კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

ვინ გვპირდება მაღალი დონის მატჩის შესაბამის „მსაჯობას“, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან

არც იფიქროთ, რომ მას სპორტის რომელიმე სახეობის შესახებ დასმული, ჩამჭრელი კითხვებით დააბნევთ. მან, არა მხოლოდ ფეხბურთი და კალათბურთი, არამედ ჰოკეიც მშვენივრად იცის. ვერც ყალბ ნოტს გამოაპარებთ, რადგან 80–იანი წლების, საკმაოდ ცნობილ საბავშვო ანსამბლში უკრავდა და დღემდე, მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს ის „მსაჯის“ როლში გვევლინება და თავის გუნდთან ერთად, ცდილობს, საბოლოოდ გაუბათილოს საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა, სიტყვა –  „გაყალბებასთან“ დაკავშირებით.
ჩემი რესპონდენტი, არც ცნობილი სპორტსმენი და არც ღვაწლმოსილი მუსიკოსია.  საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე „ცესკოს” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე გახლავთ. წელს ის მაღალი დონის მატჩის შესაბამის „მსაჯობას“ გვპირდება ცენტრალური ადმინისტრაციის მხრიდან.
– მთელი ჩემი ბავშვობა ორ რამესთან იყო დაკავშირებული: სპორტთან და ხელოვნებასთან. ვუკრავდი ძალიან ცნობილ საბავშვო ანსამბლში – „ლახტი“. იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ ანსამბლ „ვია 75–თან“ ერთად, ხშირად ვმოგზაურობდით უცხოეთში. სპორტი კი, რაც თავი მახსოვს, სულ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ბავშვობაში, საკმაოდ მოზრდილ ასაკამდე, ფეხბურთს ვთამაშობდი. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თავი დავანებე, მაგრამ დღემდე თვალს ვადევნებ სპორტის ნებისმიერ სახეობაში მიმდინარე პროცესებს. მაქვს ჩემი შეფასებები, ვკითხულობ ლიტერატურას საფეხბურთო ტაქტიკისა და სპორტული მიღწევების შესახებ. დღესაც კი, ეს ორი რამ: მუსიკა და სპორტი, ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
– ჩვენი სპორტსმენები, ერთობ წარმატებით გამოვიდნენ რიოს ოლიმპიადაზე. როგორ ფიქრობთ, თუ გვქონდა გამარჯვების მეტი შანსი?
– დღეს დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს, მაგრამ სახლში გვიან მისული, ვცდილობ, გადავახვიო და ვუყურო, ნებისმიერი სპორტის საინტერესო მომენტებს. მიმაჩნია, რომ სპორტს, ისევე როგორც ცხოვრებას, ერთი მთავარი რამ აქვს, შეიძლება, ძალიან კარგად იყო მომზადებული ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, მაგრამ იღბალიც საჭიროა. ამ იღბალს ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს ყველგან და ყველაფერში.
– თქვენ, იღბალი დაგეხმარათ ცხოვრებაში, რომ აქამდე წარმატებით მოსულიყავით?
– მე დამეხმარა ის, რომ არასდროს ვეკიდები საქმეს ზერელედ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, იმ საქმეში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ბავშვობაში იმის გამო ძალიან ვნერვიულობდი, როცა ვხედავდი, რომ სხვა არ იხარჯებოდა ბოლომდე.
ერთი ასეთი ძლიერი ემოცია მახსოვს ბავშვობოდან. ერთ თამაშში 6 გოლი გავიტანე და სამი-ოთხი დღე ფრთებშესხმული დავდიოდი. მომდევნო თამაშში კი, ვერცერთი გოლი ვეღარ გავიტანე და მაშინ, ქვეცნობიერად მივხვდი, რომ წარმატებასა და წარუმატებლობას შორის ძალიან პატარა ნაბიჯია. მთავარია, ისწავლო, რომ ორივეს ღირსეულად გაუმკლავდე.
– ეს ფაქტი გეხმარებათ, თქვენი თავის სწორად რეალიზებაში?
– თვითრეალიზების ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. დღეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, არ უმართლებთ, პროფესიებს იცვლიან. ეს საძრახისი არ არის, მაგრამ, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დაუდო გარიგება, დაელაპარაკო, რომ სადაც იქნები, ბოლომდე დაიხარჯები და მერე, ყველა საქმე ფასდება, წარმატება თავისით მოდის.
– ამ წლების განმავლობაში, რაც „ცესკოს” თავმჯდომარის მოადგილე ხართ, ყოფილა შემთხვევა, როცა პირადი სიმპათიების გამო  თქვენი ფუნქცია დაგვიწყებიათ?
– ასეთი რამ არ მომხდარა. ამიტომ არის დღეს „ცესკოში” პროფესიონალების ჯგუფი და...
– არა, ჯერ „ცესკოზე” არაფერს გეკითხებით. მსურდა, რაიმე პროფესიონალური კითხვა მომემზადებინა, მაგალითად ჰოკეიზე (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა). უბრალოდ თქვენს „სისუსტეზე“ – ფეხბურთსა და ლეო  მესიზე  მინდოდა მეკითხა...
– (მაწყვეტინებს) ოოო, მაშინ დავივიწყებ ჩემს საარჩევნო ადმინისტრატორის ფუნქციას, რადგან საჯაროდ პირადი სიმპათიების გამოხატვას ყოველთვის ვერიდები (იცინის) და... რაც არ უნდა მკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ლეო მესი თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია! გამორჩეულია თავისი დამოკიდებულებით, აურით, საქმისადმი სიყვარულით.
– ბატონო გიორგი, ფეხბურთის „ფანებმა“ ეს  შეკითხვა, მესი თუ რონალდო, ასე შეცვალეს: ძალა თუ ნიჭი. ეთანხმებით?
– ძალით გაკეთებული საქმე, მე ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ, შრომისმოყვარეობაც ნიჭია. ასე რომ, მესი უდავოდ ნიჭიერია. თუმცა, მარტო ნიჭი არაფერს მოგცემს, თუ თან, არ ახლავს შრომისმოყვარეობა. აბა, წამოიდგინეთ ნიჭიერი მესი, მაგრამ ზარმაცი – დღის რეჟიმს რომ არღვევს, ბოლომდე არ იხარჯება. ეგრევე, მეორე პლანზე გადაიწევდა.
ვფიქრობ, ორივე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ, რადგან არსებობს ასეთი შეფასება: მესი თუ რონალდო? ეს თავისთავად ორივეს სიდიადეზე მეტყველებს. რონალდო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დონის ვარსკვლავია, ვიცი, რომ პირველი მიდის ვარჯიშზე და ბოლო ტოვებს არენას. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება აქვს მესისაც. ორივე დიდი ფეხბურთელია. ძალასა და ნიჭს კი გარემოება გაძლევს.
– მუსიკა, სპორტი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ბატონო გიორგი, როგორ მივიდა თქვენი გზა „ცესკომდე”?
– ჩავაბარე იურიდიულზე. ვარ სამართალმცოდნე. შემდეგ დავინტერესდი საარჩევნო საკითხებით. ვიყავი წარმატებული საარჩევნო ტრენერი. აი, სიტყვა ტრენერი, თავისი მნიშვნელობით ისევ მაკავშირებს სპორტთან (იცინის). ვმუშაობდი „გაეროს” განვითარების პროგრამაში. ვიყავი საერთაშორისო ექსპერტი. 2013 წლის ბოლოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის რეკომენდაციით, პრეზიდენტმა წარმადგინა და პარლამენტმა დამამტკიცა „ცესკოს” წევრად. შემდეგ, კოლეგებმა გამომიცხადეს ნდობა და ამირჩიეს თავმჯდომარის მოადგილედ. 2018 წლამდე აქ ვიქნები.
არჩევნებს, ისევე როგორც სპორტს, აქვს აზარტი. კანდიდატებს აზარტი აქვთ, რომ არჩევნები მოიგონ. ჩემს აზარტს იმაში ვხედავ, რომ ეს იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე თანამედროვე სერვისების ინსტიტუცია. ყველა მივიდეს იქამდე, რომ ამ ინსტიტუციის სანდოობა, რაც ბოლო კვლევებშიც კარგად ჩანს, იყოს რაც შეიძლება მაღალი.
– ის, რომ კარგი თამაში კარგად წარმოჩინდეს, აუცილებელია არენაზე იყოს კარგი მსაჯი. როგორ ფიქრობთ, როგორი „მსაჯი“ იქნება წელს „ცესკო“?
– თქვენს აზრს გავაგრძელებ. მერე, შეიძლება, არც არავინ გაიხსენოს ვინ იყო ის კარგი მსაჯი. პრინციპში ამას არც აქვს მნიშვნელობა. სწორად წარმართულმა პროცესებმა უნდა მისცეს მხარეებს შანსი, სწორად წარმოაჩინონ თავისი შესაძლებლობები. მე სწორედ ეს მინდა ვიხილო ჩემს სამსახურთან მიმართებაში და მთელი ჩვენი გუნდი მუშაობს ამისთვის დღედაღამ.
– მსაჯის მეთოდები ყოველთვის მისაღებია?
– რა თქმა უნდა, არა. ბრალდებები ყოველთვის არის. მე, მომწონს, მაგალითად, ჩოგბურთში, თამაშის ბოლოს, ხელს რომ ართმევენ ერთმანეთს. ფეხბურთში მაისურებს ცვლიან და წარმატებებს უსურვებენ. მთავარი ის არის, რომ იქ უნდა დარჩეს ყველაფერი, სადაც  „თამაში“ იყო.  „თამაშის“ მერე ყველა უნდა ვიყოთ ღირსეული, წარმატებაშიც და წარუმატებლობაშიც. უშეცდომო არავინაა, მაგრამ ერთს, თამამად ვპირდებით ყველას, როგორც მაღალი დონის მატჩს შეეფერება ისეთი „მსაჯობა“ იქნება წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან.
– რა არის დღეს „ცესკოს” მთავარი მიღწევა და მთავარი გამოწვევა?
– მიღწევაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნაში, თითქმის აღარ არის „ცესკოს” პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არც ერთი შენიშვნა. რაც უფრო ვითარდება ადმინისტრაცია, მით მეტი სხვადასხვა სახის გამოწვევაა. ეს ყოველთვის ასეა. წელს ჩვენ სერვისს: „გადაამოწმე შენი თავი სიაში“, დავამატეთ უნიკალური მომსახურება.
ჩვენს საიტზე, მობილური ტელეფონების აპლიკაციებში, რუკის საშუალებით შეგიძლიათ იპოვოთ ის უბანი, სადაც ხმას აძლევთ (ვგულისხმობ, რომელ ქუჩაზე, რომელ შენობაში ტარდება არჩევნები და ასე შემდეგ). ასევე, საკუთარი მონაცემების გადამოწმება, უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეგიძლიათ.
შარშან დავიწყეთ და წელს ვაგრძელებთ სერვისს სახელწოდებით: „საარჩევნო განვითარების სკოლები“. ეს არის ორკვირიანი პროგრამა ახალგაზრდებისთვის. ამ პერიოდში, არა ლექციური კურსით, არა მოსაწყენად, არამედ ინტერაქტიულად და ერთობ საინტერესო პროგრამით, ეცნობიან ახალგაზრდები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ უამრავ თემას. საარჩევნო განვითარების სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, უკვე ერთვებიან ამ არჩევნებზე, როგორც საარჩევნო ადმინისტრატორები, როგორც პარტიების წარმომადგენლები, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტი ამართლებს მთავარ დანიშნულებას – მომავალმა თაობამ იცოდეს რა არის არჩევნები, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ, როგორც ჩართული ადმინისტრატორის, არამედ, როგორც ინფორმირებული მოქალაქის. სწორედ ინფორმირებული საზოგადოება აკეთებს იმ არჩევანს, რაც მნიშვნელოვანია მისთვის და მისი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი როლია, რაც შეიძლება მეტი სერვისი შევქმნათ; რაც შეიძლება ღია და გამჭვირვალე ვიყოთ იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით. ამჟამად საარჩევნო ოქმების ატვირთვის პროცესის გამჭვირვალობასა და სისტემის დახვეწაზეც ვმუშაობთ და მგონია,  არჩევნებამდე ძალიან საინტერესო სიურპრიზს შევთავაზებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
– ბატონო გიორგი, მამობაზეც ისეთივე აზარტით საუბრობთ, როგორც სპორტზე? საერთოდ, გყოფნით დრო ოჯახისთვის?
– არ მკითხოთ, როგორი მამა და მეუღლე ვარ (იცინის). ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ბავშვებისთვის დროს ვერ ვძებნი. მცირეწლოვანი ქალ–ვაჟი მყავს და ამ ეტაპზე, უზომოდ დაკავებული ვარ. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის ის საქმე, რასაც ვაკეთებ, რომ შეიძლება, მაპატიონ ის დაკარგული დრო, რაც  ამ ეტაპზე მათთან ერთად ვერ გამოვიყენე.
– არჩევნების შემდეგ სად აპირებთ განტვირთვას?
– ჯერჯერობით არაფერი დამიგეგმავს. ზუსტად ვიცი, არსად გამგზავრებას არ ვაპირებ. ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა იქნება, თუ ტელეფონები გაჩერდება ცოტა ხნით მაინც (იცინის) და გაცილებით მეტი დროის გატარების შესაძლებლობა მომეცემა ჩემს ოჯახთან ერთად.

скачать dle 11.3