კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

როგორ აღმოაჩინეს რეინჯერებმა ლაგოდეხის ნაკრძალში ხეზე მძინარე ბრაკონიერი და ვის გააკეთებინეს მათ ნიღბები ლაგოდეხის ტყეებში

მას შემდეგ, რაც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერები გამოჩნდნენ,   ჩვენს ნაკრძალებში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა.  ბრაკონიერები, როგორც ადრე, ისე თამამად ვეღარ  ბედავენ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობას. თუმცა,  სამწუხაროდ,  სტატისტიკის მიხედვით, ბევრისთვის დარჩა ეს საქმე  გართობად. რეინჯერის რთულ და  ხიფათიან  პროფესიაზე  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორს,  გიორგი სულამანიძეს გავესაუბრეთ, რომელიც  ათ წელზე მეტია, საყვარელ  საქმეს – ბუნების დაცვას  ემსახურება და ბრაკონიერთა მუქარა არაერთხელ  გამოსცადა საკუთარ თავზე.   
გიორგი სულამანიძე: ის, ვინც რეინჯერების საქმიანობას ახლოს არ იცნობს, შესაძლოა იფიქროს, რომ ჩვენი საქმე რთული არაა და  დაცულ ტერიტორიებზე,  ძირითადად, ტურისტებთან გიდის  როლს ვასრულებთ. ეს ასე არაა!  რეინჯერის ფუნქცია მრავალმხრივია – ჩვენ წელიწადის ყველა დროს ვიცავთ  საქართველოს  ბუნების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, ვაწარმოებთ  ცხოველების კვლევასა და მონიტორინგს, ვუვლით  და ვანახლებთ ტურისტულ ბილიკებს, ვეხმარებით დაცული ტერიტორიების სტუმრებს.  დიდი ფართობების დაცვა ადამიანის ჩარევისგან საკმაოდ რთულია. რეინჯერები ფეხით,  ცხენით გადაადგილდებიან  დღეების განმავლობაში.  ყველამ კარგად იცის, რა პრობლემებს გვიქმნიან ბრაკონიერები. ბოლო ინციდენტი  სულ ახლახან, ჩვენთან მოხდა.   ანტიბრაკონიერული  ღონისძიების შედეგად, დაზარალდა ერთი რეინჯერი. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ხეობაში შესული იყო ადამიანთა ჯგუფი ჯიხვზე სანადიროდ. მათ გაჰყვა  რეინჯერთა ჯგუფი, რომელთაც მოაწყვეს ჩასაფრება. ბრაკონიერები ისეთი მხრიდან ჩამოვიდნენ, რომ შენიშნეს რეინჯერები და გადატენეს იარაღი. სცადეს გაქცევა და  აღმართზე კლდეების დაგორება დაიწყეს. სწორედ  ქვების დაგორების შედეგად დაზარალდა თავის არეში რეინჯერი. როდესაც კოლეგებმა მას დახმარება აღმოუჩინეს, ამ დროს ბრაკონიერებმა თავს გაქცევით უშველეს. ასეთი შემთხვევები ცოტა არაა.
– ბრაკონიერთა  რისხვას ვერც თქვენ გადაურჩით.  წლების წინ მათ  დააზიანეს თქვენი  ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდები, ასევე  თქვენს ავტომობილში აღმოაჩინეს ხელყუმბარა.
– ახალი დაწყებული მქონდა აქ მუშაობა, როდესაც დამიზიანეს ავტომობილის სამუხრუჭე  „შლანგი”.  ეს იყო  გაფრთხილება ბრაკონიერთა მხრიდან.  როდესაც ხელოსანმა ჩემი ავტომობილი ნახა, გაოცდა, ასეთი რამ პირველად ვნახეო.  მერე ჩემმა მოადგილემ ჩემს ავტომობილში აღმოაჩინა ხელყუმბარა, რომელზედაც ამოკაწრული იყო „წადით”.  იმ დღეს ავტომობილები გავცვალეთ და ჩემმა მოადგილემ იპოვა საბარგულში ხელყუმბარა. ბრაკონიერებმა დაინახეს ჩვენი შეურიგებელი ბრძოლა. თუმცა, მე ამით ვერ შემაშინებდნენ. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. პროფესიით ბიოლოგი ვარ.  90-იან წლებში, როდესაც პრაქტიკის გავლის საშუალებაც არ იყო, სტუდენტი ვიყავი და უნივერსიტეტში ვნახე აფიშა, რომ სახეობათა კონსერვაციის ცენტრი  იწყებდა  პროექტს  ბორჯომ-ხარაგაულის პარკში. სტუდენტებში ეძებდნენ მოხალისეებს, რომლებიც იმუშავებდნენ ველზე. ეს იყო ჩემი პირველი შეხება დაცულ ტერიტორიებთან. ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბორჯომ-ხარაგაულში ვიმუშავე სამი წელი.  ჩემთვის ძალიან ტრაგიკული იყო, როცა ბრაკონიერებმა მოკლეს  მერაბ არევაძე. მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ის იყო გულანთებული პატრიოტი რეინჯერი, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავდა საქართველოს ბუნებას.  ის 2012 წლის მაისში მოკლეს.  მერაბი ჩემი მეგობარი იყო,  დიდი ფიზიკური ძალისა და კეთილშობილური თვისებების  გამო, მეგობრები  „კეთილ დევს” ვეძახდით ხუმრობით.  ვერც კი  წარმოიდგენდა, ადამიანს ისეთი რამის ჩადენა თუ შეეძლო. მერაბი მეწყვილესთან ერთად პატრულირებდა, როდესაც ბრაკონიერები შენიშნა. მათი გადაადგილება საეჭვოდ მოეჩვენა, ცხენები მეწყვილეს დაუტოვა და ფეხით მოკლეზე გაჰყვა ბრაკონიერებს. სავარაუდოდ, მათ გზა გადაუჭრა, თუმცა მისი კვალი დაიკარგა. სამდღიანი ძებნის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ, რაც ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ბორჯომ-ხარაგაულის პარკში  ვიყავი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, როცა ხანძარი გაჩნდა.  ომის დღეები იყო, ჩვენ ტყეში ხანძარს ვაქრობდით.  ვიგებდით ძალიან მძიმე ინფორმაციებს, ბორჯომისკენ ტანკები წამოვიდნენო, მაგრამ არცერთ რეინჯერს ტყის მიტოვება არ გვიფიქრია. ვამბობდით, ჯარისკაცები მიხედავენ  ომს და  თუ ჩვენ ეს პარკი არ გადავარჩინეთ, დიდი სირცხვილი იქნებაო. შიშველი ხელებით ჩავაქარეთ ხანძარი – წყალი არ გვქონდა,  ცეცხლის ჩასაქრობად,  ვიყენებდით ყველაფერს, რაც ხელთ მოგვხვდებოდა,  მათ შორის, ტანსაცმელს. რამდენიმე დღე  სასმელი წყალიც კი არ გვქონდა. მახსოვს, მერაბმა ოცლიტრიანი ბოცით ამოგვიტანა წყალი სამი საათის ფეხით სავალზე.   ღამე  ჩამქრალი ხანძრის ადგილზე, რომელსაც სითბო ჰქონდა შენარჩუნებული,   ნაცარში გვეძინა.  იქ იმისი არც დრო იყო და არც საშუალება, სადმე კარავი გაგვეშალა.  
– ბორჯომ-ხარაგაულის  დაცული ტერიტორიის მიმართ განსაკუთრებული  სენტიმენტები გექნებათ.
– რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია საქართველოში, ლაგოდეხის  ნაკრძალზე ოთხჯერ დიდია. თუმცა, ლაგოდეხის ნაკრძალსაც  დიდი  ისტორია აქვს.  1912 წლიდან არსებობს როგორც სახელმწიფო ნაკრძალი,  იქამდე  ცხრა წლის განმავლობაში  აქ იყო სამონადირეო მეურნეობა, რაც დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახეა. 1903 წელს რუსეთში მცხოვრებმა  თუჯისა და ფოლადის ცნობილმა  მაგნატმა დემიდოვმა იჯარით აიღო  ეს ტერიტორია.  ის რუსული ელიტისთვის, სამეფო კარის წარმომადგენლებისა და თავადებისთვის წელიწადში რამდენჯერმე აწყობდა საჩვენებელ ნადირობებს.  მოგეხსენებათ, ბორჯომი იყო  იმპერატორის სამონადირეო მეურნეობა. თუმცა, ლაგოდეხიც ისეთი მდიდარი იყო, ხეობაში არსებული მცენარეული საფარითა და მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობითა და მრავალფეროვნებით,  ფაქტობრივად, არ უდებდა ტოლს ბორჯომს. იმ პერიოდში  ლაგოდეხში ბინადრობდა ლეოპარდი,  კავკასიაში მობინადრე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, რაც  იყო კავკასიის ენდემი   და ასევე,  კეთილშობილი ირემი, რომელიც ირმის გვარიდან გამოირჩევა, როგორც ყველაზე მოზრდილი და  დიდი  რქების პატრონი, რაც აქ საკმაოდ ბევრი იყო. მონადირეებისთვის ეს ძვირფას ნადავლად ითვლებოდა.  90-იან წლებში, რაც ბუნებისთვის სრული ტერორიზმისა და განუკითხავი  ბრაკონიერობის წლები იყო,   ნაკრძალში მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. მაშინ ვისაც მოუნდებოდა, აქ  ჯგუფ-ჯგუფად ნადირობდა.   მათ ვერავინ აკავებდა, ავტომატებით, „პულიმიოტებით“ იყვნენ შეიარაღებული.  ამბობენ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსხვილი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმიც კი გამოიყენეს ნადირობის დროსო.  ბრაკონიერები ყველა ცხოველს ხომ ვერ მოკლავდნენ, მათ დატოვეს ტერიტორია და გადავიდნენ დაღესტანსა და აზერბაიჯანში, სადაც ასევე დაცული ტერიტორიებია და ჩვენს ნაკრძალს ესაზღვრება.
– წლების წინ ბრაკონიერები, ძირითადად, გავლენიანი  მაღალჩინოსნები იყვნენ, რომელთათვისაც   ნადირობა   კარგი გართობა იყო. დღეს  ყველაზე  ხშირად ვინ „ცდის“ საკუთარ ძალებს დაცულ ტერიტორიებზე?
– ნამდვილი მონადირე ასეთ რამეს არ ჩაიდენს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მონადირე  ბუნებას  უფრთხილდება და გარემოს ერთ-ერთ დამცველად ითვლება. ჩვენთან მონადირის კულტურა, სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული – ადრე ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობდნენ მაღალჩინოსნები და გავლენიანი ადამიანები. ბოლო წლებში  მათ არ აქვთ გარანტიები, რომ ხელშეუხებლები იქნებიან და საკუთარ სახელსა და პოზიციებს უფრთხილდებიან. შესაბამისად, ასეთ ტერიტორიებზე ნადირობას თავს არიდებენ.

დღეს ბრაკონიერები ძირითადად ისინი არიან, რომელთა უმეტესობაც დაცული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობს. ისინი კარგად იცნობენ ტერიტორიას, რადგან აქ გადაადგილება ადრეული ასაკიდან უწევთ. ისინი იცნობენ ცხოველთა ხასიათს, საკმაოდ ფრთხილები არიან და  ჰყავთ დამხმარეთა მთელი ჯგუფი, რომლებიც აკვირდებიან ჩვენს გადაადგილებას პერიმეტრზე.  ბრაკონიერობა  არაა მათთვის შემოსავალი, სარჩოს მოპოვების გზა. ლაგოდეხი იმდენად მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობით,  ძალიან უნდა მოინდომო, რომ მშიერი იყო. სამწუხაროდ, ეს  ბევრისთვის  კვლავ გართობის საშუალებაა.  იმისთვის, რომ   მერე მოყვნენ ზღაპრები   თავის გამოსაჩენად, საკუთარი ნანადირევის შესახებ.   ზოგს ჯიხვი თვალით არ უნახავს, მაგრამ ისეთ ისტორიას მოყვება, გაგაოცებთ. არიან ბრაკონიერები, რომელთაც იარაღი ტყეში აქვთ დამალული. შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც ტყეში გადაადგილდება უიარაღოდ და გეტყვის, რომ სოკოს აგროვებს. თუმცა იცი, რომ ეს ტყუილია.  მქონდა შემთხვევა, როდესაც ტერიტორიაზე პატრულირების დროს დავკარგე ჩემი სამსახურებრივი იარაღის მჭიდი, რომლის მოსაძებნად ფოლადის აღმოსაჩენი მოწყობილობა ვითხოვე. მჭიდის ძებნაში იარაღის სამალავს მივაგენი – ეს იყო ავტომატი ორი მჭიდით, რომელიც თან წამოვიღეთ და ტყეში ერთი იარაღით ნაკლები დარჩა. 
–  მას შემდეგ, რაც დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟდა ფოტომახეები, სიტუაცია როგორ შეიცვალა? ცხოველები არ აზიანებენ ფოტომახეებს? 
– გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დათვმა და ჯიხვმა „დააგემოვნეს” და ატლიკეს ჩვენი დაგებული ფოტომახეები.  ისინი  მონტაჟდება სპეციალურად შერჩეულ ადგილებში. მათი შენიღბვა გვჭირდება, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანებისგან დასაფარად. საოცარი კადრები აქვს გადაღებული ჩვენს ფოტომახეებს. გვაქვს კადრები: როგორ ეფერება დედა ჯიხვს შვილი, როგორ მიირთმევს.  გადაღებულია ფოცხვერი, დედა დათვი შვილებთან ერთად. ფოტომახის წინ ჩაირბინა ჯიხვმა და უცებ კადრში ჩანს ფოცხვერი, რომელმაც ჯიხვები დააფრთხო.
– ბრაკონიერების როგორი კადრები აქვს შემონახული თქვენს ვიდეოხაფანგებს?
–  სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხვდებიან ისინი ამ კადრებში, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, როცა ახალმოთოვილზე ნადირის კვალზე ჩადგომა ადვილია. ისინი ხეებზე უსაფრთებიან ნადირს. მოაწყობენ საწოლს ხეზე და ელიან ნადირს, რომელიც ნაყოფის პირის ჩასატკბარუნებლად მიდის იმ ხესთან.   გვქონდა ერთი ისეთი შემთხვევაც, როდესაც ხეზე მძინარე ბრაკონიერს მივადექით.  ახალი დანერგილი გვქონდა ჯიესემ-ხაფანგები, რომელიც დავამონტაჟეთ რეინჯერის ინფორმაციის მიხედვით. მან მითხრა, რომ ხეზე სულ ახალი  ჩასაფრება აღმოაჩინა. ხეზე დავამონტაჟეთ ფოტომახე,  ძალიან მალე მივიღეთ ინფორმაცია, რომ  ვიღაც ხეზე გაკეთებულ საწოლზე  შეხტა.  საკმაოდ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ღამის სამ საათზე, რეინჯერებმა გადაწყვიტეს  ახლოს მისვლა, რადგან იმ ადამაინის ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. როდესაც რეინჯერები ხეზე ავიდნენ, დაინახეს, რომ იმ კაცს „საწოლში” ეძინა, შეზარხოშებული იყო. გაღვიძების მცდელობას პროტესტი მოჰყვა: ნუნუ, თავი დამანებეო. როგორც აღმოჩნდა, ნაქეიფარმა ნადირობა გადაწყვიტა, რომელსაც  ნუნუს ნაცვლად, ხელში ჩვენი რეინჯერი შერჩა (იცინის).

 

скачать dle 11.3