კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუშვა ნუკა ყარალაშვილი დასასვენებლად „სამოთხეში“ და როდის არის ის „გაუმართავი“ და აფექტური

„მის საქართველო“ და წარმატებული მოდელი ნუკა ყარალაშვილი ამჟამად თბილისში იმყოფება და ცხელ ზაფხულს მუშაობაში ატარებს. თუმცა, რამდენიმე დღით დასვენება მაინც მოახერხა და ახლა მუშაობის გარდა, სახლის მშენებლობაშიც აქტიურად არის ჩაბმული. ზამთარში კი „მის უნივერსზე“ მიემგზავრება.
ნუკა ყარალაშვილი: თბილისს შემოვრჩი სამსახურის გამო. თუმცა, ჩემმა საყვარელმა სამსახურმა – „ქინგ დევიდ რეზიდენსმა“ გამიკეთა მშვენიერი საჩუქარი – გამიშვა ციხისძირში, სადაც ძალიან კარგი სასტუმრო გაიხსნა. ვმუშაობდი, მაგრამ ერთგვარი დასვენებაც იყო. სამოთხეში აღმოვჩნდი და ფოტოს რომ ვდებდი, არავის ეგონა, თუ საქართველოში ვიყავი. მეგობართან ერთად წავედი და მოკლედ, კარგი რელაქსი მივიღეთ. ამის შემდეგ, რამდენიმე დღე ბათუმშიც ვიყავი.
– როგორ ისვენებ ხოლმე?
– იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში სახლი მაქვს, არდადეგებს სულ იქ ვატარებდი. შესაბამისად, ბათუმში სხვანაირად ვისვენებ. ხომ აქვთ სოფელი, იქ მიდიან და წყნარად ისვენებენ – ჩემთვის ბათუმი არის ზღვიანი სოფელი. სოფელი იმ გაგებით, რომ შეიძლება, ორი დღე ისე გავიდეს, ზღვაზე არ წავიდე. იქ უფრო წყნარად, მშვიდად ვარ. არ ვხედავ ერთსა და იმავე სახეებს. სულიერად ვისვენებ, კითხვაზე ვარ გადართული. ბებიას ვეხმარები და კარგად განვიტვირთები ხოლმე. იქ სხვანაირად ვცხოვრობ და სხვანაირ განტვირთვას ვიღებ. თვე-ნახევარი მაინც ვჩერდებოდი ხოლმე. წელს ვერ მოვახერხე და გული მწყდება. მონატრების გრძნობა და დანაკლისის შეგრძნება მაქვს. ვერ შევივსე ეს დანაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვიყავი.
– რაში ეხმარები ბებოს?
– ბებოს ცოტა სიარული უჭირს, ძირითადად, ზის. ვეხმარები – ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რომ ჩავდივარ, ერთად ვსვამთ ყავას – მე რომ ვუმზადებ, ეს ძალიან უხარია და სიამოვნებს. ერთად ვატარებთ დროს, ვჭორაობთ. იცის, რომ ცოტა ზარმაცი ვარ და არ მეუბნება, ეს გააკეთეო. თუმცა, რაღაცეებს ვაკეთებ ხოლმე.
–  ალბათ, შენი პირადი ცხოვრებით ინტერესდება.
– ყოველთვის აინტერესებს. ოჯახის წევრებს არაფერს ვუმალავ. პრინციპში, არც არაფერი მაქვს დასამალი ან მოსაყოლი. სერიოზული ურთიერთობა ჯერ არავისთან მქონია, ვერც იმას ვიტყვი, რომ არასერიოზული ურთიერთობები მხიბლავს ან ვინმესთან მქონია. ბებიაც, ალბათ, ყოველ წელს ელოდება, რომ ვეტყვი: ჰო, ბებო, მყავს შეყვარებული, ვიპოვე ის ერთადერთი და განუმეორებელი-მეთქი. მაგრამ, ჯერ ეს ზაფხული არ მოვიდა. თუმცა, ბებოს იმედი აქვს, რომ მალე მოვა.
– რა არის იმის მიზეზი, რომ ვერ იპოვე ის ერთადერთი და განუმეორებელი?
– როცა შენი მეორე ნახევარი გამოჩნდება, ალბათ, ამას იგრძნობ, მიხვდები: სხვანაირად უნდა მოგეწონოს, სხვანაირად უნდა მიგიზიდოს, სხვა რაღაცეები უნდა მოხდეს. დანარჩენი კი, უკვე სიტუაციის განვითარებაზეა. ჩემს ცხოვრებაში, ჯერჯერობით, ისეთი არავინ გამოჩენილა, ვისზეც შეიძლება, გავგიჟდე და გადავირიო.
– როგორი უნდა იყოს?
– არასდროს მქონია ჩამოყალიბებული, რომ მაინცდამაინც შავგვრემანი უნდა იყოს, ან ქერა. არც ახლა ვიცი, რა ტიპის ბიჭები მომწონს. ერთი ის ვიცი, რომ ცანცარა არ უნდა იყოს. იუმორის გრძნობა კარგია, მაგრამ არ მიყვარს ცანცარები. მე თვითონ ვარ ცოტა ცანცარა და ისიც თუ ჩემნაირი იქნება, ნამეტანია.
– რა არის ის თვისება, რაც საკუთარ თავში  არ მოგწონს?
– ცოტა უყურადღებო ვარ, რადგან ბევრს ვფიქრობ რაღაცეებზე. გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. ვიღაცამ თუ არ მითხრა: მიდი, ეს გააკეთე, მიდი, ეს იყიდეო, მე ვერ ვწყვეტ ხოლმე. მაგრამ შეიძლება, სერიოზული საკითხი ერთ წამში გადავწყვიტო, უმნიშვნელოზე კი დიდხანს ვიფიქრო. ეს ძალიან მღლის. საერთოდ, ყველა გადაწყვეტილებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამას ვერ განსაზღვრავ. ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება იყო, ჰონკონგიდან დაბრუნების შემდეგ მიწის ნაკვეთი რომ ვიყიდე. მთელი ფული დავაბანდე „რანჩოებში“ ბორჯომის პარკის თავზე. ახლა ვცდილობ, სახლი ავაშენო. უკვე დაწყებული მაქვს. ეს გადაწყვეტილება უცებ მივიღე. დედაჩემს დავურეკე: დედა, დატრიალდი, უნდა ვიყიდო-მეთქი. მშობლებმა შემომთავაზეს ეს ადგილი და მეც მომეწონა. ძალიან კარგი ადგილია. ზამთარშიც შეგიძლია ჩახვიდე – ისრიალო და ზაფხულში სუფთა ჰაერზე ისეირნო. ვნახოთ, ჩემი ფულის დაბანდება რამდენად სარფიანი გამოდგება. ყოველ შემთხვევაში, წაგებული არცერთ ვარიანტში არ დავრჩები. ვამბობ ხოლმე: საშვილიშვილო საქმე გავაკეთე-მეთქი.
– რის აშენებას აპირებ?
– პატარა სახლს ავაშენებ და ალბათ, გავაქირავებ კიდეც. შეიძლება, დღიურად გავაქირავო და საიტზე დავდო.
– შენს ასაკში ასეთ გადაწყვეტილებას, ძირითადად, არ იღებენ.
– ალბათ, ვინმე წავიდოდა და „შანელის“ ჩანთას იყიდდა. მე კი ასეთი რაღაცეები მიზიდავს. დაახლოებით ვიცი, როგორი იქნება. ჩართული ვარ ყველაფერში. ჩემებიც კარგად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამაყობენ, განსაკუთრებით მამაჩემი: ჩემი შვილი...
– გიფიქრია გათხოვებაზე, იმაზე, თუ როგორი ცოლი ან დედა იქნები?
– არა და ვერც წარმომიდგენია. მაგრამ, თავის დროზე ამასაც ვიზამ. ეს დრო კი მაშინ დადგება, როცა შემიყვარდება. პატარა არ ვარ – 24 წელი შემისრულდა და როგორც აღვნიშნე, არასერიოზული ურთიერთობები არასდროს მხიბლავდა. მოწონება სხვა რამეა. არ მაქვს იმის სურვილი, მრავალჯერ გავთხოვდე  ან მრავალგზის მქონდეს ურთიერთობები. მე დღესაც მჯერა, რომ, თუ ნამდვილი სიყვარული მოვა, ის მარადიული იქნება. როცა ძალიან გეყვარება და მეორე ნახევარს იპოვი, ალბათ, ბოლომდე ეყვარება ასეთ წყვილს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობას აქვს სირთულეები, ჩავარდნები, განსაცდელი, მაგრამ, როცა ნამდვილი გრძნობაა, ყველაფერს გადალახავ.
– როგორ წარმოგიდგენია ოჯახში ქალისა და მამაკაცის უფლებები?
–  რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თანასწორუფლებიანები ვართ. მაგრამ, არის რაღაცეები, რაშიც ქალი მაღლა უნდა იდგეს ან, პირიქით – არის ისეთი რამ, რაშიც კაცი უნდა იდგეს მაღლა. არ მაქვს აგრესია იმის მიმართ, თუ რატომ არის კაცი ჩემზე ძლიერი. რაღაცაში უნდა იყოს კაცი ჩემზე ძლიერი და რაღაცაში მე უნდა ვიყო მასზე ძლიერი – ეს ავსებს ერთმანეთს. კაცს შეუძლია, მანქანა ასწიოს, ტომრები ზიდოს. „შტანგისტი” ქალი  ალბათ, ამასაც იზამს, მაგრამ, ზოგადად, ქალს ასეთი რამის გაკეთება გაუჭირდება. თუ საჭიროა და უჭირს ქალიც, ალბათ, ბევრ რამეს გააკეთებს, ან თუ უნდა ამის გაკეთება, უნდა გააკეთოს. ქალი რაღაც დოზით ქალური უნდა იყოს და რაღაც დოზით – მკაცრიც და ძლიერიც. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა დააბალანსო.
– დიპლომატი ხარ ბუნებით – შეგიძლია ურთიერთობებში ლავირება?
– კი, შემიძლია, მაგრამ ხანდახან ძალიან აფექტური და პირდაპირი ვარ. ვცეცხლდები მაშინ, როცა „გაუმართავი“ ვარ.
– როგორ უყურებ ღალატის თემას?
– ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ღალატი ღალატია, ქალისაც და კაცისაც. ვიღაც აპატიებს, ვიღაც – ვერა, ვიღაც კი ოჯახს ანგრევს. ესეც ინდივიდუალურია. ის, რომ ღალატი ცუდია და არ არის საპატიებელი, ფაქტია – ყველა ამას ფიქრობს. კაცის, ქალისა თუ მეგობრის მხრიდან ღალატი ძალიან ცუდია და უპატიებელი. მაგრამ, ვინ ვის რას და როგორ აპატიებს, ეს უკვე ინდივიდუალურია.

скачать dle 11.3