კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თეა ლანჩავამ, ქართველებისადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ქართველი მოჭადრაკე თეა ლანჩავა 20 წელზე მეტია, ჰოლანდიაში ცხოვრობს და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ამავე ქვეყნის სახელით ასპარეზობს. იგი ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის და კაცთა საერთაშორისო ოსტატის წოდებების მფლობელია; პარალელურად აქვს საკუთარი ფირმა და; სამშობლოში ჩამოსასვლელად მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცლის.
თეა ლანჩავა: წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. ქუთაისში მიმიყვანეს საჭადრაკო კლუბში. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი ჩამოვიდა ჩვენს მხარეში, თუ არ ვცდები, წყალტუბოში იყო სეანსი და, ბიძაჩემმა მითხრა, წამოდიო. წამიყვანეს, ბევრი მოთამაშე ვიყავით და, მახსოვს, ქალბატონი ნონა ყოველთვის ჩემს დაფასთან ჩერდებოდა და მაკვირდებოდა. იქ აღმომაჩინა და ჩემს მშობლებს უთხრა ამ ბავშვს რა უნდა ქუთაისში, აუცილებლად უნდა გადმოიყვანოთ თბილისშიო. მართლაც, წამოვედით თბილისში. ბინა არ გვქონდა და ორი წელი ხან ნათესავებთან ვცხოვრობდით, ხან სტუდქალაქში. ძალიან ვიწვალეთ. იმ პერიოდში დიდ დიღომში შენდებოდა კორპუსები და ერთ-ერთი კორპუსი სპორტსმენებისა და კინოსტუდიის თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. ქალბატონ ნონას და ბატონ რეზო ჩხეიძის დიდი ძალისხმევით, მე და ჩემს ოჯახს მოგვცეს ბინა, სადაც მე ჩემს მშობლებთან და და-ძმასთან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად.
ნონა გაფრინდაშვილმა ჩემი მომზადება საკუთარ თავზე აიღო. მაშინ აქტიურად დადიოდა სხვადასხვა ტურნირზე და ყოველთვის, თან დავყავდი. ისე ვყავდი, როგორც საკუთარი შვილი. დღეს, სამწუხაროდ, ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს. ოლიმპიადებზე საქართველოს გუნდს ჩამოჰყვება ხოლმე საპატიო სტუმრის სტატუსით და ძირითათად იმ პერიოდში ვნახულობ. ის ყოველთვის არის ჩემს გულში, როგორც განსაკუთრებული ადამიანი.
– ჰოლანდიაში როგორ მოხვდით?
– საბჭოთა კავშირის სახელით ორჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. შემდეგ ისეთი პერიოდი იყო, როცა ეროვნული მოძრაობა იწყებოდა საქართველოში და არ გამიშვეს მსოფლიო პირველობაზე – არ უნდოდათ, რუსეთის სახელით გამოვსულიყავი და, ამიტომ, ერთი-ორი მსოფლიო ჩემპიონატი ჩამივარდა. ქვეყანაშიც არ იყო სახარბიელო სიტუაცია და ევროპაში ტურნირებზე წასვლა გადავწყვიტე. ჰოლანდიაში მყავდა შეყვარებული, რომელიც მოყვარულის დონეზე თამაშობდა ჭადრაკს და ჩეხეთში ერთ-ერთ ტურნირზე გავიცანი. მან მიმიწვია ჰოლანდიაში ტურნირზე.  ჩემი საბუთების გამზადება არ მოესწრო და ტურნირზე ჩასვლა დამაგვიანდა. იმდენად მინდოდა ჩემი შესაძლებლობების რეალიზება, რომ გერმანიაში გადავწყვიტე წასვლა, რადგან იქ ჭადრაკის კლუბები ყოველთვის პოპულარული იყო. ისე მოხდა, რომ ჩემი შეყვარებული ჰოლანდიაში მელოდებოდა, მე კი გერმანიაში წავედი. რატომღაც, მერიდებოდა მასთან ჩასვლა – არ მინდოდა, ვინმეს ტვირთად დავწოლოდი; მინდოდა, ჩემით მყარად დავმდგარიყავი ფეხზე და ამის შემდეგ ჩავსულიყავი მასთან. 20 წლის ვიყავი როცა გერმანიაში წავედი სრულიად მარტო. ჩემმა შეყვარებულმა რომ გაიგო, გერმანიაში წავედი, გაგიჟდა, ერთ კვირაში ჩამომაკითხა და თავისთან წამიყვანა. მოგვიანებით ჩვენ ვიქორწინეთ. დღეს ერთად აღარ ვცხოვრობთ, გვყავს 20 წლის ვაჟი, რომელიც ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაში, ასევე, თამაშობს ჭადრაკს და სხვადასხვა ტურნირზე ერთად ვმონაწილეობთ. მიხარია, რომ საერთო ინტერესი გვაქვს. ჰოლანდიის სახელით პირველად 1998 წელს გამოვედი ოლიმპიადაზე.
– თქვენს კარიერაში რომელია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება?
– ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მივიჩნევ ევროპის ვიცე-ჩემპიონობას, რამაც მსოფლიო პირველობის საგზური მომცა. ვიცე-ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების შემდეგ, როდესაც შედგა ბოლო ტურის კენჭისყრა, ისე მოხდა, რომ უნდა შევხვედროდი ქართველ მოჭადრაკეს, სალომე მელიას და მის წინააღმდეგ უნდა მებრძოლა პირველობისთვის.
– როგორც ვიცი, როდესაც გაიგეთ, რომ ქართველი მოწინააღმდეგე გყავდათ, უარი თქვით ფინალში თამაშზე. საქართველოს გამარჯვებისთვის დათმეთ ევროპის ჩემპიონობა...
– როცა გავიგე, რომ ქართველი მოწინააღმდეგე მყავდა, უკან დავიხიე და უარი ვთქვი ფინალში თამაშზე. ქართველი მეტოქე რომ არ მყოლოდა, აუცილებლად ვიბრძოლებდი ჩემპიონობისთვის.
– 2008 წელსაც საქართველოსთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო, უარი თქვით მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე და ფაქტობრივად, ჩემპიონობის ბოლო შანსი გაუშვით ხელიდან.
– 2008 წელს ქალაქ ნალჩიკში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოზე  რუსეთის თავდასხმიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული და ქართველმა მონაწილეებმა უარი თქვეს ამ ჩემპიონატში მონაწილეობაზეპ; სოლიდარობის ნიშნად, მეც უარი ვთქვი ამ ჩემპიონატზე, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ბოლო შანსი, მეთამაშა მსოფლიოს პირველობაზე, რადგან, ჭადრაკის პარალელურად, მე ვსწავლობდი და დავამთავრე ჰოლანდიის საბანკო და ფინანსური ბაზრის ფაკულტეტი, ჩემი პროფესიით მელოდა სამსახური და მქონდა გარკვეული გეგმები ამ მხრივ. მსოფლიო პირველობაზე ფინალში თამაში იქნებოდა მნიშვნელოვანი ფაქტი ჩემი ცხოვრების ისტორიაში, მაგრამ, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი უარი  და დღემდე არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას.
– მამაკაცებთან ხშირად გიწევთ ჭადრაკის თამაში?
– ჩემი მოწინააღმდეგეები ძირითადად მამაკაცები არიან. მამაკაცებთან თამაში ყოველთვის უფრო საინტერესოა ჩემთვის. საერთოდ, კაცები უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებად ითვლებიან.  დაახლოებით 2004 წელს საკმაოდ ძლიერ ტურნირებში წარმატებით ვიასპარეზე და მომანიჭეს საერთაშორისო ოსტატის წოდება მამაკაცებში. ერთი პარტია ვითამაშე ერთ-ერთ ჰოლანდიელ მამაკაცთან და რამდენიმე სტატიაში ეს პარტია ქალების ერთ-ერთ საუკეთესო პარტიად დაასახელეს. ჩემი თამაშის სტილს ახასიათებენ როგორც ტაქტიკურს, აგრესიულსა და ორიგინალურს, რაც რეალურ ცხოვრებაში ჩემი ხასიათისგან განხვავდება.
– ამჟამად რით ხართ დაკავებული?
– ამჟამად მაქვს ჩემი საკუთარი ფირმა და აღმოსავლეთ  ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინვესტიციებისა და სხვადასხვა ფინანსური გადაწყვეტილებების მრჩეველი ვარ.   რაც შეეხება ჭადრაკს, ამ მხრივ, ძირითადად მხოლოდ ევროპის პირველობასა და ოლიმპიადებში ვმონაწილეობ. ჭადრაკის ფედერაცია ჰოლანდიაში იმდენად პოპულარული არ არის, როგორც საქართველოში, ამიტომ, ჰოლანდიის ოლიმპიადის ქალთა გუნდთან  ერთად, დავაარსე საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ჭადრაკის დედოფლები”; ვეხმარებით ჭადრაკის კლუბებს, ასევე, ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც აქვთ მონაცემები; ვატარებთ შეხვედრებსა და მასტერკლასებს.  საქართველოში ძალიან იშვიათად ვახერხებ ჩამოსვლას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ოჯახი დაახლოებით 18 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და, როცა დრო მაქვს, მათთან ჩავდივარ. საქართველოში მყავს ბევრი საყვარელი ადამიანი და, შეიძლება ითქვას, გახლეჩილი ვარ. ბოლოს სამი წლის წინ შევიკრიბეთ თბილისში, ჩვენს სახლში და ეს იყო უბედნიერესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს შეხვედრა, მათ შორის ისეთ ხალხთან, ვინც ბიზნესითაა დაკავებული და, მუდმივად ვეძებ გზას, რომელიც საქართველოსკენ გადმომადგმევინებს საქმიან ნაბიჯებს, თუმცა ჯერჯერობით არ ჩამივარდა ხელთ ასეთი ვარიანტი.

скачать dle 11.3