კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ დაზავდნენ რუსეთი, თურქეთი და ირანი, როგორ შეასრულა თურქეთმა ტროას ცხენის როლი და რატომ დარჩა საქართველოს ხურდის ფუნქცია

ისე მოხდა, რომ ჩვენ თვალწინ საერო თურქეთმა ოსმალეთის იმპერიისკენ დაიწყო შეტრიალება, იმის პარალელურად, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის მეხუთედი და ამასობაში პოლიტიკურ ავანსცენაზე ირანიც გამოჩნდა, თავისი ინტერესებითა და გავლენის მოპოვების სურვილით, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჯერჯერობით ამ სამ ისტორიულად დაუძინებელ მტერს შორის დიდი მეგობრობაა, იმ დონეზეც კი, რომ ირანმა რუსეთს თავისი სამხედრო ბაზაც შესთავაზა ისლამისტების დასაბომბად, თურქეთმა კი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც ირანიც მიესალმა და მესამე კაცად შეერთების სურვილიც გამოთქვა. გამომდინარე იქიდან, რომ მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული ვიჭყლიტებოდით სპარსეთსა და ოსმალეთს შორის, რომლებსაც მეთვრამეტეში რუსეთის იმპერიაც დაემატა, უსიამოვნო დეჟავუს შეგრძნება ბუნებრივად გვეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე თურქეთიც და ირანიც კეთილად გვეპყრობიან. არის თუ არა კვლავ სამხრეთ კავკასიისა და, ცხადია, საქართველოს დანაწილების საფრთხე ამ სამს შორის თუ ვითარებას ცვლის ამ ტრადიციულ კონფიგურაციაში დასავლეთის არსებობაც, – ამ არც თუ სასიამოვნო პერსპექტივას პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ამ სამთა შორის კონკურენცია საუკუნეებს ითვლის. ჩვენთვის რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთობლივი გააქტიურება რეგიონში?
– რეგიონში შექმნილი ვითარება ახალია და ჯერ არნახული და არსმენილი. ის გეოპოლიტიკური რეალობა, რაც მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებიდან მოყოლებული არსებობს, იცვლება და პირველად ისტორიის განმავლობაში, ერთ ღერძად შეკრული აღმოჩნდნენ რუსეთი, თურქეთი და ირანი. არადა გვახსოვს, რომ მეჩვიდმეტე-მეცხარმეტე საუკუნეები იყო ამ სამ იმპერიას შორის ბრძოლების პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს თერთმეტი ომი ჰქონდა ერთმანეთთან, ასევე, 1914-1917 წლეებშიც მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები რუსეთ-თურქეთის ფრონტზე; რუსეთ-ირანს კი მხოლოდ ოთხი ომი ჰქონდათ და ამ მუდმივი ომების საფუძველზე რეგიონში შეიქმნა სიტუაცია, რის შედეგადაც ამ სამმა იმპერიამ გაინაწილეს ტერიტორიებიც და გავლენის სფეროებიც მონიშნეს.
– სანამ ეს სამი დაერეოდა, ოსმალეთ-სპარსეთი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, რაც დაგვირგვინდა ამასიის ზავით. თუმცა მათ შორის ომები ამით არ დასრულებულა, მაგრამ მოინიშნა გავლენების სფეროები.
– სწორადაა დასმული აქცენტი: ამასიის ზავმა სათავე დაუდო ჩვენს სამხრეთით მდებარე ორ ვეშაპს შორის საქართველოს დანაწილებას. ამანაც გამოიწვია ქართული სამეფო-სამთავროების უმძიმესი მდგომარეობა, რის გამოც სხვა გზა არ ჰქონდა ქართლ-კახეთის მეფეს, რომ უფრო გადახრილიყო რუსეთისკენ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც გარკვეულწილად გასაღებსაც გვაძლევს დღევანდელი ხედვების ჩამოსაყალიბებლად. მაგრამ უნდა მოვნიშნოთ მთავარი: პირველად რეგიონის სამ ვეშაპს ერთი პოზიცია აქვთ რეგიონულ პრობლემებთან მიმართებაში. კერძოდ, სირიასთან მიმართებაში. ახლა მთავარია, ვინ განახორციელებს სირიის ოკუპაციას. როგორც ჩანს, სირიის სამთავრობო ჯარებს სირიის მთელი ტერიტორიის კონტროლი არ შეუძლიათ და დანგრეული სირიის ოკუპაციის ერთ- ერთი კანდიდატია თურქეთი და, მეორე მხრივ, დასავლეთი, კერძოდ, შეერთებული შტატები. თუმცა შესვლა ადვილია, მაგრამ გამოსვლაა ძალიან ძნელი, მაგრამ, ვინც შედის ასეთ კონფლიქტურ ზონაში, შემდეგ პოლიტიკურ მოწესრიგებასაც ის ხელმძღვანელობს. არადა ზოგადი სურათი ასეთია, შორიდან თუ შევხედავთ: პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მნიშვნელოვნადაა შესუსტებული შეერთებული შტატების გავლენა რეგიონში და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთიდანაც, ფაქტობრივად, გაძევება ემუქრება შეერთებულ შტატებს, რაც მის მთავარ მოკავშირეს რეგიონში – ისრაელს – ბედის ანაბარად ტოვებს.
– და ამ პროცესში ტროას ცხენის როლი, ალბათ, შეასრულა თურქეთმა.
– ამ შემთხვევაში თურქეთმა შეასრულა განსაკუთრებული როლი, რადგან ის აქამდე „ნატოსა“ და შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო ახლო აღმოსავლეთში და დღეს, ფაქტობრივად, დაპირისპირებულია მათთან. მაგრამ არც ის მოცემულობაა მარადიული, რაც დღეს გვაქვს და შეიძლება, შეიცვალოს; იმდენად, რამდენადაც, მართალია, შეერთებული შტატების გავლენა შესუსტებულია, დასავლეთს კი დევნილების პრობლემა აქვს, მაგრამ არც იმდენად, რომ კონტრზომები ვერ მიიღონ. ეჭვი მაქვს, რაღაც ამგვარს შეეცდება დასავლეთი. დავაკვირდეთ, რა მოჰყვა ჰამადანის სამხედრო ბაზის გამოყენებას რუსული მოიერიშეების მიერ. ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა ამ ამბავს და შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამით დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც ირანს არ აძლევს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე თავისი სამხედრო ბაზის უცხო ქვეყნის თვითმფრინავებისთვის დათმობის უფლებას. რამდენიმე დღის წინათ კი ირანის პარლამენტის სპიკერმა დააზუსტა, რომ უარი არ უთქვამთ რუსეთისთვის ამ სამხედრო ბაზის გამოყენებაზე. თუმცა მანამდე თქვეს, რომ არ მიუციათ უფლება, რომ სირიაში გამფრენი თვითმფრინავები მიეღო ჰამადანის სამხედრო აეროდრომს, რაც მივიჩნიე შეერთებული შტატების დიპლომატიური არხებით ზეწოლის შედეგად. მაგრამ სპიკერის განცხადება უკვე ნიშნავს, რომ ირანს არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და დასავლეთიც არ ელოდება გულხელდაკრეფილი, ეს თანამშრომლობა როდის მიიღებს აშკარად გაცხადებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ფორმას.
– ირან-თურქეთ-რუსეთს გულისხმობთ?
– დიახ, თუ ეს ღერძი მიიღებს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ფორმას, მაშინ მას წინ ვერავინ დაუდგება და დასავლეთსაც არ რჩება მათზე ზემოქმედების ბერკეტი. ძალიან სიმპტომატური ვითარება შეიქმნება, იმდენად, რამდენადაც შტატების მოკავშირეები პირისპირ რჩებიან ამ უძლიერეს ღერძთან.
– ჩამოვთვალოთ მოკავშირეები: ისრაელი, საქართველო…
– საუდის არაბეთი, ისრაელი, საქართველო. საქართველოსთვის ჯერჯერობით არ  არის გაჩაღებული დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ეს ეტაპი, როდესაც რუსული ფაქტორები ქვეყნის შიგნით  და გარეთ უფრო აქტიურად ამუშავდება. არადა ამ დროს თითქოს შეერთებულ შტატებს ყურთბალიშზე სძინავს და არაფერს აკეთებს, რომ ქართული პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე წინ წამოსწიოს. ჩვენთვის მთავარი და უპირველესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გააქტიურდეს და უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მდგრადი განვითარება. ამისთვის დასავლეთი არაფერს აკეთებს და ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ფორპოსტი თურქეთი სერიოზულადაა დასავლეთზე გამწყრალი და გაღიზიანებული: ჯერ ევროკავშირთან შეერთებისა და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის განუსაზღვრელი ვადით გადადების გამო; მეორეც – გერმანიის პარლამენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარებით ოსმალეთის იმპერიაში.
– მაგრამ თურქეთის ქმედება ხომ ზრდის საქართველოს მნიშვნელობას დასავლეთისთვის?
– ასეთ ვითარებაში თითქოსდა უნდა გაიზარდოს საქართველოს, როგორც დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირის, როგორც ფორფოსტისა და პლაცდარმის, როლი, მაგრამ საარჩევნო კამპანიით გართულ ამერიკასა და ლტოლვილებისგან დაშინებულ ევროპას ამისთვის არ სცალიათ და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევნ, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი უნდა შევცვალოთ, განწყობილები არიან უფრო აგრესიულად. დასავლეთს ახლა ურთულესი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი საქართველოში: ვის დაეყრდნონ, „ნაციონალებსა“ და მათ სატელიტ არასამთავრობოებს ვერ დაეყრდნობიან, მოსახლეობა მათ არასერიოზულად უყურებს; სხვა ფრთა კი, ფაქტობრივად და არსებითად, პრორუსულია; ის ძალა, რომელიც ამ ეტაპზე მართავს საქართველოს, პოლიტიკურად სტრუქტურირებული, შეკრული და ინტელექტუალურად ძლიერი არ არის. ამ დიდი დილემის წინაშე დგას დასავლეთი, ისედაც თავისი პრობლემებით შეჭირვებული და დაშინებული. ასეთ სიტუაციაში ჩვენი მნიშვნელობა უფრო იზრდება დასავლეთისთვის და ეს კარგია, მაგრამ ვეჭვობ, 1921 წლის სიტუაცია არ განმეორდეს და სადღაც ახლომახლო, მეთერთმეტე არმია არ გამოჩნდეს, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და პროდასავლურად მიჩნეული აზერბაიჯანი გახდა ცენტრი რუსეთ-ირანის მაგისტრალის და მათი ლიდერების თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება მოხდა ბაქოში. ვშიშობ, ჩვენთვის ვეღარ მოიცალოს დასავლეთმა, ჩვენი ბედი ისევ სადღაც შორს არ გადაწყდეს და ჩვენი ეს ნალოლიავები და სიმწრით მოტანილი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არ დაგვიდგეს. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ყველა დეტალს, რომლებიც თან ახლავს ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას. აქ უნდა მუშაობდნენ ქართული ტვინის ტრესტები, რომლებიც არ გვაქვს, პოლიტიკური ისტებლიშმენტი…
– მათ ახლა არ სცალიათ, სკამებია მოსაპოვებელი. თუმცა ვეჭვობ, ოხრად არ დარჩეთ.
– მთავარია, მათ ჰქონდეთ ხედვები… ახლახან სხვა ანალიტიკოსებთან ერთად მიწვეული ვიყავი თურქეთის საელჩოში და იქ გამოჩნდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ინერციის დონეზე. ჩვენ ვართ სტატისტები იმ დიდ მანევრებში, რომლებიც ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს. არადა თითქოს გამოვიყენეთ თურქეთის კეთილგანწყობა, რომელიც მომდინარეობს სულეიმან დემირელის „ანდერძიდან“, პირობითად ვამბობ, რადგან მან, როდესაც ქვეყნის პირველი პირი იყო, გააფრთხილა თავისი თანამოძმეები – საქართველოს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ის არის თურქული სამყაროს ცენტრი და თუ ის არ იქნება ჩვენი მეგობარი, თურქული ხალხების ერთობას დიდი საფრთხე დაემუქრებაო და, მართლაც, თურქეთმა უერთგულა ამ „ანდერძს“.
– ახსენეთ მეთერთმეტე არმია და მეც ვიგულისხმე რუსეთის სამხედრო შემოჭრის ალბათობა.  ჯერჯერობით თურქეთის კეთილგონიერების იმედი გვაქვს, თუმცა ჩერჩილი გვასწავლის, მეგობრობა არ არის მუდმივიო. ასევე, მეგობრულ განცხადებებს აკეთებს ირანიც, მაგრამ ისევ თუ არის აქტუალური ამ სამთა შორის ჩვენი განაწილების საფრთხე თუ ისევ რუსეთი არ შემოუშვებს მათ სამხრეთ კავკასიაში და მთლიანად მას შევხვდებით? ცხადია, უტრირებულად ვამბობ.
– თუ ვიქნებით რეალისტები და გულახდილები, უნდა აღვნიშნოთ, რომ კავკასიაში დომინირება სურს თურქეთსაც, ირანსაც, რუსეთსაც, დასავლეთსაც და ოთხივეს აქვს თავისი კოზირები. მეტიც, ამ ოთხეულს ახლა ემატება ჩინეთიც, რომელსაც უნდა, რომ ევროპისკენ უმოკლესი გზა გადიოდეს საქართველოზე. ჩვენ ამაზე ზემოქმედების არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია, ჩვენ უბრალოდ, იმდენად გახსნილები უნდა ვიყოთ, რომ ყველას მივცეთ იმაში დარწმუნების შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი კავკასია არის თითოეული მათგანის ინტერესი და კავკასია უნდა გახდეს ამ ძალებისთვის მშვიდობის ზონა. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ. მშვიდობიანი და მიუკერძოებელი კავკასიის მიღწევა უბლოკო სტატუსით არ შეიძლება. უბლოკო სტატუსი შენი კეთილი ნებაა და ეს ვერ ჩაანაცვლებს ამ ვეშაპების თანხმობას.
– ეს ოთხი ვერ დააბალანსებს ერთმანეთს, ანუ მათი ინტერესები, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო დაცული იყოს?
– არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ჩვენნაირი რეგიონები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, კონფლიქტებით დატვირთული და ეკონომიკურად ჩამორჩენილი, ყოველთვის არის ხურდა ფული დიდ პოლიტიკურ თამაშებში და ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა გვიჭირავს, ხურდა ფულის დანიშნულების ზემოთ ვერ ავალთ. ამიტომ, როდესაც ასეთი გლობალური დაპირისპირებაა ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია მასზე რამე ზეგავლენის მოხდენა. ასე იყო წარსულში, ასეა დღესაც. თავის ცნობილ წერილში, როდესაც ილია ჭავჭავაძე მიმოიხილავს გეორგიევსკის ტრაქტატის თემას და იმ დროს შექმნილ ვითარებას, ლოგიკურად მიიჩნევს რუსეთთან მიერთებას ქვეყნისთვის გარკვეულ გამოსავლად. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მცირე დაპირისპირებისა და ვაჭრობის საგანი, ადრე, როდესაც ირანი და ოსმალეთი მძლავრობდნენ, შემდეგ როდესაც იმძლავრა რუსეთმა, რა დროსაც ჩვენ გამოვიზამთრეთ და დამოუკიდებლობასაც მივაღწიეთ. მაგრამ რამდენი ხნით და როგორ?! აქ უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა მთავარი და მიუღებელია პოლიტიკური პარტიების კინკლაობა და რომელიმე სხვა ქვეყნის სახელმწიფოების მარიონეტობა.

скачать dle 11.3