კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ილაშქრებდა რეზო ინანიშვილი ქელეხების წინააღმდეგ და სად მონიშნა მან თავისი გარდაცვალების ადგილი

„ხანდახან ვფიქრობ – დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ, შვილიშვილებს ტკბილად რომ ვექცევი-მეთქი. მერე გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს – სულ დაძაბულობა, სულ პასუხისმგებლობის ქვეშ კანკალი! – მხოლოდ ბებიას ღიმილი, მისი სათნო დამოკიდებულება ყველაფრისადმი! – და ისევ განვაგრძობ ჩემსას. მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი..“
ის დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში, შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში მუშად მუშაობდა 31-ე ქარხანაში. აქედან სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში გადავიდა, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ  ორ წელიწადში უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე. 1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა. დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. მუშაობდა „ქართულ ფილმშიც” სასცენარო განყოფილებაში, 80-იან წლებში კი – მწერალთა კავშირის მდივნად. იყო რამდენიმე გამოცემის რედაქტორი. მისი პირველი  მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი გამოვიდა 1953 წელს. 1977 წელს წიგნისთვის – „შორი თეთრი მწვერვალი” მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია. აი, ასეთია არაჩვეულებრივი კაცის, რეზო ინანიშვილის მოკლე ბიოგრაფია. მის ცხოვრებას მისი კოლეგა-მეგობრები გაგაცნობენ საინტერესო მოგონებებით. 
გივი გეგეჭკორი: „ნამდვილი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა კარის მეზობლები გავხდით. 1971 წელს მწერალთა კავშირმა კანდელაკის ქუჩაზე ბინები რომ გაანაწილა, რეზოს მეოთხე სართული შეხვდა. რომ გაიგო, მეხუთე სართულზე მე ვიყავი, მეოთხე სართული დათმო და ისიც მეხუთე სართულზე ამოვიდა. ასე შევიქენით კარის მეზობლები და ოცი წელიწადი ერთი ცხოვრებითა და თითქმის ერთ ოჯახად ვიცხოვრეთ. ერთი დღე რომ არ შევსულიყავი, კარზე ზარს დავრეკავდი და კარს გააღებდა თუ არა, მაშინვე იმას მეტყოდა: სადა ხარ, კაცო, აღარა მკადრულობ, ხომ არ გამდიდრდიო. როცა გვინდოდა, მცირე ხნით ოჯახს გავცლოდით, ანდა ჩვენი სატკივარი ერთმანეთისათვის შეგვეჩივლა, ერთმანეთთან შევდიოდით. ჩემთან შემოსულს ხელში მუდამ სათვალე ეჭირა, ცალი ყურით ატრიალებდა და წინადადებას ასე იწყებდა: „შენა…” ან ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა ჰქონდა მოსაძებნი (ამ ლექსიკონის რამდენიმე ტომი აკლდა) ან რაიმე ახალი ამბავი ჰქონდა მოსაყოლი ან საბეჭდი მანქანის შავი ქაღალდი უნდოდა ან „კოხინორის” ფანქარი (ამ ფანქრით ათეთრებდა ახალ მოთხრობას).
ჩემს მაგიდაზე გამეფებულ წესრიგს ვერ იტანდა. მეუბნებოდა: პედანტი ხარო. შემოსვლისთანავე ყველაფერი უნდა აერია. თუ წიგნი გადაშლილი იყო, უნდა დაეკეცა ან უკუღმა დაედო... ხშირად მომნატრებია რეზო. ჩემი ფიქრი ხშირად გადასწვდენია იმ ბედნიერ დროს... ხან ის დღე დამიდგებოდა თვალწინ, როცა დინჯი, დარბაისლური ხმით „მგლის ლეკვებს” მიკითხავდა; ხან მასთან ერთად საგარეჯოში ვიყავი, როცა ის ხალხის ხარხარში „ცეტებს” კითხულობდა და ორმოცდაათი წლის რეზო ინანიშვილს მხრებზე თეთრი ნაბადი მოახურეს; ხან სართიჭალაში გაჩაღებულ წალამს გარშემო ფეხზე ვუდექით და აშიხვინებულ ბურვაკის მწვადებს დავყურებდით... ხან უჯარმიდან დაბრუნებულს ჩემი მეუღლისთვის იასამნები ან ნარცისები შემოჰქონდა და ხან კიდევ ჩემს თვალწინ ის სურათი ცოცხლდებოდა, როცა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჩვენთან იჯდა, მოხარშული გოგრის ნაჭერი თეფშზე გადაჰქონდა და შაქრის ფხვნილს აუჩქარებლად აყრიდა… თუმცა, არა! რაც წავიდა ამქვეყნიდან, მერე აღარ მინახავს-მეთქი, რომ ვთქვა, მართალი არ იქნება. მერე კიდევ ვნახე ოთარ იოსელიანის ფილმში „იყო შაშვი მგალობელი“. ვნახე ვილისიდან გადმოსული და მოღიმარი, ვნახე მეგობრებში სუფრასთან მოლხენილი და მოღიმარი, აი, ისეთი, როგორიც მინახავს მრავალჯერ...“
ოთარ ჩხეიძე:  „ყოველთვის რაღაც ჰქონდა სათქმელი, რაღაც აწუხებდა და თუ არ გეტყოდა, ვერ მოისვენებდა. ეს „რაღაც” უფრო საზოგადოებრივი ზნეობის დაქვეითებას შეეხებოდა, რაღა თქმა უნდა, რაც თავისთავად, ლიტერატურაზე ახდენდა ზეგავლენას... შეეძლო ამაზე დაუსრულებლად ელაპარაკა და წუხილი გამოეთქვა... უსაზღვრო წუხილი... მე აქ, ერთ მაგალითს გავიხსენებ. ეს მაგალითი რევაზის ერთ გამოსვლას შეეხება, – გამოსვლა ქელეხების წინააღმდეგაა. მას აღელვებდა ქელეხის ტრადიციული სახეობის დარღვევა, სახეობისა: წუხილის, გლოვის ულაზათინესი და უმაღლესი გამოხატულება რომ იყო. მაგრამ, მალე გაირკვა, რომ ეს კამპანია წამოწყებულიყო ხელისუფლების მიერ, – მაშინდელი იმპერიული ხელისუფლებისა, – და უკავშირდებოდა ერთიან ბრძოლას ეროვნული ხასიათის წინააღმდეგ, ეროვნული ენის წინააღმდეგ, ერის წინააღმდეგ. მალე გაირკვა და წუხდა რევაზი: რას გვიშვრებიან, რა ხერხებს მიმართავენ, რა მახეებს გვიგებენო... გამოსვლა არაფერი, იქ, იმ კრებაზე სხვებიც ილაშქრებდნენ ქელეხების წინააღმდეგ, თვით ისეთნიცა, – არცერთ ქელეხს რომ არ გამოსტოვებდნენ და რომ ამტკიცებდნენ: შილაფლავი თითებით უნდა იჭამოსო, ეშხი ამაშია, ჩვენმა წინაპრებმა გემო იცოდნენო. რევაზს არ შეეძლო ასეთი თამაში... შესაძლოა მისი ძნელი, უკურნებელი სენი, რითაც აღესრულა, – ჰო, შესაძლოა: სწორედაც ამ გაუნელებელი წუხილის ბრალიც იყო. მავანი დიდია, ძალიან დიდი. იმისმა მასშტაბურმა პერსონაჟებმა ლამის დააზანზარონ სამყაროო… – მითხრა ჩაფიქრებულმა და კაი ხნის დუმილის მერე დასძინა, – არადა, ადამიანი მაგხელა არააო.
– თქვენ-მეთქი?
– მე პატარა ვარ. დაქანცული და ჯოხზე დაბჯენილი ბერმუხის ძირში ვზივარ და მაშინაც ცაში კი არა, დაბლა ვიყურები – ჭიანჭველებს დავცქერი, თავისზე ბევრად მძიმე ტვირთი რომ მიაქვთ ან ეძებენო. – გაჩუმდა, ჩემს პასუხს თუ უცდიდა.
არ მინდა, მავანი ვიყო, იმ ჭიანჭველად ჩამთვალეთ-მეთქი.
ისე გამიღიმა, მარტო თვითონ რომ იცოდა – მოწყალედ, მაინც დარდიანად და თავზე დამადო დაკოჟრილი ხელი.
მერე ჯოხს დაებჯინა, მძიმე-მძიმედ წამოდგა, წამოდგა და ასევე წავიდა… წავიდა და წავიდა, გაქრა...”
მიხო მოსულიშვილი:  „ფშავის მთებში კლდიდან რომ ჩამოვვარდი და გადავრჩი, მამაჩემმა დაიჟინა – შეთქმული მაქვს, ცხვარი უნდა დავკლა წმიდა გიორგის საყდარში და ჩამოდი, ჩამოიყვანე ვინც გინდაო.
მაშინ დაბეჭდილი მქონდა რამდენიმე მოთხრობა, უკვე ვიცნობდი ბატონ რეზოს. ჯერ დავურეკე, მერე სახლში მივედი და დავპატიჟე, ძალიან გაახარებთ ჩემიანებს თქვენი სტუმრობით-მეთქი.
ავად ვარ, აღარ შემიძლიაო, – დაიჩივლა და თავაზიანად გადამიხადა მადლობა, – ალბათ, ვერ შევძლებო.
რეზო, ნუ ჩავიკეტებით სახლში, გავახაროთ ის ხალხიო, – მხარი დამიჭირა ქალბატონმა როზამაც, – თქვენ ხვალისთვის დამირეკეთ, გადაწყვეტილი გვექნება უკვეო.
შემდეგ უბრალო, სადა ბინის კედლებზე დაკიდული ტილოები დამათვალიერებინა ბატონმა რეზომ. ფანქრით შესრულებული თავისი ნახატებიც მაჩვენა…
მეორე დღეს შევიტყვე, წამოსვლა გადაეწყვიტათ და თქვენს სადარბაზოსთან დაგელოდებით ჩემი მანქანით-მეთქი. მაშინ მწვანე „ჟიგული” მყავდა, იმით გავედი და დიდხანს არ მილოდნია, ბატონი რეზო გამოჩნდა. უმალ გადავედი, მივეგებე, მანქანის კარი გავუღე. თავისი ერთი რჩეული მაჩუქა ძვირფასი წარწერით და სანამ ქალბატონი როზა ჩამოვიდოდა, ერთი პატარა ნოველაც წამიკითხა დაგემოვნებით, დინჯად და მოზომილად…
სასიამოვნო მუსაიფით ჩავედით სოფელში. ჩვენები უკვე საყდარში იყვნენ. სამჯერ შემოვატარე ცხვარი და დავკალით, უცებ ჩამოვატყავეთ – გაიშალა სუფრა…
მართლა ცუდად იყო ბატონი რეზო. შეთავაზებულ კერძებზე უმეტესად უარს ამბობდა. ვეღარც სვამდა და ტკივილის ჩრდილიც გადაურბენდა ხოლმე სახეზე, მაგრამ არ იმჩნევდა… თბილისში რომ ვბრუნდებოდით, გზაში იმ ადგილების ისტორიას მიამბობდა, სადაც გავივლიდით. ოცნებად მაქვს, სიღნაღის გადასახვევთან რომ მარტოხეა და გარშემო შავად გადახნული მინდორი – აი, იქ უნდა მოვკვდეო, – მითხრა და თან ერთგვარი შიშითა და საბოდიშო ღიმილით გადახედა განაწყენებულ მეუღლეს…
ხშირად მახსენდება ხოლმე სიღნაღის გადასახვევთან, შავად გადახნულ ველზე მდგარი მარტოხე – ბერტყენას ეძახდა ბატონი რეზო – და ისე ვმშვიდდები, თითქოს ეკლესიაში ამენთოს სანთლები…
უცნაურია, არა?”

скачать dle 11.3