კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინიათ ტაძარში შესულ ადამიანებს ეკლესიის მსახურების და როგორი სასულიერო პირები არ არიან ქრისტიანები

ოცდამეერთე საუკუნეში ნებისმიერ ინფორმაციასთან მიგვიწვდება ხელი; აუცილებელია ბევრი რამის ცოდნა, მათ შორის – რელიგიური, თეოლოგიური საკითხების. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი შედის ეკლესიაში და სასულიერო პირს უსვამს კითხვას, მისგან დამცინავ ან მკაცრ პასუხს იღებს. სასულიერო პირების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება იგრძნობა: ის, ვინც  ეკლესიაში დგას და ესწრება რომელიმე საიდუმლოს, განსაკუთრებით – ნათლობას, მან აუცილებლად არაფერი იცის. ხშირ შემთხვევაში ასეც არის, მაგრამ სასულიერო პირის მოვალეობა სწორედ ისაა, რომ ასწავლოს, აუხსნას ტაძარში მყოფებს ამა თუ საეკლესიო საიდუმლოს შინაარსი, არსი, დანიშნულება; აზიაროს ისინი ქრისტეს სწავლებას და თავისი მკაცრი დამოკიდებულებით არ დააბრკოლოს ისინი, ვინც ჯერ არ ეზიარნენ ქრისტეს სარწმუნოებას. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი) გვესაუბრება:

 –  ყველა ქრისტიანი და, მით უმეტეს, სასულიერო პირი, მისიონერი უნდა იყოს, რათა ადამიანებს ქრისტეს სწავლება გადასცეს მართებულად, სწორად და არა დამახინჯებულად. სამწუხაროდ, დღეს ბევრ ეკლესიაში ამბიონიდან სახარება ისე განიმარტება, როგორც არ უნდა განიმარტებოდეს. გადმოსცემენ მოძღვრის პირად აზრს სახარებასთან დაკავშირებით და არა მის სწორ, ჭეშმარიტ განმარტებას. ქრისტეს არ უთქვამს ის, რასაც ზოგიერთი სასულიერო პირი ქადაგებს. სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციაა დღეს და ეს ნიშნავს იმას, რომ სწავლა, განათლება როგორც ერის ადამიანებში, სასულიერო პირებშიც მოიკოჭლებს. ჩვენ შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და ამის ნათელ მაგალითებსაც ვიმკით – დღეს სწავლება საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ იმაზე, ვის რა და როგორი სარწმუნოება გააჩნია, ეს არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ, თეოლოგიური განათლება დღეს ძალიან მოიკოჭლებს როგორც ერისკაცებში, ისე სასულიერო პირებში. თუმცა, ერთია სწავლა და მეორე – სიყვარული. შეიძლება, სასულიერო პირი განსწავლული იყოს, მაგრამ მას არ ჰქონდეს სიყვარული და ის ისეთივე უტიფარი იქნება სხვასთან მიმართებაში. სწავლა-განათლება ის იარაღია, რითაც ადამიანმა ადამიანი უნდა მოინადიროს. როდესაც პავლე მოციქული ჩადის ათენში, იქაურ განსწავლულებთან, საზოგადოებასთან, კარგ ხერხს იყენებს, რომელიც ტყუილი იყო, მაგრამ კარგი ხერხი იყო ადამიანების მოსაქცევად: იგი ესაუბრება ვიღაც ღმერთზე, რომელიც მათ პანთეონშია და რომელსაც სახელი არ აქვს – ეს არის თქვენი ღმერთიო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის არ იყო ქრისტე, მაგრამ პავლე, როგორც განსწავლული ადამიანი, სწორ ხერხს მიმართავდა, რაღაცნაირად მაინც რომ მოექცია ის ხალხი ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. ეს იყო კარგი გაგებით ფანდი, რაც ემსახურებოდა არა ადამიანების მოტყუებას, არამედ მათ ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ასეთ ფანდებს არ მივმართავთ. დღეს ბევრი სასულიერო პირი სარგებლობს სოციალური ქსელებით, რაც ასევე კრიტიკისა და განხილვის საგანი ხდება. სოციალურ ქსელებს იყენებენ როგორც საერო, ისე სასულიერო პირები, საქმისთვის, საჭორაოდ ან მისიონერული მიზნით – დადონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. გააჩნია, ამ ყველაფერს როგორ დატვირთვას მისცემს.
– რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკლესიაში შესულ ადამიანს უნდა ეშინოდეს სასულიერო პირის, თუნდაც სტიქაროსნების, რომლებმაც ნებისმიერ უწყინარ კითხვაზე შეიძლება ჩხუბიც დაუწყონ ან უხეშად უპასუხონ?
– არის ასეთი განწყობა: „ჩემს მოძღვარს ამას ვერ შევკადრებ, ამ კითხვას ვერ დავუსვამ, ასეთი ჩაცმული რომ შევიდე, შავ დღეს დამაყრის” – ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. მოძღვარი არ არის ბუა, რომლისაც უნდა გვეშინოდეს ან რომლის სახელითაც უნდა გვაშინებდნენ. სასულიერო პირი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება მრევლისგან, გარდა იმისა, რომ მას აქვს მოძღვრობის სოციალური სტატუსი, სულიწმიდის მადლით აღასრულოს მღვდელმსახურება და, თუ შემოსილი დადის, ეს შესამოსელი გამოარჩევს სხვებისგან. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც იღვწის, ემსახუროს ღმერთსა და ადამიანებს; იყოს სამაგალითო ადამიანი იმ სტატუსში მაინც, რაც გააჩნია. ხშირად მოძღვარს ბევრ ისეთ რამეს სთხოვენ, რაც არ მოეთხოვება. ხალხის მოთხოვნით, ის უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, კარგი მენეჯერი, რადგან, ვიღაც გაჭირვებული რომ მივა, მას ბანკის პრობლემების ფინანასური ანალიზი უნდა ჩაუტაროს, დაეხმაროს ვალების გასტუმრებაში, ბანკის პრობლემების მოგვარებაში, არადა, ეს სულაც არ არის მოძღვრის საქმე. მოძღვარი უნდა ასწავლიდეს და განუმარტავდეს ადამიანებს სახარებას – ეს არის მისი პირველი დანიშნულება, სხვა ყველაფერი მეათეხარისხოვანია. მრევლისა და მოძღვრის ურთიერთობა ქრისტეს სწავლებაზე, ქრისტეს სიყვარულზე, სწორ ურთიერთობაზე უნდა იყოს აგებული და დაფუძნებული. არ უნდა ვაყენებდე ფულიანს უფულოზე წინ: ფულიანი სულ წინ არ უნდა იდგეს და უფულო – მუდმივად რიგის ბოლოში; ფულიანს 33 კბილს არ უნდა ვაჩვენებდე და უფულოს, შეიძლება, წესიერად არც კი დაველაპარაკო; ისეთი მომთხოვნი და მკაცრი სახე არ უნდა დავიჭირო, რომ მას ერჩივნოს, მიწაში ჩაძვრეს და საერთოდ არაფერი მკითხოს. არც ის არის სწორი, გოგონა ეკლესიაში პირველად შემოვიდეს შარვლით ან მოკლე კაბით და ის მოძღვარმა გააგდოს ტაძრიდან იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ის უხამსად იქცევა და შეურაცხყოფას აყენებს ღვთისმშობელს. ჩვენ, როგორ ცუდადაც უნდა მოვიქცეთ, ვერც ღვთისმშობელს და ვერც მაცხოვარს ვერ მივაყენებთ შეურაცხყოფას. ასე რომ იყოს, ისეთ რაღაცეებს ჩავდივართ, მღვდლებით დაწყებული, თითოეული ადამიანით დამთავრებული, რომ ყველაზე შეურაცხყოფილი სწორედ მაცხოვარი იქნებოდა. აქ საუბარია იმაზე, რომ, ადამიანი, რომელიც ჯერ არ იცნობს ქრისტეს და, შეიძლება, მისი გაცნობის სურვილიც არ აქვს, მაგრამ შემოდის ეკლესიაში, მას ამის სურვილი სწორედ სასულიერო პირმა ან მრევლმა უნდა გაუჩინოს. ისე უნდა ექცეოდეს სასულიერო პირი ნებისმიერ ადამიანს, როგორც ქრისტე მოექცა მეზვერეს, მებაჟეს, მრუშ ქალს, რათა მას სურვილი გაუჩნდეს, კიდევ შემოვიდეს ეკლესიაში. შეურაცხყოფა კი არ უნდა მიაყენოს, ხალხში კი არ უნდა შეარცხვინოს, მშვიდად, წყნარად, ჩუმად უნდა აუხსნას, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა, ასე ჩაცმული შემოსვლა ტაძარში, რადგან, მღვდელი ხომ მასწავლებელია. გარდა ამისა, ისიც უნდა აუხსნას, რომ ჩაცმულობა არ არის მთავარი, თუკი ადამიანი მართლა შიშველი არ შევიდა ტაძარში. ცოტა მოკლე კაბა ეცმევა ქალს თუ შარვალი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, მან გაიგოს, ვინ არის ქრისტე, რომ მერე შეასრულოს მისი მცნებები, იმისთვის, რათა  თავად გახდეს უკეთესი ადამიანი, თავად დადგეს იმ გზაზე, რომელი გზაც მას დიდ ადამიანად აქცევს; სულიერი დაბნეულობიდან, სულიერი ავადმყოფობიდან გამოიყვანს და გამოაჯანმრთელებს. მღვდლისა და ეკლესიის ფუნქცია ეს არის და, რომელი მღვდელიც არ ასრულებს ამას და თავი ჰგონია ინკვიზიტორი, რომელმაც ცეცხლზე უნდა დაწვას და ჯვარზე გააკრას ცოდვილები, რა თქმა უნდა, ის, უბრალოდ, დაბნეულია და მან ჯერ კიდევ არ იცის, რა არის ქრისტიანობა. ის, ვინც ასე იქცევა, ვერ იქნება ქრისტიანი, რადგან ის უნდა ემსახურებოდეს ქრისტეს, ხალხს და  არ უნდა მოექცეს ხალხს ისე,  რომ მისი შიშით აღარ შევიდნენ ეკლესიაში და მას კითხვის დასმაც ვერ გაუბედონ. ასეთი სასულიერო პირი, უბრალოდ, სულიერად გარდაცვლილია და, რადგან თვითონ გარდაცვლილია, სხვას ვერაფერს ასწავლის.

скачать dle 11.3