კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აცილებდა ჯანო იზორია წლების განმავლობაში ყოველდღე თბილისი-ფოთის მატარებელს და როგორ აპირებს ის ცოლისთვის ბანკის გახსნას

ჯანო იზორია ცხელ ზაფხულს თავის მშობლიურ ქალაქში, ფოთში ატარებს, რადგან გარკვეული საქმეები აქვს. ჯანოს ზაფხულთან ერთად მუდამ ბავშვობა ახსენდება, აფხაზეთი, თავისი სოფელი და ძალიან სტკივა გული, რომ იქ გადასვლას ვეღარ ახერხებს.
ჯანო იზორია: რა თქმა უნდა, მეც მიყვარს დასვენება, ოღონდ უფრო წყნარ, ჩუმ ადგილას. ჩემი სოფელი მომენატრა აფხაზეთში, დიდი ნოსტალგია მაქვს. თუმცა, სამეგრელოში მოვახერხე წასვლა, პროექტის შემდეგ იქაურებს უნდოდათ ჩემი ნახვა. ხომ იცი, სამეგრელოში როგორ იციან: თხა დაკლეს, ღვინო, ქეიფი. საღამოს მდინარეზე სათევზაოდ წამიყვანეს, დილით – კურდღელზე სანადიროდ, მოკლედ, საოცარი დახვედრა მომიწყვეს. ისე, ფოთში ვარ, რეპეტიციები მაქვს. ჩვენი ქალაქის საიუბილეო თარიღია, ეპარქიის. ღონისძიება იმართება და დაკავებული ვარ ჩემი მეგობრების თხოვნით.
– როგორ ატარებდი ბავშვობაში ზაფხულს აფხაზეთში?
– მაისის თვეში, როგორც კი ჩავდიოდი და მოვისვრიდი ფეხსაცმელს, სექტემბრის ბოლოს მაცმევდნენ. ფეხი ჩლიქივით მქონდა, ისეთი დამუშავებული იყო არაფერი არ მერჭობოდა, ხრეშიან გზაზე ისე გავრბოდი, კაციშვილი ვერ მასწრებდა. ისე მენატრება იქაურობა. ჩემი ძმისშვილი, სესილი გადავიდა, ჩემმა ძმამ მიიყვანა საზღვარზე და იქით მხარეს დედაჩემი და მამაჩემი დახვდნენ... იქაური ჩვენი ნათესავები, მისი ტოლა ბიჭები. „ბულკები” და ლიმონათები გადაუტანა. ჩემი ძმა ყველაფერს დურბინდით უყურებდა. ვეუბნებოდი: ამას მუსიკა რომ დაადო, კინოა-მეთქი... ერთხელ მკითხეს, შენთვის თავისუფლება რა არისო და ვუპასუხე: ზღვაზე ჩემს გემოზე რომ დავდიოდე-მეთქი. ჩემი თავისუფლება იყო: „დედა, ზღვაზე მივდივარ”. მანამდე ვიპარებოდით, გაცვეთილი ტრუსიკებით, ბოდიში და, დუნდულები გვიჩანდა ქვებზე ხტომისგან და ხოხიალისგან. ბრინჯაოსფერები ვიყავით. მიდიებს ვჭამდით. კიბორჩხალებს ვიჭერდით, ნაკვერჩხლებზე ვწვავდით, მერე „მგელობანას” ვთამაშობდით.  შუაზე ვიყოფოდით, მგელი ხარო... და მოგვსდევდა წყალში. ნიკოლაძის დროინდელი ჩაყრილი ლოდებია, ლაბირინთებია, ვიმალებოდით და მერე ვპოულობდით ერთმანეთს. თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, ყოველ დილით თბილისი-ფოთის მატარებელს ვაცილედი გამცილებელივით. ვაგზალზე გავდიოდი, ფოთელებს ვპოულობდი, ვეხუტებოდი. ისინი არ მეკითხებოდნენ: როდის ჩამოხვალო, მე ვეუბნებოდი: ახალ წელს იქ ვიქნები. თოლიას რომ ვნახავდი მტკვარზე, მეტირებოდა. ხიდზე დავმდგარვარ და მიტირია...
– ფოთში დღემდე, ალბათ, განსაკუთრებული სიყვარულით გხვდებიან.
– ახალი მოპედი ვიყიდე – საათში 60 კილომეტრს ავითარებს. სიგნალი მეორეჯერ გამოვცვალე. ისეთი საჭე აქვს, ხელი რომ გავუშვა, დავეზნეყები, ამიტომ სიგნალია ჩემი ემოციების გამოხატვის საშუალება. გაბმულ სიგნალს მივცემ ხოლმე და ამით ვეუბნები: „მიყვარხართ.” მოკლედ, დავპიპინებ ქალაქში და მიხარია, რომ ხალხი ასეთი სიყვარულით მხვდება. მოპედზე დიპლომატიური ნომერი მაქვს: ჯანო აწერია და ვღადაობ ხოლმე – 10 ათასი მაქვს გადახდილი-მეთქი.
– იბიცაზე მიდიხარ?
– იბიცა ბარსელონაზე გადავცვალეთ და მე და ნინო მივდივართ, ორივე ვგიჟდებით მოგზაურობაზე. ბარსელონა მაინც სხვაა, ბევრი მოპედიც არის, შემიძლია, ვიქირავო, თან, მინდა, გაუდის არქიტექტურა საკუთარი თვალით შევიგრძნო, ნოუ-კამპი ჩემს გემოზე დავათვალიერო, გავმდიდრდე ამ ყველაფრით. მე და ნინო წავალთ და ევა, ალბათ, გვაპატიებს, რომ ვტოვებთ. მერე ევასთვისაც მოვიგებ რამე პროექტს, რადგან მე და ნინო შეყვარებულები რომ ვიყავით, მაშინაც მოვიგე საგზური ეგვიპტეში. ჩავფრინდით ეგვიპტეში, შეყვარებულები ჩავფრინდით და იქიდან ცოლ-ქმარი დავბრუნდით. ბევრი ვიყვინთავეთ და ზღვის ფსკერზე ისეთი ქალი რომ ჩამომყვა, რომელმაც ცურვა არ იცოდა, ვიფიქრე, უნდა ვენდოთ-მეთქი ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით.
– ახლა ბარსელონაში მოიწყობთ მეორე თაფლობის თვეს.
– ეს სავსებით შესაძლებელია.
– როგორ გაქვთ შენ და ნინოს ოჯახში უფლებები გადანაწილებული?
– რაც კი გვაქვს, ვცდილობთ გავანაწილოთ, ვიკმაროთ. ჩემი ნინო ისეთი ტიპია, ვხუმრობ ხოლმე „ნინო ბანკი” უნდა გავხსნა-მეთქი. მეტი დისციპლინა აქვს, იცის როგორ, რატომ... მე უფრო სხვანაირი ვარ, ფული რომ მაქვს, მეტად მხარჯველი ვარ. ყოველთვის ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თუმცა ზოგჯერ დავა გვიწევს, მე ცოტა აჩქარებული ადამიანი ვარ. შეიძლება, რაღაც დამავიწყდეს, ნინო ბლოკნოტში იწერს: ხვალ აქ უნდა მივიდეთ, ეს უნდა გავაკეთოთ. მე ავტოპილოტს ჩავრთავ და სადაც მივალ  და რასაც მოვასწრებ, იმას ვაკეთებ. თუმცა, არც მე ვარ უყურადღებო, უბრალოდ, გონება მეღლება, ბევრი საფიქრალიც მაქვს და პროფესიაც ისეთი მაქვს. სამაგიეროდ, ვაბალანსებთ ერთმანეთს.
– ცოლი – სამზარეულოში და ქმარი – სამსახურში... არ იქნება თქვენთან ასე.
– ნინო სამზარეულოს ამბავში ცოტა ისეა, მაგრამ რასაც აკეთებს, ჩემთვის ყველაზე გემრიელია. ერთად გაგვიკეთებია რაღაცეები. ფოთში, თეატრში რომ მოიწვიეს, ერთ დღეს მითხრა, ბლინები მიყვარსო. ვეპრანჭებოდი და გადავწყვიტე ბლინები გამეკეთებინა. ტაფაზე ვასხამდი, მერე ვითომ ვჟონგლიორობდი, რაღაცნაირად გამომდიოდა და მერე ჩემი ხელით ვაჭმევდი. როცა თბილისში ვართ, ნინოს დედა თავის თავზე იღებს გემრიელი კერძების მომზადებას, მაგრამ ჩვენც გამოგვივა, მერე ევა წამოიზრდება და იმასაც ვასწავლით.
– რა ხდება შენს ბინაზე?
– უკვე დაწყებულია მშენებლობა, 2017 წლის დეკემბერში უნდა ჩამბარდეს თეთრი კარკასით. მერე მივხედავ, მინდა ჩემებური რემონტი გავაკეთო. არ გადავპრანჭავ. პირველი ღამის ჩემს ბინაში გათენებას ველოდები. რამდენი წელია, ძმაკაცებშიც ვამბობდი, მინდა, ამ დღეს ლაღიძის „თბილისოს” ძველი ჩანაწერი ჩავრთო, პლასტინკის ეფექტი რომ აქვს: ხხხხ – ასე, რომ, იწყება „ნეტავ, სად არის კიდევ ცა”..… იმიტომ კი არა, რომ თბილისელობა მინდა, ფოთელი ვარ, მაგრამ ეს ჩემს საქმეს, ჩემს ოჯახს სჭირდება. ჩავრთავ ამ ლეგენდარულ სიმღერა, ფანჯრებს გავაღებ და მოვწყდები მიწიდან... დავეშვები, არ აქვს მნიშვნელობა ეს „ლეჟანკა” იქნება თუ „ლუდოვიკოს სპალნა”. მთავარია, ჩემს იატაკზე ვიწვე და ჩემს ჭერს ვუყურებდე. დღესვე რომ გარდავიცვალო, მეცოდინება, რომ ჩემს შვილს რაღაც გავუკეთე. ის ყოველთვის იამაყებს იმით, რომ „სუხიშვილებმა”, „სვეტმა” ჩემს მამაკოს სახლი აჩუქესო.

скачать dle 11.3