კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბომბი შენთვის ფეთქდება

 ჰიუ მეიერს იდეალური ან თითქმის იდეალური ცხოვრება ჰქონდა. წარმატებული კომპანიის მეპატრონემ პირადი ცხოვრებაც კარგად ააწყო – იდეალური ცოლი და იდეალური საყვარელი ჰყავდა. ეს ორი ქალი  ერთმანეთს ხელს არაფერში უშლიდა და, მით უფრო, მეიერს არ უშლიდნენ ნერვებს. მაგრამ იდილია უცებ დაირღვა: ორშაბათს, სამსახურში მისულს, მაგიდაზე კონვერტი დახვდა, რომელსაც გამომგზავნის მისამართი არ ეწერა. კორესპონდენციები მის მაგიდაზე ასე პირდაპირ არ ხვდებოდა, მათ ჯერ მდივანი ნახულობდა. მეიერ ჰიუ დიდხანს დასცქეროდა კონვერტს და ფიქრობდა. დაჯდა და ისე გახსნა – კონვერტში ერთადერთი ფოტოსურათი იდო, რომელზეც ახალგაზრდა, სექსუალური ქალი და სამოც წელს მიტანებული, შემელოტებული მამაკაცი იყვნენ გამოსახულნი. ქალი შეილა ბრიევსი იყო, კაცი კი თავად მეიერი გახლდათ... მან ნაკუწებად აქცია ფოტოსურათი, საფერფლეში ჩაყარა და ცეცხლი მოუკიდა. მალე ფეშენებელურ კაბინეტში დამწვრის უსიამოვნო სუნი დადგა. ჰიუ შეიჭმუხნა – ეს გზავნილი სერიოზული უსიამოვნების დასაწყისს ჰგავდა. არც შემცდარა – სამი დღის შემდეგ მაგიდაზე ახალი კონვერტი გაჩნდა, მასში ისევ იდო ფოტოსურათი, თუმცა ახლა პატარა ბარათიც ახლდა: „თუ არ გინდათ, რომ ეს ფოტო თქვენს ცოლს გავუგზავნოთ, ორი ათასი დოლარი ხვალ, ოთხი საათისთვის, ტაიმ-სკვერზე შემნახველ საკანში დატოვეთ ჯორდანის სახელზე. არ გირჩევთ, პოლიციას ან კერძო დეტექტივს შეატყობინოთ, თორემ, თქვენი ცოლი უფრო ადრე გაიგებს ყველაფერს...“
მეიერმა ამოიოხრა. ის ბუნებით პედანტი იყო და ყველაფერი ყოველთვის წესრიგში უნდა ყოფილიყო. ორი ათასი დოლარი მისთვის დიდ დანაკარგს არ წარმოადგენდა, მაგრამ, ხვედობდა, რომ საქმე ამით არ დასრულდებოდა. თუმცა, პირველ ეტაპზე მაინც ჩაყოლა ამჯობინა. მეორე დღეს, ლანჩის დროს, ბანკში გავიდა, ორი ათასი დოლარი გამოიტანა და შანტაჟისტის მოთხოვნა შეასრულა. საღამოს კუჭი ასტკივდა და სოდიანი წყლის დალევა გახდა საჭირო, რამაც გუნება უარესად მოუშხამა.
ორი კვირის შემდეგ კონვერტი ისევ მოვიდა. იმავე ფოტოთი და იმავე შიინაარსის წერილით. მეიერმა ისევ იფიქრა, ბევრი იფიქრა და ორი ათასი დოლარი მითითებულ ადგილზე მიიტანა.
შეილასთან კვირაში ორჯერ – ორშაბათობით და ხუთშაბათობით დადიოდა, დანარჩენ დღეებს კი ცოლთან, გლორიასთან ატარებდა. არასდროს დაინტერესებულა, იცოდა თუ არა გლორიამ მისი და შეილას ამბავი, ყოველ შემთხვევაში, ცოლს ერთხელაც არ უთქვამს საყვედური ქმრისთვის, იგი ყოველთვის სასიამოვნო და ყურადღებიანი იყო. უყვარდა გლორიასთან საუბარი, ჭკვიანი ქალი იყო, საღად მოაზროვნე, მაგრამ, რას მოიმოქმედებდა ეს ჭკვიანი ქალი, თუკი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებოდა, არავინ იცოდა. იქნებ, საკმარისად აღარ მოსჩვენებოდა  ოცი ათასი დოლარი, რომელსაც ყოველთვიურად იღებდა  და განქორწინება მოეთხოვა?! მაშინ კი ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა... ორი თვის განმავლობაში ექვსი ათასი დოლარი რომ გადაიხადა, მიხვდა, რომ რაღაც უნდა მოემოქმედა. არსებობდა ორი გზა – ან შანტაჟისტისთვის ფული აღარ უნდა გადაეხადა და მაშინ უნდა შეგუებოდა იმასაც, რომ ცოლი ფოტოსურათს ნახავდა, ან, შანტაჟისტი უნდა მოეკლა. მაგრამ, რანაირად? დიდი ჰუმანური იდეები არ აწუხებდა და მკვლელობაც არ მიაჩნდა უბედურებად. პრობლემა ის იყო, რომ არ იცოდა, ვინ უნდა მოეკლა... შანტაჟისტს სახეზე არ იცნობდა. ისეთი სულელიც არ იყო, რომ შემნახველ საკანთან ჩასაფრებოდა გაურკვეველ სუბიექტს. შეიძლება, ფულის ასაღებად დაქირავებული კურიერი მისულიყო. მეიერ ჰიუს შანტაჟისტის მოკვლის აზრი გონებიდან არ ამოსდიოდა. უცებ გენიალური იდეა მოუვიდა და გაუხარდა, რომ ინჟინერიაში ასე თუ ისე ერკვეოდა. მეორე დღეს ქალაქის სხვადასხვა მაღაზიაში იყიდა ნიტროგლიცერინი, დეტონატორი, წვრილი სადენები... ხელნაკეთი ბომბის დამზადება არ გასჭირვებია, თანაც, ბომბი იმ პრინციპით დაამზადა, რომ ის არათუ გზავნილის გახსნისას, არამედ, პატარა დარტყმის ან დაცემის დროს აფეთქებულიყო. რა თქმა უნდა, ამ აფეთქებას შეეძლო, მარტო შანტაჟისტი კი არა, გარშემო მყოფებიდანაც მოეკლა ვინმე, მაგრამ ჰიუს ეს არ ადარდებდა. ბომბი სიგარების შესანახ კოლოფში ჩადო და კოლოფი საფოსტო ქაღალდში შეფუთა. ფულსაც სწორედ ასე უგზავნიდა შანტაჟისტს. როცა ბომბი შემნახველ საკანში დატოვა, ისეთი ბედნიერი იყო, რომ პირველად მოუნდა იმ დღეს დადგენილი გრაფიკი შეეცვალა. წესით, სახლში, ცოლთან უნდა მისულიყო, მაგრამ შეილასთან ერთად მხიარულება მოუნდა. შეილა პოპულარული გოგო იყო და ქალაქის ფეშენებელურ უბანში ცხოვრობდა. ბინის ქირას, რა თქმა უნდა, ჰიუ უხდიდა – თვეში ხუთას დოლარს – რაღაც კაპიკებს, როგორც შეილა ამბობდა ხოლმე, ქალი სახლში არ დაუხვდა. ეს არ გაჰკვირვებია, რადგან შეილა მას არ ელოდა. ჰიუს გასაღები ჰქონდა. გადაწყვიტა, შეილასთვის სიურპრიზი მოეწყო: მისთვის საგანგებოდ ამ დღისთვის ნაყიდი ყელსაბამი სარკის წინ დადო და სასტუმრო ოთახში სავარძელზე მოკალათდა. ბინაში შემოსული ადამიანი ერთბაშად ვერც დაინახავდა. კარი ნახევარი საათის შემდეგ გაიღო და შემოსასვლელში ქალების ხმები გაისმა. ჰიუმ ყურადღება დაძაბა: ერთი შეილა იყო; აი, მეორე კი... მეიერს შეაჟრჟოლა. ყურებს არ უჯერებდა. კიდევ უფრო გაოგნდა, როცა ოთახში შეილა და გლორია სიცილით შემოვიდნენ. ჰიუს ლამის სისხლი გაეყინა ძარღვებში – გლორიას ხელში მისი ხელნაკეთი ბომბი ეჭირა. გზავნილი ჯერ ისევ გაუხსნელი იყო.
– კარგ ანკესზე კი წამოვაგეთ, – კისკისებდა შეილა, გლორია კი თავს უქნევდა:
– თუ იწუწუნებს და ფულს აღარ გამოგვიგზავნის, ფოტოსურათი ადრესატს, ანუ მე ჩამბარდება და გავეყრები. წაგებულები მაინც არ დავრჩებით...
ჰიუ პირველად შეილამ დაინახა და შეჰკივლა. სწორედ ეს არ უნდა გაეკეთებინა... გლორიამაც დაინახა ქმარი და დაფრთხა, გზავნილი კი ხელიდან გაუვარდა. ჰიუ მეიერმა შეშინებაც ძლივს მოასწრო. აფეთქების გამაყრუებელი ხმა ჩაესმა და... ირგვლივ სრულმა სიბნელემ დაისადგურა...

скачать dle 11.3