კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შვილებმა მამა 4 ათასი დოლარისთვის მოკლეს

 64 წლის ზურაბ ფ-ძის ცხედარი თანასოფლელებმა აღმოაჩინეს. მამაკაცი მდინარემ გამორიყა. სავარუდოდ, ის მდინარეში იყო დამხრჩვალი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება.  პირველადი ვერსიით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებითა და გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი შვილების – 42 წლის დავით და 38 წლის კახა ფ-ძეების მსხვერპლი გახდა.
სამართლადამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ფ-ძე მეუღლესთან, მანანა ს-შვილთან და უმცროს შვილსთან, კახასთან ერთად ცალკე ცხოვრობდა; უფროსი შვილი კი, თავის ოჯახთან ერთად – ცალკე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ზურაბ ფ-ძემ ცოლად შეირთო თანასოფლელი მანანა ს-შვილი, რომელსაც, მეზობლების განცხადებით, გერებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიებასთან  მეზობლებმა დაადასტურეს ისიც, რომ  ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ, არასდროს არაფერი სმენოდათ. უფრო მეტიც, როდესაც დავით ფ-ძე ცოლის  მშობლების სახლში გადავიდა საცხოვრებლად, მამაც და დედინაცვალიც  წინააღმდეგნი იყვნენ და უფროს შვილს საცხოვრებლად მათთან დარჩენას სთხოვდნენ. მამა უფროს შვილს  ხშირად ეხმარებოდა სამეურნეო საქმეებში. ზურაბ ფ-ძეს სოფელში მშრომელი კაცის სახელი ჰქონდა. მას ყველა პატივისცემით ეპყრობოდა, რასაც ვერ იტყოდნენ მის უმცროს შვილზე, რომელიც ციხეში ორჯერ მოხვდა ქურდობისა და ძარცვისთვის.
ის, რომ ზურაბ ფ-ძემ არც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და არც  უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, ცხედრის აღმოჩენიდან ძალიან მალე გახდა ცნობილი. ვინც კი  გარდაცვლილს იცნობდა, ამბობდა, რომ მას თავის მოსაკლავი მიზეზი არ ჰქონდა. უბედური შემთხვევაც გამოირიცხა, მისი ოჯახის წევრების, ცოლისა და შვილების მტკიცებით, ზურაბი კარგად ცურავდა და მდინარეში არ დაიხრჩობოდა. გარდაცვლილის შვილები, უფრო თვითმკვლელობის ვერსიას ემხრობოდნენ. გამოძიებამ ისინი რამდენჯერმე დაკითხა. ორივე შვილის  ჩვენება თავიდანვე ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ჯერ ამტკიცებდნენ, რომ მამა იმ დღეს საერთოდ არ უნახავთ, შემდეგ კი გაიხსენეს, როგორ უთხრა მათ, რომ ნაკვეთში მიდიოდა და გზად მდინარეში აპირებდა ბანაობას. ეს დამაჯერებელი არ აღმოჩნდა არც გამოძიებისთვის და არც გარდაცვლილის მეუღლისთვის. მან მეუღლის კისერზე ნაჭდევები აღმოაჩინა, რაც, სავარაუდოდ, სიკვდილამდე ჰქონდა მიყენებული.  ამის შესახებ მან თავის ჩვენებაშიც განაცხადა. ამონაწერი მანანა ს-შვილის ჩვენებიდან: „იმ დღეს, როცა ჩემი მეუღლე დამხრჩვალი იპოვეს, დილიდან ჩემს დასთან წავედი. სახლში ზურა და  კახა დავტოვე. ზურამ მითხრა, რომ ნაკვეთში აპირებდა წასვლას. კახას კი ეძინა და არ დავლაპარაკებივარ. სახლში დაახლოებით  დღის ხუთ  საათზე დავბრუნდი, რამდენიმე ადგილი უწესრიგოდ მომეჩვენა. ჩემს დატოვებულ ნივთებს, რომელსაც, წესით, არავინ არ უნდა შეხებოდა, ადგილი ჰქონდა შეცვლილი. ჩემი მეუღლე სახლში 4 ათას დოლარს ინახავდა. ორი კვირის წინ მეორე სახლი გავყიდეთ, რადგან  ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მკურნალობა მჭირდებოდა. ფული სახლში ზურამ შეინახა. ამისთვის სახლში ორი ადგილი გვქონდა. მე ზუსტად არ ვიცოდი, ფული სად იდო, მაგრამ მივხვდი, რომ  ორივე ადგილას იყო ფული ნაძებნი. თანხა რომ ვერ აღმოვაჩინე, მეუღლესთან დავიწყე რეკვა, მაგრამ მის ტელეფონს არავინ პასუხობდა. კახას დავურეკე, მითხრა, მეგობართან ვარ, მამა არ მინახავსო. ორი-სამი საათი იქნებოდა გასული, მეზობლებმა რომ შეგვატყობინეს, ზურას ცხედარი მდინარის პირას იპოვესო. დაახლოებით ორ-სამ კილომეტრში მიაგნეს მის ტანსაცმელსაც. მერე, მეზობლებისგან გავიგე, რომ იმ ადგილას, სადაც ზურას ტანსაცმელი იყო, მდინარეში საბანაოდ არავინ ჩადის.  მოუხერხებელი ადგილი ყოფილა, ნაკვეთში მიმავალი ზურა იმ ადგილას  ვერ მოხვდებოდა. ის სპეციალურად უნდა წასულიყო მდინარის იმ მხარეს. თუმცა, ისე კარგად ცურავდა, წყალი მას ვერ დაახრჩობდა.” 
მამაკაცის გარდაცვალებაში ბევრი საეჭვო  გარემოება იყო – სახლიდან დაკარგული თანხა,   ნაკვეთში სამუშაოდ მიმავალი მამაკაცის მდინარეში ბანაობის სურვილი, რაც, როგორც მისი მეზობლები ამბობდნენ, მისგან წარმოუდგენელი იყო. საეჭვო იყო შვილების ჩვენებები, რომლებიც გამოძიებასთან აცხადებდნენ, რომ  გაყიდული სახლის  თანხაზე პრეტენზია არ  ჰქონდათ. საპირისპიროს ამტკიცებდა გარდაცვლილის მეუღლე. მისი ჩვენებით მამას შვილებთან ამ საკითხზე დაპირისპირება ჰქონდა.    შვილები მამას ფულის გაყოფას სთხოვდნენ, მამა კი  კატეგორიული წინააღმდეგი იყო. როგორც ის ოჯახში ამბობდა, თანხა  ავადმყოფი მეუღლის სამკურნალოდ სჭირდებოდა.  ამონაწერი მანანა ს-შვილის ჩვენებიდან: „ზურა ცდილობდა, ამ თემაზე ჩემთან არაფერი ეთქვა. მაგრამ, თვითონ გავხდი მოწმე, როგორ ეჩხუბებოდა  კახა მამას და ფულის გაყოფას სთხოვდა. ერთი შეხედვით, ჩვენს ოჯახში კონფლიქტი არ იყო, მაგრამ რეალურად, ბიჭები ვერ მიტანდნენ. ჩემ მიმართ დიდი აგრესია ჰქონდათ. მამას ხშირად წამოაძახებდნენ ხოლმე, დედის გარდაცვალების შემდეგ, ცოლი არ უნდა შეგერთოო.”    
მოგვიანებით  დადგინდა, რომ მკვლელობა მოხდა იმ 4 ათასი დოლარის გამო, რომელიც ოჯახის უფროსმა გაყიდული სახლის ფასად მიიღო.  დავით და კახა ფ-ძეები  დანაშაულთან კავშირს უარყოფდნენ. თუმცა, მოგვიანებით, უფროსმა შვილმა, რომელიც უმცროსს 4 ათასი დოლარის მოპარვას აბრალებდა, ჩადენილი მკვლელობა აღიარა.   საქმის მასალების მიხედვით,  შვილები მამის მოკვლის რამდენიმე ვერსიას ამუშავებდნენ. მისი დანით მოკვლა ვერ გაბედეს და მდინარეში დარხრჩობის ინსცენირება მოიფიქრეს. მკვლელობის დღეს ის მდინარეში მოტყუებით ჩაიყვანეს. დავით ფ-ძის ჩვენების მიხედვით, მამას იმ დღეს თავად შესთავაზეს, რომ ნაკვეთში წაჰყვებოდნენ  და დაეხმარებოდნენ.  ზურაბ ფ-ძე შვილებს განზრახვას ვერ მიუხვდა. დღის თორმეტ საათზე ის შვილებთან ერთად გაემართა ნაკვეთისკენ. გზად შვილებმა შესთავაზეს, რომ ჯერ მდინარეში ებანავათ და შემდეგ წასულიყვნენ სამუშაოდ. ადგილი, სადაც მათ მამა დაახრჩვეს წინასწარ შეარჩიეს. ამ ადგილზე, მათი აზრით, გამვლელი არ იყო და ვერავინ დაინახავდა. მდინარეში შეტყუებული მამა  ძმებმა ერთად დაახრჩვეს, თუმცა სასამართლო პროცესზე ისინი  მკვლელობის ფაქტს  ერთმანეთს აბრალებდნენ. უფროსი ძმის ჩვენებით, მამა უმცროსმა დაახრჩო, საპირისპიროს ამტკიცებდა კახა ფ-ძე, რომელიც  შემთხვევის ადგილიდან სახლში  მარტო დაბრუნდა. გადამალული 4 ათასი დოლარი მოძებნა, მიწაში ჩაფლო და უფროს ძმას განუცხადა, რომ ფული ვერ იპოვა. გამოძიებამ კახა ფ-ძის ჩვენების მიხედვით, მიწაში დამარხული თანხაც ამოიღო. სასამართლომ დავით და კახა ფ-ძეები დამნაშავეებად ცნო წარდგენილ  ბრალდებაში და 11-11 წლით პატიმრობა შეუფარდა.

скачать dle 11.3