კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ქალი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ თავის დაჯაბნისთვის სახმალაოდ გამოიწვია

კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებული ეს მცირე ლიტერატურული ჩანახატი მწერალ გიორგი შატბერაშვილს ეკუთვნის, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს დიდი მწერლის ბუნება, როგორი იყო ის არაშემოქმედებით, ყოფით ცხოვრებაში. მისი  ცხოვრების დღიურებიდან ამ ერთი კონკრეტული ისტორიით (წარმოსახვით) დაინახავთ მის ურთიერთობებს სხვადასხვა  ადამიანთან, საუბრის, ქცევის,  მანერებს, მიდგომას. მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი ამ საინტერესო ამბავს, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად იმ დროში გამოგზაურებთ.  
გიორგი შატბერაშვილი:  „სამი ძმა ვართ. ისე დავცოლშვილდით, ქორწილი არ გადაგვიხდია...  ვერ მოვგროვდით, რომ ჩვენი ოჯახის დათავთავება აღგვენიშნა და ჭიქა ღვინო ერთად დაგველია... ისევ მამამ მოიპირიანა, შეგვაგულიანა, ატყდა: სამივე ძმას ქორწილი ერთად უნდა გადაგიხადოთ. ცალ-ცალკე, თუ გუნებაში რამე გაქვთ, თქვენვე მოახერხეთო... მე ჩემი მეგობარი მწერლები უნდა დამეპატიჟა... ჩემი სია საკმაოდ გრძელი იყო. ყველას ჩამოვურიგე. ვისაც ვერ მივწვდი, სხვებს დავავალე დაპატიჟება. ქორწილი 12 ნოემბრისთვის იყო დანიშნული. კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიჟება გულით მინდოდა, მაგრამ ვერიდებოდი, არ მინდოდა შემეწუხებინა. ჩვენკენ ცუდი გზებია, თანაც გრძელი… მაშინ საკუთარი მანქანები არავის ჰყავდა, თვითონ კონსტანტინესაც კი. ეს იყო თითქმის მეოთხედი საუკუნის წინათ, 1939 წელს. ცუდ გზებს ვინ ჩივის. ნოემბრის წვიმიანი თვე და ავდრიანი დღეები იდგა... მაშინ კონსტანტინე 49-50 წლის იქნებოდა. ჩვენ შორის ოცი წელიწადი იდგა. ეს ოცი წელიწადი ჩვენ შორის ახლაც დგას, მაგრამ კონსტანტინე მაშინ უფრო ხნიერად მეჩვენებოდა... ასაკი უასაკოებთან მეგობრობაში ხელს არ უშლიდა… ერთხელ, შაბათ საღამოს, თბილისში რომ ჩამოვედი, მაშინვე კონსტანტინეს დავურეკე. მისი ტელეფონის ნომერი არასოდეს დამვიწყებია, არც დამავიწყდება… სამი, ნული, რვა, თერთმეტი! ქართულად მითხრა და თავში ჩამეჭედა.
ვუთხარი თუ არა, ვინც ვიყავი, მაშინვე წინადადება მომცა, სრულ ცხრა საათზე ჩემთან მოდიო. ცხრა საათამდე დიდი დრო იყო.
რუსთაველზე გრიგოლ აბაშიძე და ლადო ასათიანი შემხვდნენ. გრიგოლმა რესტორან „კავკაზში” დაგვპატიჟა. კარგად რომ შევქეიფიანდით, ისევ რუსთაველზე ჩავიარეთ, ლადო ატყდა, ახლა მე უნდა დაგპატიჟოთო და ახალი სუფრა გაგვიშალა „თბილისში”. ახალგაზრდები ვიყავით და ბევრი შეგვეძლო – ბევრი სმა, ბევრი მხიარულება... გრიშა და ლადო ხუმრობდნენ, მე კი შუბლი მქონდა შეკრული. ისინი ჩემს უგუნებობას სხვა რამით ხსნიდნენ, სანამ არ ვუთხარი, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა მივეცი, ცხრა საათზე უნდა მივსულიყავი, ახლა კი უკვე თერთმეტის ნახევარია-მეთქი.
– მერე, რა გაწუხებს, ბიჭო. დაურეკე და ჰკითხე, დაგვიანებულ სტუმარს არ მიიღებ-თქო, – სიცილით მითხრა ლადომ. მეტი გზა არ იყო, ავკრიფე სამი, ნული, რვა, თერთმეტი და კონსტანტინეს ხმაც გავიგონე.
- სად დაიკარგე, შე ქართლელო ტეტიავ, ასე რად მალოდინებ?
ბოდიში მოვუხადე.  ჩამაცივდა, ახლავე მოდი, ისეთ კალმახს გაჭმევ, თვალით არ გენახოსო. მე უხერხულად ვდუმდი. მერე ვუთხარი, ამხანაგებთან ვარ-მეთქი. ვინ არიანო, მკითხა; რომ ვუთხარი ჩემთან გრიშა და ლადო არიან-მეთქი, – უსათუოდ ახლავე დასტოვეთ ეგ ბინძური რესტორანი და სამივე აქ გაჩნდითო. კალმახები მართლაც შესანიშნავი იყო. ღვინოც – კარგი და მასპინძელიც – მხიარული... მინდოდა აღმენიშნა, რომ კონსტანტინესთან უკვე საკამოდ დაახლოებული ვიყავი… დავძლიე მორიდება და კონსტანტინე დავპატიჟე. მითხრა, უსათუოდ ამოვალო... მაგრამ ტყუილი სცოდნია კონსტანტინეს... ტყუილი ეთქმის, აბა, რა... აი, მე და ჩემი მეგობრები უკვე ჩემი ძველი სახლის ჭერქვეშ გრძლად გაშლილ სუფრას ვუსხედვართ... კონსტანტინე კი არსად ჩანს.
მე თვალი გზისკენ მიჭირავს... რავი, კაცნი ვართ, იქნებ გამოჩნდეს. ბიჭებმა მითხრეს, თბილისში ჩვენი წამოსვლისას წვიმდა და კონსტანტინემ წამოსვლა ვერ გაბედაო... უკვე კარგად იყო შეღამებული… წვიმდა, გარეთ გასვლა და გავლა-გამოვლა არ შეიძლებოდა, ჰაერი შეიხუთა. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენებოდა ასე... უცებ ამ ხმაურში, ჩემმა სიძემ შალვამ მითხრა, ეზოში ვიღაც იძახისო. რამდენიმე კაცი გარეთ გამოვედით და ეზოში ჩავირბინეთ. ვხედავ, სიბნელეში ორი კაცი დგას. ერთი მეუბნება, სტუმარი მოგიყვანეო, ეტყობა, თვითონ სტუმრად არა სთვლის თავს. თვალმა სიბნელე გატეხა, კონსტანტინე ვიცანი… თვალს არ ვუჯერებდი. ამ შუაღამისას, ამ თავსხმაში, უცნობ, ბნელ ორღობეში, ცხრა კილომეტრის გამოსვლა რამ გააბედვინა?
ჩუმად შევუძეხი კიბეზე და კარი მოულოდნელად შევაღე. მისმა გამოჩენამ სუფრაზე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია... ყველამ სათითაოდ დალია მისი სადღეგრძელო... რაღა არ უთხრეს, სულ დაივიწყეს, რომ მათ წინ სახელოვანი მწერალი იდგა, ყველა მის  დღევანდელ საქციელს აქებდა, გმირობად უთვლიდა.
მართლაც გმირობა იყო. ჩემმა ბევრმა ახალგაზრდა მეგობარმა დღისითაც კი ვერ გაბედა წამოსვლა, უამინდობამ შეაშინა, თუ დაეზარა... თვითონ კონსტანტინე ძალიან კმაყოფილი იყო, სვამდა, მხიარულობდა და მღეროდა, ახარებდა, ოჯახი რომ გაახარა. გზაში ძალიან გაწვალებულიყო. ქუთაისის მატარებელს გამოჰყოლოდა, ეს მატარებელი კი კავთისხევის სადგურზე გაჩერებას დღემდე არ კადრულობს. კასპში ჩამომხტარა, ზემოდან მომავალ მატარებელს დიდხანს ულოდინებია, მერე, კავთისხევის სადგურში რომ ჩამოსულა, უკვე დაღამებული ყოფილა. რამდენიმე კილომეტრი უცხო გზაში კითხვა-კითხვით უვლია, ბოლოს თვალადში რომ ამოსულა, ერთ ჭიშკართან შეუსვენია. ეს ჭაბუკი რომ არ შემხვედროდა, გზას ამ ორღობეებში ვეღარ გამოვაგნებდიო, მითხრა...  ალექსი გომიაშვილმა კონსტანტინეს ნათქვამს ყური მოჰკრა  და ღიმილით ჰკითხა: ბატონო კონსტანტინე, ვიცი, თბილისში ბევრი გპატიჟობს, ახლო არსად დადიხარ, ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანა?
– ჭაბუკო, – უპასუხა კონსტანტინემ, – კონსტანტინე გამსახურდიამ იცის, ვისთან არ უნდა მივიდეს ახლოს და ვისთან უნდა წავიდეს შორს!.. კონსტანტინეს გმირული ამოსვლის ამბავიც გავიშინაურეთ და გულს კიდევ რაღაც უნდოდა... რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ კონსტანტინეს გმირობა დაეჩრდილა? თქვენ წარმოიდგინეთ, მოხდა! უცებ ეზოდან ძახილი გავიგონეთ. ვინ უნდა იყოს?  შუაღამე გადასულია, აღარავის მოლოდინი აღარ გვაქვს... კარი იღება, ოთახში თამარ ჭავჭავაძე შემოდის. უკან ორი ვაჟკაცი მოსდევს, თამარი ომახიანად იძახის: - ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!.. წეღან კონსტანტინეს შემოსვლას ყველა ტაშით და აღტაცებით შეხვდა, თამარის შემოსვლას კი ღიმილით და გაოცებით ხვდება... სტუმართაგან მხოლოდ კონსტანტინემ იცის, ადვილია თუ არა შუაღამისას ამ გზებზე სიარული, ისიც ქალისთვის... თამარის სადღეგრძელო პირველად კონსტანტინემ აიღო. ყველა გაჩუმდა. კარლოს და გრიშას ქირქილიც კი შესწყდა, აბა, რას იტყვისო, ერთმანეთს შესცინეს სახეში, თან თვალს კონსტანტინესკენ აპარებენ. კონსტანტინემ ქართველი ქალის სადღეგრძელო თქვა... მერე უცებ მიუბრუნდა თამარს და ხუმრობით მიაძახა: იცოდე, თამარ, დიაცი რომ არ იყო, ჩემი დაჯაბნისთვის დღესვე, აი, ამ დარბაზში ხმალში გამოგიწვევდიო... გარეთ უკვე აღარ წვიმდა... სუფრა თხელდებოდა. კონსტანტინე ჩემი სახლიკაცის ოჯახში გადავიყვანე და მოვასვენე. მე ორი ღამის უძილო ვიყავი, მაგრამ ძილს ვინ მაღირსებდა. დილით ჯერ აივანზე გავშალეთ სუფრა, მერე გავიმთაბარეთ... გამთაბარება ჰქვია ძველებურ წესს: ოჯახის ბედნიერება მიცვალებულთაც უნდა გაიგონ... ღვინო, ხორაგი პატარა საგვარეულო ეკლესიის ეზოში წავიღეთ. სუფრა ახლა საფლავებზე გავშალეთ... ორშაბათი დილა იყო. კონსტანტინეს თბილისში აუცილებელი საქმე ჰქონდა. მეც კასპში უნდა გავსულიყავი, გაკვეთილებს ვერ გავაცდენდი. თითო ჭიქა სადა არაყი დავლიეთ. კონსტანტინემ ოდნავ წაიხემსა, მგონი, ხაში გვქონდა... მამაჩემმა სოფელს გამოგვაცილა... ორი დღეღამის უძილო ძლივს ვუსწორებდი მხარს. მხნედ მიდიოდა, სუფთად ეცვა: წაბლისფერი კოსტიუმი, მარცხენა გულისჯიბეში – პატარა ფერადი ცხვირსახოცი. ჩემს ფეხსაცმელს ძირი ასძვრა და საცოდავად მივაფრატუნებდი მარცხენა ფეხს... კავთისხევის სადგურზე ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. თბილისისკენ მიმავალი მატარებელი მალე ჩამოდგა. გამოვეთხოვე კონსტანტინეს და მარტო დავრჩი. მე კასპში უნდა ავსულიყავი და ორი დღეღამის უძილოს ექვსი გაკვეთილი ჩამეტარებინა. თბილისიდან მატარებელი ორი საათის შემდეგ ამოივლიდა, მე კი ნახევარ საათში გაკვეთილები მეწყებოდა...“

скачать dle 11.3