კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა თბილისში ზიკა ვირუსის გამავრცელებელი კოღო და რა შემთხვევაში შეიძლება გვიკბინოს ობობა ტარანტულმა

ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში ვირუსი დენგეს შემთხვევა დაფიქსირდა. დენგეს პარალელურად, კვლავ გააქტიურდა ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხე., გავრცელებული ინფორმაციით, მის გამავრცელებელ კოღოს თბილისშიც ებრძვიან. ამას დაემატა, ეგრეთ წოდებული, „ობობების შემოტევაც“, რის გამოც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. რეალურია თუ არა პანიკის საფუძველი – ამ კითხვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს, ბატონ პაატა იმნაძეს მივმართეთ.
– ბატონო პაატა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თევზის სახეობა გამბუზია კუს ტბაში გაუშვეს ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს გასანადგურებლად. ანუ, თბილისშიც არსებობს ეს კოღო?
– გამბუზია გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, პატარ-პატარა წყალსატევებში და მას ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული საქართველოში მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებში. ის კარგად მუშაობს მალარიის გადამტანი კოღოების წინააღმდეგ, მაგრამ კუს ტბას არავითარი კავშირი არ აქვს ზიკასთან. მისი გადამტანი კოღო, არაერთხელ მითქვამს, მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ნაპოვნი, ისიც თითო-ოროლა ერთ-ორ წერტილში. მალარიის გადამტანი კოღოც არასდროს დაფიქსირებულა კუს ტბაზე, მაგრამ სხვა კოღოები არის და გამბუზია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ვიმეორებ, ამას ზიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თბილისში არასდროს აღმოჩენილა არც მალარიის და არც ზიკას გადამტანი კოღო.
– რაც შეეხება ობობას, დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელდა განცხადება, რომ ტარანტულების შემოტევა იყო. „თბილისში ტარანტულების შემოტევაა,“ – ამ სათაურმა მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.
– პანიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ტარანტული საქართველოში ძალიან იშვიათია და გვხდება ნახევრადუდაბნო და უდაბნო ადგილებში. მაგრამ იქაც იმდენად იშვიათად, რომ მე, მაგალითად, არასდროს შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს ასეთ ზონებში სიარული. თბილისში რა უნდა ტარანტულს? ფოტოები, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ტარანტულის არ არის. ის არის ობობის ერთ-ერთი სახეობა, სახელად ფალანგა, რომელსაც შხამი საერთოდ არ აქვს. ტარანტულს, რომელიც შეიძლება, ჩვენთან ნახო, სამხრეთ რუსული ტარანტული ჰქვია და ის მიწაში ცხოვრობს.
– თუმცა განცხადებაში აღწერდით წესებს, რომელიც უნდა დავიცვათ მისი კბენის შემთხვევაში.
– ტარანტულის კბენის შემთხვევაში, მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საპნით. კანი ძლიერ არ დაიზილოთ, დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკური საშუალებით. დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები, სანამ არ შეწყდება ტკივილი. შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა, მიიღეთ ბევრი სითხე – ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში – მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი. იმ შემთხვევაში, თუ ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს ან, თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მხოლოდ, ამ წესების გამოყენება მაშინ დაგჭირდებათ, თუ უდაბნოში წახვედით და შემთხვევით წააწყდით ტარანტულს. თუმცა, თუ ტარანტულს ძალით არ გამოეკიდე და დაიჭირე, სულ ორი სანტიმეტრია და რა უნდა გიქნას?! შენ თუ ძალიან არ შეაწუხებ და დაჭერას არ მოინდომებ, ვერ გიკბენს. მისი შხამი ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი. მას შხამი ბუზისთვის აქვს. თბილისში ტარანტული რომ იყოს, ვინ გააჩერებდა. იცით, ის რა ღირს? მაგალითად, სამხრეთამერიკული, კარგი დიდი ტარანტული ათასი დოლარი ღირს. ახლა მთელ მსოფლიოში მოდაშია ტარანტული სახლში. ადვილი მოსავლელია და აკვარიუმებში ჰყავთ.
– სხვა ობობები, რომელიც საქართველოში გვხვდება შხამიანია?
– არა, არცერთი არ არის შხამიანი. არც ის ფალანგა, რომლის ფოტოებსაც ტარანტულად ასაღებენ და არც სხვა – რომც გიკბინოს, საშიში არაა.
– ამბობენ, რომ ზოგადად, მათი რაოდენობა მომრავლდა. ზოგს კი მისი უბრალო დანახვისასაც კი პანიკური შიში აქვს. თუა დაგეგმილი რაიმე ღონისძიება მათი რაოდენობის შესამცირებლად?
– ჩემს შვილს, მაგალითად, ნებისმიერი ობობის ეშინია. მიკროსკოპულ ობობასაც რომ დაინახავს, მაშინაც გარბის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ობობების შემოსევა გვაქვს. სისულელეა, რომ ობობების რაოდენობა ახლა გახშირებულია. ისინი ბუნებაში ჩვენამდეც არსებობდნენ და შეიძლება, ჩვენ, ადამიანები რომ აღარ ვიქნებით, მერეც იყოს. რა ღონისძიებაზეა საუბარი. შეიძლება, ბუნებაში ყველაფერი გავწყვიტოთ, იმიტომ რომ, ჩვენ არ მოგვწონს და გვეშინია? არაფერს აშავებენ და იყვნენ თავისთვის. პირიქით, ობობა კარგია, მავნე მწერებს იჭერს და გვაშორებს. კიდევ ობობას მოკვლა არ შეიძლება, იმიტომ, რომ უფულობა იცის და ჩვენ კიდევ უფულობა გვინდა?! კიდევ ამბობენ, წვიმა იცისო, ძლივს დათბა და კიდევ წვიმა გვინდა?! (იცინის).
– გასაგებია. რაც შეეხება დენგე ვირუსს. ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში მისი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.
– არა, იყო ოთხი პაციენტი, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა დენგეს ცხელება. თუმცა, ეს იყო ძველი ავადმყოფობა, ანუ, საქართველოში უკვე ამ ვირუსით ჩამოვიდა. ორს ადრე ჰქონდა გადატანილი და მეოთხეს, უბრალოდ, სიცხე ჰქონდა. ეს გასაკვირი არცაა, ინდოეთში დენგე თითქმის ყველას აქვს გადატანილი. საბედნიეროდ, არ იყო მძიმე შემთხვევები. პაციენტები, პრაქტიკულად, გამოჯანმრთელებულები არიან.
– ქვეყანაში ინდოელების სიმრავლე გვაქვს და თუ იქ ეს ვირუსი ყველას გადატანილი აქვს, ეს ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს?
– მართალია, ინდოეთში ეს ვირუსი ძალიან ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ჩვენთან რომ მთელი წლის განმავლობაში ჩამოდიან ინდოელები, იმდენი ერთი რეისით ჩადის ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ, ჩვენი რისკები შეუდარებლად პატარაა ევროპის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით. დენგეს ძირითად გადამტანს, ისევე როგორც ზიკა ვირუსისას, წარმოადგენს კოღო Aedes aegypti. დენგეს ცხელება მწვავედ მიმდინარე, გრიპისმაგვარი დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან ჩვილები, მოზარდები და მოზრდილები. ლეტალური გამოსავალი ამ დაავადებას ახასიათებს შემთხვევათა 2,5 პროცენტში. მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად, შესაძლებელია, დენგეს ინფექციის 50–100 მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდეს. მისი მწვავე ფორმა დღეს ძირითადად გვხვდება აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამ რეგიონებში, ის ბავშვებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მთავარი მიზეზია. დენგეზე ეჭვია, თუ მაღალ ცხელებას ახლავს ჩამოთვლილიდან ორი სიმპტომი მაინც: მწვავე თავის ტკივილი, თვალების უკან ტკივილი, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, გულისრევა, პირღებინება, შეშუპებული ჯირკვლები ან გამონაყარი. ინფიცირებული კოღოს კბენისა და 4–10-დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, ავადმყოფობის სიმპტომები, ძირითადად, 2–7 დღეს გრძელდება. პლაზმის გამოდინების, სითხის აკუმულაციის (სუნთქვის გაძნელების), მწვავე სისხლდენის ან ორგანოთა მდგომარეობის გაუარესების გამო, მწვავე დენგე არის პოტენციურად მომაკვდინებელი გართულება.  დენგეს შეიძლება, გაცილებით მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს, ვიდრე ზიკას. ავადმყოფისთვის ის უფრო საშიშია, შესაძლოა, მომაკვდინებელიც, მაგრამ მხოლოდ ავადმყოფისთვის; ზიკას შემთხვევაში კი – ნაყოფისთვის. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა  ჯერჯერობით არ არსებობს.
– ახლა ზუსტად ის სეზონია, როცა შავიზღვისპირეთს აქტიურად მიმართავენ დასასვენებლად. სადაც ზიკას და დენგეს გადამტანი კოღო დაფიქსირდა, ეს რისკის შემცველი არ არის?
– მინდა, ერთი რამ კარგად გაიგოს მკითხველმა: საქართველოში მალარიის გადამტანი კოღო უამრავია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 5-7 დაავადებული მაინც შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მალარია არ გვაქვს. ანუ, კოღოს არსებობა და დაავადებულის ქვეყანაში შემოსვლა ვირუსის გავრცელებას არ ნიშნავს. ნულამდე ვერავინ დაიყვანს კოღოების რაოდენობას, მაგრამ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად შევამცირეთ ოდენობა. ანუ, პრაქტიკული რისკი არ არსებობს.

скачать dle 11.3