კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული რეანიმაციაში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-33(816)

 ნია რომ პალატაში შევიდა, ცისიას ეძინა. გრძელი წამწამები ფერმკრთალ ღაწვებზე დაფენოდა. მსხვილი ტუჩები გაბუტულივით ჰქონდა წინ წამოწეული და თხელი, ნატიფი თითები მკერდზე ეწყო... თითქოს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს სოსოს, მაგრამ ნიას ეჭვიანმა ბუნებამ რაღაც იგრძნო. მტრულად მიიღო. ვეღარ მოისვენა. ძლივს გაათენა ღამე... დავითიც ისე მოიქცა, რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვა...
საწოლთან ახლოს მივიდა და გოგოს ჩააშტერდა. ნამდვილად ლამაზი იყო... მაგრამ რატომ უნდა გადარეულიყო დავითი მასზე?! რა ჰქონდა განსაკუთრებული? რა ჰქონდა ისეთი, რაც ნიას არ გააჩნდა. მერე საკუთარ თავზე მოუვიდა ბრაზი. არაფერი უთქვამს სოსოს ისეთი, რომ ეჭვების საფუძველი გამჩენოდაო. დავუშვათ, ცისიამ მართლაც გამოიჩინა მკურნალი ექიმის მიმართ ინტერესი, რატომ უნდა ენერვიულა ამაზე? პაციენტები ხომ ხშირად ინტერესდებიან იმ ექიმებით, რომლებმაც მათ სიცოცხლე აჩუქეს. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. უნდა დამშვიდებულიყო: ბატონი დავითიც დაბრუნდებოდა. დიდხანს არ დატოვებდა კლინიკას და ყველაფერი გაირკვეოდა... – ფიქრებში წასულმა ნიამ ვერც კი შენიშნა ცისიას გაღვიძება. გოგომ გაუღიმა და ბავშვური, გულწრფელობით სავსე თვალები მიანათა.
– თქვენ ხომ ბატონი დავითის ექთანი ხართ? – ჰკითხა მჟღერი ხმით. ნია შეკრთა და გამოერკვა.
– გაიღვიძეთ? დიახ, მისი ექთანი ვარ. შემოგიარეთ, რომ გავიგო, როგორ ხართ.
– კარგად ვარ. თანაც, სოსო ექიმი დღეში რამდენჯერმე შემოდის.
– ვიცი, რომ ბატონ დავითს უყურადღებოდ არ დაუტოვებიხართ, მაგრამ მეც ჩემი მოვალეობა შევასრულე, – ნაძალადევი თავაზიანობით გაუღიმა ნიამ.
– დიახ... საწყენად არ მითქვამს. ბატონი დავითი მართლაც არაჩვეულებრივია. ასე არ არის?
– რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია, – დაეთანხმა ნია.
– გამიმართლა, მის ხელში რომ აღმოვჩნდი. მეუბნება, რომ მალე ავდგები და ჩვეულებრივად ვიმოძრავებ. ძალიან მიხარია. ჩემს მშობლებს უნდათ, რომ რეაბილიტაციის კურსი რომელიმე ევროპულ კლინიკაში გავიარო. ცდილობენ, დამითანხმონ ამაზე. მე კი არ მინდა.
– რატომ არ გინდათ? ძალიან გონივრული და თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა. ამაზე უარი არ უნდა თქვათ.
– მე მჯერა, რომ ბატონი დავითიც შეძლებს ჩემს ფეხზე დაყენებას, – ისე გადაჭრით თქვა ცისიამ, რომ ნია გააღიზიანა მისმა კატეგორიულმა თავდაჯერებულობამ.
– ბატონი დავითი ქირურგია. მან უკვე გააკეთა თავისი საქმე. რეაბილიტაციას კი სხვა დარგის პროფესიონალი სჭირდება, – შეეცადა, მშვიდად აეხსნა და მისდამი კეთილგანწყობა გამოეხატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო დანახვისთანავე საშინლად არ მოეწონა.
– „თქვენობით“ ნუ მელაპარაკები. ჩვენ ხომ თითქმის თანატოლები ვართ. გინდა, ვიმეგობროთ?
ნიამ თვალებაციმციმებულ გოგოს შეხედა და ამოიოხრა. „ეს ან ძალიან მიამიტი ვინმეა ან თავს ისულელებს და ჰგონია, რომ ჩემთან ეს მარტივად გაუვა“, – გაიფიქრა და გადაწყვიტა რაღაც უხეშად ეთქვა მისთვის, მაგრამ ერთბაშად მიხვდა, გაცილებით სასარგებლო ცისიასთან „მეგობრობა“ იქნებოდა და გაუღიმა.
– რა ვიცი... გამოვა ჩვენი მეგობრობა? გაეწერები და შეიძლება, ერთმანეთი აღარასდროს ვნახოთ.
– რატომ აღარ უნდა ვნახოთ? მე ხშირად მოვალ ხოლმე... ბატონ დავითს ასე ადვილად ვერ შეველევი.
ნიას გული შეუქანდა. მაგრამ მაშინვე მოახერხა თავის ხელში აყვანა და დამშვიდება. „გადარჩენილი პაციენტის სინდრომს“ დააბრალა ცისიას ასეთი დამოკიდებულება დავითის მიმართ.
– კარგი. ახლა წავალ და კიდევ შემოგივლი.
– ასე გეჩქარება? ბატონი დავითი ხომ აქ არ არის. იმდენი საქმეც არ გექნება. ცოტა ხანს კიდევ იყავი. უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, – სთხოვა ცისიამ.
– ჰო, მესმის. ძნელია მთელი დღე საწოლში გაუნძრევლად წოლა, – თავი თანაგრძნობით დაუქნია ნიამ, – წიგნსაც ვერ წაიკითხავ ასეთ პოზიციაზე მწოლი. თუ გინდა, სოსო ექიმს ვკითხავ, შეიძლება თუ არა შენთვის პოზიციის შეცვლა. თავს გაცილებით უკეთ იგრძნობ. ტელევიზორსაც უყურებ და გაერთობი. ახლავე დავბრუნდები.
ნიამ სოსოს საორდინატოროში მიაგნო. ღია ფანჯარასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. გოგო მუშტრის თვალით შეათვალიერა და ჩაიცინა.
– როგორც ვხედავ, ბევრი დავკარგე, საახალწლო წვეულებაზე მოსვლა რომ ვერ მოვახერხე. შესაძლებლობა მექნებოდა, უკეთ გამეცნე.
ნიამ არ შეიმჩნია ექიმის ორაზროვანი სიტყვები. საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება მიიღო და სიგარეტზე ანიშნა.
– კლინიკის მთელ ტერიტორიაზე მოწევა არ შეიძლება. მგონი, უჩემოდაც უნდა იცოდეთ ამის შესახებ.
– ვაიმე, როგორი მკაცრი ყოფილხარ?! გამოფენაზე სხვანაირი იყავი – მხიარული, ღიმილიანი და თავისუფალი... თუ მომეჩვენა?
– მოგეჩვენათ! საქმე მაქვს თქვენთან. მესამე პალატაში პაციენტისთვის პოზიციის შეცვლა შეიძლება? იმ გოგოზე გეკითხებით, ავარიის შედეგად დაზიანებულ ხერხემალზე ოპერაცია რომ ჩაუტარდა.
– ა, ბატონი დავითის განსაკუთრებული პაციენტით დაინტერესდი? საინტერესოა, რატომ... თუმცა, ამ კლინიკაში ხმები სწრაფად ვრცელდება და არ მიკვირს, შენც მისი გულის მოგებას რომ ცდილობ.
– ჯერ ერთი, მე მისი გულის მოგებას არ ვცდილობ. ჩემი თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და ადამიანურად შემეცოდა. მეორეც – რატომ უნდა ვცდილობდე ერთი ჩვეულებრივი გოგოს გულის მოგებას?
– იმიტომ, რომ ეგ ერთი ჩვეულებრივი გოგო, როგორც შენ უწოდე, ძალიან ცნობილი და გავლენიანი მამის შვილია... – სოსომ სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან ისროლა, ნიასთან მივიდა და ცხვირის წვერზე ალერსით წაჰკრა თითი. გოგომ შეუბღვირა.
– მეტყვით თუ არა პაციენტის პოზიციის შეცვლაზე რამეს?
– მოდი, რამე უფრო საინტერესო თემა შევარჩიოთ საუბრისთვის, – თავისას არ იშლიდა კაცი, – მაგალითად, მომიყევი, ასეთი ლამაზი გოგო საოპერაციოს ექთნის როლში როგორ აღმოჩნდი. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში მეტის მიღწევის ამბიცია გექნებოდა.
– ბატონო სოსო, თქვენთან ფლირტს ან ჩემს სამომავლო გეგმებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არ მივეკუთვნები ექთნების იმ კატეგორიას, ექიმებთან თავის შექცევა სიამოვნებას რომ ანიჭებთ. იმასაც მივხვდი, რომ ჩემს კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არ გაქვთ. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ იღებთ, – ირონიულად მიახალა ნიამ და კარისკენ გაემართა. მაგრამ კაცმა გზა გადაუღობა. მაჯაზე მოჰკიდა ხელი და მსუბუქად შეანჯღრია.
– მომისმინე, პატარა გოგო... არც ისეთი ხელწამოსაკრავი ვინმე ვარ, როგორც ერთი შეხედვით ვჩანვარ. რაღაც-რაღაცეები მეც შემიძლია, ამიტომ დაფიქრდი, იქნებ ჩემთან მეგობრობა გერჩივნოს.
– აუცილელბლად დავფიქრდები, – გამოსცრა ნიამ, – ახლა კი გამიშვით...
***
თვითმფრინავში მჯდარი დავითი თვალდახუჭული აანალიზებდა მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. შვილთან გატარებულმა რამდენიმე დღემ კიდევ უფრო დააბნია. ვერ მიხვდა, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა ანას, თუ მამის გვერდით ქალი გამოჩნდებოდა. ფაქტი ის  იყო, რომ გულგრილი არ დარჩებოდა. თუმცა, გაახარებდა დავითის პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები თუ პირიქით, ეს ვერ გაარკვია. რა თქმა უნდა, ნიაზე სერიოზულად არ ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისგან საკმაოდ დიდ სიამოვნებას იღებდა, ვერ წარმოედგინა თავისი ცოლის როლში. ზედმეტად თამამი, მომთხოვნი ქალები არასოდეს მოსწონდა. ისიც კარგად ესმოდა, როგორი სახიფათო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მათი კავშირი – უკვე ხანდაზმული სახელოვანი ექიმი და ლამაზი ექთანი, ასაკით თითქმის შვილად რომ შეეფერებოდა... ამოიოხრა  და სავარძელზე აწრიალდა.
– თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ, ბატონო? – მაშინვე მასთან გაჩნდა სტიუარდესა და ხელი მზრუნველად მოჰკიდა მაჯაზე.
– რამე დასალევი მომიტანეთ, თუ შეიძლება. ვისკი ყინულით ან კონიაკი.
სტიუარდესამ გაოცებით ასწია წარბები.
– მომეჩვენა, რომ შეუძლოდ იყავით.
– არა, არა, კარგად ვარ, ძალიან კარგად. დალევა მჭირდება.
– ვისკის მიირთმევთ?
– გაუზავებელი იყოს... ორმაგი...
დავითმა სტიუარდესას ანგარიშმიუცემლად გაუღიმა და თვალები ისევ დახუჭა. ამჯერად მის გონებაში გულუბრყვილო  ქალიშვილის სახე ამოტივტივდა... ცისია... ნუთუ მასთან იმაზე მეტი აკავშირებდა, ვიდრე მადლიერ პაციენტს – ექიმთან. ყველა ლოგიკით, სწორედ ასე უნდა ყოფილიყო. „სულელი ხარ, დავით... დინებას მიჰყვები და ვერც კი ხვდები, რომ შეიძლება, ამ დინებამ დაგახრჩოს... ან ისე გაგიტაცოს, საერთოდ წაშალოს ყველაფერი, რისთვისაც კი ცხოვრებაში მიგიღწევია. დროულად გამოფხიზლდი და მოეშვი სახიფათო თამაშებს. შენს ასაკში ეს ორმაგად საშიშია. დაბრუნდი სახლში და ის აკეთე, რაც კარგად გამოგდის – იმუშავე, იმუშავე... ოჯახი უკვე გაქვს – ანა და ბავშვები. საკმარისია სიურპრიზები, აღარ მინდა...“
დავითმა თვალები გაახილა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ ცოტათი დაამშვიდა. სტიუარდესას ვისკით სავსე ჭიქა გამოართვა და ნელა დაიწყო წრუპვა...
***
სოსო და თიკო საავადმყოფოს დერეფანში შეხვდნენ ერთმანეთს... გამოფენაზე თიკომ ვერ მოახერხა სოსოს გამოლაპარაკებოდა და მათ შორის ყინული გაელღო. საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ ძალიან მოსწონდა ეს კაცი.
– ბატონო სოსო, დაფაზე ჩანაწერი ვერ ვნახე. მე კი მახსოვდა, რომ დღეს ოპერაცია გქონდათ. გადადეთ?
– დიახ. ხვალისთვის გადაიდო. მაპატიე, დამავიწყდა, გამეფრთხილებინე. – სოსო მთავარ ექთანს ისე მიაშტერდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა.
– ბატონო სოსო, გისმენთ...
– „ბატონო სოსოს“  რატომ მეძახი? – თქვა უცებ კაცმა შეკითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ თიკომ განცვიფრებისგან პირი დააღო.
– ვერ გავიგე?!
– რამდენი ხანია, ერთად ვმუშაობთ, შენ კი მაინც ოფიციალურად მომმართავ.
– პროტოკოლით, ასეც უნდა იყოს. თქვენ ექიმი ხართ, მე კი – ექთანი. მართალია, მთავარი ექთანი, მაგრამ მაინც...
– აქ ხომ მარტონი ვართ. შეგიძლია, მოეშვა... ყავას დამალევინებ?
– ჰო, დიახ, რა თქმა უნდა. წამობრძანდით... უკაცრავად, წამოდი. თიკოს ლამის წამოსცდა, ყავა თუ გინდა, შეგიძლია, კაფეტერიაში ჩახვიდეო, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. მიხვდა, რომ შანსი ეძლეოდა და სულელი იქნებოდა, თუ მას ხელიდან გაუშვებდა. მთავარი ექთნის ოთახი საორდინატოროს გვერდით იყო. ღია კარიდან დივანზე წამოწოლილმა ანდრომ დაინახა  სოსოც და მასთან ერთად მიმავალი თიკოც. სწრაფად  წამოდგა და უკან მიჰყვა.
– თუ ყავა უნდა დალიოთ, მეც გამითვალისწინეთ, – დაიძახა შესვლისთანავე, – ხომ არ იცით, კიდევ რამდენ ხანს ვიქნებით ასე უსაქმურად? სისხლის დანახვა მომენატრა.
– ხვალ მაქვს ოპერაცია და შეგიძლია, ისიამოვნო, – მიუგო სოსომ, – თუ აუცილებლად ბატონი დავითი უნდა აკეთებდეს ოპერაციას, რომ შენი ამბიციები დაკმაყოფილდეს.
– რას ამბობ? შენც ძალიან კარგი ქირურგი ხარ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი კურატორი იყავი.
სოსოს გაეცინა და თიკოს მიუბრუნდა, რომელიც მადუღარაში ყავასა და შაქარს ყრიდა.
– გაიგონე, რა თქვა? მეც ქირურგი ვყოფილვარ. ეს კომპლიმენტად უნდა მივიღო? ანდრო, ამ კლინიკაში შენს მოსვლას ვის უნდა უმადლოდე, ხომ არ დაგავიწყდა? ჩემი მეგობარი ხარ...
– ჰო, ყველაფერი ვიცი და მახსოვს, რომ ჩემი მეგობარი ხარ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბატონი დავითის ღირსებები არ ვაღიარო. შენ თვითონ მეუბნებოდი, არაჩვეულებრივი ქირურგია, ყოველდღე მაოცებს საოპერაციოშიო.
სოსომ ამოიოხრა.
– საშინელებაა, როცა შენ გარშემო ყველა ერთი ადამიანით არის აღფრთოვანებული და ეს ადამიანი თავად არ ხარ.
თიკომ ყავის სავსე ფინჯნები ჩამოარიგა და სოსოს გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
– სიგარეტის მოწევა არ მთხოვოთ, არ შეიძლება!
– ისევ თქვენობით მელაპარაკები... ვახ, ეს ქალი ვერ „მოვიშინაურე“, – გაიცინა სოსომ, – კიდევ ერთი გოგოს მოშინაურებას ვგეგმავ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა შანსები მაქვს. ბრჭყალები უკვე დამანახვა. კერკეტი კაკალი ჩანს. მე კი მიყვარს სირთულეები, აზარტში მაგდებს...
ანდრომ ირონიული ღიმილით შეხედა გამხიარულებულ სოსოს.
– დღეს რაღაც სხვანაირი ხარ, არასერიოზული. რა მოხდა?
– ისეთი არაფერი. იმ დღეს გუკას გამოფენაზე რომ ვიყავით, ჩემს ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. სიმართლე გითხრა, შემშურდა მისი.
– ვისი შეგშურდა, გუკასი? – ხმამაღლა გაიცინა ანდრომ, – გინდა, მასავით ჯღაბნიდე? მოსაწყენია...
– ეგ არ მიგულისხმია. ნახე, რამდენი გრძელფეხება „ნაშა“ იყო გამოფენაზე? დარწმუნებული ვარ, ყველასთან იწვა.
– მეც რომ აქ ვარ, დაგავიწყდა? – აღშფოთდა თიკო, – ასე როგორ შეიძლება...
– კარგი, რა, სად არის შენი იუმორის გრძნობა, – ხელი უდარდელად აიქნია სოსომ, – აბა, იმას დავიჯერებ, რომ გოგოები ერთბაშად თანამედროვე არქიტექტურაზე გადაირივნენ? რამდენი წელია, მხოლოდ ექთნებს, ექიმებსა და პაციენტებს ვხედავ. ჰო, კიდევ მათ პატრონებს, მუდმივად შეწუხებული სახეებით და მომლოდინე მზერით რომ შემომყურებენ ხოლმე... ღამის კლუბშიც ვერ წავალ. გამოუძინებელი ხომ არ შევალ საოპერაციოში. მოკლედ, ანდრო, ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ უკანმოუხედავად გაიქცე აქედან.
– გეყოფა. ძალიან მუქ ფერებში დამიხატე რეალობა. ასეც არ არის საქმე. ცოლის, შეყვარებულის ან საყვარლის ყოლას ვინ გიშლის? – ანდრომ ყავა მოსვა და თიკოს მრავალმნიშვნელოვნად გახედა. ქალი გაწითლდა. უხერხულობის დასაფარად მადუღარა აიღო და ონკანს შეუშვირა გასარეცხად...
***
ნიას ექთნების ოთახში პირადი ბარათი დარჩა. მაღლა აბრუნება დაეზარა და გადაწყვიტა, პაციენტების გასასვლელით ესარგებლა. კოტემ დაინახა თუ არა, მაშინვე გამოვიდა დაცვის ოთახიდან.
– ნია, ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი?
გოგო შემობრუნდა.
– კოტე? ჰო, შენთან ცუდად გამომივიდა... დედაჩემმა დამირეკა. ავადმყოფი გული აქვს. შეტევები სრულიად მოულოდნელად ემართება ხოლმე. ეგრევე გავიქეცი და დამავიწყდა, გამეფრთხილებინე, – ნიამ მეგობრულად გაუწოდა ხელი ბიჭს და გაუღიმა, – ხომ მაპატიებ?
– რა თქმა უნდა, – უცბად მოლბა კოტე, – მაგრამ ჩემთან ვალში ხარ. ყავაზე დაგპატიჟებ და უარი არ უნდა მითხრა.
– კარგი, უარს არ გეტყვი... უბრალოდ, უნდა მეცალოს.
– ანუ, საბოლოო პასუხს არ მეუბნები?
– მთავარია, რომ უარიც არ მითქვამს, – გადაიკისკისა ნიამ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3