კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასია

–  ბიჭო, რამდენჯერ მოგხვდა ასიას ჯოხიო?
–  სამჯერ, შენო?
–  მე ორჯერო! – ტრაბახობდნენ ბიჭები და, ზურგზე პერანგწამოწეულები, ერთმანეთს ჯოხისგან დატოვებულ ვარდისფერ ზოლებს აჩვენებდნენ.
***
ასია ჩემი სკოლის კარისკაცი იყო, უფრო სწორად კი – კარისქალი. სკოლის პირდაპირ, ბარაკში ცხოვრობდა. პირველ კლასში რომ შემიყვანეს, ასია უკვე „ბებერი” ოყო - ასე, 30-35 წლისა. დაბალი იყო, შავგვრემანი, მოყავისფრო-მოწითალო ფერის თმით, შავი ულვაშებით, ნიკაპზე მეჩხერი წვერით, თითებში გაჩრილი „პრიმა” პაპიროსით, წითელი საყურეებით, მრავალშრიანი ქვედაბოლოთი და თავზე წაკრული ჭრელი ხილაბანდით. მუდმივად ჯოხსა და კეტს შორის, რაღაც საშუალო ეჭირა ხელში. ასიას წყევლა-კრულვა ლოცვა-კურთხევასავით ჩაგვესმოდა, მისგან ბეჭებზე გადაკრული ჯოხი კი მექისის მასაჟივით გვერგებოდა. მიზეზი უამრავი არსებობდა: სკოლაში ადრე მისვლა ან დაგვიანება, სკოლიდან ადრე გასვლა ან გვიან გასვლა, სკოლის ეზოში ფეხბურთის თამაში ან თამაშის ყურება, დერეფანში იატაკზე დაყრილ მასტიკაარეულ ნახერხზე სრიალი ან გორაობა, ჩხუბი ან კინკლაობა, კიბის მოაჯირზე ჩამოსრიალება, ხმამაღლა ლაპარაკი ან, უბრალოდ, თვალში თუ არ მოუხვიდოდი.
–  დარ, დარ, დარ! ვაი, შენ მოკდიი, დაგეყაროს მიწაა! – ჯოხით ხელში გამოგვეკიდებოდა ასია, ჩვენ კი თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით. თუ ვერ დაგვიჭერდა, მეორე თუ არა, მესამე დღეს, მოგვეპარებოდა და ჯოხს გადაგვკრავდა ზურგზე. ვისაც ასიას ჯოხის გადაკვრა არ ჰქონდა ნაგემი, ესე იგი, არაფერს აშავებდა და „დედიკოს ბიჭი” იყო. ზოგჯერ განზრახ მიგვიშვერია ზურგი, რომ ჯოხი მოგვხვედროდა და „დედიკოს ბიჭის” იარლიყი არ აგვწებებოდა. ერთი კლასელი მყავდა, ფრიადოსანი იყო, არაფერს აშავებდა, ამიტომ, ასიას ჯოხის გემო არ იცოდა. სულ დავცინოდით – შენ რა კაცი ხარ, ასიას ჯოხი არ მოგხვედრიაო! ისიც, ადგა და, ცხოვრებაში პირველად, სკოლაში დაიგვიანა, მივიდა და ასიას ზუგი მიუშვირა.
–  შენზე ჯოხს როგორ გავსვრიო! – პანჩური ამოარტყა ასიამ.
იცოდა ასიამ, ვისთვის ჯოხი ჩაერტყა, ვინ დაეწყევლა და ვისთან ეძმაკაცა: მეშვიდე კლასამდე ყველას ჯოხით სცემდა, 7-8 კლასელებს წყევლიდა, 9-10 კლასელებთან – ძმაკაცობდა. პირველ სართულზე, დერეფნის დასაწყისში, ფიზკულტურის გასახდელის გასაღები ასიას ებარა. ბუფეტიდან ჩამოვიტანდით: სკოლის პატარა „სასისკებს”, „იაზიჩოკებს”, სამკუთხა „პავიდლოიან” ფენოვან ნამცხვრებს, ქადას. ასია გააღებდა გასახდელს, შევიდოდით, გასახდელს შიგნიდან ჩავკეტავდით და, თან ვჭამდით, თან სიგარეტს ვეწეოდით. რა თქმა უნდა, ასიაც ჩვენთან ერთად იყო.
–  ბიჭო, პაპიროსი გაქვსო? – ჩვენ ან „მზიურს” გავუწვდიდით, ან „ლუქსს”. გამოგვართმევდა, ფილტრს მოატეხდა და ისე ეწეოდა.
ასიას ხელში დავამთავრეთ სკოლა:  მე, ჩემმა ძმამ, 12 წლით უმცროსმა დამ, ჩემმა შვილმა. ასია ისევ ისეთი იყო,  თითქოს დრო გაჩერებულაო:  იწყევლებოდა და ჯოხით დასდევდა ბავშვებს. მიხაროდა მისი დანახვა, ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა.
***
ამას წინათ შვილიშვილი მივიყვანე ჩემს სკოლაში. შესასვლელში მანდატური იჯდა. იმას ვკითხე ასიას ამბავი, არ იცოდა. სამასწავლებლოში ვიკითხე.
–  ბავშვს ჯოხი ჩაარტყა, მისი უფლებები დაარღვია და მშობელმა უჩივლაო. საწყალი ასია სკოლიდან გააგდეს, იმ ღამით სახლში არ მისულა, დილით ფიზკულტურის გასახდელში ნახეს მკვდარიო, - სინანულით მითხრა ტატიანა მასწავლებელმა.

скачать dle 11.3