კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ დაითანხმა ცოლობაზე ღარიბმა და შეუხედავმა ალექსანდრე ყაზბეგმა გრაფის ქალი

„მე-18… წელს გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რამოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე,” – წერდა ის თავის „ნამწყემსურის მოგონებანში.” როგორც ცნობილია, მისმა პირველმა ნაბიჯმა ყველა გააოცა, დაიწყო მითქმა-მოთქმა, გაუთავებელი საყვედურები ახლობლებისაგან. თავისი არჩევნით მიზანს მიაღწია, დააგროვა უამრავი მასალა მოთხრობებისთვის. ამ გზაზე მწერალმა მრავალი დაცინვა და დამცირება გადაიტანა, მაგრამ პრინციპულობა, უკომპრომისობა, ენერგიულობა გამოამჟღავნა. მთაში გატარებული შვიდი წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა. სიამოვნებით იგონებს მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებთან შეხვედრის ეპიზოდს. „მე ვლაპარაკობდი ფრანცუზულს, გულმა ვეღარ გამიძლო და ამისთვის ვუპასუხე: მთაში ძალიან ბევრია ცხვარი, ხალხი თითქმის ამით ცხოვრობს, მატყლს კი აქვე ყიდულობენ სომეხი ვაჭრები”, – წერს მწერალი. უცხოელები გაოცდნენ, უბრალოდ ჩაცმულ-დახურული მწყემსი ფრანგულად მოლაპარაკე რომ ნახეს. ალექსანდრე კი მათ არწმუნებდა, რომ აქ, მთაში ყველა მწყემსი მასზე უკეთესად ფლობდა ფრანგულს. ბუნებრივია, ეს უწყინარი ხუმრობა თავისი ხალხის ავტორიტეტის ასამაღლებლად დაჭირდა ყაზბეგს… როგორც მიხვდით, ეს ალექსანდრე ყაზბეგია, თუმცა მე დღეს არა მის შემოქმედებასა და მწყემსობის პერიოდებზე, არამედ მისი ახალგაზდრობის წლებზე მოგიყვებით მისივე დღიურებიდან. აქედან კი ყველაზე საინტერესო მისი დედისადმი გაგზავნილი წერილები აღმოჩნდა, სადაც ის დეტალურად ყვება თავის პირად ცხოვრებაზე.
„საყვარელო დედავ!
მე ყოველივე თქვენი მოქმედება განსაცვიფრებლათ მიმაჩნია! აგერ ხუთი თვე შესრულდა და მეექვსე თვეში ჩავდექით, რაც ოთხის თუმნის მეტი ფული არ გამოგიგზავნია. ერთი ეს შემატყობინა, რითი უნდა ვიცხოვრო? თქვენი მოქმედება ვერ გამიგია, რას შჩადით! უკეთუ ამ წიგნის უკან ჩემს ფულს არ გამომიგზავნით, ესე იგი, ანგარიშით ოცდაერთს თუმანს, აქ საცა იქნება ვიშოვი ფულებს და წამოვალ. რა გავაკეთო, რისთვის დავრჩე უკეთუ ფულს არ გამომიგზავნი. არა ერთი, რასა ფიქრობთ, თუ ღმერთი გწამსთ, ერთი შემატყობინეთ. იძახით ხუთი თუმანი ბევრი არისო, აბა, როგორ ბევრია? აი, თვეში რა გვეხარჯება: ოცდახუთი მანეთი სადილი და ოთახი, ხუთი მანეთი ჩაი და შაქარი, სამი მანეთისა სანთლები თვეში ორი მანეთი წაღებისთვის უნდა გადაიდოს.  ერთი თუმანი წიგნები. დარჩა ხუთი მანეთი. ეგეც ან ბულკს იყიდი, ან რძესა. აბა, რაღა რჩება ერთი მითხარ?! ჩქარა შემატყობინე, მიგზავნი ფულებს თუ არა. მომიკითხეთ ყველანი, დანარჩენს ბახუტოვი გიამბობსთ. მე პეტერბურგში გადაველ. უნივეტსიტეტში უნდა შევიდე და თუ ფული არ მომივა, ჩემი ამდენი ჯაფა ჩაივლის. მაშინ მაინც აღარ დავრჩები აქა, რაც უნდა იყოს.

საყვარელო დედავ!
...აგერ ექვსი თვე შესრულდა, რაც ველი ფულს და ოთხი თუმნის მეტი არ მომსვლია... მე   აქ, პეტერბუღში სასწავლებელში შესვლას მოვცდი… რისთვის არ მიგზავნით? არა, ერთი, რომ დაგიკრეფიათ გულ-ხელი, რას ფიქრობთ? იცით, რა მოვალეობაში დგებით? ყველაზედ უპირველესი ესა არის, რომ კაცი, რომელსაც გაეხსნა გონება და აქამდისინ დაბმული თვალები ძლივს აეხილა, დადგა სიმართლის გზაზე, თქვენ ასე ურევთ გზასა. რომ შიმშილით არ მოვკვდე, უნდა ყველაფერს თავი დავანებო. აქამდისინ მძინარემ ძლივს გავიგვიძე და თქვენ თქვენის მოქმედებით, ლამის არის დამაძინოთ ისევ ხელმეორეთ და თუ კიდევ დამეძინა, ესე იგი, დამეკარგა სურვილი სწავლისა, ძნელადღა მომივლის... რომ არ მიგზავნით, დღეს-ხვალიობითა და რაღაც ზღაპრულის ლექსებით მატყუებთ. მეც, რასაკვირველია, გიჯერებთ და სწავლის მეტს არას ვაკეთებ... თქვენ იქნება ეს სიტყვები ხუმრობა გგონიათ, მაგრამ, როდესაც სანდრო ლაპარაკობს ამისთანა საქმეზედ, დამიჯერეთ ის არ იხუმრებს. თქვენ სრულებით არ გენდომებოდათ ასე ადვილად ჩემი მკვლელები გამხდარიყავით. მე განა გავბედავ რომა ვთქვა, არ გიყვარვარ? არა, მე დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვარვარ, მაგრამ ეს იმიტომ მოგდისთ - ამ ცხოვრებაში გამოუცდელი ხართ. ახლა გთხოვთ ესე წიგნი რაწამს მოგივიდესთ, ცხრა თუმანი გამომიგზავნეთ მისთვის, რომ ჩვიდმეტი თუმანი არ მყოფნის. ახლა თავი დავანებოთ წარსულს და მოვიფიქროთ მომავლისათვის. წარსულს ვეღარ დავიბრუნებთ, ხოლოთ ვეცადნოთ, რომ ეს აღარ გამეორდეს... მრჩება ორი გზა: ან შინ მოვიდე, რომელსაც, რაც უნდა იყოს არ ვიზამ, და ან ზღვის სამსახურში შევიდე და დავშორდე ყოველს ჩემს ნათესავს და მიწაწყალს. ზღვის სამსახურში თუ შეველ, ჯამაგირს დიდს მომცემენ. ახლა თქვენ თითონ მოიაზრეთ და ჩქარა შემატყობინეთ... 

საყვარელო დედავ!
ათასჯერ ბოდიშს ვითხოვ, საყვარელო და დაუვიწყარო დედავ, რომ აქამომდის ჩუმად ვიყავი და ჩემი დაწვრილებითი ამბავი ვერ შეგატყობინე. ფიცავარ ყველა ციურს და მიწიურს, რომ ჩემი გული და გონება მხოლოდ იმ აზრში არის, როგორ მოვაგვარო, მოვახერხო საქმე ისე, რომ ამ თქვენს სიბერეში, მოგცეთ მშვიდობიანი ცხოვრება... საკვირველმა სიზმარმა გამომიყვანა იმ მდგომარეობიდგან, რომელსაც ეძახიან დავარდნას, მხნეობის დაკარგვას. ვითომ ყაზბეგში ვიყავ ჩვენს ეკლესიაში, იქა ვლოცულობდი და ცრემლითა ვსთხოვდი, რომ რაღაც საქმე შეესრულებინა ჩემთვის ღმერთსა (ეს იყო ის დრო, როდესაც გავიცანი ღენერალი გრაფი ჩერნიშოვი- კრუგლიკოვი თავის შეუდარებელის ქალით მოსკოვის პატიოსანთა სობრანიაში). ვითომ მთავარანგელოზმა გამოშალა თავისი ფრთა და მითხრა: „დედაშენის ლოცვა მივიდა ღმერთამდის, რომელმაც შეიწყალა იმისი მდგომარეობა და თხოვნა....  წამოვდექი რაღაც კეთილ გუნებაზედ და ვიზიტით წაველ. აქ ჭავჭავაძეები არიან ორნი, ძალიან მდიდრები, რუსის ქალები ჰყავთ ცოლებად – იმათთან, რომელთაც ძალიან უყვარვარ და ყველა საქმეში ხელს მიმართავენ. ჩერნიშოვი-კრუგლიკოვი იქ იყო თურმე ერთი ჭავჭავაძეთაგანი ისეთი დაახლოებული ყოფილა, როგორც ძმა. რა საკვირველია, ქალიც იქ  იყო. რასაკვირველია, მივესალმე როგორც სახლის პატრონებს, რომლებიც ის იყო სოფლიდგან მოვიდნენ და საშინლად გაეხარდათ ჩემი ნახვა, ისე ჩერნიშოვ-გრუკლიკოვს თავისის ქალით. სულ მესამე დღე იყო, რაც ვიცნობდი უკანასკნელებს.  სობრანიაში წარმადგინა იმათთან ერთმა ჩემმა ნაცნობმა ყმაწვილმა კაცმა, კნიაზ გალიცინმა. მე, რასაკვირველია, ვთხოვე ქალს „კადრილი”, რომელზედაც მივიღე სრული თანხმობა. მაგრამ, მისმა მშვენიერმა სახემ და ტანმა კინაღამ იქვე არ დამათრო. ქალმა შემამჩნია. მხიარულათ იყო და მთხოვა, რომ ვიარო იმათთანაც. კიდევ რამდენჯერმე ვიტანცევით ერთად და წავედით თავთავის სახლში. ამ შეხვედრის უკან ყოველთვისინ ვემზადებოდი, რომ ვიზიტი გამეკეთებინა, მაგრამ როგორღაც ბევრსა ვფიქრობდი და არ ვიცოდი როგორ მივსულიყავი. ჭავჭავაძეებთან რომ ვნახე, იმან გამომიყვანა ფიქრითგან და შევიწროებითგან. აქ სუყველანი სადილათ დავრჩით და პირობა შევკარით, რომ საღამოზედ თეატრში ერთად წავსულიყავით. კაცები ვიყავით კრესლოებში, ქალები კი ლოჟაში. პირველი აქტის უკან სამ ქალთან გადავედ ლოჟაში და მთელი თიატრი მხოლოთ იმის ყურებაში გავატარე. თავისუფალ დროში კი ლაპარაკი არ გაწყვეტილა ჩვენში. აქეთგან ჩავარდა საძირკველი ჩვენის დაახლოვებისა. თიატრი როცა დაიშალა და სტუმრები წავიდნენ, მე ჭავჭავაძეანთას წავედი ვახშმათ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მდგომარეობა არავის შეუმჩნევია, მაგრამ ვახშმის წინათ ერთმა ჭავჭავაძის ცოლმა გამიყვანა ცალკე ოთახში და პირდაპირ მკითხა: „ძალიან გიყვარს გრაფის ქალი?”. მე საშინლათ გავწითლდი. ბოლოს ლაპარაკი იმითი დამთავრდა, რომ მითხრა: „ძალიან მდიდარია, მაგის მეტი არავინა ჰყავს მაგის მამას. ეხლა აქვს მზითად დანიშნული ოცი ათასი თუმანი და მამის სიკვდილის უკან დიდი მამული და ფული დარჩება. ნახეთ, გაიცანით ერთმანეთი და თუ მოგეწონებათ საქმე შეიძლება!”. ისეც მოხდა. მეორე დღეს გაუკეთე ვიზიტი, მერე კვირაობით დავიწყე სიარული, მერე უფრო ჩქარ-ჩქარა. ამასობაში დავახლოვდით. ერთ დღეს ჭავჭავაძეებთან მოიყვანა ქალი მამამ და თვითონ ისევ წავიდა. იმ საღამოზედ მეც მიველი. მე ვთხოვე ქალს, დაეკრა ერთი სონატა ფორტოპიანზედ, მომწონდა ძალიან. ქალი გამოვიდა და დაუწყო ფორტოპიანის კლავიშებს გადარბენა. მე კედელზედ მიყუდებული გულმღელვარებით ვუყურებდი ქალს. აქ უნდა აგიწეროთ იმისი სახე, რომელმაც ისე დამიმონავა და ნება აღარ მომცა თავისუფალი აზრისა... იჯდა და უკრავდა ფორტოპიას, რომელმაც ერთბაშად სრულებით დამავიწყა ჩემი თავი და მივარდი ხელზედ საკოცნელათ სიტყვბით: „ნინო, მიყვარხარ, ნუთუ არა გრძნობ ამ ამბავს?“ ცოტათი შეკრთა ამ სიტყვებზედ, გაწითლდა, მაგრამ ხელი არ წამართო. მე დაუწყე ლოშნა და კიდევა ვკითხე: უყვარვარ მეცა თუ არა? ამაზედ მიპასუხა მღელვარებით: „ისე როგორც ჩემს სიცოცხლეში არავინ მყვარებია”. ამის უკან წამოდგა და ჩემ გულზედ გამოდო თავისი თავი. ერთმანეთი გვესმოდა ორთავ. მე მეჭირა ერთი ხელით იმისი ხელი და ვკოცნიდი, მეორე ხელი მქონდა შემოხვეული ტანზედ, აღგზნებულის თვალებით უყურებდი პირისსახეში. წარმოიდგინე, ჩემი ბედნიერი მდგომარეობა იმ წამს. ქალი, რომელსაც თითქმის ღმერთადა ვთვლიდი, ქალი რომელისაც თითქოს მეშინოდა, რომელთანაც ვერ ვბედავდი მეტი სიტყვის თქმას, ეხლა იყო მოკრული ჩემ გულთ. იმისი ხელი მეჭირა ხელში და ვკოცნიდი იმდენს, რამდენიცა მსურდა! ქალმა, რომელსაც გრაფებიც დასდევდნენ, თავადებიც, გენერლებიც და სხვებიც, ამოარჩია კაცი ბევრით სხვებზედ ღარიბი, ბევრით სხვებზედ ულამაზო, ბევრით სხვებზედ უარესი! ჩემს სიხარულს არა ჰქონდა საზღვარი. ამ მდგომარეობაში მოგვასწრო ჭავჭავაძის ცოლმა, რომელმაც ნამდვილის მეგობრულის მხიარულებით მოგვილოცა. მაშინვე ყველამ შეიტყვეს, რომ მე და ნინოს ერთმანერთი გვიყვარს და გამოუცხადეთ სიყვარული. ყველამ თვითვეულად მოგვილოცეს. ორი საათის განმავლობაში, ვიდრე მამა მოუვიდოდა ნინოს, მარტოკეები ვისხედით ერთს ოთახში, რომელშიაც სიჩუმეს დაშლიდა ხოლმე ალერსიანი სიტყვები და გატაცებულ ცეცხლით სამსე კოცნა... ორმა საათმა გაიარა ჩქარა, ნამეტნავათ. ამ დროს მოვიდა გრაფი, რომელსაც ჭავჭავაძე ელაპარაკა. შეგვატყობინეს, და მამა თანახმა არის და თვითონ მოდის გასტინაში, რომელშიაც გამოველით. შემოვარდა მამა და ცრემლიანის აღელვებულის თვალებით ჯერ ქალი დაჰკოცნა მერე მე. მერე ცოტა ხანს უკან მითხრა: „აი, შვილო, აღმიზდია ჩემი ქალი კეკლუცობაში და სიყვარულში. ჩემი სიცოცხლე გამიტარებია იმაში, რომ იმ ცოტა დღეების უკან, რაც მე დამრჩა საცხოვრებლათ, ჩემმა ნინომ იმავე მხიარულებაში გაატაროს. ღმერთს უნდოდა, რომ მე ჩემს სიბერეში შენ გამჩენოდი პატრონათ და ნინოს საყვარელათ”. ამ დროს გამოართვა ხელი ქალს და მე, შეაერთა და სთქვა: ,,აი ჩემი ქალის ხელი. ოცი ათასი თუმანი აქვს მზითვათ და მაგის გარდა, როცა მოვკვდები, სულ თქვენია ყველაფერი. ნინოს მშვენიერობა და კეთილ-გულობა არის შენთვის უკეთესი სიმდიდრე. ღმერთმა ისე გაგაბედინიეროთ, როგორც ჩემი ბებერი, დაფერფლილი გული სთხოვს“. ეს სიტყვები გაწყვიტა შამფანსკის პროპკების ხმაურობამ და რამდენსამე მინუტს უკან ყველამ მოგვილოცეს ბედნიერობა. ეხლა ამ მდგომარეობაში ვარ, არავინ სხვებმა ჯერ არა იცის რა. შობის მესამე დღეს დიდი ბალი ექნება ჩერნიშოვ-კრუგლიკოვს, რომელშიაც გამომაცხადებენ აშკარა სასიძოთ. მაქვს იმედი, რომ თქვენი ლოცვაც არ მაკლდება ამ სრულს და ნამდვილს ბედნიერებასთან, რომელზედაც თქვენის ნების დართვისაც უნდა, ჩქარა შემატყობინოთ... ძალიან ძნელი იქნება ჩემი გამოცხადება შენთან, რომ ამ საქმისთვის ერთი ასი თუმანი მომინდება. გეფიცები პატიოსანს სიტყვას, რომ უკეთუ შეიძლებოდეს როგორმე სხვა მხრიდან შოვნა, მე შენ არ შეგაწუხებდი. აქ ყველანი მიყურებენ მეც როგორც შეძლებულს კაცსა და, უკეთუ სომხებისაგან ვისესხე, მაშინვე ხმა გავარდება და შენი მტერი. ჭავჭავაძეები მაძლევენ, მართალია, ფულს, მაგრამ იმათიცა მრცხვენიან. არც იმათ უნდა შეიტყონ ჩემი  მდგომარეობა. იანვრის გასულს ქორწილი იქნება და მაშინ ნახავთ, რა პატივით გადაგიხდი მაგ ხელის გამართვას... ისესხეთ, დააგირავეთ, თუ ძალიან გაჭირდა, გაყიდეთ, რაც შეგხვდესთ. უთუოდ ასი თუმანი გამომიგზავნეთ. ამასთან გამომიგზავნე ბეჭედი პრინც-ალბერტმა რომ მაჩუქა და შენი ბროშკა თუ არ გენანება, რომ ნიშნათ მივცე. ესენი ყველაფერი ჩემთვის ისე საჭირო არის, როგორც ავათმყოფისათვის წამალი. უკეთუ ესენი არ გამომიგზავნე, ჩემი საქმე საშინლად გაძნელდება, მაგრამ თუ სულ ჩაიფუშა, გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რო ჩემს თავს ავუტეხავ რასმე. ვიცი, საყვარელო დედავ, რომ როგორც ძნელი უნდა იყოს შენთვის ფულისა და ბროშკის გამოგზავნა, ჩემს დაღუპას არ მოინდომებ.”

скачать dle 11.3