კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

ტიტე ბუკიას ბოლო ფრაზაზე გოკიელს გაეცინა და მაიორს უთხრა:
– მადლობელი ვარ ჩემი ასეთი შეფასებისთვის. როგორც ვხვდები, მთელი ეს კომბინაცია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგეგმა ვიღაცამ, რომ საქმიანობას ჩამომაშორონ. ამიტომ, ყურად ვიღებ თქვენს სიტყვებს და გავუჩინარდები, მაგრამ, სად და როდემდე? თანაც... – გოკიელმა ხელი ჩაიქნია და სიგარეტი გააბოლა.
– ფული და დასამალი ადგილი არ გაქვთ, ბატონო პავლე? – ჰკითხა გოკიელს ტიტე ბუკიამ.
– რაც არ უნდა იმალო, ბოლომდე მაინც ვერსად დაიმალები, მით უმეტეს, ჩემს მდგომარეობაში მყოფი კაცი. ფული კი ოთხი ათასი ევროღა მაქვს დარჩენილი. ეს სახლი თორმეტად ჩავუდე ბანკს, რვა კი წამლის მომზადებაში დამეხარჯა... – ნაღვლიანად თქვა პროფესორმა და სიგარეტი მოქაჩა.
ზაზა ბუკიამ, რომელიც გოკიელს აღმერთებდა, ისევე, როგორც დანარჩენი განკურნებულები, თავის ძმას შეხედა და უთხრა:
– რადგან ბატონ პავლეს დასამალი არსად აქვს, ვალდებულები ვართ, დავეხმაროთ მას. ჩვენს სახლში ხომ არ დავმალოთ?
– სახლში არ ივარგებს, – თავი გააქნია ტიტემ.
– აბა, სად? კაცს შველა სჭირდება და მოიფიქრე რამე.
– მაქვს მე ერთი საიმედო ადგილი და იქ წავიყვან ბატონ პავლეს, – მიუგო ძმას ტიტე ბუკიამ.
– ისეთი რა საიმედო ადგილი გაქვს, რომელიც მე არ ვიცი? – გაუკვირდა ზაზა ბუკიას.
– მოკლედ, მაქვს, რა გინდა შენ? ბატონი პავლე იქ უსაფრთხოდ იქნება, – თქვა ტიტემ, ზაზამ კი ძმას შეუტია:
– რას ჰქვია, რა მინდა! არ მენდობი თუ რაშია საქმე?
– ორი თვის წინ სამოთახიანი ბინა შევიძინე საბურთალოზე და არ გითხარით. მარტო მე ვიცოდი და ახლა შენ და ბატონმა პავლემაც იცით. მაგრამ, ენას კბილი დააჭირე, ზაზა და, იცოდე, არავისთან წამოგცდეს ეს ამბავი, განსაკუთრებით კი – ცირასთან. გასაგებია?
ზაზა ბუკიას ძმის სიტყვებზე ირონიულად ჩაეცინა, თავი გააქნია და ტიტეს უთხრა:
– გასაგებია ყველაფერი, შენს ტურფას უყიდე, ხომ?
– რის ტურფას, ბავშვისთვის ვიყიდე, რომ გაიზრდება, გამოადგება.
– არ ეშვები, ხომ, მრუშობას? ხომ შემპირდი, ნუკას თავს დავანებებო? შენ კი ბინა გიყიდია, რომ ცირასგან ფარულად შეხვდე შენს საყვარელს, – აღშფოთდა ზაზა.
– მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. რაც მთავარია, ეს ბინა „სუფთაა“ და მის შესახებ არც ნუკამ იცის, თანაც, დრო არ ითმენს და, ჯობია, საქმეს მივხედოთ, – თქვა ტიტე ბუკიამ, შემდეგ პავლე გოკიელს კონსპირაციული ბინის მისამართი უკარნახა და დაამატა: – მე და ზაზა ახლა იქ წავალთ და ათ წუთში თქვენც წამოდით. მხოლოდ ერთი ჩანთა წამოიღეთ და, რაც ყუველაზე მეტად გჭირდებათ, ის ნივთები ჩაალაგეთ. ბინაში ყველაფერი მაქვს და კომფორტულად მოეწყობით. მეტროს, სამარშრუტო და კერძო ტაქსებს არ გაეკაროთ, ავტობუსით იმოძრავეთ, მაგრამ ეცადეთ, მაქსიმალურად შეინიღბოთ, რომ არავინ გიცნოთ. მადლობა ღმერთს, რომ იმ კორპუსში ჯერ ვიდეოკამერები არ მოქმედებს და უსაფრთხოდ და შეუმჩნევლად შემოხვალთ. აბა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ჩვენ წავედით.
ძმები ბუკიები რომ წავიდნენ, პავლე გოკიელმა ტყავის დიდ ჩანთაში ერთი ხელი საცვლები, ერთი ხელი ტანისამოსი, ოთხი ათასი ევრო და ოჯახური ალბომი ჩაალაგა; შემდეგ სეიფიდან თავისი ცხოვრების მთავარი ნამოღვაწარი – ანტიონკოლოგინზე მუშაობისას გაკეთებული ცდების ჩანაწერები გამოიღო, რომელიც სქელ ჟურნალში ჰქონდა გაკეთებული და ჩანთის ფსკერზე მოათავსა. ჩანაწერებში კიბოს წამლის ფორმულა არ ეწერა, და რაც უნდა მცოდნე სპეციალისტს წაეკითხა, წამალს მაინც ვერ დაამზადებდა. წამლის ფორმულას და მისი დამზადების ტექნოლოგიას პროფესორი ტვინში ინახავდა, ჩანაწერები კი მეცნიერული ნაშრომის გამოსაქვეყნებლად სჭირდებოდა, რაშიც, როგორც გოკიელი დარწმუნებული იყო, ნობელის პრემიას მიიღებდა მედიცინა-ფიზიოლოგიის დარგში... ჩანთა რომ ჩაკეტა, გოკიელმა მუქი სათვალე გაიკეთა, თავზე ჟოკეის ქუდი დაიხურა, სახის ქვედა ნაწილი რომ დაეფარა, გრიპის საწინააღმდეგო პირბადე გაიკეთა და სახლიდან გავიდა. ეზოში შეყოვნდა, თავისი ექვსივე ნაგაზი დააბა, რომ მის ასაყვანად მისულ პოლიციელებს ძაღლები არ დაეხოცათ, რადგან ისინი უცხოებს ეზოში არ შეუშვებდნენ. ბოლოს მიუალერსა მათ და ქუჩაში გავიდა...
პროფესორი პავლე გოკიელი ფრთხილად დაეშვა ლოტკინის დაღმართზე და სწორედ იმ დროს შეუხვია ავტობუის გაჩერებისკენ, როდესაც მას გვერდზე ჩაუქროლეს პოლიციის ახალთახალმა „ჯიპებმა“ – სამ „ჯიპში“ მსხდარი პოლიციელები სწორედ მის დასაპატიმრებლად მიიჩქაროდნენ და პროფესორმა მათ სულ რაღაც ორიოდე წუთით გამოასწრო სახლიდან. ეს ყველაფერი რომ გაიაზრა, პირჯვარი გადაიწერა, გულში ღმერთს მადლობა გადაუხადა და ქვევით მიმავალ ავტობუსში ავიდა...
ლოტკინიდან კონსპირაციულ ბინაში მისვლას პავლე გოკიელმა ორმოცი წუთი მოანდომა და, ისიც იმიტომ, რომ, როგორც ტიტე ბუკიამ უთხრა, მხოლოდ ავტობუსით მგზავრობდა და სამჯერ მოუწია გადაჯდომა.
ტიტე ბუკიას კონსპირაციული ბინა ბახტრიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე მდებარეობდა. მობინადრეები იქ კანტიკუნტად ცხოვრობდნენ, რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და იქაურობა მტვრითა და ტალახით იყო სავსე. პოლიციის მაიორმა ეს ბინა სპეციალურად იმისთვის იყიდა, რომ იქ თავის საყვარელს, 29 წლის ნუკას შეხვედროდა ხოლმე ფარულად. ნუკა ჭყონია პროფესიით ექიმი იყო და თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში მუშაობდა კარდიოლოგად, ამჟამად კი ექვსი თვით გერმანიაში იმყოფებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ტიტემ მას სიურპრიზი გაუკეთა.
პროფესორი პავლე გოკიელი ფეხით აუყვა კიბეებს და ბინაში რომ შედგა ფეხი, ტიტე ბუკიამ მას ჰკითხა:
– როგორ იმგზავრეთ, ბატონო პავლე, ხომ არ გაგიჭირდათ მოგნება?
– მოგნება არ გამჭირვებია. მართალია, სამჯერ მომიწია გადაჯდომა, მაგრამ, უსაფრთხოდ ვიმგზავრე და არც ნაცნობი შემხვედრია. თუმცა, ორი-სამი წუთიც რომ შევყოვნებულიყავი სახლში, ახლა აქ არ ვიქნებოდი და თქვენს კოლეგებს ვეყოლებოდი ხელბორკილებდადებული, – მიუგო მაიორს პროფესორმა, – სახლიდან სულ რაღაც  სამასიოდე მეტრის მოშორებით ვიყავი, როდესაც პოლიციის სამმა ახალთახალმა „ჯიპმა“ ჩამიქროლა. ბეწვზე ვარ გადარჩენილი.
პავლე გოკიელის სიტყვებზე ტიტე ბუკია გაფითრდა და თქვა:
– არ მეგონა, თუ ასე სწრაფად მოვიდოდნენ თქვენს დასაპატიმრებლად, მართლა ბეწვზე ხართ გადარჩენილი. როგორც ჩანს, ვიღაცა ძალიან ჩქარობს თქვენს დაჭერას და, მადლობა ღმერთს, რომ ეს არ მოხდა.
– არც მოხდებოდა. ღმერთი  სამართლიანია და ბატონი პავლესნაირ ადამიანს არ გაწირავს, – თქვა ზაზა ბუკიამ, ტიტემ კი დაამატა:
– ახლა შეფუცხუნდებიან და თქვენს ტოტალურ ძებნას დაიწყებენ, მაგრამ ვერაფერს გამორჩებიან. მთავარია, რომ მხოლოდ ავტობუსებით იმგზავრეთ და ტაქსებს, განსაკუთრებით კი მეტროს არ გაჰკარებიხართ.
– რომ გაჰკარებოდა, რაა, რო?! – ჩაერთო კვლავ ზაზა ბუკია.
– რა და, ძალიან საშიშია, – მიუგო ტიტემ ძმას.
– მაინც, რითია საშიში? – არ ცხრებოდა ზაზა.
– რითია და, მეტროში უამრავი ვიდეო კამერაა დამონტაჟებული, ჩვენი ძებნის სამსახურს კი სპეციალური პროგრამა აქვს. როდესაც ამ პროგრამას ქსელში შეუშვებს, სულ რამდენიმე წამში ამოვარდება ძებნილის კადრები, თუ, რა თქმა უნდა, მეტროთი იმგზავრა – ასე მისი მოძრაობის მიმართულებაც დადგინდება და ძებნის კვადრატიც შემცირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისში ყოველ ნაბიჯზე ვიდეოთვალია დამონტაჟებული, მეტროში დაფიქსირებული ძებნილის ადგილსამყოფლის დადგენა თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტითაა შესაძლებელი. თავს დავდებ, რომ ძებნის სამსახური ახლა მეტროს ჩანაწერების გაშიფვრითაა დაკავებული და ბატონი პავლეს კვალზე დადგომას ცდილობენ.
– ბევრს ვერაფერს აღმოაჩენენ, – გაეცინა ზაზა ბუკიას და ძმას ჰკითხა: – მეტროში რომ ვერ იპოვიან, შემდეგ რას იზამენ?
– ქუჩების ვიდეოთვალით დაიწყებენ ძებნას, მაგრამ ამ გზით ძებნილის პოვნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეტროს მეშვეობით – აქ უფრო გამართლებაა საჭირო. ერთი სიტყვით, ჩემს კოლეგებს ძალიან უნდა გაუმართლოთ.
– ღმერთმა არ გაუმართლოთ... – დააყოლა ზაზა ბუკიამ, რაშიც მას ტიტეც დაეთანხმა და გოკიელს უთხრა:
– ბატონო პავლე, სახლში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გარეთ გასვლა არ მოგიწიოთ. არც აივანზე გახვიდეთ. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა, მობილური ტელეფონი ხომ არ გაქვთ თან?
– არა. მე ის საკანალიზაციო ჭაში ჩავაგდე, როდესაც ლოტკინიდან მოვდიოდი, –  მიუგო გოკიელმა.
– ძალიან კარგი. ახლა ჩვენ წავალთ, თქვენ კი დაისვენეთ. საღამოს მოგაკითხავთ. გასაღები თან მაქვს და მე თვითონ შემოვალ. აბა, შეხვედრამდე, – თქვა მაიორმა და ძმები წავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მაიორი ზურაბ ნინიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ განყოფილებაში მუშაობდა და საქმეების გამოძიება მას არ ეხებოდა, პროფესორის საქმე მაინც მას გადასცეს. პოლიციის შინაგანაწესით ასეთი რამ დაშვებული იყო და ხელმძღვანელობის განკარგულება სჭირდებოდა. ასეთი განკარგულების მიღება კი გაიძვერა, მოღალატე და კორუმპირებულ მაიორს არ გასჭირვებია. ნინიძემ თავისი უშუალო უფროსი, მასზე არანაკლებ გაიძვერა და კორუმპირებული, კაბინეტში დაიმარტოხელა და პროფესორის საქმის მისთვის გადაცემა მოსთხოვა.
– კი მაგრამ, რატომ, რაში გჭირდება ეს საქმე? – ჰკითხა ნინიძეს განყოფილების უფროსმა.
– ორიოდე თვით ციხეში რომ ჩავსვა, – პირდაპირ მიუგო მაიორმა.
– რას ერჩი, ან, რატომ უნდა ჩასვა ციხეში? ის ხომ უდანაშაულოა და შენ რა ხეირს ნახავ ამით?
– დიდ ხეირს რომ ვნახავთ ორივე, სწორედ ამიტომ მოვედი შენთან.
ნინიძის უფროსმა ფული იყნოსა,. მხრები აათამაშა და ხელქვეითსა და თანამზრახველს უთხრა:
– ყოველგვარი რიჟა ბაზრის გარეშე მითხარი, რა ხდება. არაფერი დამიმალო, თორემ... – უფროსმა თითი დაუქნია მაიორს, პათოლოგიურად გაეცინა და თავიც დაუქნია, რაც იმას ნიშნავდა – იბაზრეო.
– რა რიჟა ბაზარი! ეს აფერისტი ექიმი უკვე ყელში ჰყავს ამოსული ყველას. ხალხს ატყუებს – კიბოს წამალი გამოვიგონეო და მაყუთებს აწერს კიბოიანებს. ჩემი ნაცნობები კი ხუთი ათას ევროს იხდიან, თუკი მას დავატორმუზებთ, რომ ნამდვილ ექიმებს პაციენტები არ წაართვას. აქამდე პრიჩინა არ იყო, ახლა კი გაიჩითა. ჩავავლებ, ორი თვით კამერაში ჩავაგდებ და აფერისტობის ხოშიც გაუქრება. რა გენაღვლება, დარმავოი ფულია და შუაზე გავტეხოთ. ორ-ნახევარი – შენ, ორ-ნახევარი – მე, – სხაპასხუპით მიაყარა უფროსს ნინიძემ.
მაიორის უფროსმა მშვიდად მოისმინა ნინიძის სიტყვები და უთხრა:
– რა აფერისტი, ყველა ტელევიზია გოკიელის აღმოჩენაზე ლაპარაკობს. რაღაცას იტყუები.
– რას ვიტყუები, – ხელები გაშალა ნინიძემ, – ყველა რომ ამაზე ლაპარაკობს, მაყუთსაც ამიტომ იხდიან. იმ ახვარმა ისე დააბოლა ყველა, რომ რეკლამას უკეთებენ! რა, ვერ ხვდები?
– გოკიელის დაჭერაში მაყუთს ვინ იხდის?
– კიბოს ექიმები. ჩემი ცოლის ნათესავია კლინიკის უფროსი და მან შემომთავაზა მაყუთი, – იცრუა ნინიძემ.
– რამდენს იხდიან?
– ხუთი ათას ევროს.
– ცოტაა. მინიმუმ, უნდა გააორმაგონ. ორ-ნახევრად ამ საქმეს ვერ გავაკეთებ. ფულის მეტი რა აქვთ ონკოლოგებს! მოჯვან ათი ათასი ევრო და ბაზარი არაა,  – მტკიცედ თქვა ნინიძის უფროსმა, თუმცა ორ-ნახევარ ათას ევროდაც თანახმა იყო გოკიელის დაპატიმრებაზე, მაგრამ, როგორც ყველა კორუმპირებულსა და გაიძვერას სჩვევია, შევაჭრება სცადა.
ნინიძე თავის უფროსზე მეტად გაიძვერა და გამოცდილი იყო, მშვენივრად ერკვეოდა ასეთ უმსგავსობებში და უფროსს მიუგო:
– არა, ხუთზე მეტს არ იხდიან, – მაიორი სკამიდან წამოდგა, ვითომ კაბინეტიდან გასვლას აპირებდა და დაამატა: – გარიგება არ შედგა. ჩვენ არაფერზე გვიბაზრია. წავედი...
– მოიცა! – იღრიალა ნინიძის უფროსმა. გაიძვერა მაიორმა გაოცებული სახე მიიღო და ჰკითხა:
– რა ხდება?
– ჯანდაბას, მოიტანე ორ-ნახევარი. ერთ საათში პროფესორის საქმეს დაგაწერ, – თქვა ნინიძის უფროსმა.
– ასე რა, შე დალოცვილო, რას მანერვიულებდი. აი ფული, – თქვა მაიორმა, თავის უფროსს მაგიდაზე ოცდახუთი ცალი ასევროიანი დაუდო და დაამატა, – უარი რომ გეთქვა, ხუთასი ევრო ვალად დამედებოდა. კიდევ კარგი, რომ ეს საქმე არ გამაზე.
სინამდვილეში ზურაბ ნინიძეს პროფესორის დაჭერაში ორმოცდაათი ათასი ევრო გადაუხადეს. როდესაც პროფესორის სახლში მომხდარი ინციდენტის ამბავი გახმაურდა, ეს უკვე ერთი საათის შემდეგ იცოდა მილიარდერმა საქსმა. კორპორაციის მფლობელმა ვერნერისა და ბარდენისგანაც იცოდა პროფესორის უარის ამბავი თანამშრომლობაზე. ამიტომ, ყველა ინფორმაცია რომ შეაჯამა და გააანალიზა, საქსი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გოკიელზე უფრო ძლიერი ზეწოლის განხორციელება იყო საჭირო და, თუ არც ეს გაჭრიდა, მაშინ მის ლიკვიდაციას გეგმავდა. ამიტომ ჯონ მოზესი დაიბარა და უთხრა:
– მოკლედ, ასე ქენი: იქნებ შენი ნაცნობი პოლიციელის მეშვეობით გოკიელი დააკავონ და კიდევ ერთხელ სცადეთ მისი გადმობირება. თუ არ გამოვა, მოკალით.
მოზესი პალიკოსა და შარმის მეშვეობით დაუკავშირდა ნინიძეს, ორმოცდაათი ათასი ევრო გადაუხადა და მას საქსის მიერ მოფიქრებული გეგმის განხორციელება დაავალა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3