კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ამბობს ვახტანგ რჩეულიშვილი გუკასა და ლელა კილაძის ურთიერთობაზე და რაზე არ მისცემს მას პატრიარქი კურთხევას

სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის მოსალოდნელი,  მაგრამ გასაკვირი ინფორმაცია იყო „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელი პირების დაკავება და ახლაც არ ჩამცხრალა ინტერესი თუ რა ბედი მოელით მათ საბოლოოდ. წინა ნომერში ჩვენ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, რუსუდან კერვალიშვილს ვესაუბრეთ, დღეს კი ვახტანგ რჩეულიშვილთან გთავაზობთ ინტერვიუს. გაეცნობით მის პოზიციას კომპანიის, ცოლ-შვილისა და ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ სხვა მოვლენებზე, კერძოდ, გიგი უგულავას ყოფილი ცოლის, ლელა კილაძის რჩეულიშვილების ოჯახში რძლად შესვლასა და მომავალი შვილიშვილის დაბადებაზე.        
– ბატონო ვახტანგ, სად იყავით იმ დროს, როცა მაია დააკავეს? მე ვერ დაგინახეთ მაიას გვერდით სასამართლოზე, როცა ტელევიზიით აჩვენეს.         
– მე სასამართლო სხდომებს არ ვესწრები, იმიტომ რომ, კივილი, წივილი, ჩხუბი, მთელი ამბებია.  ამიტომ, წარმოდგენა არ მქონდა, თუ თავხედობა ეყოფოდათ და მაიას დაიჭერდნენ, მაგრამ, ეტყობა, ადამიანი ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. მივიდა სასამართლოზე და აღარ გამოუშვეს. დილით სახლიდან რომ გადიოდა, კი თქვა, ამათგან ყველაფერი მოსალოდნელიაო. გამორიცხულია-მეთქი. რა არის გამორიცხული, არ გახსოვს, შევარდნაძიდან მოყოლებული რა ხდებოდა ჩვენს ოჯახში. მაინც მზად უნდა ვიყოთო. წამლები აიღო და ჩაიდო ჩანთაში. მაიასნაირი კეთილშობილი და უდანაშაულო, არ არსებობს, მაგრამ ეს ჩემი სიტყვები დარჩება სიტყვებად, ვიდრე ამას არ დავამტკიცებ. ვინც იცის ჩემ გარშემო ეს, იცის, ვინც არა, მაიასგან და ჩემგან მტრის ხატია შექმნილი. მაიას დაწყებული ჰქონდა უკვე ინვესტორებთან მოლაპარაკებები, ამის შესახებ თვითონ კლიენტებმაც იცოდნენ, შეთავაზებაც იციან, მაგრამ ეს არის ჩვენი გაძარცვა. როგორც წინა ხელისუფლებას უნდოდა მთელი ჩვენი აქტივების ხელში ჩაგდება, ისე უნდა ამ ხელისუფლებასაც. მაიას შრომით არის შექმნილი ყველაფერი, სამასიათასდოლარიანი ბრუნვა. რაც მთელი აფხაზეთის ბიუჯეტი იყო თავის დროზე, იმოდენაა ჩვენი კომპანია. დედა გვიტირეს. ჩამოგვშალეს. სააკაძიდან დაიწყო თბილისის მერიამ და ბათუმის მერიამ „მაგნოლიით“ დაამთავრა. ყველა დანაშაული რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, გააგრძელა ამ ხელისუფლებამ.     
– ეს თქვენთვის არის მაია უდანაშაულო, იმ ხალხისთვის კი არა, ვინც დაზარალებულია. რეალობა ესაა.      
– მაიას დანაშაული რაშია, იცი? მისი ერთადერთი ფუნქცია იყო მოსახლეობისთვის ბინების აშენება და არა ქველმოქმედების გაწევა,  დანდობა ცუდი გადამხდელის, შეცოდება. მაიამ გაშალა ეს სამშენებლო ფრონტი და დაიწყო ეკლესიაში შენატანები, გაჭირვებულების ოპერაციების დაფინანსება... ამას თავისი ფულით აკეთებდა, სავარაუდო მოგებიდან და არასოდეს ობიექტის ფულიდან. უმაგათოდაც დავამთავრებ, რაც დასამთავრებელია და პირიქითაც გავაკეთებ, თუ არ აღმომიჩინეს დახმრება, რაც მეკუთვნის ყველა საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობით, როგორც ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილ პირს. აი, მაშინ დამიდგნენ წინ!    
– როგორი იყო თქვენი რეაქცია მეუღლის დაპატიმრებაზე და პირველი ღამე მაიას გარეშე?   
– მოკვდა მაია ჩემთვის, აი ეს იყო. მე ის ღამე გავატარე ყველაზე მძიმედ. ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, მაგრამ ავიყვანე თავი ხელში. ტრაგედიის განცდა მქონდა როგორი, იცი? რომ რისთვის მიცხოვრია, მაგრამ მერე, დებილი ხომ არ ვარ, მართლა ხომ არ მოკვდა, ციხეშია...  მივხვდი იმას, რომ საერთოდ რა ცუდი ბედი გველის ყველა ხანშიშესულ ცოლ-ქმარს, ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ახლა მე მიმაჩნია ჩემი თავი ყველაზე უბედურად, არც მაია და არც გუკა...  ეს, რაც ახლა ხდება,  დროებითი მოვლენაა. ცხადია, გამოვლენ, მაგრამ განცდა, რომ მთელი ოჯახი დაგიპატიმრეს და შენ ვერ დაიცავი ისინი, როგორც კაცმა, საშინელებაა, სიკვდილის ტოლფასი. ყველაზე უფრო შემაშინა მომავალმა. იმან კი არა, ესენი რას გამიკეთებენ. ამათ მე რა უნდა გამიკეთონ?  მესვრიან? კი, ბატონო. ჩემთვის დიდი ჯილდო იქნება! ყოველდღე ვტირი. სახლში ვზივარ, მთელი სურათები ინტერნეტშია შეყრილი. სურათებს დავცქერი და ვბღავი. მარტო შემოდიხარ სახლში, როგორია? მაია დაჭერილია, გუკა დაჭერილია. მეგობრებიდან არავის ნახვა არ მინდა. ღამე საშინლად მეშინია. აღარ მინდა დაძინება, თუ არ გავითიშე. ვჭამ, მაია მახსენდება. ვსვამ, მაია მახსენდება. რაც ჩვენ გაგვიკეთეს, ეს არის სიკვდილზე მეტი, მაგრამ ამასაც გადავიტან როგორმე, არა უშავს. თუ მაინცდამაინც მე და მაია უნდა შევეწიროთ ამათ პოლიტიკურ ამბიციებს, შევეწიროთ, ამაში  დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მაშინ უკვე დგება გუკას ამბავი. მე დღეს მაწუხებს როგორი იქნება მისი მომავალი.
– რაღაც უარყოფითს ყოველთვის თან სდევს დადებითი. ვგულისხმობ, გუკას ახალ ოჯახს ლელა კილაძესთან, რომელთანაც მალე შვილი შეეძინება.   
– კი, პოზიტიური მომენტებიც სულ არის ცხოვრებაში. დიდი ტრაგედია არ არის – ჩასვეს, ჩასვეს, რა ვქნათ ახლა, ამისთვის მოვიკლათ თავი? უბრალოდ, სამარცხვინოა ხელისუფლებისგან, თორემ ჩვენ გადავიტანთ. ყველამ უნდა იოცნებოს ეგეთ ცოლზე, მაია რომ არის – ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე პატიოსანი. ბრძენმა თქვა: ცოლი უნდა გყავდეს მდიდარი, ჭკვიანი, კარგი დიასახლისი და კარგი საყვარელიო, მაგრამ „ერთმანეთს“ არ უნდა შეხვდნენო. მაიაში არის ოთხივე ერთად.
– თუმცა თქვენ არ ხართ მაინცდამაინც ის მამაკაცი, ცოლში საყვარელსაც რომ დაინახავს და სხვაგან არ დაიწყებს მის ძებნას.    
– კაცებს ჩვენს ასაკში გართობა გვინდა, თორემ ახლა მაიას გარეშე ცხოვრება, ცხოვრებაა?! არც მინდა. მე ისე შემაშინა მაიას დაჭერის ფაქტმა, რომ იმწუთას ჩემს თავზე ვიფიქრე – ახლა რა მელის? ვთქვათ და მაია მოკვდა, მერე რას ვშვრები-მეთქი? ერთადერთი, რასაც ვთხოვ უფალს ისაა, რომ მაიაზე ადრე მე წამიყვანოს. მითხრეს, თურმე რაც მოხდა, ყველაფერი ჩემი ცუდი ხასიათის გამო ყოფილა, იმიტომ რომ,  ვაგინებდი მიშასაც და ამ ხელისუფლებასაც.
– თუ გამოვიდა მაია, რა გეგმები გაქვთ. სადმე ხომ არ აპირებთ საცხოვრებლად წასვლას?
– ერთი კაპიკი არ მაქვს, არც სადმე წამსვლელი ვარ. მთავრობა ყოველთვის ასეთი იქნება. შენ რა გგონია, ამაზე უკეთესები მოვლენ?  რამდენიმე წელიწადში მე და მაია ისედაც აღარ ვიქნებით ცოცხლები.  ამიტომაც, ახლა მაიას მთავარი მისიაა, ბინების გადაცემა. შემიშლიან ხელს, არ გადავცემთ. მორჩა! სად წავალთ, რას ამბობ. მთელი ჩემი სიყვარული და გული ამ ქალაქშია ჩადებული. მე რომ მინდოდეს ფულის მოპარვა, მაიას სახელზე იქნებოდა გაფორმებული მთელი ქონება? ასეთი იდიოტიზმი ჯერ არ მინახავს. კაპიკი არ გვაქვს არსად გატანილი. აი, ეს ბინა, სადაც ახლა ვსხედვართ, ბანკისაა. სამასი ათასი დოლარია გადასახდელი. ჩვენ ბინა აღარ დაგვრჩა. ყველაფერი გაყიდა მაიამ ვალების მოსაშორებლად. ლესელიძეზე რომ გვქონდა, ისიც. პირდაპირ უწმიდესის მძღოლისთვის იყიდეს ის ბინა, ოთხასი კვადრატული მეტრი ფართი თავისი სარდაფებით, მაღაზიებით. იქიდან ასორმოცდაათი ათასი „დექსუსმა“ მოგვპარა. „დეპეშა“ მაქვს პირდაპირ დაწერილი, მიდასტურებენ, რომ არჩევნებამდე ვერ დაგიბრუნებთო. ასორმოცდაათი ათასი როგორ მოიპარე ჩემი გაყიდული ბინიდან შე... რომელიც პატრიარქის მძღოლს მივყიდეთ და ჩარეული იყო მთელი საპატრიარქო? მერე რა. ვინმე ამისთვის დაისაჯა? მთელი ფული, რაც მაიას დროს შეგროვდა, სისტემაშია ჩადებული. მოპარული ფული არ არსებობს. რუსუდანმა და მაიამ უფლის ძირითადი მოთხოვნა დაარღვიეს. თქვენ აიღეთ ჩემგან ვალდებულებები ბინების მშენებლობაზე და არა სიკეთის კეთებაზე. აი, ეგრე დასაჯა უფალმა და სწორიც არის, რომ დასაჯა.  ახლა მაიას გათავისუფლება კი არ არის პრიორიტეტი, პრიორიტეტია ხალხისთვის ბინების გადაცემა, თორემ ვახტანგ რჩეულიშვილის მონატრებას, ამ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა მიაფურთხოს. მერე რა, რომ განვიცი და ვკვდები? ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ზოგს აფხაზეთის ომში მოუკვდა მეუღლე და ზოგს, სად. რა ვქნათ ახლა, ხომ არ მოვკვდებით მთელი საზოგადოება? სულ არ მიმაჩნია სწორად, რომ ყველამ ჩემთან ერთად უნდა იტიროს მაიას დაკავება.
– მაია თუ გუკა?
– მაიაზე ვგიჟდები. როგორ გეკადრება, გუკაზე აბსოლუტურად არ ვნერვიულობ. რა არის რამდენიმე თვე ციხეში გატარება, არაფერი.  მთელი ჩემი ძმაკაცები ნაჯდომები არიან,  ახლობლები, მამაჩემი... უხარიათ და ჰყავდეთ ციხეში. 
– როგორი იყო თქვენი ყოფა ბოლო ხანებში?
– მაიამ დაგვსვა მთელი ოჯახი სამას ლარზე, მხოლოდ ამ სამას  ლარში არ შედის კომუნალური. 40 ლარად რვაკაციან პურმარილს გაგიშლით. არ იცი როგორი კარგი დიასახლისია. ასე რომ, მაია მე სამას ლარზეც მაცხოვრებს კარგად და მილიონზეც. არა, მილიონს დაარიგებს.  ფინანსური პრობლემების ნაკლებად მეშინია. მე ახლა კატოზე ვფიქრობ,  მის მომავალზე, თორემ გუკა თვითონ მოუვლის თავს. გადასარევი ოჯახი აქვს ნუცას. დედამისი სალომე არაფერს მოაკლებს კატოს და არც ჩემგან მოაკლდება არასდროს. თვითონ ნუცა არაჩვეულებრივი დედაა. როგორ იცვამენ, უნდა ნახო. „შმოტკაში” ერთი კაპიკის გადამგდები არ არიან.
– თქვენს მომავალ შვილიშვილზე რას გვეტყვით?
– მე რას მოვესწრები გუკას ბავშვის გაზრდას, თუ ძმა ხარ. მაიას ეს ამბავი თუ არ გადაწყდა, მე ცხოვრების აღარანაირი სურვილი არ მაქვს. გამოუშვებენ მაიას ციხიდან თუ არა, ეგრევე უნდა გავისტუმროთ ვალები და იმავდროულად, მივიღო ჩემი ვალი  ოცდაათი მილიონი დოლარი – პირადად მაიას ვალი, რაც აქვს ამ ხელისუფლებას. ღმერთო, ერთი წუთი ნუ მაცოცხლებ მაიას გარეშე! რაც მე გადავიტანე... რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, გარდა იმისა, რომ მოვაწესრიგო ეს ბოლო ამბავი და უფალს ვთხოვ, წამიყვანოს. ცოტა ძნელი თემაა თვითმკვლელობა, ამას არ ვაპირებ, იმიტომ რომ, ქრისტიანი ვარ, მრევლი ვარ. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მაქვს გაკეთებული, უწმიდესის კურთხევითაა და უწმიდესი თვითმკვლელობაზე კურთხევას არ მომცემს.
– გთხოვათ ახლა რაიმე მაიამ, მისთვის რომ მიგეტანათ?
– ნივთები მივუტანე, საჭმელი, სასმელი. ჯინსები უკან გამომატანეს. კარგად არის, ნორმალურად.
– საზოგადოებაში სულ არის თქვენზე ლაპარაკი, რომ მაიამ შეგქმნათ და მის გარეშე არაფერი იქნებოდით.
– ეგრეც არის. მაიას გარეშე რომ მე არაფერი ვიქნებოდი, რად უნდა ამას ლაპარაკი. მე ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს და მთელი ჩემი კონფლიქტებიც აქედან მოდის. ახალგაზრდობაში ქუჩაში ვიყავი და ქურდებთან მქონდა საქმე, აქ ვარ და სულ მთავრობასთან მაქვს საქმე.  ჩემს ხასიათს აბრალებენ სწორედ მაიას დაჭერას. მაია პირიქით ამბობს: ერთადერთი, შენი იმედი მაქვს, კაცი, ვინც ცხოვრებაში მინახავს, ეს შენ ხარო. შევარდნაძის მეგობარი რომ ვიყავი, კიდევ უფრო დიდი მეგობარი იყო ჩემთვის მაია. არაფერი აინტერესებს თავის  საქმის გარდა. ეს არის სულ ჩვენი დაპირისპირების მიზეზი თუკი არის. მე მინდა ქალური სითბო, მოფერება, რაღაცა და მაიასთან რომ შევალ ოთახში, ეგრევე ხისტად მაბრუნებს უკან – დამაცადე, საქმე მაქვსო.
– წარმოიდგენდით, რომ გიგი უგულავას ცოლი – ლელა კილაძე თქვენი  რძალი გახდებოდა?  
– ვერასდროს წარმოვიდგენდი მაგას, მაგრამ ბოლო ორი წელია, ვიცი, ლელას და გუკას რომ სიყვარულები აქვთ. ლელა ჩემი ძმაკაცის,  შალვა კილაძის შვილია. ეს იცი, რა დროის ძმაკაცია? აი, პირველი ჩხუბები პლეხანოვზე და ამბები რომ იყო. ამიტომ, ლელა ჩვენთვის, ჩემი ძმაკაცებისთვისაც ძალიან ახლობელია. გუკას რომ შეუყვარდა მე ვერ შევეწინააღმდეგე, ცხადია. გუკას და ნუცას აქვთ სულ სხვადასხვა ხასიათი. ერთხელ, გუკა რომ გაშორდა ნუცას, თავი მოვიკალით მე და მაიამ და მოვიყვანეთ. ნუცა შინაგანად ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ აქვს თავისი მოთხოვნები, პრინციპები. ამერიკაში გაზრდილია ბოლოს და ბოლოს, არ გამოუვიდათ და რა ვქნათ?! ახლა ვეფერებით ლელას, იმიტომ რომ, ორსულია, თან ჩემი ძმაკაცის შვილია, ამიტომაც აღარ ვახსენებ გვარს, უგულავას. გიგი მართლა მტერი კი არ არის ჩვენი. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, რომელმაც თავის არჩევნებში გამარჯვება არჩია ჩვენს კეთილდღეობას. ვთქვათ და კატოს შეუყვარდა ივანიშვილის შვილი ან ვინმე, მე რა, ხელს შევუშლი? როგორ გავუფუჭებ ბავშვს ცხოვრებას. კატოზე ვაბოდებ. რა, გუკას შვილი რომ გაჩნდება ახლა, ის არ მეყვარება? როგორ გეკადრებათ. გამოვა და მოაწერენ ხელს ან ჯვარს დაიწერენ, ალბათ.

скачать dle 11.3