კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გაუჩნდა გიორგი მესამეს საქართველოსთვის უპრეცედენტო იდეა, ტახტზე აეყვანა თავისი ქალიშვილი – თამარი

1177 წელს დიდი საქართველო შეარყია დემნა უფლისწულის აჯანყებამ.
გიორგი მესამეს ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ, დემნა იყო ტახტის მემკვიდრე, მისი უფროსი ძმის, უდროოდ გარდაცვლილი მეფე დავით მეხუთის შვილი. მაშინ ქალის ტახტზე ასვლა წარმოუდგენელი იყო საქართველოში და არა მარტო საქართველოში – აზიაში ამგვარი პრეცედენტი არ არსებობდა.
ბიზანტიაში არსებობდა რამდენიმე პრეცედენტი: როდესაც სამეფო დინასტიას ვაჟი არ ჰყავდა, იმპერატორის ქალიშვილი გათხოვდებოდა რომელიმე დიდებულზე და სამეფო წყვილი იკავებდა ტახტს. ქალის პირდაპირი მმართველობა მხოლოდ ორიოდეჯერ იყო ბიზანტიაში: მაკედონელების დინასტიის დროს, ცოტა ხნით, იმპერატორ კონსტანტინე მერვის ასულები – ზოია და თეოდორა ისხდნენ ტახტზე. ზოია სამჯერ გათხოვდა  და მისი ქმრები გამოცხადდნენ იმპერატორებად, მაგრამ ქალის გამეფებამ ბიზანტიაში კანონის სახე ვერ მიიღო.
საქართველოში ფიქრობდნენ, რომ მეფე უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცი – მეომარი, მთავარსარდალი. ამაში ვერანაირად ვერ დავინახავთ ქალის უფლებების შელახვას – ძველ დროში ქალი ვერ გაუძღვებოდა წინ არმიას.
1155 წელს უფროსმა ვაჟმა, დავითმა, მეფობიდან გადააყენა დიმიტრი პირველი, ბერად აღკვეცა და თვითონ გამეფდა. ექვს თვეში დავით მეფე მოკვდა. დიმიტრი (აწ უკვე ბერი დამიანე) დაბრუნდა ტახტზე და თანამეფედ მეორე ძე, გიორგი აკურთხა. გიორგი მესამემ უფროს ძმას, დავით მეხუთეს, სიკვდილის წინ სიტყვა მისცა, რომ სრულწლოვანების მიღწევისას დემნას დაუთმობდა ტახტს. მას არც ვაჟი ჰყავდა, რომ გაეტეხა სიტყვა და ტახტის თავის ძისათვის გადაცემაზე ეზრუნა.
ლეგიტიმიზმის საკითხებს და სამხედრო საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ დემნა ყველას ტახტის მემკვიდრედ მიაჩნდა.
მისი ძმის, დავით მეხუთის ანდერძის მიხედვით, გიორგი მესამე დროებითი მეფე გამოდის,  ფაქტობრივად – რეგენტი. მაგრამ, უძლეველი მეფე გიორგი მესამე როგორ შეურიგდებოდა დროებითი მეფის, რეგენტის სტატუსს. ის თავისი დიდების ზენიტში იყო, როცა დემნა სრულწლოვანი შეიქნა. მილიტარისტი ხელმწიფე მიიჩნევდა, რომ მეფობისთვის იყო დაბადებული. თუ დავაკვირდებით მის მონეტას, სადაც ის გამოსახულია მიმინოთი ხელში, მივხვდებით, რომ მორჭმულობა მისი ცხოვრების სტილი გახლდათ. მეფეს მიაჩნდა, რომ საქართველოს სამეფოს მასზე უკეთესი ხელმწიფე – მტერთა მმუსვრელი მთავარსარდალი ვერ ეყოლებოდა – ძალაუფლებამ, წარმატებულმა პოლიტიკამ და სამხედრო გამარჯვებებმა ასე იცის. ამიტომ, გიორგი მესამე არ აპირებდა ტახტის დათმობას დემნასთვის, ყოველ შემთხვევაში, სიკვდილამდე.
გიორგი დიმიტრის ძე მკაცრი მმართველი იყო, სამეფოსთვის მოღვაწე. მან, როგორც თვითონ მიიჩნევდა, სამეფოს ინტერესების გამო, ეკლესიაც კი შეზღუდა და შეუვალობა ჩამოართვა.
დემნა აჯანყდა. მას მიემხრო სავაზიროს უმრავლესობა და ბევრი დიდებული, თუმცა გიორგიმ გაიმარჯვა.
დემნა დასაჯეს ისე, რომ ტახტსაც კარგავდა – რადგან თვალები დაწვეს და, შთამომავლობის გაგრძელებასაც ვერ შეძლებდა – რადგან დაასაჭურისეს.
გარდაიცვალა უიღბლო უფლისწული, ქართველი მილიტარისტებისა და ლეგიტიმისტების იმედი, რომლებსაც ახალი დაპყრობები და სახელმწიფოს გაფართოება ჰქონდათ ჩაფიქრებული.
გიორგი მესამემ კი გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყანა უკვე შერყეული იყო; ეკლესიაშიც კრიზისული მდგომარეობა შექმნილიყო – მცხეთის კათალიკოსი და საქართველოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე გადადგა და იერუსალიმს გაემგზავრა.
გამარჯვებულ მეფე გიორგის ხელში შერჩა დიდი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი.
გიორგი მეფეს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა: უფროსი თამარი და მომდევნო რუსუდანი მას ბურდუხან დედოფალთან შეეძინა. მეფეს ჰყავდა კიდევ ერთი ასული, ქორწინების გარეშე შობილი, რომელიც სამეფო კარს მეფის ასულად მიაჩნდა და რომელიც სამეფო ღირსებით გაათხოვეს შემდეგში. სამწუხაროდ, მისი სახელი არ ვიცით.
არის ვარაუდი, რომ გიორგი მესამე ცოლის მოღალატე კი არ იყო, უბრალოდ, რადგან დედოფალთან არ შეეძინა ვაჟი, ცდილობდა, სხვასთან მაინც გაეჩინა, რათა მემკვიდრე ჰყოლოდა.
როდის დაებადა მეფე გიორგის უპრეცედენტო იდეა, ტახტზე აეყვანა ქალი, თავისი ასული – თამარი, ძნელი სათქმელია.
შეიძლება იყოს რამდენიმე ვერსია:
პირველი – შესაძლოა, თავდაპირველად, მეფე ფიქრობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იმეფებდა, მერე კი მეფობას გადაულოცავდა თავის ძმისწულს, დემნას და მეფის ასულებს მას ჩააბარებდა. მაგრამ, დემნას აჯანყებას არ შეეძლო, არ გაეშმაგებინა კავკასიის სუზერენი, არ მოელოდა ძმისწულისაგან და დემნას მომხრე ქვეშევრდომებისგან ამგვარ საქციელს. ამის მერე შეუძლებელი იყო, დემნა არ დაესაჯა აჯანყებული უფლისწულებისთვის განკუთვნილი სასჯელით და, ამგვარად, გინდა თუ არა, თამარი გახდა პრეტენდენტი ტახტისა, რადგან სამეფო დინასტიას ვაჟი აღარ ჰყავდა.
მეორე – შეიძლება, მეფე გიორგი ადრეც ფიქრობდა თამარის გამეფებაზე, მაგრამ, არ იცოდა,  როგორ უნდა მოეწყო საქმე ისე, რომ მილიტარისტული ქვეყნის სათავეში მოეყვანა ქალი, იმ დროში, კავკასიაში, აზიის მეზობლად, ვერაგი და დაუნდობელი მეზობლების გარემოცვაში. ტრადიციული კანონებით ეს შეუძლებელი იყო, თანაც, იმ ვითარებაში, როდესაც სამეფო ოჯახს ჰყავდა უფლისწული, მეფის ვაჟი – დემეტრე (დემნა).
მესამე – შესაძლოა, გიორგი მეფე ფიქრობდა მოეძებნა შესაფერისი სასიძო, როგორც ამას აკეთებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორები. სიძე იქნებოდა მეფე-კონსორტი, ხოლო მეფეთ-მეფე, ანუ მმართველი კი – თამარი.
ორბელების აჯანყებამ ყველაფერი გადაწყვიტა – დემნას ნდობა მეფეს ვეღარ ექნებოდა. მკაცრი მმართველი ფიქრობდა, რომ, თუ არ გაანადგურებდა აჯანყებულებს, მას გაანადგურებდნენ, მეორე ცდისას მაინც. პოლიტიკაში და საფრთხეებში კარგად ერკვეოდა გიორგი მეფე. იმ დროს ჰუმანიზმი არ გამოდგებოდა ქვეყნის მართვაში, უფრო სწორად, ტახტის შენარჩუნების საქმეში.
დემნას მიუსაჯეს თვალების დათხრა და დაკოდვა. როგორც ვთქვით, ამან გამოიწვია კიდევ ერთი კრიზისი – გადადგა ქართლის კათალიკოსი და საქართველოს პატრიარქი, ნიკოლოზ პირველი  გულაბერისძე, მწერალი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ცნობილი ოჯახიდან.  მისი ერთ-ერთი წინამორბედი პატრიარქი, სვიმონ მეოთხე გულაბერისძე, მისი ბიძა, მამის ძმა გახლდათ. იგი ეკლესიას მართავდა უკვე დიდი ხანი, 1150 წლებიდან.
პატრიარქ ნიკოლოზს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ეკლესიაში. როგორც ჩანს, მანამდეც იყო აზრთა სხვადასხვაობა მეფესა და კათალოკოს ნიკოლოზს შორის, რადგან, მეფის დამოკიდებულება ეკლესიისადმი, შეუვალობის გაუქმება, არ შეიძლებოდა, მოსწონებოდა პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ კათალიკოსი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ.
თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: პატრიარქი სიმდაბლის გამო გადადგა ქართლის კათალოკოსობიდანო. თუმცა, მომდევნო მოვლენები გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ცოტა სხვა მიზეზების გამო გადადგა პატრიარქი. მის მაგიერ საკათალიკოსო ტახტზე მიქაელ მირიანისძე ავიდა, რამაც მერე კიდევ სხვა კრიზისი გამოიწვია; გარდა ამისა, მხოლოდ თავმდაბლობაში არ იყო საქმე, პოლიტიკაში და სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობა აინტერესებდა ნიკოლოზ გულაბერისძეს, შემდეგში დაბრუნდა საქართველოში და თამარს ეხმარებოდა მოქმედი კათალიკოსის გადაყენებაში, თუმცა უშედეგოდ.
ჩვენი აზრით, ალბათ, კათალიკოსის გადადგომა გამოიწვია დემნა უფლისწულის სიკვდილით დასჯამ. ის, ყველა ვარიანტში, როგორც პატრიარქი და როგორც სახელმწიფო მოღვაწე, წინააღმდეგი იქნებოდა უფლისწულის, ტახტის მემკვიდრის (ზოგადად, ადამიანის) ასე მკაცრად დასჯისა, რადგან სამეფო დინასტიას მემკვიდრე ვაჟი აღარ რჩებოდა.
აჯანყებისა და კათალიკოსის გადადგომის მერე, ხელისუფლების განსამტკიცებლად და თამარის გასამეფებლად, მეფე გიორგიმ დააწინაურა თავისი ერთგულები, სამღვდელოებასთან დათმობებზე წავიდა და შეუვალობა აღუდგინა ეკლესიას, საკათალიკოსო ტახტზე კი მიქაელ მირიანისძე აიყვანა.
საქართველოში ამოდიოდა „მეფეთა მზე და მზეთაცა მზე“!

скачать dle 11.3