კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ემიგრანტი

სახლიდან გამოვიდა, ფილიპ-სტრიტს გაუყვა მე-9 ავენიუმდე, მერე მარცხნივ გაუხვია, ჯეფერსონ-სტრიტამდე, იქიდან მარჯვნივ, ორას მეტრში, ვიქტორიას პარკში, თავის საყვარელ სკამზე ჩამოჯდა.
საღამოობით, თბილ ამინდში, აქ გამოდიოდა, აქ ახსენდებოდა თავისი ბავშვობა - თავისი ხამისკური. ბაღის ბოლოში, ხეებში ჩაფლული, აივნიანი აგურის სახლი. ჭიშკრიდან სახლამდე გრძელი ხეივანი, ორივე მხარეს ჩაყოლებული იასამნებით... ჩანთიდან თვითმფრინავის ბილეთი ამოიღო, დიდხანს დაჰყურებდა: - ნაშვილი-ნიუ-იორკი-დუბლინი-სტამბული-თბილისი - სამ დღეში საქართველოში იქნება, ქმარ-შვილს ჩაეხუტება, აქ აღარ დაბრუნდება...
***
დალი ქირია ხამისკურში დაიბადა, უფრო სწორად - საქირიოში - ლამაზ, მრავალშვილიან, ქართულ ოჯახში, სიყვარული და ბედნიერება რომ დუღდა და გადმოდუღდა. ერთმანეთს ეფერებოდნენ და ტკბილი მეგრულით, „სკანი გოლუაფიროთი” მიმართავდნენ. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და პირველივე წელს მოეწყო სამედიცინო ინსტიტუტში. მერე ექვსი წელი სწავლა, კიდევ ერთი წელი ორდინატურა, მერე სამსახური – ექიმის საპასუხისმგებლო პროფესია, დისერტაცია, კარიერული აღმასვლა. 32 წლისა გათხოვდა სანდრო კილაძეზე – დედისერთა, თბილისელ კაცზე, მშობლებს რომ შესცქეროდა ხელებში და დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სამსახური კი ჰქონდა, მაგრამ დომინოს თამაშის მეტს არაფერს აკეთებდა. ერთ წელიწადში ბიჭი შეეძინათ - ლაშა.
მალე საქართველოში არეულობა დაიწყო, ინფლაციამ ისეთ დონეს მიაღწია, პროდუქტი დილით სხვა ფასი ღირდა და საღამოს სხვა. ერთი თვის ხელფასი ორ პურს ძლივს ჰყოფნიდა. სანდრო სამსახურიდან გამოუშვეს, მაგრამ მისთვის არაფერი შეცვლილა – მთელი დღე ეზოში იჯდა და დომინოს უჭახუნებდა. ოჯახის სიმძიმე დალის დააწვა კისერზე. საავადმყოფოში ღამის ცვლაშიც რჩებოდა, მაგრამ ოჯახი მაინც შიმშილობდა.
სამსახურში, თანამშრომელმა გოგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუდმივი ვიზის აპლიკაცია შეავსებინა:
- იქნებ გაგიმართლოსო! - მართლაც, გაუმართლა, დადებითი პასუხი მიიღო. მეზობლისგან ისესხა ფული, იყიდა წასასვლელი და უკან დასაბრუნებელი თვითმფრინავის ბილეთი იმ იმედით, რომ ფულს დააგროვებდა და რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდებოდა, ჩაალაგა ბარგი-ბარხანა, შვილი დას ჩააბარა და გაუდგა ამერიკის გზას.
ქალაქ ნაშვილში იშოვა სამსახური – მოხუცმა ქალმა აიყვანა მომვლელად. კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს – მომვლელიც იყო, ექიმიც და მეგობარიც. იქვე ცხოვრობდა, იმ მოხუცმა მისი ჭამა-სმა თავის თავზე აიღო. ამიტომ, დალი ხელფასს უკლებლივ აგზავნიდა საქართველოში. არ გამოუვიდა რამდენიმე თვეში დაბრუნება, უკან დასაბრუნებელი ბილეთი გაუფუჭდა, მაგრამ მაინც ინახავდა, როგორც თილისმას, რომელიც უკან დაბრუნების იმედს უტოვებდა. მხოლოდ 5 წლის შემდეგ ჩამოვიდა. შვილმა ვერ იცნო, არ მიეკარა...
საქართველოში მდგომარეობა თითქოს დაწყნარებული იყო, ახალი ფული – ლარი კარგად მუშაობდა, მაგრამ ქმარს, ბინის რემონტისთვის, ბანკიდან სესხი გამოეტანა და მისი გამოგზავნილი ფულით, ყოველთვიურად იმ სესხს ფარავდა. მიხვდა დალი - წასვლას ვერ ასცდებოდა. ისევ იყიდა წასასვლელი და დასაბრუნებელი ბილეთი, ჩაალაგა ბარგი-ბარხანა და ისევ გაუდგა ამერიკის გზას. იგივე მოხუცი გაახარა თავისი მისვლით. ისევ გააფუჭა უკან დასაბრუნებელი ბილეთი. ისევ შეინახა თილისმად – იმედად უკან დაბრუნებისა.
მხოლოდ 7 წლის შემდეგ დაბრუნდა. ბიჭი უკვე 13 წლის იყო. ცივად შეხვდა დედას - „თქვენობით” მიმართა. ქმარი ისევ დომინოს უჭახუნებდა ეზოს კაცებთან. „აქსისის” ბინა აეღო და იმის ფულს იხდიდა. ისევ იყიდა წასასვლელი და დასაბრუნებელი ბილეთი, ჩაალაგა ბარგი-ბარხანა და ისევ გაუდგა ამერიკის გზას.
10 წლის შემდეგ დაბრუნდა. ბიჭი, ცოლთან და ბავშვთან ერთად, „აქსისის” ბინაში გადასულიყო. სანდროს, ვიღაც ქალი მოეყვანა და თავისთან აცხოვრებდა.
- რა, გეგონა ბერად შევდგებოდი და შენ დაგელოდებოდი? უნდა შეეგუო ამას, ისე ოჯახისთვის ჯობდა, იქ გემუშავა და არ ჩამოსულიყავიო! - უთხრა სანდრომ.
შვილთან გადავიდა დალი საცხოვრებლად
- კი არ გაგდებ, მაგრამ, რომ ვიცოდე, აქ როდემდე უნდა იცხოვროო? - ორი კვირის თავზე ჰკითხა ლაშამ.
ჩაალაგა დალიმ თავისი ბარგი-ბარხანა, მხოლოდ წასასვლელი ბილეთი იყიდა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი აღარ უყიდია..

скачать dle 11.3