კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სიყვარული რეანიმაციაში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-28(811)

 როცა დავითი ტკბილი ბურანიდან გამოერკვა და მომხდარი გააცნობიერა, ისევ გაუჩნდა შემაწუხებელი განცდა. აქამდე დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო საკუთარი თავისა და ემოციების მართვა და ამაყობდა კიდეც იმით, რომ არასოდეს უხელმძღვანელებია გრძნობებისა და ვნებების კარნახით; ირონიითაც კი უყურებდა კოლეგებს, რომლებიც პატარა, რეზიდენტ გოგონებთან აბამდნენ რომანებს და შემდეგ მათ ჭკუაზე დადიოდნენ, ნერვიულობდნენ, წუწუნებდნენ და თავბედს იწყევლიდნენ.
ნიამ პერანგის ღილები შეიკრა. თმა ორივე ხელით უკან გადაიყარა და კაცს გაუღიმა. დავითს უარესად გაუფუჭდა გუნება. მთელი სიამოვნება ჩაშხამდა და, უკვე ერთი სული ჰქონდა, იქაურობას მოშორებოდა. ერთბაშად რაღაც გაახსენდა და შეძრწუნებულმა წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, ეს როგორ დამავიწყდა!
– რა მოხდა? – ნია მხარზე მიეხუტა და ლოყაზე აკოცა.
– კამერები!
– რა კამერები? – ვერ მიხვდა გოგო და მხრები აიჩეჩა.
– ავტოსადგომზე დამონტაჟებული კამერები... ეს როგორ ვერ გავითვალისწინეთ?!
– არ მიფიქრია მაგაზე.
– პრობლემაც ისაა, რომ არ გვიფიქრია! – გაღიზიანდა კაცი და ერთიანად გაწითლდა.
– მე მაბრალებთ რამეს? – წყენით გაბუშტა ტუჩები გოგომ და კაცი მიახვედრა, რომ მისმა სიტყვებმა გულის სიღრმემდე შეურაცხყო.
დავითი შეცბა:
– შენი წყენინება არც მიფიქრია, უბრალოდ, ძალიან გაუფრთხილებლად მოვიქეცით. თუ ეს კამერები ჩართული იყო... – დავითმა ამოიოხრა.
– მეეჭვება, ვინმე ათვალიერებდეს ამ ჩანაწერებს, – სცადა კაცის დამშვიდება ნიამ, – თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
– გააჩნია, გაუთვალისწინებელში რა იგულისხმება.
– ნუ, თუ ვინმეს მანქანა არ დააზიანეს ან ქურდობა და ჩხუბი არ მოხდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
– რა კარგად დამამშვიდე?! ნია, სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი. სიფრთხილეს ვერ ვიჩენთ და ესაა ის, რაც ყველაფერ იმას შეიწირავს, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვწვალობდი! ვერ დავუშვებ ამას და, ძალიან მინდა, ეს გაიგო...
– ვერ გავიგებ... პირადი ცხოვრება – პირადი ცხოვრებაა. რას დააშავებთ იმით, თუ ჩემთან იქნებით?
– დავაშავებ, ნია. ხალხი ამას ვერ გაიგებს, ყველა იტყვის, რომ ბოროტად გამოვიყენე პატარა, გულუბრყვილო, ლამაზი ექთნის ნდობა.
– თქვენი ნათქვამიდან მარტო ერთი სიტყვაა ისეთი, რომელიც არ მანერვიულებს – „ლამაზი“; დანარჩენი კი, უბრალოდ, მანადგურებს. რატომ უნდა მოვუსმინოთ შურიან, დაბოღმილ ხალხს? ვის აინტერესებს მათი აზრი?
– მე მაინტერესებს, იმიტომ რომ, გვინდა თუ არა, ჩვენც ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მისი ნაწილი ვართ და საზოგადოების აზრი ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირ ახდენს გავლენას.
– ვერ ვხვდები, ამდენს რატომ მელაპარაკებით, რისი თქმა გინდათ?
– აღარ უნდა გავაკეთოთ ეს... შეცდომაა.
– სანამ გავაკეთებდით, მანამდეც ასე ამბობდით... – ერთგვარი ნიშნის მოგებით თქვა გოგომ.
– იმიტომ, რომ შეცდომაა. მე შენზე უფროსი შვილი მყავს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და ქმარიც, რა თქმა უნდა.
– ამ ყველაფერთან მე რა კავშირი მაქვს?
– ნია, თუ ამ ჩვენს, ერთი შეხედვით, სპონტანურ შეხვედრებს გავაგრძელებთ, შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდები, რაც პრობლემას იმ ადამიანებს შეუქმნის, რომლებიც ძალიან მიყვარს.
– ასეთი ეგოისტი შვილი გყავს? – უნებლიეთ შენობით მიმართა ნიამ და ირონიულად ჩაიცინა.
– ასე ნუ ლაპარაკობ! – წარბი შეიკრა დავითმა, – დედა მოუკვდა, მეღა ვყავარ. მენდობა, ვუყვარვარ და, არ მინდა, იმედი გავუცრუო...
– ჰო?! კარგია, ასე რომ ფიქრობთ. აი, მე კი გამიცრუა იმედი მამაჩემმა, როცა მოკვდა და შუა გზაზე მიმატოვა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საკუთარი თავი მეცოდება ან მინდა, რომ ვიღაცას შევეცოდო – ასეთი რამ არ მახასიათებს; უბრალოდ, ცოტა მშურს თქვენი შვილისნაირების – ისინი უყვართ, მათზე ზრუნავენ. მხოლოდ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თუ მიხვდება, ეს რამხელა ფუფუნებაა.
გოგოს სიტყვებმა დავითს გული აუჩვილა და შეწუხებულმა თავზე გადაუსვა ხელი, მერე კი მხარზე მოხვია და მკერდზე მიიკრა.
– შენ კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ, ძალიან ლამაზიც... ჩემნაირი ბერიკაცი რაში გჭირდება?
– როცა კაცი ასე იწყებს ლაპარაკს, იმას ნიშნავს, რომ ქალის თავიდან მოშორება უნდა, – სევდიანად ჩაილაპარაკა ნიამ.
დავითი გაწითლდა.
– არა, ასე არ არის, – თქვა მაშინვე, – მე მინდა შენთან ყოფნა... რა სისულელეა! ვინ, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი იტყოდა უარს ამისთანა საჩუქარზე, მაგრამ, ვალდებული ვარ, მარტო ჩემსაზე კი არა, შენს რეპუტაციაზეც ვიზრუნო... ნია, ამ კამერების ჩანაწერები რომ ნახოს დაცვამ, წარმოგიდგენია, ამას რა ამბავი მოჰყვება?
ნია სახეში ჩააშტერდა მამაკაცს.
– მე ამდენს არ ვიდარდებდი... თანაც, ნუ ნერვიულობთ, არავინ ნახავს.
– მოიცა, რას გულისხმობ? – დაიბნა კაცი.
– ვიცი, როგორ უნდა წავშალო ჩანაწერი. დღეს ღამის მორიგეობაზე დავრჩები და, როგორც კი დაცვა სავახშმოდ გავა, წავშლი.
დავითმა ყურებს არ დაუჯერა, გოგოს ორივე ხელი დაუჭირა და მსუბუქად შეანჯღრია:
– ნია, გონს მოდი! ეს დანაშაულია, იცი?
– ბატონო დავით, რა გაღელვებთ, ვერ ვხვდები, ეს ხომ თქვენი კლინიკაა?
– ნაწილობრივ... ინვესტორიც არსებობს.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, დირექტორი ხომ თქვენ ხართ?
– ჰო, მე ვარ.
– ჰოდა, პრობლემაც არ არსებობს. ჩანაწერს კი ნამდვილად წავლში, გპირდებით.
დავითი დაფიქრდა, თან ნიას აკვირდებოდა.
– უცნაური გოგო ხარ, – თქვა ბოლოს, – ვერ ვხვდები, მართლა ასეთი ხარ თუ თამაშობ.
– როგორი ასეთი? – ნაძალადევად გაიცინა ნიამ.
– გულწრფელი და, ამავე დროს – იდუმალი. როცა გიყურებ, მგონია, რომ ძალიან პატარა და დაუცველი ხარ, მაგრამ, ვხვდები, რომ შენში სერიოზული ძალა იმალება.
– თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ კარგად. ბევრი რამე შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ ისეთი, რითაც გაგაოცებთ. ამიტომ, ნუ იჩქარებთ ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტას, მით უმეტეს, რომ არაფერს გთხოვთ...
დავითს გაეცინა:
– არც ჩანაწერების წაშლაში მომთხოვ არაფერს?
ნიამ თვალები მოწკურა:
– ო, მაგის რა მოგახსენოთ... მგონი, მშრალად ვერ გამოხვალთ ამ საქმიდან. „დანაშაულის“ სიმძიმე ხომ თანაბრად გვაწევს მხრებზე, ამიტომ, ერთ სურვილს შემისრულებთ.
– რა სურვილია? – დაინტერესდა კაცი.
– ნუ დაიძაბებით, ბატონო დავით, ისეთს არაფერს მოგთხოვთ, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, მაგრამ, ახლა არ გეტყვით. შემოვინახავ... მოკლედ, მე წავედი. დღეს კლინიკაში დავრჩები, ჩანაწერებს უნდა მივხედო. თქვენ კი წადით და არ ინერვიულოთ – მე ყოველთვის ვასრულებ დანაპირებს...
დავითი მთელი გზა ნიაზე და საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობდა. ცოლის გარდაცვალებამდე ბოლო რამდენიმე წელი ასკეტივით ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სახლში მეზობლებივით იყვნენ, საყვარლის გაჩენაზე არ უფიქრია, უფრო სწორად, სურვილი კი ჰქონდა, გვერდით მოსიყვარულე და ვნებიანი ქალი ჰყოლოდა, მაგრამ ყოველთვის გაურბოდა ზედმეტ უსიამოვნებებს. მის სამეგობროში ცოტანი არ იყვნენ საყვარლიანი „მეოჯახეები“ და არცერთს არ ჰქონდა მშვიდი ცხოვრება. დავითს კი დაძაბულ რეჟიმში ყოფნა არ შეეძლო. ფიქრობდა, რომ სრულიად საკმარისი იყო ის სტრესი, რომელსაც სამსახურში იღებდა. რა თქმა უნდა, იყო გამოსავალი – გაშორებოდა ცოლს და მაშინ ვერავინ დაუშლიდა, ეცხოვრა ისე, როგორც მას უნდოდა, მაგრამ, შვილს როგორ ჩავხედო თვალებშიო და, შეაბერდა მეუღლეს ამ დათმობა-მოთმენაში... მერე კი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. დავითი აღიარებდა, რომ ცოლის საყვედურები არ იყო საფუძველს მოკლებული. ურთიერთობის დანგრევა-გაცივებაში ბრალი მასაც მიუძღოდა. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა ერთხელ მეგობრის ცოლმა გული გადაუშალა: შენს ძმაკაცს მობეზრდა ჩემი წუწუნი და საყვედურები, მიმატოვა და ახალგაზრდა, მხიარულ, სიცოცხლით სავსე, ნორჩ ქალზე გამცვალა... ის დაავიწყდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა გაჭირვებით დგებოდა ფეხზე, როცა ჯერ ისევ მუხლებზე დახოხავდა და ხელს ვაშველებდი წამოსაყენებლად, ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა. დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლად მიაღწია დიდების მწვერვალს. აღარ ახსოვს, ფუნთუშის საყიდელი ფული რომ არ ჰქონდა და სახლიდან ვუზიდავდი საჭმელს. საათობით ვიდექი ფეხზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტილოში შეხვეული ქვაბით ხელში, რომ ცხელი სადილი ეჭამა... იმიტომ მძულს მისი საყვარელი, რომ მან „მზა პროდუქტი“ მიიღო, უმაღლესი ხარისხის, მე კი სწორედ მაშინ აღმოვჩნდი „ბორტს მიღმა“, როცა ჩემს ქმართან ერთად უნდა დავმტკბარიყავი იმ ხის ნაყოფით, რომელმაც მხოლოდ ჩემი წვალებისა და დიდი მსხვერპლის გაღების ხარჯზე გაიხარაო... მაშინ დავითმა ბევრი იფიქრა ამ სიტყვებზე და მიხვდა, რომ მის წარმატებაშიც ცოლს ედო ლომის წილი; მიხვდა და ვეღარ მიატოვა. არც უღალატია, თუმცა მის მიმართ ვნება და სიყვარული აღარ დაჰბრუნებია.
...ცარიელი ბინა პირქუშად და ცივად მოეჩვენა. ნიასთან გატარებული ღამის შემდეგ მის გარშემო სამყაროც შეიცვალა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, აღიარებდა თუ არა ამას. ფაქტი ფაქტად რჩებოდა და ჩვეულ ნაჭუჭში შეყუჟვაში ხელს უშლიდა.
მანქანის გასაღები შესასვლელში მდგარ მარმარილოსზედაპირიან სარკიან მაგიდაზე მიაგდო და ოთახში შევიდა. მარტოობა იგრძნო. დივანზე ფეხსაცმელებით წამოწვა და ერთბაშად გაეღიმა – ახლა რომ მის ცოლს დაენახა... საწყალი, როგორ იყო გადაყოლილი თითოეულ ნივთზე... ნივთები დარჩა, ისევ ძველებურად ამშვენებდნენ ოთახს, ის კი აღარ იყო. სევდა შემოაწვა. ინანა, რომ ცოლს მეტი შვილი არ გააჩენინა. ქალი უარზე არ იყო. თვითონ გადადო რამდენჯერმე უკეთესი დღეებისთვის: მოიცა, ჯერ რაღაცას მივაღწიო... მოიცა, ჯერ ერთზე  ვიზრუნოთ... მოიცა, უფრო მყარად დავდგეთ ფეხზე... ამასობაში კი წლები გავიდა, ანა გაიზარდა, გათხოვდა და ახლა წელიწადში ერთხელ თუ ესტუმრებოდა მამას. ჰო, სტუმრობა ერქვა ხუთ-ექვსდღიან ვიზიტს. ერთმანეთის წესიერად ნახვასაც ვერ ასწრებდნენ. კლინიკაშიც იმიტომ უყვარდა ყოფნა – იქ თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. სიმარტოვის აუტანელი განცდაც არ აწუხებდა ასე ძალიან. ამოიოხრა. შიმშილი იგრძნო, მაგრამ ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება გაცილებით სუსტი იყო ადამიანთან ურთიერთობას მოზღვავებულ სურვილთან შედარებით. ჯიბიდან მობილური ამოიღო და შვილს დაურეკა. ტელეფონს დიდხანს არავინ პასუხობდა, მერე ავტომოპასუხე ჩაირთო და თავაზიანად „სთხოვა:“ ახლა ჩემს აბონენტს თქვენთვის არ სცალია და, ან შეტყობინება დაუტოვეთ, ან მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეიწუხეთ თავი და დაურეკეთო.
გაღიზიანებულმა ჯავრი მობილურზე იყარა და იატაკზე გაფენილ ხალიჩაზე მიაგდო. ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. შეეცადა არაფერზე ეფიქრა. არც ანაზე, არც ნიაზე, რომელმაც მისი ერთი შეხედვით დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დააყენა. იფიქრა, იქნებ დავიძინოო, მაგრამ არ გამოუვიდა. ადგა, ცოტა ხანს ოთახში იწრიალა და ისევ მობილურს დასწვდა...
... როცა ნია საქმიანი სახით დაცვის ოთახში შევიდა, მორიგე თანამშრომელი ტელევიზორში ფეხბურთის მატჩს უყურებდა. გოგომ კმაყოფილებით ჩაიცინა – გაუმართლა, მორიგე კოტე იყო, 30 წლის მორცხვი, სერიოზული კაცი, მის დანახვაზე ყოველთვის რომ წითლდებოდა. ნია გრძნობდა, რომ კოტეს მოსწონდა და როცა გვერდით ჩაუვლიდა ხოლმე, მრავალმნიშვნელოვნად უღიმოდა, ის კი მაშინვე თავს ხრიდა...
– დღეს შენც მორიგე ხარ? – ნია დაუპატიჟებლად შევიდა დაცვის ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა. კოტე გაწითლდა, ტელევიზორს მოსცილდა და გოგოს ისე მიაჩერდა, თითქოს ელოდა, კიდევ რას ეტყოდა ნია, რას მოსთხოვდა, რომ თავქუდმოგლეჯილი გავარდნილიყო მისი ბრძანების შესასრულებლად.
– მომისმინე, არ გინდა, ყავა დავლიოთ? – ჰკითხა ნიამ. ბიჭმა თავი დაუქნია და მაშინვე მოიწყინა:
– რომ არ მაქვს? ბუფეტი კი დაკეტილია.
– სამაგიეროდ, ჩვენი კლინიკის წინ მარკეტია ღია. მოიტანე და დავლიოთ. ჩაიდანი ხომ გაქვს? თუ არ გაქვს, ექთნების ოთახიდან ჩამოვიტანთ. კიდევ, იცი, რა წამომიღე? კექსი. ვგიჟდები კექსზე, ოღონდ, აუცილებლად ქიშმიშიანი უნდა იყოს. აქ მე ვიქნები და არავის შემოვუშვებ.
კოტე მონუსხულივით შესცქეროდა გოგოს და საკუთარი ბედნიერების არ სჯეროდა. ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ნია ოდესმე შეამჩნევდა. ახლა კი ხელის გაწვდენაზე იჯდა და ისე უღიმოდა, თითქოს რაღაცას ჰპირდებოდა – სანუკვარსა და აკრძალულს.
– მძიმე პაციენტი არ გვყავს. ამიტომ, შემიძლია, აქ ვიყო. შენთან ხომ საკაბელო ტელევიზიაც არის... რამე კარგი ფილმი შევარჩიოთ და ერთად ვუყუროთ. ისე, აქ იმდენი მონიტორია, ვერ მიხვდები, რომელია ტელევიზორი. შენ ყველა მონიტორს ერთად უყურებ ხოლმე? ალბათ, როგორი ძნელია.
– არა, ყველაფერს ერთად არ ვუყურებ, – სიხარულის ბურანიდან გამოერკვა ბიჭი – იცი, რა, მე გავიქეცი და ახლავე მოვალ. შოკოლადსაც წამოვიღებ, კექსსაც, ყავასაც, შენ ოღონდ აქ იყავი და არსად წახვიდე, კარგი?
ნიამ მორჩილად დაუქნია თავი და საწოლის კიდეზე ჩამომჯდარმა ფეხები ბავშვურად ააქანავა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3