კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შემცირდა საქართველოს მოსახლეობა 1989 წლიდან დღემდე მილიონ რვაასი ათასით და რატომ აღარ დაბრუნდება უკან 500 000 ქართველი

უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვერი თანამემამულეების მიერ გამოგზავნილი თანხა კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის (რომლებიც ამ გზავნილების ადრესატები არიან), ისე უშუალოდ, ქვეყნისთვის. თუმცა მსოფლიოში არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა და, მათ შორის, რუსეთისთვის დაწესებულმა ფინანსურმა სანქციებმა ამ ფულად გზავნილებზეც იქონია ზეგავლენა, ცხადია, მისი შემცირების მიმართულებით. თუმცა მიმდინარე წლის ივლისის მონაცემი შარშანდელი ივლისის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, გაზრდილია. რა როლს ასრულებს ფულადი გზავნილები საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ცხოვრებაში და როგორ ახასიათებს ჩვენს ქვეყანას ის ფაქტი, რომ მთლიანი შიგა პროდუქტის, საშუალოდ, 8-12 პროცენტი ამგვარი გზავნილების იმედზეა, –  ამ საკითხს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე განგვიმარტავს.
– შეიძლება, ჩაითვალოს ეს მატება სასიკეთო ტენდენციად, მას შემდეგ, რაც მკვეთრად შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა ბოლო ორ წელიწადში? ახლა ვითარება სტაბილურდება თუ უბრალოდ, მცირეოდენი მატებაა მხოლოდ და სიტუაცია ძველებურად ჩამქრალ ტონებშია?
–   თქვენს კითხვაში ვგრძნობ იმედს, იქნებ ტენდენცია სასიკეთოდაა შეცვლილი… გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, ათმილიონიანი ზრდაა ივლისში, მაგრამ უფრო ადრინდელ პერიოდებს რომ შევადაროთ, ეს ციფრი არ არის რეკორდული. მაგალითად, ორი წლის წინათ ფულადი ტრანზაქციების მოცულობა 137 მილიონი იყო ივლისში, იმის წინა წელს –  136 მილიონი. ჩვენი ძირითადი დონორი ფულად ტრანზაქციებში არის რუსეთი. რუსეთის წილი, მართალია, შემცირდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, 37 პროცენტზე მეტი. თუმცა, თუ ახლა 37-38 მილიონის ფარგლებშია რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისში, ორ წლის წინათ ეს ციფრი იყო 83 მილიონი, ანუ ორჯერ უფრო მეტი. ამიტომ ძნელია იმის თქმა, რომ ახლა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ გვქონდა პიკური თვე, როდესაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ფულადმა გზავნილებმა: ეს იყო 2014 წლის დეკემბერში. საერთო ჯამში, 154 მილიონი დოლარი გადმოირიცხა და მათ შორის რუსეთიდან, თითქმის 83 მილიონი. იმის თქმა მინდა, რომ წლევანდელი ივლისის  მონაცემი გაფართხალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რადიკალურ ცვლილებას, თუმცა ის ბოლო ორწლიანი ტენდენცია, როდესაც ფულადი გზავნილების მოცულობა მკვეთრად შემცირდა, დაძლეულია და ხეზე სამჯერ უნდა დავაკაკუნოთ: 100-მილიონიანი მაჩვენებელი გვაქვს და იმედია, მომდევნო თვეებში სამნიშნაზე დაბალი ციფრი არ იქნება.
– რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება მხოლოდ რუსეთში არსებულ კრიზისს უკავშირდება თუ იქ ჩვენი თანამემამულეების რაოდენობაც შემცირდა?
– არა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში არ შემცირებულა, მაგრამ რუბლის კურსის დაცემის გამო, მათი შემოსავალი რუბლებში დოლარებში უფრო ნაკლებია და, შესაბამისად, ფულადი გზავნილების ოდენობაც ნაკლებია. თუმცა, თუ 2000 წლის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, ზრდა თვალსაჩინოა და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში შინამეურნეობათა შემოსავლებში საკმაოდ მაღალია ფულადი გზავნილების ოდენობა. 2000 წლის შემდეგ, დაახლოებით, 20-ჯერაა გაზრდილი ფულადი ტრანზაქციების რაოდენობა, მაგრამ, თუ რეალურ განზომილებაში ავიღებთ და ინფლაციის ფაქტორს გავითვალისწინებთ, შესადარ ფასებში 9-ჯერ მეტი ფულადი ტრანზაქცია შემოდის 2000 წლის შემდეგ. მეორე მხრივ, საგრძნობი ზრდა გვაქვს, თუ ამ ორ მაჩვენებელს, ფულად ტრანზაქციებსა და მთლიან შიგა პროდუქტს, შევადარებთ: 2,1 პროცენტი იყო ამ საუკუნის დასაწყისში და ახლა გვაქვს 8 პროცენტი. გვქონია უფრო მაღალი მაჩვენებელიც. ასევე იზრდება ამ ფულადი ტრანზაქციების თანაფარდობა მოსახლეობის ფულად შემოსავლებთან. ანუ რომ ავიღოთ ფულადი ტრანზაქციები და მოსახლეობის შემოსავალი, ყოველი ასი ლარიდან მესამედი არის ფულადი ტრანზაქცია. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახიდან არ არიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასულები, მაგრამ, თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, ტრანზაქციების წილი მოსახლეობის შემოსავალში მესამედის დონეზეა. საინტერესოა, რომ მოსახლეობის ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება მოსახლეობის მიერ საშემოსავლო გადასახადის სიდიდეს ბიუჯეტში.
– ქვეყნის შიგნით დასაქმებული მოსახლეობა რომ იხდის?
– დიახ, თითოეული ჩვენგანი რასაც იხდის ბიუჯეტში, ყველა ტიპის საშემოსავლო გადასახადის სახით, რადგან მხოლოდ ხელფასი რომ ავიღოთ, ხელფასის წილი საშემოსავლო გადასახადებში 70 პროცენტის ფარგლებშია. აქ კიდევ ერთი მომენტია, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, არადა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსარგებლობთ ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ბანკი კი აღრიცხავს ფულად ელექტროგზავნილებს, ფულად ოფიციალურ ტრანზაქციებს. იმაზე, თუ რამდენი შემოდის თუ გადის ქეშით, ანუ ჯიბით, ეროვნული ბანკი მრავლისმეტყველად დუმს. თუმცა მსოფლიო ბანკი აქვეყნებს ამ მონაცემს და ამბობს, რომ მთელი ფულადი ტრანზაქციების მხოლოდ 70 პროცენტია ოფიციალური გზავნილები, დანარჩენი გადადის ხელით. ანუ საქართველოში გაცილებით მეტი თანხა შემოდის, ვიდრე ამას ეროვნული ბანკის სტატისტიკა აფიქსირებს.
– რის მიხედვით ადგენენ ამ მონაცემს?
– მსოფლიო ბანკი ყველა ქვეყანას აკვირდება სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით და თავიანით მეთოდიკები აქვთ. სხვათა შორის, როდესაც ქვეყანას არ აქვს სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები, ისინი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების დონით გაიანგარიშებენ ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის ოდენობას. სწორედ ამ მეთოდით ანგარიშობდნენ  საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც აღრიცხვიანობა მოწესრიგებული არ იყო. მსოფლიო ბანკი სხვა წონითი კატეგორიაა მეთოდოლოგიის მხრივაც.
– და მონაცემებზე ხელმისაწვდომობის მხრივაც.
– ერთი სიტყვით, ბოლო წლებში ფულადი ტრანზაქციები შემცირდა და არის კიდევ ერთი დამაფიქრებელი გარემოება: წლიდან წლამდე იზრდება საქართველოდან გასული თანხის მოცულობა. ესე იგი, თუ 2011 წელს ავიღებთ ას პროცენტად, ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები გაიზარდა 184 პროცენტით. ხოლო, თუ საქართველოში 2011 წელს გადმოგზავნილ თანხას ავიღებთ 100 პროცენტად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი ტრანზაქციები შემცირდა 84 პროცენტამდე: ანუ 16 პროცენტით შემცირდა 2011 წლიდან. ესე იგი, საქართველოდან უფრო მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის.
– პროცენტულად, თორემ წელიწადში შემოდის მილიარდზე მეტი და გადის ორას მილიონამდე. ესეც სხვადასხვა წონითი კატეგორიაა.
– საქართველოში უფრო მეტი თანხა შემოდის, ვიდრე გადის, მაგრამ ყოველთვიურ სიდიდეს თუ გავიანგარიშებთ: 2011 წელს თვეში საშუალოდ 8,4 მილიონი დოლარი გადიოდა, წელს – 15,5 მილიონი დოლარი. სხვაობა საგრძნობია.
– საქართველოდან საქართველოს მოქალაქეები უგზავნიან უმეტესად თანხას უცხოეთში მყოფ თავიანთი ოჯახის წევრებს თუ აფრიკისა და აზიის, ჩვენზე გაჭირვებული ქვეყნებიდან ჩამოსულები –  თავიანთ ოჯახის წევრებს?
–  ერთიცაა და მეორეც, მაგრამ რომელს რა პროცენტი აქვს, ამის თქმა შეუძლებელია. ყურადღებამისაქცევია, რომ საქართველოდან უფრო მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის.
– გარდა იმისა, რომ ფულადი ტრანზაქციები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის შემოსავლის წყაროა და ამით სახელმწიფოს ათავისუფლებენ სოციალური ტვირთისგან, რომ ფულადი ტრანზაქციები მეტია ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე, რა დატვირთვა აქვს ქართული ეკონომიკისა და ქართული სახელმწიფოს სტაბილურობისთვის?
–  ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. რაც მეტია ეს ფულადი ტრანზაქცია, მით მეტია მათი საინვესტიციო ბუნება: არა მარტო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ქვეყანაში, არამედ კაპიტალური პროცესებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად, მათ გარეშე ჩვენი ბიზნესაქტიურობა გაცილებით მოკრძალებული იქნებოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარით ნაკლები ტრანზაქციაა განხორციელებული. შარშან, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა წინა წლებთან შედარებით და მერე გვიკვირს, რატომ არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოკრძალებული. ამდენად, ფულად ტრანზაქციებს აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო და მაკროეკონომიკური ეფექტი. რაც მეტი იქნება, მით მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და სამუშაო ადგილები. სხვათა შორის, ანალოგიური პროცესებია ჩვენს მეზობლად: აზერბაიჯანსა და სომხეთში.
– ჩვენი ბიუჯეტი  8 მილიარდია და ფულადი ტრანზაქციები ყოველწლიურად ორ მილიარდზე მეტია. რა ტიპის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი ფულადი გზავნილების ასეთი მაღალი მაჩვენებელი? პოსტსაბჭოთა სივრცის სენია თუ უბრალოდ, განვითარებადი ქვეყნების, იმისდა მიუხედავად, რა სივრცეში არიან?
– რაც დაბალგანვითარებულია ქვეყანა, მით მაღალი წილი აქვს ფულად ტრანზაქციებს ამ ქვეყნის ეკონომიკაში. თუ ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის რაოდენობას ვგულისხმობ, იქ ნაკლები დამოკიდებულებაა ფულად ტრანზაქციებზე. ჩვენს მეზობელ თურქეთში მილიარდ დოლარზე ნაკლებია ფულადი ტრანზაქციების მოცულობა, მაშინ, როდესაც 2000 წელს ოთხ მილიარდზე მეტს იღებდა. დღეს კი არ არსებობს იმის ეკონომიკური აუცილებლობა, რომ თურქმა მუშამ ქვეყნის გარეთ ეძებოს სამსახური. თუმცა დღეს საკმაოდ ბევრი თურქი ცხოვრობს დასავლეთ ევროპაში, მაგრამ ისინი დედაწულიანად წავიდნენ და აღარ აქვთ ეკონომიკური კავშირები ისტორიულ სამშობლოსთან. ჩვენთან კი, როგორც გითხარით, ფულადი ტრანზაქციების წილი საკმაოდ მაღალია და თუ მარტო ეროვნული ბანკის მონაცემებს დავეყრდნობით, 8 პროცენტამდეა მთლიანი შიგა პროდუქტის. თუ იმასაც დავუმატებთ, რაც ჯიბეებით შემოდის, ეს მონაცემი შესაძლოა, 12 პროცენტამდე გაიზარდოს.
– რატომ ლიდერობს რუსეთი ფულადი ტრანზაქციების ჩამონათვალში? იმიტომ რომ, იქ ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს?
– ლიდერობს, მაგრამ მცირდება მისი წილი. იყო დრო, 2006 წელს, როდესაც რუსეთის წილად ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 70 პროცენტამდე მოდიოდა. ახლა, თანდათანობით მცირდება და დავიდა 37 პროცენტამდე და, ალბათ, კიდევ შემცირდება. ფართოვდება ჩვენი თანამოქალაქეების გეოგრაფია, ისინი მყარად იკიდებენ ფეხს იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთის წილი ძალაუნებურად შემცირდება.
–  ამბობენ, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამემამულეა, ეს შეფასება რეალობასთან ახლოსაა?
–  ბოლო აღწერით, რომელიც სამი წლის წინათ ჩატარდა რუსეთში, 156 000-მა თქვა, რომ ეთნიკურად ქართველია, მაგრამ, იმავდროულად, ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა არ მიუთითა თავისი ეთნიკური კუთვნილება და მოქალაქეობა. ამდენად, იმის იმედად ყოფნა, რომ მათი ნახევარი მაინც ქართველი იყო, გადაჭარბებულია. წინა აღწერასთან შედარებით, რომელიც 2000 წელს ჩატარდა, ქართველების რაოდენობა ოფიციალურად არათუ გაიზარდა, შემცირდა.
– ფულადი ტრანზაქციების ოდენობით შეიძლება, ითქვას, რამდენი ადამიანია გასული ქვეყნიდან?
– გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, ჩვენი მოსახლეობა, დაახლოებით, მილიონ 800 000 ადამიანითაა შემცირებული. მაგრამ ამ მილიონ 800 000-ში შედიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ: ბერძნები –  საბერძნეთში, სლავები, ზოგადად –  თავიანთ სახელმწიფოებში და მათ შრომით მიგრანტებს ვერ მივაკუთვნებთ, რადგან არანაირი ვალდებულება არ აქვთ, საქართველოში გადმოეგზავნათ ფული. 1989 წლის აღწერის მიხედვით საქართველოში 400 000-მდე რუსი ცხოვრობდა, დღეს კი მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ზოგადად, ქართველთა რაოდენობა, რომლებიც შეიძლება, ჩაითვალოს შრომით მიგრანტებად, 800 000-დან მილიონამდეა. დანარჩენები ქვეყნიდან წასულები არიან სასწავლებლად, სამკურნალოდ და სხვა მიზეზების გამო. მათ წილად მოდის ეს ფულადი გზავნილები. ზოგი ახერხებს გამოგზავნას, ზოგი –  ვერა. ასევე, სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი თანამემამულეების ნაწილი უცხოეთში არასამართლებრვი გზით ცდილობს ქონებისა და შემოსავლის დაუფლებას. ამას გარდა, ცნობილია, რომ შრომითი მიგრანტების 50 პროცენტი, როგორც წესი, აღარ ბრუნდება თავის სამშობლოში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დაკარგულია 400 000-500 000 ადამიანი. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო შეძლებს ისეთი ეკონომიკური მოდელის ფორმირებას, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და არა მხოლოდ შრომითი მიგრანტები დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს, არამედ გაჩნდება მყარი, გრძელვადიანი მოთხოვნა დამატებით სამუშაო ძალაზე და საქართველო მიმზიდველი გახდება უცხოელი შრომითი მიგრანტებისთვის.

скачать dle 11.3