კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აპირებდა ჰიტლერზე თავდასხმას სტალინი

1941წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დიდი სამამულო ომის პირველი ექვსი თვე დიდი დანაკარგებით წარიმართა საბჭოთა კავშირისთვის და ქვეყანა უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. დაიღუპა ორ მილიონზე მეტი ადამიანი. ამდენივე ტყვედ ჩავარდა და სახელმწიფოს უზარმაზარი მატერიალური ზიანი მიადგა. მრავალი წლის განმავლობაში მთელ ამ უბედურებას ერთადერთ ადამიანს – სტალინს აბრალებდნენ... პროფესორი ტიმოფეი ალექსეევი წერს: „მავანნი და დასავლეთის მიერ წაქეზებული ანტისტალინისტები საბჭოთა ბელადის დამცირების მიზნით ამტკიცებდნენ, რომ ვითომ სტალინი ჰიტლერის თავდასხმამ შოკში ჩააგდო, პირველი სამი დღე პარალიზებული და ქმედითუუნარო იყოო. ამის დასტურად კი ის მოჰყავთ, რომ 22 ივნისს, შუადღეს საბჭოთა ხალხის წინაშე მიმართვით სტალინის ნაცვლად მოლოტოვი წარსდგა... არსებობს აკადემიკოსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ევგენი პორტნოვის დოკუმენტურად დადასტურებული განცხადება, რომ სტალინი 20-30 ივნისს ანგინის უმძიმესი ფორმით იყო ავად. მას მაღალი სიცხეები ჰქონდა და რადიოთი გამოსვლა კი არა,  საჭმლის ჭამაც არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ბელადი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა და წამითაც არ დაუკარგავს კონტროლი ქვეყანაზე, ანუ სახელმწიფოს მართვაზე...
1940 წლის დასაწყისში, როგორც კი საბჭოთა მზვერავებმა სტალინს „ბარბაროსა“ (საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა) დაუდეს, ბელადმა 19 იანვარს კუნცევოში თავდაცვის მინისტრი კლიმენტი ვოროშილოვი დაიბარა გენშტაბის უფროს ბორის შაპოშნიკოვთან ერთად და მათ „ბარბაროსას“ შესახებ აუწყა ბოლოს კი ვოროშილოვს ჰკითხა:
– რას იტყვი, კლიმ? შენი აზრი მაინტერესებს.
– რა უნდა გითხრა, კობა. ამას ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვვარაუდობდით. „სერპანტინზე“ მუშაობა უნდა დავაჩქაროთ, – მიუგო ვოროშილოვმა სტალინს.
– მართალი ხარ, – დაეთანხმა ბელადი თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის უფროსს მიუბრუნდა:
– ბორის მიხაილოვიჩ, როგორ მიმდინარეობს „სერპანტინისთვის“ მზადება?
– გეგმურად, ამხანაგო სტალინ. ჯგუფების შეკრება, შეიარაღება და მომზადება ზუსტ გრაფიკშია ჩასმული, – ზოგადად თქვა შაპოშნიკოვმა.
– კონკრეტულ ციფრებზე გადადით, – თქვა სტალინმა. შაპოშნიკოვმა კი ჩაახველა და ბელადს ზეპირად მოახსენა:
– ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი წლის პირველი მაისიდან დღემდე მომზადებულია პარაშუტისტთა ათი ათასი ჯგუფი. თითოეული მათგანი უახლესი მსუბუქი შეიარაღებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებითაა აღჭურვილი. აგრეთვე, ათდღიანი მშრალი საკვები აქვთ და ნებისმიერ დროს მზად არიან ბრძანების შესასრულებლად, ანუ – „დღე იქსისთვის“ – შაპოშნიკოვი გაჩუმდა და სტალინს მიაჩერდა, ბელადმა კი მას „ბარბაროსაზე“ მიუთითა და უთხრა:
– ამ ცნობებიდან გამომდინარე, „დღე იქსის“ გადმოწევა მოგვიწევს – „სერპანტინი“ ადრე უნდა ჩავატაროთ. თუმცა, აუცილებელია ოპერაციის ხარისხი ისეთივე დარჩეს, როგორიც დავგეგმეთ.  ყველაფერი მომავალი წლის აგვისტოს მიწურულისთვის უნდა იყოს მზად და ტემპები გაასამმაგეთ. ბოლო სიტყვა ბელადმა დამარცვლით წარმოთქვა და დაამატა, – „ოსოავიაქიმს“ კადრების მოზიდვის ტემპები დააჩქარებინეთ და ჩემს ახალ ბრძანებასთან მოიყვანეთ შესაბამისობაში. მე კი დღესვე დავავალებ შესაბამის უწყებებს, უპირველესად, მსუბუქი შეიარაღებისა და საფრენი აპარატების წარმოება გაასამმაგონ. მოიმატებს, აგრეთვე, უახლესი ტანკებისა და მობილური ჯავშანტექნიკის წარმოებაც. წარმატებას გისურვებთ!
ვოროშილოვი და შაპოშნიკოვი თავიანთ უწყებებში დაბრუნდნენ და სტალინის ბრძანების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ. ბელადმა კი სამხედრო იარაღის მწარმოებელი უწყებების ხელმძღვანელები დაიბარა და იარაღის წარმოების გაზრდა დაავალა. თუმცა, ოპერაცია „სერპანტინის“ შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს.
სტალინისა და საბჭოთა სამხედრო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ საბჭოეთში მკვეთრად გაიზარდა იარაღის წარმოება. „ოსოავიაქიმმა“ კი მუშაობა გაასამმაგა...
„ოსოავიაქიმი“ „დოსააფის“ წინამორბედი, 1927 წელს უშუალოდ სტალინის მითითებით შექმნილი უწყება იყო და მეპარაშუტე ახალგაზრდებს ამზადებდა. ანუ, ერთი შეხედვით, ეს იყო პარაშუტით ხტომის მოყვარულთა კლუბი. სინამდვილეში კი, მომავალ პროფესიონალ მეპარაშუტეებს ამზადებდა და სტალინის ჩანაფიქრით, შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ეს უწყება საიდუმლო ოპერაცია „სერპანტინის“ ბაზას წარმოადგენდა. საიდუმლო ოპერაცია „სერპანტინი“ კი იყო, არც მეტი, არც ნაკლები, ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვით ფაშისტურ გერმანიაში ელვისებური შეჭრის გეგმა ჰაერიდან... შემდეგ ამ ქმედებას უნდა მოჰყოლოდა ჯავშანტექნიკის შეყვანა, რომელიც მედესანტეებს დაეხმარებოდა და საბოლოო ჯამში, სტალინის თქმით, მთელი ევროპა „გაწითლდებოდა“... ანუ, საბჭოთა ბელადი თავადვე გეგმავდა ფაშისტურ გერმანიაზე ელვისებურ თავდასხმასა და ელვისებურ გამარჯვებას. სტალინური „ბლიც-კრიგის“ დაწყების თარიღად კი 1942 წლის აგვისტო იყო მიჩნეული, ანუ  „დღე იქსი“ და სწორედ „ბარბაროსას“ შესახებ მიღებულმა ცნობებმა შეაცვლევინა საბჭოთა ბელადს პირველი გეგმა და ჰიტლერზე თავდასხმა 1941 წლის აგვისტოსთვის გადმოიტანა.
– ჩვენს ყოჩაღ მეომრებს სერპანტინივით ჩამოვყრით ევროპის ცაზე, – ამბობდა სტალინი თავის უახლოეს გარემოცვასთან და ოპერაციის საბოლოო სახელწოდებაც სწორედ მან მოიფიქრა. თითოეული ჯგუფი ათი მეომრისგან შედგებოდა და 1941 წლის აგვისტოსთვის სტალინს ორასი ათასი ჯგუფი, ანუ ორმილიონიანი შეიარაღებული ჯგუფები უნდა დაეტეხა თავზე ფაშისტებისთვის. საგულისხმო ფაქტია, რომ ომის დაწყებისას (22 ივნისს) საბჭოეთს გერმანიაზე სამჯერ მეტი მსუბუქი თვითმფრინავი ჰყავდა, რომლებსაც დესანტირება შეეძლოთ. იმ დროს საბჭოთა კავშირი ორნახევარჯერ მეტ მსუბუქ შეიარაღებას ამზადებდა, ვიდრე გერმანია. მეპარაშუტეთა რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა. გაზრდილი იყო აგრეთვე ჯავშანტექნიკის წარმოებაც და არმიის მომარაგება საკვები პროდუქტებით. ერთი სიტყვით, 22 ივნისისთვის თითქმის დასრულებული იყო „სერპანტინისთვის“ მზადება და ამ ოპერაციის დაწყების თარიღად 1941 წლის 23 აგვისტო, კვირა, ღამის 4 საათი და 30 წუთი დაინიშნა.
სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ თავდასხმისთვის მომზადებულმა საბჭოეთმა ომის დასაწყისში თავდაცვაზე გადაწყობა ვერ მოასწრო. თუმცა ყოვლად გაზვიადებულია ის, რომ თითქოს სტალინი რეალობას მოსწყდა, ჰიტლერს ენდო და ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა.
ფაქტს ოპერაცია „სერპანტინის“ არსებობის შესახებ საბჭოთა კავშირი მხოლოდ იდეოლოგიური მოსაზრებით მალავდა, რადგან პოლიტიკური საბჭოთა დოქტრინა მშვიდობისმოყვარეობასა და პაციფიზმს ქადაგებდა, „სერპანტინი“ კი ამას ხაზს გადაუსვამდა.“

скачать dle 11.3