კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

რაში უცვლიდა სტალინი ჩერჩილის ქალიშვილს, სარას ბრიტანეთის პარლამენტის შენობას

პროფესორი პავლე ზემსკი წერს: „იალტის კონფერენცია რომ ჩატარდა, მეორე მსოფლიო ომის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. ფაშისტური გერმანიის დამარცხება სულ მალე მომხდარ ფაქტად გაფორმდებოდა და სამი უდიდესი სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურები – სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ახალი გეოპოლიტიკის გასაფორმებლად და მსოფლიოს გადასანაწილებლად შეიკრიბნენ...
თავის მოგონებებში, მაშინდელი საბჭოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „იალტის კონფერენციის დაწყების წინ სტალინმა კრემლში დამიბარა და მკითხა:
– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, როგორ მიმდინარეობს მზადება კონფერენციისთვის, შენები ხომ მხნედ არიან? (ჩემებში სტალინი ჩემს რეფერენტებს გულისხმობდა, რომლებიც ოფიციალურ დოკუმენტებზე მუშაობდნენ).
– მზადება უკვე დასრულებულია. ყველაფერი ხელთ გვაქვს და ჩემებიც ძალიან მხნედ არიან. თქვენს მითითებებსა და ინსტრუქციებს ელოდებიან, – მივუგე სტალინს, რომელმაც ულვაშებში ჩაიცინა და მითხრა:
– მართალია, ფაშისტები ჯერ კიდევ არ ჩაგვიკლავს თავიანთ ბუნაგში, მაგრამ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. მთავარია, ეს ბებერი მელა არ გაჯიუტდეს და პოლიტიკურად არ გაგვიწელოს ჩვენი მომავალი, დიდი გამარჯვება.
ბებერ მელაში სტალინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს გულისხმობდა, რომელსაც დიდი გეოპოლიტიკური ამბიციები ჰქონდა და ეს კარგად იცოდა სტალინმა. სტალინმა ისიც გათვალა, რომ ჩერჩილი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტთან შეეცდებოდა წინასწარი შეთანხმების მიღწევას, რომ იალტაში ერთიანი ფრონტით შეეტიათ სტალინისთვის და დათმობებზე წამოეყვანათ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. სტალინი, რა თქმა უნდა, არც ამჯერად შემცდარა და სწორედ ჩვენი საუბრის დროს შემოვიდა სტალინის კაბინეტში გენერალი პოსკრებიშევი (სტალინის პირადი მდივანი) და საბჭოთა კონტრმზვერავების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაუდო წინ. სტალინი ყურადღებით გაეცნო ინფორმაციას. შემდეგ ფურცელი გვერდზე გადადო და მითხრა:
– ჩვენი ყოჩაღი კონტრმზვერავები გვატყობინებენ, რომ ჩერჩილი და რუზველტი ბრიტანულ კრეისერზე შეხვდნენ ერთმანეთს კუნძულ მალტაზე და ყირიმისკენ მოემართებიან. როგორც ვვარაუდობდი, ჯერჯერობით, ყველაფერი სწორედ ისე ვითარდება. ეს ბებერი მელა რუზველტის დაყოლიებას ცდილობს და თუ მოახერხა, რაც ნაკლებად მგონია, მაშინ ორი ფრონტით შემოგვიტევენ. თუმცა, არც ჩერჩილის შემოტევა იქნება იოლი, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავიტანოთ და გავიტანთ კიდეც...“
ის, რაც სტალინმა 31 იანვარს უთხრა მოლოტოვს, აბსოლუტური სიზუსტით ასრულდა. ჩერჩილმა თავიდანვე შემტევი პოზიცია დაიკავა იალტაში და მთელი ერთი კვირის განმავლობაში (4-11 თებერვალი) ცდილობდა სტალინისთვის ევროპა „ხელიდან გამოეგლიჯა“, მაგრამ ვერ მოახერხა... ტერმინი „ევროპის გამოგლეჯა“, სტალინის მოგონილი იყო და იმას ნიშნავდა, რომ საბჭოეთისთვის საშუალება არ მიეცათ ომის დამთავრების შემდეგ, ევროპაში საკუთარი პოლიტიკური გავლენა გაეძლიერებინა, ჩერჩილის თქმით – ევროპა გაეწითლებინა...
მოლოტოვთან საუბრის შემდეგ, სულ რაღაც სამი საათიც არ იყო გასული, რომ სტალინი თავისი სპეციალური, საიდუმლო, დაჯავშნილი მატარებლით ყირიმში გაემგზავრა. საბჭოთა ბელადს, პირადი დაცვის გარდა, თან ახლდა ვიაჩესლავ მოლოტოვიც, რომელიც იხსენებს: „მოსკოვიდან იალტამდე გაუჩერებლად მივდიოდით და მთელი რკინიგზის ორივე მხარეს საგანგებოდ მობილიზებული სამხედროები იყვნენ განლაგებული. ამ გზის სამხრეთი მონაკვეთი კი, სულ რაღაც ერთ კვირაში აღადგინეს საბჭოთა საინჟინრო   ჯარებმა. აღდგენის პროცესს ქართველი გენერალი არჩილ გელოვანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც სტალინის პირადი მადლობა დაიმსახურა...
2 თებერვალს უკვე იალტაში ვიყავით და მას მერე, რაც სტალინმა ცოტა დაისვენა, ლევადიის სასახლისკენ გაემართა, რომ პირადად შეემოწმებინა ყველაფერი. მეც თან ვახლდი ამ ინსპექტირებისას და როდესაც საკონფერენციო დარბაზში, სტალინისვე ბრძანებით, პრემიერ ჩერჩილისთვის განკუთვნილი სავარძელი შეცვალეს და აღმოსავლეთი ფანჯრის წინ დადგეს, გამეცინა...
საკონფერენციო დარბაზის ფანჯრები ისე იყო განლაგებული, რომ უფარდო ვიტრაჟებიდან მზის სხივები პირდაპირ ჩერჩილის სკამს ურტყამდა.
– თუ მაგარია ჩერჩილი, რომელსაც, როგორც ვხვდები, ევროპის გამოგლეჯა სურს ჩვენგან, მზეს თვალი გაუსწოროს, რაც არც თუ იოლია. მზეს მხოლოდ არწივი უსწორებს თვალს. ჩერჩილი კი მხოლოდ მელაა და მზეს ვერას დააკლებს – მითხრა სტალინმა“.
კონფერენცია 4 თებერვალს, დილის 9 საათზე გაიხსნა, რითაც საბჭოთა ბელადმა ბრიტანელ პრემიერს, პირდაპირი იგნორირება გაუკეთა და პირველივე წუთებიდანვე აგრძნობინა, რომ არაფერს დაუთმობდა...
კონფერენციის პირველივე დღეს მოითხოვა ჩერჩილმა, რომ როგორც კი ევროპას ფაშისტებისგან გაწმენდნენ, თავისუფალი ქვეყნების ტერიტორიებზე ამ ხალხებისთვის თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლება მიეცათ, რაზეც სტალინმა მყისეული თანხმობა განუცხადა:
თავისუფალი არჩევნების თემა ჩერჩილმა პოლონეთის გამო „შემოაგდო“. საქმე კი ის იყო, რომ პოლონეთი „ევროპის თავის ტკივილად“ იყო მიჩნეული საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინც მას, როგორც სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ცენტრს აკონტროლებდა, ფაქტობრივად, ის იყო ევროპის ეგრეთ წოდებული ზედამხედველიც. ჩერჩილის გათვლებით, ლონდონში დაბანაკებული პოლონეთის ემიგრაციული მთავრობა იყო ის ლეგიტიმური ძალა, ვისაც პოლონეთის ბედი უნდა გადაეწყვიტა. სტალინიც მაშინვე დაეთანხმა. ჩერჩილს ეს გაუკვირდა... თუმცა, გვიან მიხვდა, თუ საიდან „უბერავდა ქარი“... საქმე კი ის გახლდათ, რომ პოლონეთის რეალური სახალხო ძალა „პოლონეთის არმია“ იყო. ეს არმია თავიდან ბოლომდე სტალინის დახმარებითა და პატრონაჟით მოქმედებდა და როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, პოლონეთი გათავისუფლდა და ამ ქვეყანაში „თავისუფალი არჩევნები“ ჩატარდა, მთელი ძალაუფლება სტალინის სატელიტმა „ვოისკა პოლლსკამ“ (პოლონეთის არმია) ჩაიგდო ხელში. მთავრობა მათ ჩამოაყალიბეს და ლონდონში გახიზნული დროებითი მთავრობა ხახამშრალი დატოვეს... ხახამშრალი დარჩა ჩერჩილიც, რომელმაც უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ სცადა აპელირება სტალინთან, მაგრამ საბჭოთა ბელადმა მას (ჩერჩილს) იალტაში ხელმოწერილი დოკუმენტი დაუდო წინ და ხმა გააკმენდინა...
იალტის კონფერენციის მსვლელობისას, ჩერჩილმა სტალინს პირისპირ შეხვედრა სთხოვა და ტელეფონზე დაურეკა.
– რა საკითხზე გსურთ ჩემთან შეხვედრა? – ჰკითხა სტალინმა ჩერჩილს.
ეს საუბარი 6 თებერვლის საღამოს შედგა. 7 თებერვლის დღის წესრიგით, ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური გეოპოლიტიკური ინტერესების განხილვა უნდა შემდგარიყო, რაზეც ბრიტანეთსაც ჰქონდა პრეტენზიები. სტალინმა ეს იცოდა და სწორედ ამიტომ დაუსვა ჩერჩილს ეს კონკრეტული კითხვა. იცოდა, რომ ბრიტანელი პრემიერი ამ საკითხზე მის (სტალინის) გადაბირებას შეეცდებოდა რუზველტის წინააღმდეგ. როდესაც ჩერჩილმა შეხვედრის მიზანი აუხსნა, სტალინმა პირდაპირ უთხრა:
– ამ საკითხზე ჩვენი პირისპირ შეხვედრა ბატონი რუზველტის გარეშე, ყოვლად დაუშვებელი და არაეთიკურია. ამიტომ ვერ შეგვხდებით. სხვა რამ საქმე თუ გაქვთ, სიამოვნებითო...
თუმცა, იმავე კონფერენციის მსვლელობისას სტალინი მაინც შეხვდა პირისპირ უინსტონ ჩერჩილსა და მის ქალიშვილს, სარას... ჩერჩილს ყველა შეხვედრასა და კონფერენციაზე  თან ახლდა თავისი ქალიშვილი – სარა, რომელიც პირადი მდივნის ფუნქციას ასრულებდა და მამას ეხმარებოდა. სარა იალტაშიც იყო და როცა მამა-შვილი სხდომებიდან თავისუფალ დროს ნიკოლოზ მეორის სასახლის ვერანდაზე ატარებდა და მომხიბლავი პეიზაჟით ტკბებოდნენ, სარამ მამამისს უთხრა, სტალინისთვის ეთხოვა, ეს მცირე სასახლე მათთვის მიეყიდა...
–  თვითონ უთხარი ეს სტალინს. მით უმეტეს, რომ კარგად იცნობ. ის ხომ თეირანში გაგაცანი კონფერენციაზე, – მიუგო ჩერჩილმა ქალიშვილს ნახევრად ხუმრობით. თუმცა, სარამ  სერიოზულად მიიღო და პირადად სთხოვა საბჭოთა ბელადს აუდიენცია ტელეფონით.
სტალინი 9 თებერვალს შუადღით ესტუმრა მამა-შვილ ჩერჩილებს ნიკოლოზ მეორის ვერანდაზე. მან, რომლის დავალებითაც „ჩეკა“ ყველას უსმენდა, იალტის კონფერენციისას უკვე წინასწარ იცოდა მამა-შვილის საუბრის შინაარსი. როდესაც სარამ თავისი თხოვნა გაუზიარა სტალინს, საბჭოთა ბელადმა მას მიუგო:
– ჩვენთან საერთო-სახალხო ქონება არ იყიდება, თუმცა შემიძლია, გაგიცვალოთ და თუკი ვესტმინისტერის შენობას დამითმობთ, ნიკოლოზ მეორის სასახლეში გაგიცვლით... – მცირე პაუზის შემდეგ კი დაამატა, – რადგან ასე მოგწონთ იალტა, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს ჩამობრძანდეთ დასასვენებლადო.

скачать dle 11.3