კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტიროდა ეთუნა ინწკირველი შობის დილას პირდაპირ ეთერში და რისთვის გადის ის ვახო სანაიასთან კონსულტაციებს

ეთუნა ინწკირველი „ტვ პირველზე“ ერთი წლის წინ, რიგით სტაჟიორად მივიდა და სულ რამდენიმე თვეში საოცარ წარმატებას მიაღწია. საინფორმაციო გამოშვების წამყვანობა მისთვის დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვა. თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდება, უნდა, კიდევ უფრო მეტი შეძლოს, რისთვისაც ძალიან ბევრს სწავლობს და შრომობს. წარმატებულ კარიერასთან ერთად, მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეული სილამაზეა, რომელმაც წარმოუდგენელია, ვინმე გულგრილი დატოვოს. ამას საოცრად დადებითი ხასიათი და გულწრფელობაც ემატება.  
ეთუნა ინწკირველი: უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ ვსწავლობდი GPA-ში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. ვმუშაობდი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სამსახურში: გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში“, „ცხელ შოკოლადში“, „ლიბერალში“, საკრებულოში, მუნიციპალიტეტში და ოთხი წელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გავატარე. შემდეგ უმუშევარი დავრჩი და ერთ ჩვეულებრივ, რიგით სტაჟიორად მოვედი მაშინდელ „ტევეესზე“, რომელიც მოგვიანებით, „ტვ პირველად“ იქცა. თავიდან სპორტული ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტელევიზია პოლიტიკური პროფილის გახდა, მეც ამ სფეროზე გადავერთე. წინა სამსახურებიც ძალიან მომწონდა და იქ მიღებული გამოცდილება დღესაც მადგება, თუნდაც შეძენილი კონტაქტები. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ტელევიზიამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა. გამაძლიერა და დამოუკიდებლობას მიმაჩვია. ჩემი გახდა და ძალიან შემიყვარდა. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც აქ ვარ. მარტში მოვედი და სექტემბერში ეთერში დავჯექი.
– ასეთ მოკლე დროში ბევრი ვერ აღწევს მსგავს შედეგს. რა არის შენი წარმატების ფორმულა?
– მე ცოტა კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. თუმცა, ალბათ, ნამდვილად წარმატებაა ის, რომ ახალბედა ჟურნალისტს მომეცა საშუალება, ვიმუშავო ისეთი პროფესიონალების გვერდით, როგორებიც არიან: ვახო სანაია, ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი. ეს ჩემთვის დიდი პატივი და იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მთავარი საინფორმაციოს წამყვანობა დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელიც მე მივიღე და დავთანხმდი. არ ვიცოდი, როგორ გამომოვიდოდა და ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა თავი გავართვი და ღრმად ამოვისუნთქე. დღეს, როცა პირველ და ახლანდელ გადაცემებს შორის პარალელს ვავლებ, ვგრძნობ, რომ გავიზარდე. ამას სხვებიც აღნიშნავენ, რაც უდიდესი სტიმულია. თუმცა, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ. მინდა, უფრო მეტი გავაკეთო. ჯერჯერობით თავს ბოლომდე შემდგარ ადამიანად არ ვგრძნობ. წარმატების ფორმულა კი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ჩემთვის სწორედ ეს გამოწვევა აღმოჩნდა.
– რა სირთულეები ახლავს ამ საქმეს?
– თავიდან ძალიან გამიჭირდა სპორტული თემიდან პოლიტიკაზე გადასვლა. როცა საინფორმაციოს წამყვანი ხარ, მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყო თითოეულ საკითხზე, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბევრჯერ მიფიქრია, მგონი, ეს არაა ჩემი საქმე და მოდი, ისევ იმას დავუბრუნდები, რასაც აქამდე ვაკეთებდი-მეთქი. თუნდაც, მაშინ როცა პირველი სიუჟეტი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც საჭირო იყო. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ მე ეს შემიძლია. ცალკე თემაა ტელევიზიის ტექნიკური მხარე. ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის დროს მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გამოავლინო. პირველად, პირდაპირ ეთერში ჩართვის აპარატი რომ გაითიშა, რესპონდენტს ვესაუბრებოდი და ძალიან ვინერვიულე. შეიძლება, გამოცდილ ჟურნალისტს მარტივად განემუხტა სიტუაცია, მაგრამ მე ძალიან გამიჭირდა. ძალიან ემოციური ვარ და ამ ეთერის შემდეგ ტირილის შეკავება ვერ შევძელი. არასდროს დამავიწყდება ვახო სანაიას სიტყვები: ნუ განიცდი, ეს არაფერია. ყველას გვაქვს წარმატებული და წარუმატებელი ეთერი და ამით ტრაგედია არ შექმნაო. ვახო ძალიან ბევრ რამეს მასწავლის. ხშირად ვეკითხები აზრს, მასთან ბევრ საკითხზე გავდივარ კონსულტაციებს და რჩევებსაც ვიღებ. პრაქტიკულად, ჩემი მასწავლებელიც არის (იცინის). ინგაც და ჟიჟიც ცდილობენ, მეტი შემძინონ, რაც ძალიან მიხარია.
– ალბათ, ხშირია საინფორმაციოსთვის არადამახასიათებელი ამბები.
– ნამდვილად. ბევრისგან განსხვავებით, მე ძალიან მიჭირს ეთერში ემოციების დამალვა. მახსოვს, ერთხელ „შემწვარი ბატის საერთაშორისო დღეზე“ იყო საუბარი და ამის გაგონებაზე ვერაფრით შევძელი სიცილის შეკავება. რეჟისორმა იცის ჩემი ხასიათი და ცდილობს, მსგავს შემთხვევებში ეთერიდან სწრაფად გამიყვანოს (იცინის). პირიქითაც მომხდარა და სიცილის ნაცვლად, ტირილი ვერ შემიკავებია. ერთხელ რაღაც შეცდომა მომივიდა და პროდიუსერმა შენიშვნა მომცა. ეს იმდენად მძაფრად აღვიქვი, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში შევდიოდი, ცრემლების შეკავება ვერ შევძელი. არ დამავიწყდება, შვიდი იანვარი იყო, შობის დილა და მე ეთერში ვტიროდი. ხალხი მირეკავდა, რა გჭირსო?!
– საუბრისას მითხარი, ძალიან ხიფათიანი ვარო. ეს რაში გამოიხატება?
– ძალიან ხიფათიანი ვარ და ბევრ კურიოზულ სიტუაციაშიც მოვხვედრილვარ, ბევრი ტრავმაც მიმიღია. მახსოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და მთელი მონდომებით ვცდილობდი უფროსის დავალების კარგად შესრულებას. გუმბათიან დარბაზში ძალიან სწრაფად მივდიოდი, მინის კედელი ვერ დავინახე და მთელი სისწრაფით დავეჯახე (იცინის). ცხვირი გამიტყდა და კბილი მომტყდა. მეორე დღეს პრეზიდენტის მთელი ადმინისტრაცია მცნობდა: შენ ის გოგო არ ხარ, იქ რომ წაიქეციო?! მხოლოდ მე შეიძლება მსგავსი რამ დამემართოს. ერთხელ ჩართვაზე ყველაზე დიდი კალია გამოექანა და შუბლზე შემომახტა. არადა, ამქვეყნად ყველაზე მეტად კალიების მეშინია. ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ, მიკროფონიანად ჩავიკეცე. არადა, ეთერში ვარ, გვერდით დათო ოქიტაშვილი მიდგას და კითხვებს ვუსვამ. დათო სიცილით კვდება, მე ყურში მესმის – რას შვრები, რას შვრები?! როგორღაც ამაყენეს და შევძელი ჩემი თავი გამომეყვანა და მაყურებლისთვის მეგრძნობინებინა, როგორ მეშინია კალიების (იცინის).
– სახელი ეთუნა საინფორმაციო გამოშვებისთვის ცოტა უცხოა. როგორ შეძელი მისი შენარჩუნება?
– სახელთან ცოტა რთული დამოკიდებულება მაქვს. ოფიციალური ფორმა – ეთერი არ მომწონს (იცინის). ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ეთუნათი მომმართავენ და როგორღაც დავითანხმე უფროსი, რომ მაყურებლის წინაშეც ეთუნა ინწკირველად წარვმდგარიყავი (იცინის).
– შენი წარმატების განმაპირობებელი, გარკვეულწილად, გარეგნობაც თუ გახდა? ხელს ნამდვილად არ შეგიშლიდა.
– (იცინის) შეიძლება, წამყვანი ლამაზი სულაც არ იყოს, მაგრამ ისეთი შარმი ჰქონდეს, რომ მაყურებელი მიიზიდოს. ჩემი გადმოსახედიდან, გარეგნობა განმსაზღვრელი არ არის. თუმცა, ალბათ, მაყურებელს სიამოვნებს, როცა ლამაზი გოგონა აწვდის ახალ ამბებს. ჩემს შემთხვევაში, ალბათ, სხვა ყველაფერთან ერთად, ცოტა ესეც იყო. ამას გარკვეული პლუსი აქვს, თუმცა მარტო გარეგნობით, რა თქმა უნდა, არაფერი განისაზღვრება.
– როცა ვთქვი, რომ შენთან მოვდიოდი ინტერვიუზე, მითხრეს: მთელი თბილისი მასზე გიჟდება და გათხოვილი არ არისო.
– (იცინის) გათხოვილი არ ვარ და არც ვყოფილვარ. როგორც ხდება, მყვარებია და ვყვარებივარ. 24 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა, მაგრამ ეს ურთიერთობა დასრულდა და კარგ მოგონებად დარჩა (იცინის). ამ მხრივ თავბრუდამხვევი თავგადასავლები არ მაქვს. არც ამ ეტაპზე ხდება რაიმე განსაკუთრებული პირად ცხოვრებაში.
– თუმცა, ალბათ, ბევრი ცდილობს შენს მოხიბვლას, მით უმეტეს, როცა გარეგნობასთან ერთად, ასეთი წარმატებული ხარ. ბევრი, ალბათ, სიურპრიზებითაც განებივრებს.
– კი, ეკრანზე გამოჩენას მართლა მოჰყვა უფრო მეტი თაყვანისმცემელი (იცინის). სხვადასხვა დღესასწაულზე ტელევიზიაში მხვდება საჩუქრები და ყვავილები. სხვათა შორის, ზოგის ავტორის ვინაობა დღესაც არ ვიცი (იცინის). თუმცა, განსაკუთრებული „თავდასხმები“ არ მქონია, ალბათ, იმიტომ, რომ ბოლომდე მაინც არ ვუშვებ და ეკრანზევე ვრჩები. ზოგადად, არ მიყვარს ურთიერთობებითა და გრძნობებით თამაში. თუ ვხვდები, რომ კონკრეტულ ადამიანთან ჩემი ურთიერთობა ვერ შედგება, თავიდანვე ვაგრძნობინებ. თუმცა, ამას უხეშად, ისე რომ, ადამიანს თავმოყვარეობა შევულახო, არ ვაკეთებ. მათიც მესმის, მაგრამ ჩემსასაც ვაგებინებ, ეს კომუნიკაცია კარგად გამომდის (იცინის).
– სიურპრიზები ტელევიზიის მიღმა?
– იყო ბიჭი, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და სასწაულ სიურპრიზებს მიწყობდა. ერთ ახალ წელს თოვლის ბაბუის ფორმით მოვიდა ჩემთან. ერთხელ ნახვა არ მინდოდა და მოვიტყუე, რომ დასავლეთში ვიყავი წასული. მეორე დილით მირეკავს, ჩამოვედი და სად ხარო? არადა, თბილისში ვიყავი (იცინის). ერთხელ ფიალებით მოვიდნენ სახლთან და ბიძაჩემმა სახლში ამოიყვანა. მოკლედ, კურიოზული ამბები ყოფილა.
– მითხარი, ჯერ ბოლომდე შემდგარ ადამიანად არ ვგრძნობ თავსო. საბოლოო მიზნად რა გაქვს დასახული?
– ზოგადად, მოკრძალებული ოცნებები არ მაქვს (იცინის). კარგი იქნებოდა, იმდენად მაგარი გოგო ვიყო, რომ ჩემი თოქ-შოუ მქონდეს. არაა აუცილებელი პოლიტიკური, თუნდაც გასართობი ხასიათის იყოს. ოდესმე, როცა ტელევიზიიდან წავალ, ალბათ, ისევ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად დავბრუნდები, რადგან ეს საქმე ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ მისთვის საჭირო უნარებიც მაქვს.

скачать dle 11.3