კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აუკრძალა სტალინმა მწერალ ალექსეი ტოლსტოის

მას მერე, რაც საბჭოთა პარტიული არქივების ნაწილის განსაიდუმლოება დაიწყო, მრავალი საინტერესო ფაქტი გამომზეურდა და არაერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა. ბევრი ისეთი დეტალი გაირკვა სტალინის ცხოვრებიდან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული და ათასი ჭორის საბაბი ხდებოდა. პროფესორი მოისეი ვოზნესენსკი წერს: „2014 წელს ძველი პარტიული არქივის დოკუმენტებთან მუშაობის საშუალება მომეცა და ერთობ საინტერესო ჩანაწერებს წავაწყდი, რომელშიც ცნობილი საბჭოთა მწერლის, ალექსეი ტოლსტოისა და მისი მდივნის, ეროფეი მასლოვის დიალოგია აღწერილი. მდივნობის პარალელურად, მასლოვი „ენკავედეს“ ოფიცერი იყო. ცნობილ მწერალს მიჩენილი ჰყავდა და დროგამოშვებით უშიშროებას პატაკებს სწერდა ტოლსტოიზე... მდივანი მასლოვი უაღრესად განათლებული იყო. მწერალი მას ენდობოდა და თითქმის არაფერს უმალავდა, რაც მალევე „ენკავედესთვის“ ხდებოდა ცნობილი... თავის საიდუმლო პატაკში ეროფეი მასლოვი წერს: „18 მაისს ტოლსტოისთან  სახლში რომ მივედი, რათა მისივე თხოვნით, რომანის – „პეტრე პირველის“ ზოგიერთ დეტალზე დავლაპარაკებოდი, ის სახლში არ დამხვდა.
– კრემლშია. სტალინთან. დაელოდე და მალე მოვა, – მითხრა მისმა მეუღლემ და ჩაით გამიმასპინძლდა.
ტოლსტოი მალევე დაბრუნდა და რაღაც უცნაური მეჩვენა. ცოლს შუბლზე ეამბორა. მე ხელი ჩამომართვა. შემდეგ კაბინეტში შემიპატიჟა, გრძელ თმაზე ხელი ჩამოისვა, გააბოლა, გაიარ-გამოიარა, ჩემ წინ შეჩერდა და მოულოდნელად მითხრა:
– თუ იცი, რა მითხრა სტალინმა?
– რა? – მხრები ავიჩეჩე მე.
– მხოლოდ ჩვენ შორის დარჩეს, – თქვა მან და დაამატა, – მოკლედ, ჩემს რომანზე მუშაობისას საარქივო საბუთებს ჩავუჯექი პეტრეს შესახებ. ვჩხრიკე, ვჩხრიკე და დავადგინე, რომ სინამდვილეში, რუსეთის იმპერატორი პეტრე ალექსეევიჩი სულაც არაა ალექსეევიჩი, არამედ მასში ქართველი დიდგვაროვნების, უფრო სწორად კი, სამეფო სისხლი ჩქეფდა. მოკლედ, ეს ყველაფერი დასაბუთებულად დავწერე. სტალინს მივუტანე და ვკითხე:
– რას იტყვით, იოსებ ბესარიონოვიჩ, ეს ფაქტი როგორ აღვწერო რომანში-მეთქი... რომანის დაწერის იდეა ხომ პირადად მას ეკუთვნის. რომ იტყვიან – შეკვეთა მისია და მის გარეშე ასეთ პასაჟს როგორ ჩავრთავდი?
– მერე, რა გითხრათ სტალინმა? – ვკითხე ტოლსტოის.
სტალინი ჯერ ყურადღებით გაეცნო ჩემს ნაწერს და დამიბრუნა. შემდეგ ჩაეცინა და მითხრა:
 – ეს მომენტი არანაირად არ ასახოთ რომანში, გვერდი აუარეთ. თქვენ დიდი ხელოვანი ხართ და ამის ოსტატურად გაკეთება არ გაგიჭირდებათ. ხოლო, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ პეტრე დიდი რუსეთის დიადი რუსი იმპერატორი იყო, – ბელადმა ჩიბუხი მოქაჩა და დააყოლა, – ისევე, როგორც მე ვარ დიადი საბჭოეთის რუსი მმართველი...
ეროფეი მასლოვის ამ თითქმის მშრალ პატაკშიც თვალნათლივ ჩანს ქართველი იოსებ ჯუღაშვილის ქცევის ტაქტიკა რუსულ გარემოცვაში. დარწმუნებული ვარ, რომ სტალინის „რუსობა“ იყო ის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, რის წყალობითაც ის (სტალინი) თავისთავად მიიღო რუსმა ერმა და მასთან (სტალინთან) და სხვა მოკავშირე ერებთან ერთად, შექმნეს უძლიერესი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში... გარეგნობით, საუბრის მანერით, ქცევებითა და აზროვნებით, ჯერ კიდევ ლენინურ პოლიტბიუროში, სტალინი ყველაზე ნაკლებად ჩამოჰგავდა რუსს და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სწორედ ის მოერგო „დიდი რუსის“ როლს...
ალექსეი ტოლსტოი სტალინის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი გახლდათ. საბჭოთა ბელადს მასთან ახლო დამოკიდებულება ჰქონდა. ხშირად ხვდებოდა და სწორედ სტალინმა შეარქვა ალექსეი ტოლსტოის „წითელი გრაფი“, ანუ მისი სახელოვანი წინაპრის, გრაფ ლევ ტოლსტოის მსგავსად...
როგორც ყველა დიდ მწერალს სჩვევია, ალექსეი ტოლსტოი ალეგორიის დიდოსტატი გახლდათ. ხოლო, როგორც ყველა დიდ დიქტატორს სჩვევია, სტალინიც მრავალ რამეში ალეგორიას ხედავდა. ხშირად კი – საბჭოეთსა და საკუთარ თავს და არაერთი საინტერესო ნაწარმოები შემოდებულა თაროზე ამის გამო. საგულისხმო ფაქტია ის, რომ, როდესაც ალექსეი ტოლსტოის ყველაზე ცნობილი და ერთი შეხედვით უწყინარი, აპოლიტიკური ზღაპარი „ბურატინოს თავგადასავალი“ წიგნად გამოვიდა, „წითელი გრაფი“ სტალინმა კრემლში დაიბარა... თავად საბჭოთა მწერლობის კლასიკოსი ასე იხსენებდა ამ შეხვედრას ახლობელთა წრეში: „კრემლში, ცოტა არ იყოს, აფორიაქებული მივედი. სტალინთან ახლო ურთიერთობა მქონდა და არაერთხელ ვყოფილვარ მასთან. ამჯერად კი ეს დაბარება ისეთი უხეში ფორმით მომაწოდა პოსკრებიშევმა (სტალინის პირადი მდივანი), რომ მივხვდი, მთლად კარგად არ უნდა ყოფილიყო საქმე. კოპებშეკრული პოსკრებიშევი შემიძღვა სტალინთან, რომელიც საწერ მაგიდასთან იჯდა, ხოლო თვალსაჩინო ადგილზე ახალგამოცემული „ბურატინოს თავგადასავალი“ ედო. როგორც კი წიგნი დავინახე, ყველაფერს უმალვე მივხვდი და პასუხებზე ფიქრი დავიწყე. დარწმუნებული ვიყავი, ბელადს მრავალი მწვავე შეკითხვა ექნებოდა ჩემთან და როგორმე თავი უნდა დამეძვრინა. თუმცა, სტალინის სიტყვებმა დამაბნია, რომელმაც ჩემს წიგნზე მიმითითა და მითხრა:
– მშვენიერი წიგნი დაგიწერიათ. ძალიან მომეწონა...
ბელადმა დაჯდომა შემომთავაზა. მწერალთა კავშირზე ჩამომიგდო ლაპარაკი. ერთი სიტყვით, ჩემი სადარდებელი გადამავიწყდა და შუა საუბრის დროს, მოულოდნელად მკითხა:
– ყარაბას-ბარაბასში მე მიგულისხმეთ?
– რას ბრძანებთ, ამხანაგო სტალინ, – რაც შემეძლო, მტკიცედ და მშვიდად მივუგე ბელადს. მას კი ულვაშებში ჩაეცინა და თითქოს ჩემი პასუხი არ გაუგონიაო, მითხრა:
– ჩემსა და ყარაბას-ბარაბასს შორის მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ ორივე ოქროს გასაღებს ვეძებთ. მას ეს გასაღები ბოროტებისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის უნდა, მე კი – ხალხისთვის, – სტალინმა ჩიბუხი გააბოლა, ჩაეცინა და დაამატა, – მე უფრო ბურატინო ვარ, რომელმაც ეს ბოროტი კაცი გააბითურა, გააპამპულა და თოჯინებს თავისუფლება და ბედნიერება მოუტანა. ერთი სიტყვით, წარმატებული ნაშრომია, გილოცავ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ამ ზღაპარს მთელი ხალხი შეიყვარებს.
სტალინი კვლავ სხვა თემაზე გადაერთო და მასთან ნახევარი საათი დავყავი. ჩაიც დავლიე ლიმონითა და მურაბით. წამოსვლის წინ კი, მან წიგნზე წარწერის გაკეთება მთხოვა. მივაწერე: „საჩუქრად დიდ საბჭოთა ბელადს, მოკრძალებული მწერლისგან...“ კაბინეტიდან რომ გამოვედი, პოსკრებიშევი კვლავ მიბღვერდა, მაგრამ ეს უკვე ჩემთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა“.
სხვათა შორის, სტალინის სიკვდილის შემდეგ, თავად ნიკიტა ხრუშჩოვი აგორებდა ჭორებს, რომ თითქოს ალექსეი ტოლსტოიმ „ბურატინოს თავგადასავალი“ ანტისტალინური პათოსით დაწერა და ბოროტ ყარაბას-ბარაბასში სწორედ მას გულისხმობდაო. თუმცა, ამას ყოველთვის უარყოფდა დიდი რუსი მწერალი და მიაჩნდა, რომ საბჭოთა ბელადი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსი პიროვნება იყო, ვისაც კი ოდესმე იცნობდა.“

скачать dle 11.3