კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით გამოწვეული სიკვდილის შეეშინდა ავთო აბესლამიძეს და რატომ გადაწყვიტა მან ბარსელონაში, ბიონსეს კონცერტზე ნიკა გვარამიას წაყვანა

როგორც ცნობილია, „X ფაქტორის“ წლევანდელი გამარჯვებული ავთო აბესლამიძე გახდა. როგორც ავთო ამბობს, მას ამ პროექტმა, განსაკუთრებით კი ნიკა გვარამიამ, ძალიან ბევრი რამ ასწავლა, ყველაზე მეტად კი – ბრძოლა, რასაც ავთო მომავალში კვლავ განაგრძობს. მე მას კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ.
ავთო აბესლამიძე: იმ მომენტში, როდესაც გამარჯვებულად გამომაცხადეს, ვხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს, რადგან კამერები უფრო მეტად ჩემკენ იყო მომართული; ვიცოდი, გამარჯვებული ვიყავი, მაგრამ ვერ ვაზროვნებდი, სადღაც დავფრინავდი. ახლაც მიჭირს ამ ყველაფრის ბოლომდე გააზრება (ინტერვიუ ჩაწერილია 7ივლისს, – ავტორი). ჩემი საოცნებო პროექტის გამარჯვებული ვარ და, ამაზე რომ ვფიქრობ, ხან მეცინება, ხან მეტირება, მოკლედ, ერთდროულად ყველანაირი ემოცია მეუფლება.
– რა გახსოვს იმ მომენტიდან, როცა გამარჯვებულად გამოგაცხადეს?
– დარბაზში დიდი ხმაური იყო, სცენაზე ცუდად ისმოდა ხმა. ჩემი სახელი არ გამიგია, გვარი გავიგე და ამ დროს დავინახე ცირას გახარებული სახე – ის ძალიან მგულშემატკივრობდა. იმ მომენტში მივხვდი, რომ მე გავიმარჯვე, მაშინვე ცაში ავფრინდი და მას მერე დავფრინავ, ნელ-ნელა ვეშვები მიწაზე. შემეშინდა, სიხარულით გამოწვეულ ადრენალინს არ მოვეკალი.
– ეს არ იყო პირველი კონკურსი, რომელიც მოიგე.
– ჩემთვის კონკურსებში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა. „X ფაქტორმაც“ განამტკიცა ის აზრი, რომ კონკურსები ჩემთვის იღბლის მომტანია. მანამდე „X ფაქტორს” ტელევიზორში რომ ვუყურებდი და ვხედავდი ფინალში გასულებს, ვფიქრობდი: ნეტავ მეც თქვენს ადგილას ვიყო-მეთქი. იმდენად მიუწვდომელი მეგონა ეს პროექტი ჩემთვის, შიშის გამო ქასთინგზეც არ გავდიოდი.
– ვიღაცეებს არ მოეწონათ შენი გამარჯვება: ზოგმა თქვა – ნიკა გვარამია როგორ არ გაამარჯვებინებდაო, ზოგმა – ჩააწყოო.
– პროექტის განმავლობაში ვკითხულობდი ყველა კომენტარს – მაინტერესებდა, რას წერდნენ. მერე, ვინც ცუდს წერდა, მათ გვერდზეც შევდიოდი, მაინტერესებდა, ვინ იყვნენ და ძირითადად „ფეიკი“ გვერდები იყო. ამიტომ არ ვაქცევდი დიდად ყურადღებას. თუმცა, რჩევის შემცველ აზრებს ვითვალისწინებდი, ვიღებდი კომენტარებს. ახლა, როცა პროექტი დასრულდა, არანაირი კომენტარი არ წამიკითხავს, დასრულდა და არ ვფიქრობ, ვინმეს ზიზღსა და ბოღმას ავყვე. პატარა ბავშვების შეფასებები ნაკლებად მაინტერესებს, ზრდასრულმა და ამ საქმის პროფესიონალებმა უკვე შემაფასეს, მირეკავდნენ და ეს ჩემთვის მისაღები და დასაფასებელი იყო. რაც შეეხება ჩაწყობას, ამაზე არანაირი რეაქცია არ მქონია. ყველამ იცოდა, რომ მეც ისე ვნერვიულობდი, როგორც სხვა დანარჩენები. ნიკა გვარამია მუდმივად გვერდში მედგა, ბოლო კონცერტზეც მან ამირჩია სამივე სიმღერა. მანამდეც ნიკა მირჩევდა რეპერტუარს, შეიძლება, რაღაც დეტალებზე გვეკამათა, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კარგ შედეგს ვიღებდით. მეამაყება, რომ ნიკასთან ვიყავი. მე არ მქონდა უფლება, არ მებრძოლა. ზოგჯერ იყო მომენტი, როდესაც ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ ნიკა დიდ სტიმულს მაძლევდა: ახლა გეძლევა შანსი, კარიერაში რაღაც ნაბიჯი გადადგა, არ უნდა დავარდეო, – ფსიქოლოგიურად ძალიან მეხმარებოდა.
– ბათუმელი ბიჭი ვაკელი გახდი – მალე ვაკეში გექნება ბინა.
– ბათუმი ძალიან მიყვარს, მაგრამ თბილისში გადმოსვლა იყო ჩემს გეგმაში, რადგან აქ უფრო დიდი გასაქანია. ჩემს კარიერაში რაღაცას რომ მივაღწიო, ამისთვის თბილისში უფრო მეტი შანსებია. როდესაც კონკურსზე გამოვდიოდი, ნაქირავებ ორ ოთახში ოთხი ადამიანი ვცხოვრობდით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. მაგრამ მაშინ ამაზე არ ვსაუბრობდი, რადგან, არ მინდოდა, ვინმესთვის შემაწუხებელი ყოფილიყო. სახლში რეპეტიცია რომ მინდოდა, ისინი მეცადინეობდნენ და ამიტომ ხელს ვუშლიდით ერთმანეთს. სიმართლე გითხრათ, ბინის მოგება არ არის ჩემთვის ღირებული, ისევე, როგორც ფასიანი ქაღალდი ან რამე ძვირად ღირებული ნივთი; ჩემთვის მთავარი იყო, პირველი ადგილი ამეღო იმაში, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და ეს არის სიმღერა. რა თქმა უნდა, ბინა ძალიან კარგია და მიხარია, გადმოსვლაში დამეხმარება, ერთ პრობლემას მომიგვარებს. ახლა უკვე ვიფიქრებ იმაზე, როგორ გავიზარდო, პედაგოგს ავიყვან აუცილებლად.
– რა ეტაპზეა შენი ბინა?
– ჯერჯერობით არაფერი ვიცი. ძალიან მაგარია, რომ ჩემი სიმღერით მოვიგე ბინა, მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ვიცი, რომ ბინა იქნება, გადავალ და მერე ვნახოთ. ერთი ვიცი, რომ ახალგაზრდული, სტუდიური ტიპის იქნება, რომ ჩემს სახლში სიმღერა მუდმივად ისმოდეს და იგრძნობოდეს.
– ბიონსეს კონცერტზე დასასწრები საგზურიც გადმოგცეს. ვის წაიყვან?
– ბარსელონაში მივდივარ ბიონსეს კონცერტზე, რომელიც ჩემი საყვარელი მომღერალია. თან, მე და ცირას მოგვცეს ბილეთები და ვფიქრობდით, ვინ წავიყვანოთო. ცირას თავის მენტორი მოჰყავს და მეც მინდა, ჩემს მენტორს შევთავაზო, მაგრამ, რადგან მოუცლელია, ვნახოთ...
– ვინმე გოგონა რომ წაიყვანო?
– არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წამოვა ჩემთან ერთად – გოგონა თუ ბიჭი, მინდა, ის წავიყვანო, ვისაც ყველაზე მეტად სურს წასვლა. ჩემმა მენტორმა იმდენი რამ მასწავლა, იმსახურებს, რომ ჩემთან ერთად წამოსვლა შევთავაზო. მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. იგი ჩემს ბინაშიც ყოველთვის საპატიო სტუმარი იქნება და, რაც მთავარია, მე და მან ერთად უნდა შევაღოთ ჩემი ბინის კარი.
– რა გასწავლა ამ კონკურსმა, რა თვისებები შეგძინა?
– რაღაც შიშები მქონდა, მაგალითად, ვინმე თუ გამაკრიტიკებდა, ვერ ვცემდი სწორ, არგუმენტირებულ პასუხს. ამ მხრივაც გავიზარდე – უკვე შემიძლია, გავცე პასუხი. სცენასაც მივეჩვიე, კამერებსაც, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან უცებ დაკონტაქტებასაც. უფრო გავიხსენი და თავისუფალი გავხდი რაღაც საკითხებში, თუმცა, ვფიქრობ, ბოლომდე თავისუფლება არ არის კარგი. ახლა უკვე ვიცი, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო და ჩემი გავიტანო. ადრე უფრო მქონდა „ჟილკა“  – ვიცოდი, რომ უნდა მებრძოლა, მაგრამ, არ ვიცოდი, ეს სწორად როგორ უნდა გამეკეთებინა.
– დედაშენი განსაკუთრებულად ნერვიულობდა. როგორ შეხვდა შენს გამარჯვებას?
– კონცერტის მსვლელობის დროს აივანზე იჯდა და ლამის გადმოფრინდა იქიდან. პირველ ლაივს დაესწრო და მერე მითხრა: მეორეჯერ, ღმერთით, მაშინ ჩამოვალ, როცა ფინალში იდგებიო. მართლაც ასე იყო და  გამარჯვებული ამაყად დაბრუნდა უკან. იმ მომენტში ჩვენ შორის კომუნიკაცია ვერ შედგა, რადგან ის ტიროდა, მე კი ყელში რაღაც ბურთი მახრჩობდა. „ფეისბუქში“ დავწერე კიდეც: შენი სიხარულის ცრემლებად მიღირდა ეს გამარჯვება-მეთქი. მამა ჩემსავით ემოციურია, სცენაზე ჩაიკეცა სიხარულისგან.
– პირადში სიახლე ხომ არ გაქვს?
– არაფერი შეიცვლილა და ჯერ არც შეიცვლება, რადგან, ეს ერთი თვე ჯერ ვფრინავ. ჯერჯერობით არ მინდა, რაღაცამ უკან დამხიოს, რადგან, ახლა ვერ ვიჯდები და ვერ დაველოდები იმას, ვინ დამირეკავს.
– გოგონები გააქტიურდებოდნენ, ალბათ, ბევრ რამეს გწერენ.
– კი, გააქტიურდნენ გოგონები; მწერენ –  ჩემი თბილი, ჩემი ტკბილი ხმაო, შეხვედრასაც მთხოვენ. დიდი მადლობა, რომ ჩემთან შეხვედრა უნდათ, ძალიან მიხარია, უბრალოდ, დრო არ მაქვს.
– როგორი იქნები შეყვარებულის მიმართ?
– შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ, ბავშვურ გატაცებებს თუ არ ჩავთვლით. ზოგადად, ვინც  ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, მიყვარს მისი მოვლა, გაფრთხილება, მასზე ვზრუნავ... ვნახოთ, როგორ გამაგიჟებს სიყვარული. რა თქმა უნდა, მასაც მოვუვლი და მასზეც ვიზრუნებ. თუ თვითონ არ იზრუნებს ჩემზე, არ არის პრობლემა, მთავარია ვუყვარდე.

скачать dle 11.3