კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობს ირანი სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის აღდგენას და როგორ ხდება აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის მთავარი ფიგურა

რუსეთმა, ირანმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს სარკინიგზო ტვირთების ტრანსპორტირების შეთანხმებას ინდოეთიდან, კერძოდ, მუმბაიდან რუსეთამდე, სახელდობრ, სანკტ-პეტერბურგამდე. საცდელი მატარებელი 7 აგვისტოს ამოძრავდება სატესტო რეჟიმში. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ეს სარკინიგზო ხაზი ინდოეთიდან ევროპისკენ (აზერბაიჯან-საქართველოს გავლით) მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის ალტერნატივაა. ამასთან ერთად, 8 აგვისტოს ბაქოში ერთმანეთს უნდა შეხვდნენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები, რათა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასონ. მეორე მხრივ, ირანის გაზის ექსპორტის მინისტრმა გვაცნობა, რომ უახლოეს მომავალში ირანიდან სომხეთ-საქართველოს გავლით ევროპისკენ (შავი ზღვით) გაზის ტრანსპორტირება იგეგმება. ამ უცნაური კონფიგურაციის გახსნაში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დაგვეხმარება.
– რუსეთი ორივე ირანულ პროექტშია წარმოდგენილი, მეორეში სომხეთის სახით, რადგან, შეეძლება, ნებისმიერ მომენტში შეაფერხოს გაზის ირანიდან ევროპისკენ მიწოდება და, მეორე საკითხი: აზერბაიჯანი ცდილობს, გახდეს სამხრეთ კავკასიის ცენტრი. ჩვენ ხომ არ დავრჩით განზე და მხოლოდ ინერციით ხომ არ მივყვებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებს?
– რაც ჩამოთვალეთ, მართლაც ასეა, მაგრამ, თუ საქართველოსა და სომხეთზე ირანული გაზის გატარების თემა არის სამომავლო, იმიტომ, რომ საამისო სიმძლავრეები ჯერჯერობით არ არსებობს, მუმბაიდან პეტერბურგამდე რკინიგზის ამუშავება რეალობაა და ჩვენ ასე ვიცით, რომ 7 აგვისტოს დაიძვრება მატარებელი ინდოეთიდან რუსეთისკენ. ერთი შეხედვით, გამოდის ასეთი რამ: აქტიურობებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შეიმჩნევა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, რომელშიც აქტიურადაა ჩართული საქართველოც, ეჯახება აქტივობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ან პირიქით, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. დიდი ეკონომიკური აქტივობის ეპიცენტრში აღმოვჩნდით და აქ მთავარი ფიგურა აზერბაიჯანი გამოდის, იმიტომ, რომ ის არის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი მარშრუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და, ასევე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი მარშრუტის ერთ-ერთი მონაწილე.
– თუმცა ჩვენ არავინ გვიშლიდა ხელს, ვყოფილიყავით დამძფუნებელიც და გამტარიც.
– ტექნიკურად არ გამოვიდოდა, რადგან გეოგრაფიულად ირანსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი უფრო დაბლობში გადის და სარკინიგზო მიმოსვლისთვის გაცილებით ხელსაყრელია. ზუსტად იმიტომაც ვერ განხორციელდა ირანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, რომ რელიეფის პრობლემაა. ჩრდილო ირანი, რომელიც სომხეთს ესაზღვრება, მთიანია და იქ რკინიგზის ამუშავება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაშინ, როდესაც ირანი-აზერბაიჯანის რკინიგზა არსებობს, მისი მხოლოდ მცირე მონაკვეთია დაზიანებული და, მეორეც, გადის დაბლობზე. ვხედავთ, რომ მთიან რელიეფზე გადის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა და, ამდენი წელია, ვერ დამთავრდა მისი მშენებლობა.
რა თქმა უნდა, მეტი აქტიურობა უნდა გამოგვეჩინა, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა ეს აქტიურობა. მუმბაი-პეტერბურგის პროექტში აზერბაიჯანი არ არის მთავარი მონაწილე, ამ პროექტის ინიციატორები არიან რუსეთი და ირანი და, რა თქმა უნდა, რუსეთის პარტნიორი ინდოეთი. ასე რომ, აზერბაიჯანი გამოიყენეს, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით, პროექტში ჩასართველად. რუსეთმა გეოპოლიტიკური ამბიციებიც დაუკმაყოფილა აზერბაიჯანს და ახალი ეკონომიკური ფორმატიც შექმნა.
– თურქეთი როგორ ხასიათზე იქნება, როდესაც მისი უახლოესი პარტნიორი აზერბაიჯანი თურქეთის ისტორიულ მტრებთან, ირანთან და რუსეთთან, აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკური პროექტებით?
– გლობალურ პოლიტიკაში ასეთი რამეები ხდება, თუმცა აზერბაიჯანმა სულ განზე არ დატოვა თურქეთი. ამ პროექტზე ხელმოწერამდე ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის მიხედვითაც, რამდენიმე ინფრასტრუქტურული სივრცე გასცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის არმიისთვის. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ თურქეთის ელჩს, ვკითხეთ ამ საკითხზეც და მან გამორიცხა ბაზების განთავსება. ეს ინფრასტრუქტურა მოიცავს ძველ აეროდრომსა და სამხედრო დანიშნულების ძველ ნაგებობებს. თურქეთის ელჩის განმარტებით, ეს არ იქნება თურქეთის არმიის ბაზები, იქ განთავსდებიან თურქი სამხედრო სპეციალისტები. ეს იქნება ერთგვარი საწვრთნელი ცენტრი. ზოგადი პასუხი იყო, მაგრამ ხაზი გაესვა, რომ ეს არ იქნება თურქული ბაზა, თუმცა დაზუსტებით მაინც არ ვიცით, რა იქნება. რას ნიშნავს სამხედრო სპეციალისტების განთავსება?! კურორტი ხომ არ არის, წამოწვნენ?! რატომ არის თურქული და არა თურქულ-აზერბაიჯანული?! ასეა თუ ისე, აზერბაიჯანმა თურქეთს რევერანსი გაუკეთა, ანუ მთლად პროცესების მიღმა არ დაუტოვებიათ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რამ თურქეთმა თავის თავს უნდა დააბრალოს: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამუშავებაში აზერბაიჯანმა ძალიან დიდი ფული ჩადო, თურქეთმა კი 70-კილომეტრიანი გზა ვერა და ვერ ააშენა. 3-4-ჯერ გამოიცვალა იქ სამშენებლო კომპანია, როგორც ჩანს, იმ მხარის გუბერნატორი და სამშენებლო კომპანიები კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართულნი და ფული შეჭამეს. აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე მოსთხოვა თურქეთს, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ, მაგრამ ბოლო დრომდე არ გამოვიდა. რამდენიმე თვეა, ყარსს ახალი გუბერნატორი ჰყავს და საქმეც დაიძრა, 2017 წელს დასრულდება სამუშაოები, თუმცა ამის დამთავრება თურქულ მხარეს შეეძლო შარშანაც.
– აზერბაიჯანმა, ლიტერატურულად რომ ვთქვა, ჩამოგვაშორა თავისი სტრატეგიული პროექტებიდან და ჟარგონით –  „მოგვტეხა“?
– მე ამას ვერ ვიტყოდი, იმიტომ, რომ ეს არ არის აზერბაიჯანული პროექტი, აზერბაიჯანი, უბრალოდ, სხვისი კეთილი ნების გამო იღებს ამ საქმეში მონაწილეობას. თუ ვინმე უნდა იყოს ნაწყენი, ეს არის ერევანი, რადგან რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერევნისთვის მიეჩინა საკმაოდ უსიამოვნო ადგილი.
– ძალიან დაამცირა ყარაბაღული აპრილის შემდეგ.
– აქვე ვიტყვი, რომ, ის ტვირთები, რომლებიც ინდოეთიდან წამოვა, აზერბაიჯანისთვის კი არა, რუსეთისთვისაა განკუთვნილი და ინდური პროდუქციის გასატანად ჩრდილო ევროპაში. ის ტვირთი, რომელიც ინდოეთიდან წამოვა, ევროპაში შეიძლება სხვა გზითაც მოხვდეს და არ არის გამორიცხული, რომ ტვირთების ნაწილი ყარსის რკინიგზით გავიდეს თურქეთიდან ევროპაში. რაც მეტი ტვირთი იქნება აზერბაიჯანში, მით უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული საქართველოსა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზები და საქართველოს პორტები.
– გასაგებია, რომ ეს არის ჩინეთიდან აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით მიმავალი რკინიგზის ალტერნატივა. თუმცა, როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, არც საქართველოს რკინიგზას აქვს ამდენი ტვირთის გატარების პოტენციალი და, მით უმეტეს, არც აზერბაიჯანულ რკინიგზას –  იქ ძალიან მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა ჩვენთან შედარებით.
– ეტყობა, ზოგიერთი ექსპერტი დიდი ქვეყნების კატეგორიებით აზროვნებს. რასაკვირველია, აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა არ არის მზად ასეთი დიდი პროექტების სრულყოფილად მომსახურებისთვის, მაგრამ აზერბაიჯანიც და საქართველოც მცირე ქვეყნებია და ტვირთბრუნვის ეს მასშტაბი მათთვის არის გრანდიოზული. ამდენად, იმ ტვირთების 5 პროცენტიც რომ წამოვიდეს საქართველოზე, ეს ძალიან დიდი შემოსავალი იქნება ჩვენთვის. საბრძოლველია, რომ ინდური და ირანული ტვირთების ნაწილი გადმომისამართდეს საქართველოზე, რომლებიც აქედან ევროპისკენ გავა ყარსი-ახალქალაქისა და საქართველოს რკინიგზებით.
– შეიძლება, მუშაობს  ქართული მხარე და, უბრალოდ, მე არ ვიცი. გასაგებია, რომ 8-ში ბაქოში არ მიგვიპატიჟეს, მაგრამ, რაღაც ფორმით, ირიბად მაინც თუ ვიღებთ მონაწილეობას იმ მოლაპარაკებებში?
– ძალიან მჭიდრო კონტაქტია აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებს შორის და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. სხვა ტიპის ურთიერთობაცაა, რომელიც პირად ურთიერთობებზეცაა დამყარებული და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობიდანაც გამომდინარეობს. მე არ ვიცი, 8-ში ესწრება თუ არა ვინმე ჩვენგან იმ შეკრებას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იქ იქნება საუბარი საქართველოზეც, იმიტომ, რომ ეს ძალიან სარფიანი საკითხია და, თუ საქართველოს რკინიგზა არ ჩაერთო ამ პროექტში, არ არის გამორიცხული, კერძო სტრუქტურები ჩაერთონ.
– უსაფრთხოების კუთხით რომ შევხედოთ ამ პროექტებს: სომხეთი, გასაგებია, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო მოკავშირე რუსეთმა, მტერს რომ არ უსურვებ; აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად დაცულია: ჰყავს თურქეთი, თანამშრომლობს რუსეთთან და ირანთან. ჩვენ რა როლი გვაქვს ამ კონფიგურაციაში, ვის ბანაკში ვართ, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, რომელიც უკან გვიდგას?
– აშშ-ისთვის ირანის ეკონომიკური აქტივობა კავკასიაში მისაღები გახდა და საერთოდ ამ ბოლო დროს გეოპოლიტიკური აქცენტები შეიცვალა. თუ ადრე მხოლოდ თურქეთი იყო დასავლეთისთვის საყრდენი, დღეს დასავლეთი ცდილობს, რომ ირანიც მოაქციოს თავის ორბიტაზე და ჩამოაშოროს რუსეთის პროექტებს. ის პროექტიც, რომელზეც ვლაპარაკობთ, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, უაღრესად პერსპექტიული და საინტერესოა, რადიკალურად ვერ შეცვლის ვითარებას.
– რატომ?
– როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე ირანისთვის, ეს არ არის საკუთრივ მათი პროექტი, ეს არის რუსული პროექტი ირანი, შეიძლება, დათანხმდა და მოეწონა, მაგრამ ეს მაინც ბოლო და, საწყისი ქვეყნების, ანუ ინდოეთისა და რუსეთის პროექტია. ირანი განსაკუთრებულად იღებს მონაწილეობას ამ პროექტში, მან ინდური ტვირთები უნდა მიიღოს ზღვით და მერე გაგზავნოს. ცხადია, ეს მისი პროექტიცაა. აზერბაიჯანი მასზე ბევრად ნაკლებადაა ჩართული, მაგრამ ირანის ინიციატივა არ არის ეს პროექტი. ირანის ინიციატივაა, მოახდინოს დივერსიფიკაცია.
– სომხეთ-საქართველოს გავლით გაიტანოს ენერგომატარებლები ევროპაში?
– სომხეთისა და საქართველოს სივრცეები გამოიყენოს, რომ მისი ტვირთები ამ გზით მოხვდეს ევროპაში და ეს, შეიძლება, მხოლოდ მშრალი ტვირთი არ იყოს. ირანი მაქსიმალურად აქტიურობს, რომ, უპირველესად, როგორმე თურქეთი გააჩოჩოს კავკასიიდან. ამიტომ მეცინება ხოლმე, როდესაც ჩვენი ჟურნალისტები სერიოზულად აღიქვამენ ერდოღანის იმ განცხადებას, რომ თურქეთი აპირებს რუსეთთან და ირანთან ერთად ახალი ფორმატების შემუშავებას ახლო აღმოსავლეთში.
– ეს სამი ერთად ვერ მოძოვს, ხატოვნად რომ ვთქვათ.
– რა თქმა უნდა. ირანელების ოფიციალური დელეგაცია იყო თბილისში ჩამოსული და მათ დასვეს ასეთი კითხვები: რატომ უნდა ეკუთვნოდეს ბათუმის აეროპორტი თურქეთს?
– ეს კითხვა მეც მაწუხებს და პასუხი არ მაქვს.
– რატომ ეკუთვნის თბილისის აეროპორტი თურქეთს?! ამბობენ, მოდი, ავაშენოთ ახალი აეროპორტი, მაგალითად, ავითვისოთ ქუთაისის აეროპორტი. იმდენად არიან დაინტერესებული საქართველოში თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური აქტიურობით, რომ მათგან ასეთი ცოტა უტოპიური კითხვებიც კი მოვისმინეთ და, ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანი სერიოზულად ამუშავებს პროექტს, რომელიც გულისხმობს დასავლეთ საქართველოდან სომხეთის გავლით სარწყავი წყლის გატანას ირანში. საინტერესოა არა ის პროექტები, რომლებშიც ჩართულია რუსეთი და ირანი მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, არამედ, ის პროექტები, რომელთა ინიციატორიც თავად ირანია. მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ ჩემთვის პროექტებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმ ინიციატივასა და ენთუზიაზმს, რის დემონსტრირებასაც ირანი ახდენს. სხვათა შორის, ირანს არა მარტო თურქული აქტივობები არ მოსწონს საქართველოში, არამედ არც არაბული. როგორც ჩანს, ირანს უნდა თავისი ძველი გავლენების აღდგენა სამხრეთ კავკასიაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში ის სანქციებით იყო შეზღუდული და სამხრეთ კავკასიაში ვერაფერი გააკეთა, მით უმეტეს, რომ სამხრეთ კავკასია ორიენტაციით სამი სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა. ახლა ირანი ცდილობს, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები უკან დაიბრუნოს.
– გასაგებია, რომ ირანს, თურქეთს, რუსეთს თავიანთი ინეტერესები აქვთ და იქნებ მათმა ინტერესებმა რამენაირად ჩვენი უსაფრთხოებაც აამაღლოს. რა როლი აქვს დასავლეთსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს? ანუ ჩვენი უსაფრთხოება ახლა რის იმედადაა?
– ჩვენი უსაფრთხოება ახლა საკმაოდ მყიფეა. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ტერიტორია ვაქციოთ მსხვილ ჰაბად, სადაც ჩვენი დიდი მეზობლების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. თუ როგორი იქნება ჩვენი ფუნქცია, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული, დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მარიფათზე. სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, საქართველოს მთავრობა, ძირითადად, ორიენტირებულია ეკონომიკურ საკითხებზე. ფართო დიაპაზონის შესაძლებლობების დემონსტრირების შემთხვევაში კი შესაძლებელია უშიშროების მნიშვნელოვანი სისტემების შექმნა, თუ არადა, გადაიწონება ერთი მხარე და მეორე მხარე დარჩება დაუცველი.

скачать dle 11.3