კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კონფლიქტი ჰქონდა მაია სტეფნაძეს გია ჯაჯანიძესთან და ვისთან ერთად დაიწყო მან ცხოვრება თავიდან

მაია სტეფნაძე დღეს ტელესივრცეში საუკეთესო პროდიუსერად ითვლება, რაზეც მისი გაკეთებული შოუებიც მეტყველებს (ერთ-ერთი არის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“). გარკვეული ხნის წინ კი ის „დღის შოუს“ წამყვანადაც მოგვევლინა, რითაც გადაცემას უფრო მეტი ქალურობა, ხალისიანი ფერები და დადებითი ენერგია შესძინა. გარდა ამისა, საოცრად ენერგიული და პოზიტიური მაია ეკრანისა და პროდიუსერის პულტის მიღმაც წარმატებულია – ის სამი არაჩვეულებრივი  შვილის დედა და მომავალი ბებიაა.
მაია სტეფნაძე: დაკვირვებული ვარ – შემოდგომის სეზონი ცოტათი უფრო ნაკლებად გამოგვდის, ვიდრე იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდი. ალბათ, ზაფხულის  შემდეგ ცოტა მეტი დრო გვჭირდება, იანვრიდან კი უფრო დამჯდარი ხარ, ემოციები გადარჩეული გაქვს და, უკვე იცი, როგორ უნდა იმუშაო. თან, ერთი საიდუმლო იარაღი აღმოვაჩინე:  შარშან იანვარში პირველ სტუმრად გია სურამელაშვილი გვყავდა და მთელი სეზონი ძალიან წარმატებული იყო. ამიტომ წელს „ბუკვალურად“ მისი ფეხით დავიწყეთ გადაცემა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია, მაგრამ უზარმაზარი რეიტინგი დადო.
– თქვენი და გია ჯაჯანიძის ტანდემი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
– გიას ასე ღრმად არ ვიცნობდი. ცოტა კონფლიქტი მე მქონდა მასთან, თორემ, როგორ შეიძლება, გია ჯაჯანიძეს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდეს?! მერე ნელ-ნელა გავიგე მისი ხასიათი, დავიწყე იმაზე ზრუნვა, რომ მისი ხასიათისთვის მომერგო გადაცემები და ამან გაამართლა. გიას ენერგეტიკა და მისტიკური თვისებები კარგად მოუხდა გადაცემის იმ ფორმატს, რომელიც ბოლო დროს უფრო მეტად გავაღრმავეთ. გადაცემა თავიდან, რა თქმა უნდა, სკანდალური იყო. ჩვენ ცოტა სხვა სკანდალებით დავიწყეთ, რადგან ახალგაზრდა გადაცემა იყო და მაყურებელში სტაბილური პოპულარობა სჭირდებოდა. ახლა უკვე ჩვენი ნიშა გვაქვს, მაყურებელი გველოდება და უკვე საკუთარ თავსაც მივეცით სერიოზული და სხვა ტიპის გადაცემების კეთების უფლება. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ, ისეთი ღირებული, რასაც ჩვენ ისტორიული გადაცემებით ვქმნით, ნამდვილად არ გამიკეთებია. როდესაც გავბედე, რომ ამ ფორმატში პირველი გადაცემა გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, ბევრი მოგების ფონზე გავრისკე, ბავშვებს ვეუბნებოდი: „არა უშავს, თუ წავაგებთ“. ეს გადაცემა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, დიდხანს ვოცნებობდი ამაზე”. აღმოჩნდა, რომ მოვიგეთ და არცერთი ასეთი გადაცემა არ წაგვიგია. თავიდან გიას ძალიან ეშინოდა, მაგრამ მას აქვს დიდი ღირსება – არასდროს იტყუება. მან პირველივე გადაცემაში თქვა: წარმოდგენა არ მაქვს, რაზე უნდა ილაპარაკოთ. მე თქვენ პირველ შეკითხვას დაგისვამთ და დანარჩენი თქვენ განუმარტეთ მაყურებელსო, ანუ, თავი მაყურებელის გვერდით დააყენა, რადგან ამ ყველაფერზე მაყურებელიც არ ფლობდა ინფორმაციას. როგორც მაყურებელმა გაიგო, ისე გაიგო გიამაც, ყოველ შემთხვევაში, მას მაყურებელთან არ უთამაშია. საზოგადოებას დღეს ძალიან უჭირს სულიერადაც და მატერიალურადაც და, ვფიქრობ, რომ დროა, ჩვენ, ყველამ ერთად, უფრო მეტი იდეალები დავისახოთ ჩვენს ქართველობაზე, უფრო მეტი ვიფიქროთ ერის მისიაზე და ჩვენი გადაცემებიც სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ არ ვართ დამცირებული, ომებწაგებული ერი; ეროვნება და თავმოყვარეობაშელახული ერი; ჩვენ ჩვენი მისია გვაქვს, რომელსაც უნდა მივყვეთ. ქართველი ერი არ არის იმის ღირსი, რაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ბოდიში, შეიძლება, ჩემგან ასეთ სერიოზულ განცხადებებს არ ელოდით, მაგრამ, ჩემი ნამდვილი სახე სწორედ ეს გადაცემებია.
– ხშირად რეჟისორებსა და პროდიუსერებს ურჩევნიათ, კამერების უკან იდგნენ და არ ჩნდებიან; ზოგს ეკრანზე გამოჩენის გარკვეული შიშიც აქვს, თქვენ კი ეს სტერეოტიპიც დაარღვიეთ და ერთ დღეს „დღის შოუს“ წამყვანი გახდით.
– არასდროს მიფიქრია ეთერში გამოჩენაზე. ჩემთვის მოულოდნელი იყო, როდესაც თამუნა ღვინიანიძემ, „დღის შოუს“ პროდიუსერმა, გადაცემაში დაჯდომა შემომთავაზა. მაგრამ, ეს ფორმატი მიყვარს ძალიან – „დღის შოუში“ ზიხართ ქალები და ჭორაობთ. ჩემი საყვარელი საქმიანობაა: დაჯექით, იჭორავეთ, განიხილეთ რაღაც თემები. თუ აკვირდებით, იქაც სულ ვატარებ ქალების ხაზს. პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენი მაყურებლის უმეტესობა ჩემნაირი ქალია – შვილებით, ოჯახით, მრავალწლიანი ტვირთით, გამოცდილებით; ცოტათი თავდაკარგული ქალები, რომლებიც ეთერში ხედავენ გაპრანჭულ, თხელ, პარამეტრებიან გოგონებს და მათთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერანაირად ვერ ახდნენ. და, უცებ, დაჯდა ეთერში ვიღაც ჩემნაირი. არც გამხდარი, არც ოფიციალურად მოსაუბრე, ერთი ჩვეულებრივი ქალი, როგორიც სამეგობროში ერთი ყველას ჰყავს – ცოტათი დარტყმული, რომელიც მხიარულია, სიტყვებს არ ზომავს და საუბრობს ბევრს; არ არის ბოროტი, შურიანი, სხვისთვის არასდროს უნდა ცუდი და ბევრს დარდობს თავისნაირ ქალებზე. იცით, რატომ ვფიქრობ მათზე? ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები მათზე დგანან. რატომღაც, დღევანდელი ქალები სწორად არ ვზრდით შვილებს და ამის მიზეზი, როგორც ჩანს, არის ის, რომ ოჯახში ჩვენი მამაკაცებისგან არ ვიღებთ იმ სიყვარულსა და სითბოს, რაც ჩვენ, ქალებს, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში, გვჭირდება. მერე ეს ჩვენი ფარული აგრესია გადაგვაქვს შვილებზე, შვილები კი იზრდებიან სადისტები და სადისტურად კლავენ ქალებს. ამ ქალებს თუ არ მივხედეთ, თუ არ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ყველა დედა იყოს შემდგარი, ბედნიერი, სითბოთი სავსე, რათა არ გაზარდოს არაჯანსაღი ფსიქიკის შვილები, არაფერი გვეშველება.
– ასეთ ქალებთან გააიგივეთ თავი, თუმცა, თქვენ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ხართ: გყავთ სამი მშვენიერი შვილი, აკეთებთ თქვენს საქმეს.
– ეს არის ჩემი სიამაყე. მე ვარ სრულფასოვანი ქალი და, პირველი, რითაც ამ სრულფასოვნებას ვგრძნობ, ეს არის ჩემი სამი ბედნიერი შვილი – ამ სიტყვების თქმის არ მეშინია. ორივე ქალიშვილი გათხოვილია და უბრწყინვალესი მეუღლეები ჰყავთ. სხვათა შორის, ბებია ვხდები ოქტომბერში – შვილიშვილს ველოდები და უფრო ბედნიერი გავხდები.
– ხომ არ გეშინიათ ბებიობის?
– ძალიან ახალგაზრდა გავთხოვდი და სანამ უმცროსი ქალიშვილი მეყოლებოდა, ვიყავი შემდგარი, ბედნიერი ქალი, რომელიც ახალგაზრდაა და  ჰყავს ორი დიდი შვილი. ახლა, როცა პატარა მყავს, იმდენად პატარაა, რომ ბევრს ბებია უფრო ვგონივარ, ვიდრე დედა და ამის გამო ავიღე ასაკობრივი კომპლექსი. ვხვდები, არ მინდა ვიყო ასაკში, რადგან, არ მინდა, ლიზის რამე ეტაპზე შერცხვეს იმის, რომ ასაკიანი დედა ჰყავს. თან, მე ხომ ყველაფერში სხვა რაკურსით ვხედავ ჩემს ცხოვრებასაც და ყველაფერსაც. არ შევეპუე იმას, რომ უნდა დავბერებულიყავი და საკუთარ თავს გამოვუცხადე: „შენ შეგიძლია, კიდევ ერთხელ თავიდან დაიწყო ცხოვრება” – და დავიწყე ცხოვრება თავიდან ლიზისთან ერთად. ეს იყო ჩემი გადატვირთვა და ისეთი მაია დაიბადა, როგორიც ადრე იყო. „ქალი ასაკის გარეშე“ – სხვათა შორის, ასე შემარქვეს. ნინი და თეონა სრულფასოვნად დგანან თავიანთი ცხოვრების გზაზე. საოცრად გამიმართლა სიძეებში. ჩემი ორივე შვილი სრულფასოვნად ბედნიერად ცხოვრობს მეუღლეებთან ერთად და ამაზე დიდი ბედნიერება დედისთვის რა შეიძლება იყოს.
– ლიზი პატარა მსახიობია – „ჩემი ცოლის დაქალებში“ უკვე დიდი ხანია, თამაშობს ცოტნე ცოტაშვილის შვილის როლს. ძალიან საყვარელი ბავშვია.
– ძალიან მიყვარს ეს კოლექტივი, ყველა. ლიზი დიდი ხანია, ამ სერიალშია. 5 წლის იყო, რომ მივიყვანე. თავიდან ანტურაჟად იჯდა და სულ ჭამდა. მერე დამცინოდნენ: რა იყო, ამ ბავშვს სახლში არ აჭმევთ, სულ სერიალში რომ აჭმევენო?  დიდი მადლობელი ვარ ქეთი დევდარიანის, რომ მან ამ ბავშვში აღმოაჩინა დრამატიზმი, არადა, ძალიან საყვარელი და ცანცარა გოგოა. მაგრამ მას უკვე ისეთი სცენარი გაუკეთა, რომ ბავშვი სხვა კუთხით წარმოაჩინა.
– როგორი სიდედრი ხართ? მითია ის ყველაფერი, რაზეც სიდედრებთან დაკავშირებით ხუმრობენ?
– მითია და, გეტყვით, რატომაც. თავისუფალი ადამიანი ვარ და სხვის პირად სივრცეს ძალიან დიდ პატივს ვცემ – ჩემი სიძეების, ჩემი შვილების პირადი სივრცე ჩემთვის ხელშეუხებელია. როდესაც დედა თავის გათხოვილ შვილს აიძულებს, იაროს მის ჭკუაზე, მაშინ იქმნება კონფლიქტი სიძეებსა და სიდედრებს შორის. მე არ ვარ ასეთი, მათ დიდ პატივს ვცემ. ეს მათი პატარა ბუდეა, სადაც ისე უნდა იცხოვრონ, როგორც თვითონ სურთ. შეიძლება, მეც არ მომწონდეს რაღაც ჩემს შვილებში და არა სიძეებში, რადგან ორივეზე ვგიჟდები, მაგრამ, არ ჩავერევი, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა. ასეთ სასწაულებს ჩემი შვილები არ მიწყობენ, რადგან იციან, ძალიან ემოციური ვარ.
– 19 წლის გათხოვდით. ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, ეს ასაკი გათხოვებისთვის ნაადრევია?
– საშინლად პატარა ასაკია და არცერთ გოგოს არ ვურჩევ ამ ასაკში გათხოვებას. წარმოიდგინეთ, 23 წლის ასაკში თავი ძალიან მოხუცი მეგონა, რადგან უკვე ორი შვილის დედა ვიყავი. ლიზისთან უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ თავს, ვიდრე ვგრძნობდი 23-24 წლის ასაკში. აქედან გამომდინარე, მეცოდება ყველა ის ქალი, ვინც ადრეულ ასაკში თხოვდება. ამ გადასახედიდან ვერ შევცვლი ვერაფერს, მაგრამ, ვისაც არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი, იმათ ვეუბნები: გეხვეწებით, არ მოიქცეთ ასე! მე ბევრი რამ მოვახერხე. ჯაჯო მეუბნება: ნუ მოითხოვ სხვებისგანაც, იყოს ისეთი ენერგიული, როგორიც შენ ხარ, რადგან შენ იშვიათი ენერგიულობა გაქვსო. ალბათ, ასეა. ამას მერე მივხვდი და, ჩემიდან გამომდინარე, არ შეიძლება, სხვებსაც ის მოვთხოვო, რასაც მე ვაკეთებ. ძალიან ბევრ რამეს ვასწრებდი: უნივერსიტეტში ვსწავლობდი, დისერტაცია დავიცავი, პარალელურად ლექციებს ვკითხულობდი. რადგან უნივერსიტეტის შემოსავალი არ მყოფნიდა და ოჯახში ბევრი რამ იყო საჭირო, საინფორმაციო საგენტოებში ვმუშაობდი, მერე ტელევიზიებში და ასე შემდეგ. ვიყავი ციყვი, რომელიც გალიაში დარბის.
– შვილებს, ალბათ, ჰქონდათ დედასთან  ურთიერთობის დეფიციტი და ამის გამო პროტესტსაც გამოხატავდნენ.
– ძალიან განიცდიდნენ. სულ მენატრებოდა შვილები, განსაკუთრებით 2003-ში, როდესაც „მზეში“ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ დაიწყო, რომელიც ყოველდღე გადიოდა. დილით რომ მივდიოდი სამსახურში, ღამის 2 საათამდე პირდაპირი ეთერი გვქონდა. შაბათ-კვირის გარდა შვილებს ვერ ვნახულობდი, მაგრამ მაინც კარგი შვილები გამომივიდა, მათში ძალიან ძლიერი სიყვარული ჩავდე. როგორც კი სახლში შევიდოდი, სამსახურის საქმეები, გადაღლა, ნერვიულობა – ყველაფერი ზღურბლს მიღმა რჩებოდა და ვხდებოდი ჩვეულებრივი დედა. ასე ვარ ლიზისთანაც, უბრალოდ, ლიზის, ასე ვთქვათ, უფრო „მეტი დედა” შეხვდა, ვიდრე ნინისა და თეოს იმ პერიოდში.
– ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის, მეუღლის მხრიდან ხელშეწყობა.
– სანამ ასპირანტურაში ვსწავლობდი, ძალიან, ძალიან მიწყობდა ხელს, მაგრამ, მერე აღარ მოსწონდა. 24 საათი ცოლს რომ ვერ ხედავ, რომელ ქმარს მოეწონება?! ძალიან დაიღალა და ვერც ვამტყუნებ.
– მუდმივად პოზიტიური, ხალისიანი ენერგია მოდის თქვენგან, თუმცა ამის მიღმა იქნება სხვა ბევრი რამ, რის აფიშირებასაც არასდროს ახდენთ.
– როცა უამრავი რამ გაქვს ცხოვრებაში ნანახი, უფრო მეტად აფასებ ბევრ რამეს. მე ვაფასებ იმას, რაც მომცა ცხოვრებამ: მყავს ბედნიერი შვილები, ვარ შემდგარი ქალი, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, მყავს ძალიან კარგი მეგობრები და, როგორ შეიძლება, ელემენტარულ პრობლემებზე ვინერვიულო, თან ისე, რომ ვინმეს დავანახვო?! საკუთარ თავს აღარ ვაძლევ უფლებას, რაღაც-რაღაცეებზე ვინერვიულო. თავისი ფილოსოფიური მიდგომებით,  ძალიან დიდი როლი ითამაშა გია ჯაჯანიძემ ჩემზე, რომ ვუყურებ, სულ მშვიდია, გაწონასწორებული. მისი ფრაზა: „რას დაეძებ“ – დღეს ჩემთვის ნომერ პირველია, მაგრამ თავიდან ისე მაგიჟებდა და მაღიზიანებდა, იმხელა აგრესიაში მაგდებდა... მისთვისაც ხომ უჩვეულო იყო 12-კაციანი გაავებული დებატების დარბაზი, რომელსაც ისე ვერ მართავდა თავიდან, როგორც საჭირო იყო. მისი „რას დაეძებ“ ისეთ აგრესიაში მაგდებდა, რომ მომეკლა, არ დამენანებოდა. დღეს, როცა მივხვდი, ცხოვრებისადმი მის ამ მიდგომაში რამხელა სიღრმე დევს, მეც ვამბობ: „რას დაეძებ“... ვდარდობ, რომ, სანამ აქამდე მოვიდოდი, მთელი ჩემი ცხოვრება რატომ ვნერვიულობდი, რატომ ვდებდი ამდენ აგრესიას. შევიცვალე, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ჯაჯოსი, რომ მან ცხოვრების მიმართ ჩემს მიდგომებში ამხელა გადატრიალება მოახდინა, ოღონდ, ორი წელი მებრძოდა,  რომ ამ ორ სიტყვაში გამეგო, რამხელა სიღრმე იდო. მაია სტეფნაძე არც ისეთი ფუმფულა და საყვარელია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, მაგრამ, მართლა მივხვდი, რომ ბევრი ნერვიულობა არ ღირს.

скачать dle 11.3