კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ გადაარჩინა დემეტრე უფლისწული ნოინის ცოლმა ჰულაგუსგან მოკვლას

დიმიტრი მეორის შესახებ მონღოლები საოცარ ამბებს ყვებოდნენ თურმე. ორი ასეთი გადმოცემა ჩვენმა უცნობმა ჟამთააღმწერელმა შემოგვინახა.
სულ პატარა იყო დიმიტრი უფლისწული, როცა მისი მამა, დავით მეშვიდე ულუ აუჯანყდა მონღოლებს, მაგრამ დამარცხდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
მეფე დავითის ცოლი, დედოფალი გვანცა და ყრმა უფლისწული დიმიტრი ტყვედ ჩაიგდეს მონღოლებმა. ერთ დღეს დავით მეფეზე გამწარებულმა ჰულაგუმ დიმიტრი უფლისწულის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ერთ-ერთი ნოინის ცოლმა გადაარჩინა მომავალი თავდადებული მეფე. წაიყვანა და შვილივით ზრდიდა, რადგან უშვილო იყო.
მიუხუტებია თუ არა პატარა დიმიტრი მკერდზე ნოინის ცოლს, მადლი გადასულა მასზე. მალე დაფეხმძიმებულა და ვაჟი გაუჩენია. ამის გამო ძალიან დიდ პატივს სცემდა ნოინის ცოლი დედოფალ გვანცას და უფლისწულ დიმიტრის.
ჰულაგუ ყაენს არ უნდოდა დავით მეფესთან გამწვავებული ურთიერთობა ჰქონოდა. კი დაამარცხა, მაგრამ ვერც ხელში ჩაიგდო, ვერც დაიმორჩილა. ამიტომ, უბრძანა თავის ვაზირს, გაეგზავნა ელჩი მეფესთან და ფიცით დაემტკიცებინა უვნებლობის გარანტია.
დავით ულუმ უფროსი ვაჟი, უფლისწული გიორგიც გააგზავნა ურდოში. მაგრამ, შემდეგ კვლავ დაიძაბა ურთიერთობა მეფესა და ყაენს შორის და კინაღამ სიკვდილით დასაჯეს გიორგი უფლისწული. თუმცა, ყაენს ეყო გონიერება და დაუჯერა ცოლს, რომელმაც  უთხრა: ბაგრატიონები წინასწარმეტყველთა შთამომავლები არიან და მათი ხელის ხლება არ შეიძლება. გარდა ამისა, თუ დავით მეფეს შვილს მოუკლავ, ის შენს მტერს, ოქროს ურდოს დაუკავშირდებაო. ყაენმაც დაუთმო დავით ულუს, გადასცა დასასჯელად ჩვენი მეფის მტერი – ხოჯა-აზიზი და ორივე უფლისწული საქართველოში გამოუშვა.
საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მუცლის სალმობით გარდაიცვალა უფლისწული გიორგი და დიმიტრი უფლისწული გახდა ტახტის მემკვიდრე.
1270 წელს მეფე დავით მეშვიდე ულუ გარდაიცვალა. დემეტრე ამ დროს 11 წლის იყო. გვანცა დედოფალი ურდოში მოკლეს მონღოლებმა. 1271 წელს მონღოლთა საილხანოს ახალმა ყაენმა აბაღამ დემეტრე მეფედ დაამტკიცა.
1281 წელს ყაენმა აბაღამ გადაწყვიტა, კვლავ ელაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ. მოუწოდა თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის მეფე დიმიტრის. ჟამთააღმწერელი წერს: ამ დროს სულთანი „ფუნდუყადარ მიცვალებულ იყო“ (აზ-ზაჰირ ბაიბარს ალ-ბუნდუქდარი), და ეგვიპტეს მართავდა „ნასირ მელიქი“ (ნასირ უდ დინ მუჰამედ იბნ ქალაუნ ან-ნასირი).
მონღოლური ჯარის მეთაურად დაინიშნა აბაღას უმცროსი ძმა, მანგუ დემური (მენგუ თემური). მანგუ დემურმა თავისთან გამოიძახა სამცხის მთავარი ბექაც. ამ დროს სამცხე პირდაპირ მონღოლების დაქვემდებარებაში იყო და არ ემორჩილებოდა ტფილისის სამეფო კარს. თუმცა, შემდეგ ბექამ თავისი ასული მიათხოვა დიმიტრი მეფეს.
მრავალი დღე იარეს და მიადგნენ ქალაქს, რომელსაც ჰრქმევია „დარბუზაკი“ (ალეპო ან დეირ-ელ-ზორი). ქალაქის აღებაში დიდი წვლილი მონღოლებსა და სხვა ქართველებზე მეტად მესხებს მიუძღვითო, წერს მემატიანე. საჩუქრებით უხვად დაუჯილდოვებია ბექა ჯაყელი და მისი სარდლები მანგუ დემურს.
მიადგნენ ქალაქ ჰომს.
ეგვიპტის სულთანი, ქალაუნი მომზადებული დახვდა მონღოლთა არმიას და დაიკავა მომგებიანი პოზიცია. დიმიტრი მეფემ, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო („ჯერეთ არა სრულ იყო დღითა ბრძოლათათვის“), 21 წელი არ შესრულებოდა, სთხოვა ყაენის ძმას, წინამრძოლად დაგვაყენეო. მანგუ დემურმა, როგორც ჩანს, მარჯვენა ფლანგი (ან მარჯვენა ფლანგის წინა რიგები) ჩააბარა ქართველებს.
1281 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო ბრძოლა, რომელიც ჰომსის მეორე ბრძოლის სახელითაა ცნობილი.
შეტევა მონღოლების არმიის მარცხენა ფლანგმა დაიწყო. ქალაუნმა იცოდა ქართველების მხნეობის შესახებ. ამიტომ მათ წინააღმდეგ 12 000 რჩეული მხედარი გადმოისროლა, რომელთაც უცნობი ჟამთააღმწერლის თქმით, სარდლობდა ორი გამოცდილი სარდალი, ყარა-სუნღული (ალბათ, ამირა სუნქურ ალ-აშქარი, რადგან ის ხელმძღვანელობდა მამლუქთა მარჯვენა ფლანგს) და იაყუბ აფრაში (შესაძლოა იაყუბ აშრაფი). 
სასტიკი ბრძოლა იყო, ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი იხოცებოდა. ყარა-სონღული და იაყუბ აფრაში პირდაპირ მეფეზე იწევდნენ. მეფე დიმიტრიმ წინა რიგებში განალაგა 200 ყველაზე გამოცდილი მხედარი. მათგან ყველა მოუკლეს მეფეს, მხოლოდ სამი კაცი გადარჩა. ყარა-სონღულის მიერ ნასროლმა შუბმა ცხენი მოუკლა დიმიტრი მეფეს. ჩვენი ხელმწიფე ქვეითად აგრძელებდა ბრძოლას. ჩამოქვეითდნენ სხვა ქართველებიც. „სიქანალის ძე, აბაში“ (სავარაუდოდ, აბაშიძე) მსწრაფლ ჩამოხდა ცხენიდან და დაუთმო მეფეს. ეს რომ დაინახეს სხვა ქართველებმა, თვითონაც ამხედრდნენ თავის ცხენებზე, უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შეუტიეს მტერს და გააქციეს ჰომსის კედლებისკენ ყარა-სონღულისა და იაყუბ აფრაშის ნაწილები. გაეკიდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ მტერს. ამან პანიკა გამოიწვია ჰომსის მოქალაქეთა შორის, რომლებიც გალავნის კედლებიდან უყურებდნენ ყველაფერს.
ეგვიპტელების მარჯვენა ფლანგსაც გაუჭირდა ძალიან, უკვე აგებდნენ ბრძოლას.  სულთანმა უკან დაახევინა ჯარს, გადააჯგუფა და ახლიდან გადაიყვანა შეტევაზე, მთელი ძალებით, ცენტრისკენ, სადაც მანგუ დემური იმყოფებოდა.
ამ დროს ჩერქეზი მამლუქების მეთაურმა ოზდემირ ალ-ჰაჯიმ აიყოლია 200 ჩერქეზი და გაიჭრა მანგუ დემურის ბანაკისკენ ყვირილით, თითქოს მათ მხარეს გადადიოდა. მონღოლებმა მამლუქები შეუშვეს თავიანთ რიგებში. ოზდემირ ალ-ჰაჯიმ მოითხოვა, მანგუ დემურთან მიმიყვანეთ, მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადავცეო. მიიყვანეს ყაენის ძმასთან. მოულოდნელად ჩერქეზი თავს დაესხა მანგუ დემურს და შუბი აძგერა. მონღოლთა უფლისწული მძიმედ დაიჭრა, ჩამოვარდა ცხენიდან და დაცემისა და ჭრილობისაგან გონება დაკარგა. გარემოცვას ეგონა, უფლისწული მოკვდაო. სამეთაურო ბანაკში არეულობა დაიწყო. 200 ჩერქეზი გააფთრებული იბრძოდა, მაგრამ მანგუ დემურის გარემოცვამ მალე ჩახოცა ისინი. თუმცა, მონღოლთა არმიაში პანიკა გავრცელდა, მთავარსარდალი მოგვიკლესო. ამ დროს ეგვიპტელების არმია მოულოდნელად შეტევაზე გადავიდა. მანგუ დემური ნოინებმა გამოარიდეს და უკან უწესრიგოდ დაიხიეს. მონღოლთა ნაწილი ალეპოსკენ გარბოდა. რაღა უნდა ექნათ ქართველებს, მათაც უკან დაიხიეს.
მდინარე ევფრატის სანაპიროსთან მონღოლთა ერთი ნაწილი ლერწმიანში მოხვდა და ცდილობდა მდინარეზე გადასვლას. მუსლიმანებმა ცეცხლი მოუკიდეს ლერწმიანს. ცეცხლმა და კვამლმა ბლომად მეომარი იმსხვერპლა, ნაწილი მდინარეში ჩაიხრჩო. მეორე ნაწილი მონღოლებისა – 4 000 მეომარი უდაბნოში დაიბნა და უწყლობით დაიღუპა. ბევრი დაიხოცა მონღოლთა არმიიდან, მათ შორის, მრავალი ქართველი გაწყდა ბრძოლაში და უკანდახევისას. მეფე და ნაწილი ქართველებისა უვნებლად გადარჩა.
ეგვიპტელებმაც დიდი ზარალი ნახეს. გამარჯვებულები კი აღმოჩნდნენ, მაგრამ დევნა ვერ შეძლეს.
აბაღა ყაენი სულმოუთქმელად ელოდა ინფორმაციას თავისი არმიის ლაშქრობის შესახებ. ერთხელაც, ნადირობისას ვიღაც ჰომსში ნაომარ მელექსე თათარს გადაეყარა. აბაღამ გამოჰკითხა ომის შესახებ. მეომარმა მონღოლურ ენაზე ლექსად უამბო მონღოლთა სარდლებზე. ალიყანის შესახებ თქვა: „როგორც მაღლიდან მომქროლავი შევარდენი, ისე უტევდაო“, მანგუ დემური ვერძს მიამსგავსა, სირმონის შვილი, ებაგანი – მხტომელ ვეფხვს, იასბუღა – მოზვერს, ბუღა კამბეჩს, თაგუნი – დედალ თხას“.
მონღოლს ქართველთა მეფის შესახებ უთქვამს მათ ენაზე: „თენგრი მეთუ ქაურქურბა, ბუღარ მეთუ ბუირლაჯი“, რაც ნიშნავს - „როგორც ღმერთი გრგვინავდა, როგორც აქლემი ბუღრაობდაო“.
როცა ქართველები დაბრუნდნენ აბაღასთან, ყაენმა დიდი პატივი სცა მეფეს, მის მეომრებს და შინ გამოუშვა. მომავალ წელსაც უნდოდა ჯარის გაგზავნა ეგვიპტელებთან საომრად აბაღას, მაგრამ მიყენებული ჭრილობების გამო, გარდაიცვალა მისი ძმა, მანგუ დემური, მალე კი თვითონ ყაენიც.

скачать dle 11.3