კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაეპარა დავით აღმაშენებელს სულთანი კანალიზაციის მილიდან

1122 წელს დავით აღმაშენებელმა დაიკავა ქალაქი ტფილისი, რომელიც 400 წელი მაჰმადიანების ხელში იყო და ქუთათისიდან, კავკასიის გეოსტრატეგიულ ცენტრში გადმოიტანა სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი.
იმავე წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი შემოიჭრა შარვანში (დღევანდელი აზერბაიჯანი), აიღო შარვან-შაჰების სატახტო ქალაქი შემახია (შემახა), გამოაგზავნა ელჩი დავით მეფის წინაშე და მოსწერა:
„შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერასოდეს გამოხვალ ველებზე. მე შევიპყარი შარვან-შაჰი და მოვითხოვ ხარაჯა გადამიხადო. შენ თუ გნებავს, ჯეროვანი ძღვენი გამომიგზავნე, თუ გინდა, გამოდი შენი სამალავიდან და მნახე“.
დავით მეფემ სასწრაფოდ არმიის შეკრების ბრძანება გასცა. მალე სამეფოს ჯარი დარაზმული იდგა მეფის წინაშე. გაემართა ქართული არმია სულთანთან საომრად. ყივჩაღები უკვე ჩამოყვანილი, განაწილებული და დარაზმული ჰყავდა ჩვენს სასიქადულო მეფეს. შეიკრიბა 50 000 კაცი.
სულთანმა ქართველთა მეფის მიახლოება და ჩვენი ჯარის სიმრავლე რომ გაიგო, შეშინდა და აიყარა დაბანაკებული ველიდან. შამახიაში შევიდა, გაათხრევინა თხრილები გალავნის გარშემო და გაამაგრა ქალაქის კედლები. 
შეატყობინეს ჩვენს მეფეს, თურქთა სულთანი გაიქცა და ქალაქს შეაფარა თავიო. აღარ გაეკიდა დავით აღმაშენებელი მტერს, ჩამოხტა ცხენიდან, დავარდა მუხლებზე და  თაყვანი სცა ღმერთს. ქალაქთან დაბანაკდნენ ქართველნი.
ალყაში მოაქციეს შემახა ქართველებმა. მრავალი დღის შიმშილით, წყურვილითა და სიკვდილის შიშით შეპყრობილმა სულთანმა გადაიფიქრა დავით მეფისგან ხარკის მოთხოვნა, არც ომი აღარ სურდა. რამდენჯერმე ხალხი მოუგზავნა ჩვენს ხელმწიფეს, საჩუქრები გამოუგზავნა და გზა ითხოვა წასასვლელი.
იმ დღეებში რანის ათაბაგი, აღსუნღული, თავისი ჯარით მოემართებოდა სულთნის დასახმარებლად. ქართულმა ნაწილებმა ათაბაგის 4 000 მეომარი მოკლეს. ათაბაგმა ძლივს გაასწრო და ქალაქს შეაფარა თავი. ეს რომ იხილა სულთანმა, იმ ღამესვე გაიპარა სასდუნით (კანალიზაციის გაყვანილობით), რომელიც ქალაქიდან გამოდიოდა და დავით მეფის ჯარისკაცებს უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული. გაჰყვა მდინარეს და გაიქცა თავის ქვეყანაში.
ღვთის მადლობელი წმიდა დავით მეფე დაბრუნდა ტფილისში. ცოტა ხნით დაასვენა არმია. ივნისში, საშინელ სიცხეში, კვლავ წავიდა შარვანში, აიღო გულისტანი, შარვან-შაჰების კიდევ ერთი რეზიდენცია. თავისი მორჩილები დაასაჩუქრა და დაბრუნდა ქართლში.
შემოდგომაზე გადავიდა იმერეთში, გეგუთში, ინადირა, დაისვენა კარგად, იქაური საქმეები განაგო, მარტში კი ქართლში გადმოვიდა და აიღო ქალაქი დმანისი.
აპრილში თავს დაესხა ქალაქ შაბურანს და წაართვა ის დარუბანდის (დღევანდელი დერბენტის) მთავარს. დარუბანდის მთავრის ჯარში იყვნენ ქურდები (ხალხი იყო ასეთი სახელის), ლეკები და ყივჩაღები, რომლებიც ემსახურებოდნენ დარუბანდელს. დავითის არმიამ გაანადგურა მათი ჯარი. აიღეს შარვანის ციხეები, ხაზაონდი, ღასანი და დაიკავეს მთელი  მხარე.
შემდეგ, დაუდეგარი ხელმწიფე სომხითში ანუ ქვემო ქართლში, „ვრაც-დასტში“ (სომხურად ქართველთა ველი) და მერე ჩრდილოეთ სომხეთში შეიჭრა, სადაც მაჰმადიანები ბატონობდნენ. დავით მეფემ აიღო  ციხეები „გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი“.
ივნისში გაემართა ჯარით სამხრეთ-დასავლეთისკენ. გავლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორი, ბასიანი სპერამდე და სადაც კი იპოვა თურქმანი, დახოცა ან ტყვედ აიყვანა. უკანა გზაზე ჩამოიარა ბუღთა-ყური, დაწვა ოლთისი, რადგან იქ გამაგრებულები იყვნენ სელჩუკები და შემოვიდა თრიალეთში გამარჯვებული. დაასვენა ჯარი ხელმწიფემ.
ოც აგვისტოს ანისის სომეხი დიდებულები ეწვივნენ ჩვენს სათაყვანებელ მეფეს, მოახსენეს, რომ უთმობდნენ სომეხთა ერთ-ერთ ძველ დედაქალაქ ანისს და მის მიმდგომ ქვეყანას. მაშინ სომხური სახელმწიფოებრიობა კარგა ხნის გაუქმებული იყო, მათ მხარეებში სელჩუკები, ან გამაჰმადიანებული ქურთები ბატონობდნენ.
ანისი უძველესი ქალაქი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო თვალსაზრისით. ოდესღაც ანისში სომეხთა კათალოკოსიც მჯდარა. 1041 წელს, ანისის სომეხი მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქი დაიკავა ბიზანტიის იმპერატორმა და ანისი, მისი მიმდგომი ქვეყანა შეუერთდა ბიზანტიას.
1064 წელს ანისი 25-დღიანი ალყის შედეგად დაიკავა ალფ-არსლანმა, რომელიც თურქ-სელჩუკთა სულთანი იყო 1063-1072  წლებში. შემდეგში სელჩუკებმა ანისი მიჰყიდეს გამაჰმადიანებულ ქურთ შედადიანებს. შედადიანები პირველ პერიოდში ნორმალურად იქცეოდნენ, თუმცა შემდეგ დაიწყეს ქრისტიანების დევნა და ტაძრებში მეჩეთების გახსნა, რამაც გაამწარა სომეხი მოსახლეობა. 1118 წელს მანუჩარ შედადიანი შეცვალა მისმა ვაჟმა, აბულ-ასვარმა. სომხური ცნობით, მან ქალაქ ხლათში ჩამოასხმევინა ვერცხლის დიდი ნახევარმთვარე და ანისის ტაძრის თავზე წამოაჭიმვინა, რომელიც მეჩეთად აქცია.
დააგზავნა დავით მეფემ წვევის წერილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სასწრაფოდ შეიყარა სამოციათასიანი ქართული არმია. ჩავიდა დავით აღმაშენებელი სომხეთში, სამ დღეში აიღო ანისი, მის გარშემო არსებული ციხეები და მთელი კუთხე გაუჭირვებლად.
დაიპყრო ალფ-არსლანიანნი ანუ თურქები და ამოწყვიტა ისინი, რომელთაც ანისის ტაძარი მიზგითად გადაეკეთებინათ და ქრისტიანების სისხლით ჰქონდათ მორწყული ტაძარი და მთელი ქალაქი. სომხური ცნობით, 20 000 მაჰმადიანი მეომარი დაღუპულა იმ დღეებში.
ანისის ერთ-ერთი ტაძარი აშენებული იყო ბერძენთა მეფის ასულის, კატრონიტეს მიერ და თვითონაც იქვე იყო დასაფლავებული. ხელახლა აკურთხეს ტაძარი, პანაშვიდი გადაუხადეს დედოფალს. მივიდა დავით აღმაშენებელი დედოფლის საფლავთან და სამგზის ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა საყდარი შენი უსჯულოთა ხელიდან”.
როგორც ამბობენ, სიხარულით დედოფლის ძვლებმა საფლავიდან ხმა გამოსცესო. რადგან ბერძენ დედოფალზეა ლაპარაკი და მას წმიდანად მოიხსენიებდა დავით აღმაშენებელი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მართლმადიდებლური ტაძარი იყო. მაშინდელ ანისში, ამბობდნენ, 1001 ტაძარი იდგაო, მათ შორის მართლმადიდებლურიც.
დააკავეს ანისის მთავარი, მაჰმადიანი აბულასვარი, წარმოშობით ქურთი, გვარად შედადიანი, თავისი რვა ძითა და მთელი ოჯახით და აფხაზეთს გამოაგზავნეს ტყვედ.
ჩვენმა ხელმწიფემ ანისის მცველად დატოვა მესხი აზნაურები თავისი ციხიონით. თვითონ მეფე დაბრუნდა ქართლში. ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემოუერთდა.
მეფემ ცოტა ხანი დაასვენა ჯარი. მერე გაემართა შარვანში. კვლავ აიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, მთელი შარვანი. ქალაქებსა და ციხეებში ჩააყენა ქართული ნაწილები, ჰერები და კახელები. იქაურობის გამგებლად და ზედამხედველად დანიშნა თავისი მწიგნობართუხუცესი (კანცელარიის გამგე, პრემიერი) სვიმონ ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალევერდელი. სვიმონ ჭყონდიდელი სიბრძნითა და პატიოსნებით ძალიან ჰგავდა თავის ბიძას, დედის ძმას, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, დავით აღმაშენებლის აღმზრდელს, რომელიც რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო.
განაგო მეფემ შარვანის საქმეები, პატივითა და საჩუქრებით აღავსო ქურდები, ლეკები, თარაზები (ალბათ თაბასარანელები). შემდეგ წამოვიდა და თავის ყივჩაღებს საზამთრო სადგური მოუწყო, საკვები გამოუყო. დაუნიშნა ხელმძღვანელები.
განაგო საქმეები ქართლისა, სომხითისა და ანისისა. გაზაფხულისთვის გეგმავდა დიდი საქმეების გაგრძელებას, ვინაიდან არავინ იყო, ვინც წინ აღუდგებოდა მას. თვით სულთანი, სადაც იყო, შიშისგან ძრწოდა, არც თავისი წინაპრების დაპყრობილ ქალაქებზე ფიქრობდა, დავით მეფემ რომ წაართვა, არამედ, შორს იყო და მძინარესაც კოშმარები აწუხებდა შიშისაგან. მღვიძარეს კი სიკვდილი ელანდებოდაო, – წერს დავით აღმაშენებლის ანონიმი მემატიანე.
უგზავნიდა სულთანი ჩვენს ხელმწიფეს უამრავ ძღვენს და საჩუქრებს ელჩების ხელით და ამგვარად ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას.

скачать dle 11.3