ მოსწონს ღიპიანი სხეული და არა, უკვე ფაქტის წინაშე დამდგარი გავარდეს სხვასთან. ამ კრიზისის გადალახვისთვის ორივესგან სიბრძნის გამოჩენაა საჭირო. ერთ-ერთი ყოველთვის მეორეზე ცოტა მეტად ბრძენი, მომთმენი და პასუხისმგებლიანია. ამიტომ, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, პრობლემა დააყენოს და მის გადაჭრაზე ზრუნვა დაიწყოს. დააფასეთ ის, რაც აქამდე იყო. რაც არ გამოვიდა, ის აღიარეთ, მაგრამ დასახეთ ახალი გეგმები და მიზნები. თუ ამას ერთად გააკეთებენ, კრიზისული პერიოდი გადაილახება. ბოლოა დაცარიელებული ბუდის პერიოდი, როცა შვილები საკუთარ ოჯახებს ქმნიან. ამ დროს წყვილს სიცარიელის განცდა იპყრობს. თითქოს ცხოვრების მიზანი აღარ აქვთ და ერთმანეთთანაც აღარაფერი აკავშირებთ. მათ ისევ და ისევ დიალოგით დაიბრუნონ სულიერი მეგობრობა და თავიდან შეიყვარონ ერთმანეთი. ფიზიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, უარი არ თქვან ინტიმურ ცხოვრებაზე. თუმცა, ეს კრიზისი ქართულ რეალობაში ნაკლებად არსებობს, რადგან დაქორწინების შემდეგ შვილები საცხოვრებლად ისევ მშობლებთან რჩებიან.

скачать dle 11.3