კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოფეინის სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების ჭარბ დაგროვებას იწვევს


დაუოკებელი შიმშილის გამო ადამიანთა უმრავლესობა სწრაფად იმატებს წონაში. ხშირად მიირთვით წვნიანი კერძები, რადგან ასე კუჭი გაცილებით ნელა იცლება, შესაბამისად, დანაყრების შეგრძნებაც ხანგრძლივდება და თავსაც მხნედ იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, განსაკუთრებით კი – სტაფილოსგან მომზადებულ კერძებს. ასევე, ხშირად მიირთვით ქათმის, საქონლის, ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი და თხილი. ნუ მიეძალებით რძიან ყავას, ცხელ შოკოლადსა და კაპუჩინოს. კოფეინის სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების ჭარბ დაგროვებას იწვევს.
ხშირად ჭამეთ ხილი, რადგან ის ენერგეტიკული ბალანსის შევსებას უწყობს ხელს. ასევე, კარგია წიწაკა, რადგან წიწაკით მდიდარი საკვები, ჭამიდან დაახლოებით 4 საათის განმავლობაში 50 პროცენტით აძლიერებს გულისცემის რიტმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და მონელებისას გაცილებით მეტ ცხიმს წვავს. ამ დროს არც ბევრს მიირთმევთ და თან, გემოვნების რეცეპტორებსაც გაცილებით სწრაფად დაიკმაყოფილებთ.
ნახშირწყლების გამომრიცხველ დიეტებს თან ახლავს დეპრესია და გუნება-განწყობის დაქვეითება. ეს კი სწორედ სერატონინის ნაკლებობას უკავშირდება. ნახშირწყლების გარეშე თავის ტვინში ფერხდება ამინომჟავა ტრიფტოფანის შეღწევა, რომელიც თავის მხრივ, სერატონინის სინთეზისთვისაა აუცილებელი.
გამოუძინებელ ადამიანებში გაცილებით გაძლიერებულია მადა. ამიტომ არის ხშირი უძილობა წონაში მომატების მიზეზი.
ზოგადად, უამრავი მოდური დიეტა არსებობს, ეფექტური და გამართლებული კი მხოლოდ სამკურნალო, სპეციალისტის მიერ ზუსტად შერჩეული და სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული დიეტებია. მოდურ დიეტებთან კი, რომლებითაც მაქსიმუმ ოთხ კვირაში უნდა შეძლოთ სხეულის სრული კორექცია, სიფრთხილე გმართებთ. ასეთი დიეტების მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა, უპირველესად იმის გამო, რომ ის აგებულია გარკვეული პროდუქტების მკაცრ შეზღუდვაზე.
ისეთი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს გამორიცხავს, მხოლოდ წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან. ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იცავს, წონას სწრაფად კარგავს. ასეთი მკაცრი დიეტის დასრულების შემდეგ წონას არათუ იბრუნებენ, უფრო მეტადაც კი სუქდებიან. ეს კი იმის გამო ხდება, რომ, თუ ყოველდღიურად 1 300 კალორიაზე მეტი არ მივიღეთ, ორგანიზმი თავისით გადაეწყობა კვების მკაცრ რეჟიმზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა დიეტა მთავრდება, ადამიანი ისევ ჩვეულ კვების რეჟიმს უბრუნდება, ორგანიზმს კი ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაწყობა უჭირს და კალორიებს ისევ ნელა წვავს, რაც წონაში სწრაფი მატების მიზეზი ხდება.

რომელი საკვები პროდუქტი ებრძვის კანის დაბერების პროცესს
კვლევების შედეგად სპეციალისტებმა მავნე რადიკალებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტურ ხერხს მიაგნეს – ანტიოქსიდანტებს, ანუ განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ და კანს დაბერებისგან იცავენ. ანტიოქსიდანტები კანის ღრმა შრეებში აღწევენ, იცავენ მას გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან, ჯანმრთელობას უნარჩუნებენ და აფერხებენ დაბერების პროცესს.
ყურძნის წიპწები, რომლის შემცველი კომპონენტი უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს, ებრძვის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, დაზიანებისგან იცავს კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და დრეკადობას ანიჭებს, ხელს უშლის კანის ქსოვილთა რღვევას და აფერხებს მათ ასაკობრივ ცვლილებებს.
ზოგადად, ხილში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რისი წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, მათი წყალობით კი ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.
C ვიტამინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნიკალური საშუალებაა. ასკორბინმჟავას გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა კოლაგენს. კანის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემაერთებელი ქსოვილების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფაც სწორედ ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. C ვიტამინი, ასევე, ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგანაც იცავს.
მწვანე ჩაი მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. მისი ანტიოქსიდანტური თვისებების გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.
კანის დაბერებას ზღვის პროდუქტების ხშირი მიღებაც აფერხებს. მათი ამინომჟავური შემადგენლობა მეტად უახლოვდება ადამიანის კანის უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობას. ისინი ყველაზე უკეთ ააქტიურებენ და აღადგენენ უჯრედთა ფუნქციას, ზღვის პროდუქტი მდიდარია იოდითა და თუთიით, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.
E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას, რაც ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

როგორ ვებრძოლოთ ნაადრევ გამელოტებას
თმის მდგომარეობა დამოკიდებულია როგორც გენეტიკაზე, ასევე, გარეგან ზემოქმედებასა და ადამიანის საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თმას უნდა მოუაროთ, ჯანსაღი წესით უნდა იცხოვროთ და სწორად იკვებოთ, თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერება. დიდი მნიშვნელობა აქვს ხორცში, თევზში, რძის პროდუქტებსა და პარკოსნებში შემავალ ცილებს. ასევე, აუცილებელია ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი.
მარცვლეულის კერძები ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას. თმამ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალური მარილების საკმარისი რაოდენობა რომ მიიღოს, ორგანიზმს ბოსტნეული და ხილი ესაჭიროება. ასევე, აუცილებელია, ხშირად სვათ მინერალური წყალი, მწვანე ჩაი და წვენები.
რეგულარული ვარჯიში კი სისხლის მომარაგებას აუმჯობესებს, რაც თმის ძირებში ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების გადასვლას უზრუნველყოფს. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: სტაფილო, კეფირი, ხაჭო, ვაშლი, კომბოსტოს მწნილი. თმას არ „უყვარს” ბევრი ტკბილი და გაზიანი სასმელი.
თმის ძლიერი ცვენა ორგანიზმის ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს. თმის ცვენის შესაჩერებლად ხალხურ მედიცინაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების ნახარში, მისი მომზადება კი თავად შეგიძლიათ: აიღეთ ნედლეული თანაბარი რაოდენობით, ერთ ჭიქა ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, მერე გააცივეთ და გადაწურეთ. თავის დაბანის შემდეგ თმა ამ ნახარშით დაისველეთ და შემოიხვიეთ თავსაფარი.
თმის ძირების გამაგრების საუკეთესო საშუალებაა, ასევე, აბუსალათინის ზეთი, რომელიც თავის კანში დაბანამდე უნდა შეიზილოთ. პროცედურის ხანგრძლივობა ათი წუთია.
ნაადრევი გამელოტების დროს სასარგებლოა საკვებ რაციონში ქაცვის ნაყოფის ჩართვა. ასევე კარგია, სვიის გირჩების ნაყენის დალევა და მისი ნახარშით თავის დაბანა.

საშიშია თუ არა გონების უეცარი დაკარგვა და რაზე მიანიშნებს ის
გულის უეცარი წასვლის მიზეზი თავის ტვინის მწვავე, მაგრამ, მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა. ეს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული.
გულის წასვლა, ანუ გონების უეცარი დაკარგვა, ვითარდება ნერვული გადაძაბვის, შიშის, გადაღლის, სისხლის დაკარგვის, გულის დაავადებების, მწვავე სისხლდენის, შიმშილისა და ჩახუთულ ოთახში ან გარემოში ყოფნის დროს. ამ დროს ადამიანი ფერს კარგავს, ოფლიანობს, ვითარდება ჰიპოთერმია, ანუ სხეული ცივდება, სუნთქვა ნელდება და არტერიული წნევა ქვეითდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გულწასული ადამიანის დაწვენა. ტვინის სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სასურველია, მას ფეხები ააწევინოთ, რომ სისხლი თავისკენ წავიდეს. გულის წასვლის გახანგრძლივების დროს, შესაძლოა, განვითარდეს ტვინის ინფარქტი, ამიტომ, ადამიანს დროზე უნდა დაეხმაროთ.
ზოგჯერ გულის წასვლას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილი, რაც გულის იშემიურ დაავადებაზე მეტყველებს; გულის ფრიალი კი, შესაძლოა, არითმიამ გამოიწვიოს. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სისხლის წნევის გაზომვას. ხშირი გულის წასვლის დროს აუცილებელია ჭარბი მარილის შემცველი საკვების მიღება და ვიტამინოთერაპია. მაგრამ, თუ მისი გამომწვევი მიზეზი რაიმე სერიოზული პათოლოგიაა, მაგალითად, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადება და სხვა, მაშინ, საჭიროა ამ ძირითადი დაავადებების მკურნალობა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უეცრად გული წაგივიდათ, ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები, რათა რაიმე სერიოზული დაავადება არ გამოგრჩეთ მხედველობიდან.

თუ ფსორიაზი გაწუხებთ, ჭამეთ საზამთრო და ვაშლი
ნერვულ დაავადებებს და ფსიქიკურ ტრავმებს ყველაზე ხშირად თან სდევს ფსორიაზი. ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს კანზე წარმოიქმნება სხვადასხვა სახის გამონაყარი. ზოგჯერ მისი მწვავე, უეცარი დასაწყისი ძლიერ სტრესს უკავშირდება.
 ფსორიაზის წარმოშობა და რეციდივები ხშირად გამოწვეულია ნერვულ-ფსიქიკური ტრავმებით, გონებრივი დაძაბვით, ძლიერი შიშით და ასე შემდეგ. დაძაბული ცხოვრების რიტმი და მძიმე სოციალური პირობები საგრძნობ გავლენას ახდენენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ხშირია ნევროზები და ფობიები, რომლებიც მუდმივი დაძაბულობის შედეგად ყალიბდება. უეცარი ფსიქიკური ტრავმა, ძლიერი შიში ნერვულ სისტემასა და ფსიქიკას დიდ დარტყმას აყენებს, რასაც თან სდევს კანის ცვლილებები, თმის ცვენა, გამონაყარი და საბოლოოდ ყალიბდება ფსორიაზი.
ფსორიაზის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა. კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ცილებითა და ნახშირწყლებით, ცხიმები კი უნდა შეამციროთ. ჭამეთ ბევრი ვაშლი და საზამთრო, ასევე, სვით მათი წვენები. ბოსტნეულიდან კი მიირთვით კარტოფილი. რაციონში ჩართეთ მოხარშული ზღვის პროდუქტები. სასარგებლოა წყალში მოხარშული შვრიის ფაფა. ნუ მიეძალებით ტკბილეულს, ცხიმიან, მწარე და მჟავე საკვებს. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ და ვიტამინებით მდიდარ საკვებს. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე. ივარჯიშეთ და ბევრი ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე.

скачать dle 11.3