კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაული გადახდა და ვინ იხილა გაცოცხლებული მყინვარწვერზე ასვლისას, 3 600 მეტრ სიმაღლეზე, ნიკოლოზ ხომასურიძემ და რატომ დაბრუნდა ის იქიდან სულ სხვა ადამიანი

როგორც ცნობილია, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ექვთიმე თაყაიშვილზე მხატვრულ ფილმს იღებს. გადაღებები უკვე დაწყებულია და ფილმის გარკვეული ნაწილიც გადაღებულია. იმისთვის, რომ ფილმის გადაღებები დასრულდეს, გარკვეული თანხაა საჭირო. მას შემდეგ, რაც გადამღებმა ჯგუფმა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებისგან ფილმის დაფინანსებაზე უარი მიიღეს, ნიკოლოზმა თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომელიც გარკვეულ პროტესტსაც შეიცავს.
ნიკოლოზ ხომასურიძე: კომპანია „დაკარგულმა ლეგენდებმა“ საკუთარი სახსრებით გადაიღო ფილმის ნახევარი. რამდენიმე ღირსეული კომპანიაც შემოგვიერთდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვეუბნები. გარდა ამისა, კინოცენტრის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც ორჯერ გამოცხადდა ერთი წლის განმავლობაში და ვერცერთხელ ვერ გავიმარჯვეთ. თითქმის ყველაზე დაბალი ქულები დაგვიწერეს. სამწუხაროდ, ეროვნულ პროექტებს მხარს არ უჭერენ და ერთსა და იმავე ჟანრსა და ავტორებს აძლევენ უპირატესობას. შანსი უნდა მისცენ სხვებსაც. იმედია, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეს ყველაფერი გამოსწორდება, თორემ ამ ეტაპზე ის აბსტრაქტულ კომპანიას ემსგავსება. პირადად მე, აღარ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.
– თუ დაგისაბუთეს რატომ მიიღეთ დაბალი შეფასება?
– თუ გამოითხოვ და წაიკითხავ, მიხვდები, როგორი არაკომპეტენტური ჟიურია, რომლის წევრთა უმრავლესობა საერთოდ არ შეესაბამება მსგავსი კონკურსის ჟიურის კომპენტენციას. კულტურის სამინისტრომ უარი გვითხრა – ვთხოვეთ, ავიაბილეთებისა და სასტუმროს ხარჯები გაეღო, როცა საფრანგეთში გვექნებოდა გადაღებები. რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ, ისევე, როგორც პრეზიდენტის ფონდს, რომელმაც სასტიკი უარი გვითხრა – ჩვენს პრიორიტეტს არ წარმოადგენს, სახელმწიფოსა და მთავრობის საქმეში არ ვერევითო. ას კომპანიას მივმართეთ და მხოლოდ ორი დაგვიდგა გვერდში.
–  ეს ყველაფერი, ალბათ, აფერხებს გადაღებებს.
– როგორც მთელი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ ვიღებდით, ასე შეგვიძლია, განვაგრძოთ. უბრალოდ, მინდა, მალე დავამთავროთ გადაღებები, კარგი სტარტი გვაქვს აღებული. ბატონ რეზო ჩხიკვიშვილს 5 აგვისტოდან 25 აგვისტომდე აქვს თავისუფალი დრო და მინდა, გამოვიყენოთ. ვცდილობთ, გადაღების ხარჯები მოვიძიოთ, გადავიღოთ და მერე მოვიძიოთ უკვე დასამთავრებელი ფინანსები. ამიტომაც წამოვიწყეთ საქველმოქმედო აქცია, რომელიც დიდი პროტესტია და ანალოგიც არ აქვს. კინოინდუსტრიაში ასეთი დონისა და ისტორიის ფილმისთვის ყავისა და ღვინის გაყიდვით თანხა მოეგროვებინოთ, არ მომხდარა. ისეთი კარგი გამოხმაურება მოჰყვა, 10 დღე იყო აქცია და იმდენი ხალხი მოვიდა. 26 ივლისიდან განახლდება აქცია – ლესელიძის 22 ნომერში, ყველას შეუძლია მოსვლა ყოველ საღამოს, კვირის გარდა. 5-6 საათის შემდეგ იქ ვართ. ყავას ან ღვინოს იყიდით და ამით ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაღებაში თანამონაწილეობთ. პირადად ჩემგან შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ყავა, რომელსაც ფილმის რეჟისორი თავად ამზადებს. პროტესტიც არის და ხალხთან ურთიერთობაც, თან ისტორიას წერს. ფილმის გადაღება რომ დასრულდება, ტიტრებში ამოვა იმ ადამიანების ფოტოები, რომლებმაც ამ აქციაში მიიღეს მონაწილეობა და ვიტყვით, რომ გარკვეული თანხა სწორედ ამ სახით შეგროვდა.
– რა ეტაპზეა გადაღებები?
– დაახლოებით 45 წუთი უკვე გადაღებულია. ფილმის ბიუჯეტი 500 ათასი ლარამდეა. პირადად ჩემთვის ეს მისიაა და როგორც რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, ჰონორარს არ ვიღებ. ასევე, ჰონორარს არ იღებს ბატონი რეზო, ლაშა კანკავა – ფილმის სცენარისტი და მსახიობი. კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც ისურვა თავის წვლილი შეეტანა ამ საქმეში. 250 ათასი ლარი დაგვრჩა, უფრო სწორად, ამ აქციების შემდეგ უკვე 247 ათასი, რომ მეორე ნახევარი დავასრულოთ. ფიზიკურად ვაცოცხლებთ იმ გმირს, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქართველისთვის ძალიან პატივსაცემია. თან, რეზო ჩხიკვიშვილი, ფაქტობრივად, ექვთიმე თაყაიშვილი გახდა. გრიმით ისე დაემსგავსა და საუბრითაც – ძალიან კარგად გააცოცხლა. გააცოცხლო ექვთიმე თაყაიშვილი, საკმაოდ რთულია. ეს არის ადამიანი, რომელზეც არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, ყველაფრის ეტალონია  – სიმამაცის, გმირობის, პატრიოტიზმის, განათლების, ინტელექტის. უძვირფასესი მეუღლე იყო, ყველაფრის კარგის, სიკეთის ეტალონია ეს ადამიანი – სამშობლოს სიყვარულის აპოგეა... ზოგადად, ძალიან კარგად გაცოცხლდა ბევრი გმირი. გრიმებითაც კარგად დავამსგავსეთ მსახიობები ისტორიულ პიროვნებებს. ძალიან დიდი ისტორიული ფიგურები ცოცხლდებიან ფილმში – გალაკტიონი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ნოე ჟორდანია, სტალინი, შარლ დე გოლი, ჰიტლერი. ვაცოცხლებთ ისტორიულ ფოტოს, სადაც ასახულია ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის დროს ეიფელის კოშკის ფონზე. ძალიან პოპულარული ფოტოა, არცერთ ფილმში არ მინახავს. საფრანგეთის მთელი იმ დროინდელი პოლიტიკური ელიტა ცოცხლდება ამ ფილმში. ბევრი საინტერესო სცენა და დეტალია. იოსებ ელიგულაშვილი ქართველი ებრაელი – მინდა, ეს ადამიანი უფრო მეტად ცნობილი გახდეს. „შინდლერის სია“ ყველამ იცის – შინდლერმა 1 100 ებრაელი გადაარჩინა და იოსებ ელიგულაშვილს 1 200 ებრაელი ჰყავს გადარჩენილი. ლევილში ოჯახებში, სარდაფებში მალავდნენ ებრაელებს და ამით მათი სიცოცხლე იხსნეს. ფილმში ასევე, იქნება სცენა – ექვთიმეს ოჯახში როგორ დამალავენ სამ ებრაელს, ერთ-ერთი შემდეგ ფილმის გმირიც ხდება. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გარკვეულ ჯგუფთანაც გვქონდა ფილმის ჩვენება. მონუსხულები იყვნენ, ხმა ვერ ამოიღეს – ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, უკვე ძალიან კარგი გამოდის. პირველი ჩვენება აუცილებლად თბილისში იქნება და შემდეგ დაიწყებს თავის დიდ საფესტივალო ცხოვრებას.
– მუშაობის პერიოდში თუ წააწყდი ისეთ ისტორიას, რაც უცხო იყო შენთვის და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
– ბევრი სიახლე გავიგე, მრავალი ისტორია და ფილმში ჩავსვით, რამაც სცენარი კიდევ უფრო გაამდიდრა. ფილმს ვიწყებთ ერთი სცენით, რომელიც შეიძლება, ცოტა დამთრგუნველი, მაგრამ ძალიან ემოციურია. ექვთიმე თაყაიშვილის ფუძე-სახლში თაყაიშვილებმა დაგვპატიჟეს და იქ გვიამბეს ასეთი ისტორია: როდესაც ექვთიმე დაიბადა, მამამისი მალევე გარდაიცვალა. 5 წლის იყო, დედაც რომ გარდაეცვალა. ერთ დღეს ექვთიმე დაიკარგა. იმ დროს ოსმალობა იყო, ბავშვებს იტაცებდნენ და ყველას ეგონა, ექვთიმეც მოიტაცეს. მთელი სოფელი ეძებდა და უცებ მოესმათ ექვთიმეს სახლიდან ვიღაცის ყვირილი: მკვდარი გაცოცხლდა, მკვდარი. ყველანი სახლში შევარდნენ, ტახტზე ექვთიმეს დედაა დასვენებული, რომელსაც სახეზე სუდარა აქვს გადაფარებული და ეს სუდარა მოძრაობს: ადის-ჩადის. ყველაზე გაბედული ვინც იყო, ხელის კანკალით გადახადა სუდარა – გარდაცვლილი დედის ცხედრის გვერდით ექვთიმეს სძინავს, რომელიც თავისთვის, მშვიდად სუნთქავს. გაგიჟდა ხალხი, საიდან გაჩნდა ეს ბავშვიო. რომ გააღვიძეს, უთქვამს: დედა მომენატრა, ჩავეხუტე და დამეძინაო. ეს რომ მოვისმინე, მაშინვე ჩავამატეთ სცენარში.
– როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ მყინვარწვერზეც ახვედი და ექვთიმეს დროშაც ააფრიალე.
– გავაკეთებინე ექვთიმეს დროშა მისივე ფოტოთი. 3 600 მეტრზე რომ ავედით, სადაც მეტეოსადგურია, გვითხრეს, ეკლესიაში, რომელიც 4 000 მეტრზეა, ხვალ ჯვრისწერა იქნებაო. მეორე დილით, მზის ამოსვლის სანახავად გამოვედი, საოცარი სანახაობა იყო და ამ დროს დავინახე მღვდელი. მივესალმეთ ერთმანეთს, შოკოლადი შემომთავაზა, დავიწყეთ საუბარი. ბოლოს ვკითხე: მამაო, თქვენი სახელი, როგორ მოგმართოთ-მეთქი. შემომხედა და მეუბნება: ექვთიმე... შანსი არ არის-მეთქი, წამოვფრინდი, გამივარდა ხელიდან ფოტოაპარატი – 3 600 მეტრის სიმაღლეზე ვარ, დილის 6 საათია, ექვთიმე თაყაიშვილის დროშა მინდა, ავიტანო მყინვარწვერზე და ამ დროს გვერდით ექვთიმე მიზის, თან მღვდელი. აუ, ეს რა სასწაულია, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი. გადაირია ადამიანი: მანამდე მშვიდად ვესაუბრებოდი და ახლა რა დაემართაო. ემოციებისგან წინ და უკან დავრბოდი. ბოლოს დავჯექი: მაპატიეთ, ავღელდი, ექვთიმეს ფილმის გადაღებები დავიწყე, ექვთიმეს დროშა მყინვარწვერზე უნდა ავიტანო და ამ დროს დილის 6 საათზე, ექვთიმე გვერდით მიზის – ჩემთვის პირდაპირ ექვთიმე თაყაიშვილის გამოცხადება ხართ, ასეთი სასწაული არასდროს მინახავს-მეთქი. ეს მართლაც მაგარი ამბავიაო – მითხრა და დაგვლოცა. ეკლესიასთან ავედით ჯვრისწერაზე და მე და მამა ექვთიმემ გავშალეთ დროშა. შემდეგ უკვე მყინვარწვერზე ავედი. მე ასეთი საქართველო არსად მინახავს, ეს გზა სამთო გიდებთან ერთად ყველა ქართველმა უნდა გაიაროს. სულ სხვა სამყაროს ნახავ, გამოცდი საკუთარ თავს, დააფასებ ყოველ წამს, ლუკმას, წყალს, ჰაერს, შენში დიდი გარდასახვა ხდება, ისეთი სირთულეების გადალახვა გიწევს – ეს საკუთარ თავზე გამარჯვებაა. სასწაული გზა იყო, გავშალე მყინვარზე დროშა. ახლა, 4 სექტემბერს მივდივართ მონბლანზე, ევროპის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, სადაც ასევე გავშლით ექვთიმეს დროშას. შემდეგ უკვე მინდა ევერესტზე ასვლა, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები, ევერესტზეც გავშალო ექვთიმეს დროშა.
– კიდევ რა პროექტზე მუშაობ?
– ეს არის ფილმი „მე ვარ სერაფიტა“, რომლის პრომო უკვე გადავიღეთ. ეს არ არის ჩემი პროექტი, მუშაობა შემომთავაზეს. არმაზის ციხის გათხრების ისტორია, სადაც იპოვეს არმაზის ბილინგვა, ორენოვანი ეპიტაფიით. ეს არის უდიდესი სიყვარულის ისტორია. როგორც გამოვიძიე, შესაძლებელია, არმაზის ბილინგვა იყოს პირველი სასიყვარულო წერილი მთელ მსოფლიოში, რომელიც საქართველოშია ნაპოვნი და თითქმის 2 000 წლისაა. ორმეტრიანი ქვის ლოდი, რომელზეც საოცარი სიტყვებია ამოტვიფრული. პრომოსთვის რამდენიმე სცენა გადავიღეთ და შემდეგ უკვე დიდბიუჯეტიან ფილმს გადავიღებთ.

скачать dle 11.3