კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აპირებს თუ არა ირაკლი აფაქიძე მალე დაქორწინებას და რას შეეწირა მისი პირველი ოჯახი

მსახიობი ირაკლი აფაქიძე ამჯერად სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ ნუცას მამის როლში გამოჩნდა. პერსონაჟი, რომელიც ზოგს მოსწონს და ზოგიც ძალიან აკრიტიკებს, ძალიან უყვარს თავად როლის შემსრულებელს. მიუხედავად ბევრი შემოქმედებითი წარმატებისა, დღეს ირაკლი აფაქიძე არცერთი თეატრის დასში არ ირიცხება. თუმცა, სურვილი და მცდელობა ამისა, დიდი აქვს. მან 14 წელი საქართველოდან შორს, ემიგრაციაში გაატარა. რამდენიმე წლის წინ დაბრუნება მოახერხა, მაგრამ ამას მისი ოჯახის დანგრევა მოჰყვა. 
ირაკლი აფაქიძე: „ხელოვნურ სუნთქვაში“ ჩემი როლისთვის ქასთინგში მონაწილეობა არ მიმიღია. შემომთავაზეს და სიხარულით დავთანხმდი, რადგან როლიც ძალიან მომეწონა და „ფორმულა კრეატივის“ ჯგუფთან თანამშრომლობის იდეაც. ჩემმა პერსონაჟმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩინა, რაც ძალიან მიხარია. ასეთმა პერსონაჟმა სწორედ წინააღმდეგობრივი რეაქცია უნდა გამოიწვიოს მაყურებელში. ეს ნიშნავს, რომ როლი შედგა. პირადად, ძალიან მომწონს ეს როლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ვითამაშებდი. არ ვარ ის მსახიობი, ვინც ყველაფერს თამაშობს. არასდროს ვითამაშებ როლს, რომელიც არ მომწონს და ძალიან ბევრჯერ მითქვამს კიდეც უარი, მაგალითად, რუსთაველის თეატრში.
– ამ დროისთვის არცერთი თეატრის დასში არ ხართ. რატომ?
– ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. ვფიქრობ, ჩემი რანგის არტისტი არ უნდა იყოს თეატრის გარეშე. ვიმედოვნებ, ამაში მაყურებელიც დამეთანხმება. მქონდა მცდელობა, გავმხდარიყავი მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. თეატრის ხელმძღვანელობამ მიმართა კიდეც თხოვნით სამინისტროს, თუმცა, სამწუხაროდ, ამაოდ. სამინისტროს მხრიდან, უარის მიზეზად ფინანსური მხარის სიმწირე დასახელდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– თავიდან რუსთაველის თეატრით დაიწყეთ, რასაც, როგორც ვიცი, ნანობთ. რატომ?
–  ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ორივე თეატრიდან მქონდა მიწვევა – რუსთაველიდან და მარჯანიშვილიდან. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი და არ მესმოდა. ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი ტიპისა და გრძნობათა ბუნების მსახიობისთვის, რუსთაველის თეატრი არ იყო შესაფერისი ადგილი.  ვნანობ, რომ მაშინ არ დავუჯერე ბატონ თემურ ჩხეიძეს და რუსთაველის თეატრი ვარჩიე, რასაც, დღესდღეობით, ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად მივიჩნევ.
– მრავალი წელი გაატარეთ ჰოლანდიაში. როგორი იყო იქ ცხოვრების წლები?
– აქედან 90-იანების დასაწყისში წავედით. მაშინ საქართველოში ისეთი ვითარება იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. მით უმეტეს, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის არ იყო აქ ადგილი. ხალხი ავტომატებით დარბოდა და ერთმანეთს ესროდნენ. თან, მაშინ მეუღლე ფეხმძიმედ იყო. არც შუქი, არც გაზი. თავიდან, მე და ჩემი მეუღლე წავედით და იქ გაგვიჩნდა პატარა. მერე მეორე შვილიც წავიყვანეთ.
– იქ თავის დამკვიდრება ადვილი არ იქნებოდა.
– მარტივი არ იყო, მაგრამ გამიმართლა. მოვხვდი ისეთ საზოგადოებაში, სადაც ყველას საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა. თავიდან, რამდენიმე თეატრალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა, როგორც მსახიობმა. შემდეგ, რამდენიმე სპექტაკლი თვითონ დავდგი, როგორც რეჟისორმა. ერთ-ერთ მათგანში კი, მონაწილეობაც მივიღე, როგორც მსახიობმა. ვითამაშე მოკლემეტრაჟიან ფილმში და შემდეგ უკვე არაერთ სერიალში. ასე, აეწყო თანდათან. მაგრამ, მარტო ამით არ ვარსებობდი, ყოველდღიური სამუშაოც მქონდა  ტურისტულ კომპანიაში. ჩვენგან განსხვავებით, იქ მუდმივი დასი არ არსებობს. შემოქმედებითი ჯგუფი მხოლოდ კონკრეტული პროექტისთვის იკრიბება და შემდეგ იშლება და ასეა პროექტიდან – პროექტამდე. თუ სასწაულად მაღალანაზღაურებადი მსახიობი არ ხარ, მხოლოდ შენი პროფესიით ფონს ვერ გახვალ. 14 წელი გავატარე ჰოლანდიაში. არადა, რომ ჩავედი, მაშინვე უკან დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მოვახერხე. აქ სიტუაციის დაწყნარების მოლოდინში წლები გავიდა. ემიგრაციაში წასვლა უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე დაბრუნება. ზუსტად ამ თემაზე გავაკეთე სპექტაკლი „ემიგრანტები“, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ახლა „ათონელის თეატრმა“, სადაც ის პირველად დაიდგა, მისი აღდგენა შემომთავაზა და შესაძლოა, აღვადგინო. საბოლოო ჯამში, სამშობლოში დაბრუნების პროცესი საკმაოდ გამიგრძელდა. რა თქმა უნდა, ყოველ წელიწადს ჩამოვდიოდი, მაგრამ უშუალოდ დაბრუნების პროცესი 2007 წლიდან დაიწყო.
– ჰოლანდიაში დაბრუნებას აღარ აპირებთ?
– არავითარ შემთხვევაში. ემიგრაციაში ან სამუდამოდ რჩებიან, ან თუ დაბრუნება გადაწყვიტე და დაბრუნდი, უკან აღარასოდეს წახვალ. მე სტუმრად კარგად ყოფნას, ვარჩიე სახლში, შესაძლოა, არც ისე კარგად ყოფნა. ეს ჩემი არჩევანია და მე ამით კმაყოფილი ვარ!
– შვილებიც დაბრუნდნენ?
– შვილები ბევრად უფრო რთული თემაა, ვიდრე ჩვენ – ემიგრაციის პირველი თაობა. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ემიგრანტთა შემდეგი თაობა, უმრავლეს შემთხვევაში, აღარ დაუბრუნდება სამშობლოს.  ფაქტობრივად, მთელ თაობას ვკარგავთ. ჩემი შვილები იქ არიან ადაპტირებულები და თავიანთი მომავალიც იქ წარმოუდგენიათ. აქაურობა ძალიან უყვართ. უფროსი მთელი წელიწადია, აქ მუშაობს, მაგრამ ახლა უკვე წასვლა უნდა. უმცროსის ჩამოყვანასაც ვაპირებ ერთი წლით სასწავლებლად. ის ჯერ სტუდენტია, მაგრამ დარჩენას, ალბათ, არც ის გეგმავს. 
– როგორც ვიცი, მეუღლეს გაშორდით...
– ამის ფესვებიც, ალბათ, ემიგრაციაშია. მე სულ დაბრუნება მინდოდა, მას – არა. საბოლოო ჯამში, ამან გაუცხოება გამოიწვია. თავიდანვე უარი არ ყოფილა, მაგრამ, ისე აღმოჩნდა, რომ მე დავბრუნდი, ის – ვერა. დისტანციაზე ცოლქმრობა კი ძნელია.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ახალი ოჯახის შესაქმნელად ვემზადებიო. ეს იდეის დონეზეა თუ რამე კონკრეტული ხდება თქვენს ცხოვრებაში?
– დაკონკრეტება არ მინდა. საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს, ჩემს ასაკში. მაგრამ, სურვილი მაქვს და ვნახოთ.
– ანუ, არაა გამორიცხული, ახლო მომავალში ოჯახი შექმნათ?
–  ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ფაქტია, მარტო ყოფნას არ ვაპირებ.
– დიდი შვილები გყავთ, მათთან თუ მსჯელობთ ამ საკითხზე?
– რა თქმა უნდა. დიდი ბიჭები არიან და მამაშვილობის გარდა, ვმეგობრობთ კიდეც. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ მათაც ჩემ მიმართ. თვითონაც ყველაფრის საქმის კურსში მაყენებენ. მიაჩნიათ, რომ უნდა ვიცოდე და ჩემი აზრიც აინტერესებთ. ეს მახარებს და მსიამოვნებს. არ არის გამორიცხული, რძლებად, ვინმე „ინგრიდები“ მომიყვანონ (იცინის). რას იზამ?! თუ ასე გადაწყვეტენ, ხელს ვერ შევუშლი. ისე, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რძალი ჩემი ჯიშისა და ჯილაგის მყავდეს (იცინის).
– თქვენი განცხადების შემდეგ: ახალი ოჯახის შექმნისთვის ვემზადებიო, ალბათ, ქალბატონები გააქტიურდნენ.
– ქალბატონებისგან ყურადღების ნაკლებობას არასდროს განვიცდიდი, რის გამოც ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ მათი. ცუდი სასიძო არ უნდა ვიყო, მგონი, არა?! (იცინის) მაგრამ ეს მომავლის საქმეა და ვნახოთ, რა იქნება.
– შემოქმედებითი თვალსაზრისით, სხვა რა სიახლეები გაქვთ?
– უკრაინაში მქონდა გადაღებები მხატვრულ ფილმში, რომლის პრემიერა შემოდგომის ბოლოს იქნება და როგორც ვიცი, საქართველოშიც ვნახავთ, რადგან ძირითადი ნაწილი აქ გადაიღეს. ძალიან საინტერესო ფილმი და როლია. სექტემბრიდან კი „ხელოვნური სუნთქვის“ მეორე სეზონი დაიწყება. მომდევნო სეზონზე ჩემი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ საითკენ წავა ისტორია, ეს სცენარისტებზეა დამოკიდებული. ჩემზე დამოკიდებულია მისი კარგად შესრულება. გამოგიტყდებით, ამ ჯგუფთან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. საერთოდ, ვფიქრობ, „ფორმულა კრეატივი“ ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფია ჩვენს სინამდვილეში და მინდა გითხრათ, რომ  არა მარტო ჩვენს სინამდვილეში. გიორგი კი, ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი ამ ჟანრში. მოგეხსენებათ, ბევრმა ტელევიზიამ სცადა სერიალის გადაღება. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ, მხოლოდ დიდი ფინანსები არ არის ამისთვის საკმარისი, სხვა რამეც არის საჭირო!

скачать dle 11.3