კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლისდამ სიძე შვილის შეცდენის მცდელობისთვის მოკლა

 44 წლის რეზო ს-შვილი  ყოფილი  მეუღლის კუთვნილ სახლში გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ის უბედური შემთხვევის  მსხვერპლი გახდა – მშენებარე სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა – მისი გადარჩენა ბინაში გამოძახებულმა სამედიცინო სამსახურმა ვეღარ შეძლო.  
 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას პირველი ჩვენებები მისცეს გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილმა ცოლმა და მისმა დამ – ელზა და ეკატერინე მ-ძეებმა. მათი ჩვენების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რეზო ს-შვილი სახლის დასათვალიერებლად მესამე სართულზე ავიდა, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა – იგი  მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა. გარდაცვლილის დედა და და ამ ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევდნენ,  რასაც რეზო ს-შვილის ოჯახის წევრთა შორის დაპირისპირება  მისი გარდაცვალებიდან პირველივე საათებში მოჰყვა.
გარდაცვლილის ყოფილი ცოლისდის, ელზა მ-ძის ჩვენების მიხედვით, იმ დროს, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, ის დის ბინაში სტუმრად იყო მისული. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „უკვე ხუთი წელია, ჩემი და და რეზო დაშორდნენ.  მათ ორი შვილი ჰყავთ. ყოფილი ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად,  რეზო ჩემი დის ბინაში მაინც დადიოდა – იმიზეზებდა, რომ  ბავშვები სთხოვდნენ მისვლას. ჩემი და უკვე გათხოვებას აპირებდა და ყოფილ ქმარს სახლში მისვლის უფლებას არ აძლევდა. იმ დღეს ამ ინციდენტს მეც შემთხვევით შევესწარი. რეზო ჩვენთან ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა.  ძალიან მთვრალი იყო და, ვუთხარი, ახალი კონფლიქტი რომ არ გამოეწვია, ბინიდან დროულად წასულიყო, მით უფრო, რომ მისი შვილები სახლში არ იყვნენ. ამ დროს მე მახლდა ჩემი ქალიშვილი, 18 წლის ნათია, რომელიც პირველ სართულზე იმყოფებოდა. ჩემი და იმავე ეზოში, სადაც ცხოვრობს, ახალ სახლს აშენებს, სამივე სართული აშენებულია: პირველი – თითქმის დასრულებული, მეორე და მესამე კი – მშენებარე. რეზომ აიჩემა, უნდა ვნახო, როგორი ბინა  გაიკეთეო. მე და ეკა ეზოში ვისხედით, ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ ჩვენი დამხმარე ქალი და ერთი  ხელოსანი, მაგრამ მომხდარის შესახებ არცერთს არაფერი გაუგია. ჩვენ არ დაგვინახავს, როგორ გავიდა რეზო მესამე სართულის  ღია აივანზე, დაცემის ხმა რომ გავიგეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გავიქეცით უბედური შემთხვევის ადგილისკენ, რეზო ძირს ეგდო, ირგვლივ კი სისხლის გუბე იდგა. სასწრაფო გამოვიძახეთ და მათთან ერთად მოვიდა პოლიციაც”.
მომხდარის შესახებ გამოძიებას თითქმის ანალოგიური ჩვენება მისცა გარდაცვლილის ყოფილმა მეუღლემაც. ეკატერინე მ-ძის ჩვენების მიხედვით, მას ისიც კი არ დაუნახავს, როგორ ავიდა  ბინაში  რეზო  ს-შვილი, მან განაცხადა, რომ მხოლოდ დაცემის ხმა გაიგონა. ქალმა დაადასტურა, რომ ყოფილ ქმართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა,  რადგან ის ქალის მეორედ გათხოვების წინააღმდეგი იყო.  გამოძიებამ დაკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა პირი, მათ შორის – დამლაგებელი და ხელოსანიც. ამ უკანასკნელის დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ აივნიდან მამაკაცის გადმოვარდნას წინ უძღოდა ინციდენტი მასა და ქალებს შორის. ხელოსნის ჩვენების მიხედვით, ისინი საუბრობდნენ ფარულ სასიყვარულო მიმოწერაზე, რასაც ელზა მ-ძესა და  რეზო ს-შვილს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. 
ამონაწერი მოწმის, ვახტანგ ფ-ძის ჩვენებიდან: „ორი თვეა, ამ ოჯახში ვმუშაობ. ეს მამაკაცი მეორედ ვნახე, თუმცა მისი ვინაობა არ ვიცოდი. იმ დღეს ნასვამი მოვიდა, მალე ჩხუბის ხმაც გავიგონე. ერთ-ერთი და მას ეუბნებოდა, ჩემი შვილის შეცდენას ცდილობო, კაცი კი თავს იმართლებდა. მოჩხუბრებს გავერიდე და ბინაში შევედი, სადაც სამუშაო მქონდა დასასრულებელი, თუმცა იქაც მესმოდა, როგორ ჩაერთო ქალებისა და მამაკაცის კამათში ახალგაზრდა გოგონა, ერთ-ერთი დის შვილი. ასევე, ამ კამათს შეესწრო ჩემთვის უცნობი მამაკაცი, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლი, რომელმაც ნასვამი მამაკაცი მოიყვანა. ის ეზოს კართან იდგა, თუმცა დები მას ვერ ხედავდნენ. როდესაც გავიგონე ადამიანის დაცემის ხმა და დების კივილი, არეულ-დარეულობაში კარისკენ გავიხედე და დავინახე, რომ ტაქსის მძღოლმა ზუსტად იმ დროს დაქოქა მანქანა და წავიდა.”
 დაკითხული დები რეზო ს-შვილთან ინციდენტს უარყოფდნენ, თუმცა მათ ჩვენებებში ბევრი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. გამოძიებამ ასევე დაკითხა ნათია ნ-ია, რომელმაც  გარდაცვლილი  ბიძის მიმართ  განსაკუთრებული სიმპათიები დაადასტურა, თუმცა ის უცნაურად ამტკიცებდა, რომ მას დეიდასთან სტუმრად მოსული მისი ყოფილი ქმარი საერთოდ არ უნახავს. საპირისპირო იყო ხელოსნის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, დეიდის ქმარი და გოგონა ჩხუბის დროს ერთად იდგნენ. 
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა იმ მძღოლის ვინაობა, ვინც რეზო ს-შვილი შემთხვევის ადგილზე მიიყვანა. მისი ჩვენება გამოძიებისთვის გადამწყვეტი გამოდგა: დების მტკიცების მიუხედავად, რომ, თითქოსდა, მამაკაცი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, ტაქსის მძღოლის ჩვენებამ მკვლელობის დეტალებს ნათელი მოჰფინა. მოგვიანებით, სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სატელეფონო მიმოწერის გაშიფვრით გამოაშკარავდა განზრახ მკვლელობის მოტივიც, რაც ელზა მ-ძემ ჩაიდინა. 
ამონაწერი მძღოლის ჩვენებიდან: „რეზო ს-შვილი ჩემი უბნელია და კარგად ვიცნობ.  ჩემი ავტომობილით გადაადგილება ხშირად სჭირდებოდა, ჩემი მუდმივი კლიენტი იყო და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვქონდა. იმ დღეს ორ მეგობართან ერთად იყო საქეიფოდ, მეც თან ვახლდი. ნასვამი იყო და მთხოვა, ეკასთან გამიყვანეო. ეკას, მის ყოფილ ცოლს, შორიდან ვიცნობდი.  ჩემი მანქანით მივიყვანე ეკას სახლთან. რეზო გაბრაზებული იყო, ჯერ კიდევ ავტომობილიდან დაურეკა ვიღაცას და უთხრა, მანდ დამხვდი, დედაშენს და  დეიდაშენს მე მივხედავო.   ვის ესაუბრებოდა, არ ვიცი.  როდესაც ეკას სახლთან მივედით, ცოტა ხანში  მეც გადმოვედი მანქანიდან, ეზოში წყალი დავინახე და მანქანის ტილოს გასარეცხად  შევედი. ამ დროს შევესწარი ჩხუბს ორ ქალს, ახალგაზრდა გოგონასა და რეზოს შორის. რეზოს ყოფილი ცოლისდა ეუბნებოდა, თუ ჩემი გოგოს  შეცდენა არ გინდოდა, მაჩვენე  შენი ტელეფონი, მესიჯებს რომ სწერო.   ეზოს ისეთ ნაწილში ვიდექი, მოჩხუბრები ვერ მხედავდნენ. ჩხუბი დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა, მერე საეჭვო სიჩუმე ჩამოვარდა. ეზოში შესულმა დავინახე, რომ რეზო და დები „ბესედკაში” ისხდნენ და წყნარად საუბრობდნენ.  გამიკვირდა ეს ამბავი და იქაურობას არ მოვშორდი. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ რეზო და მისი ცოლისდა მესამე სართულის ღია აივანზე ავიდნენ. ქალი მე ვერ მხედავდა. უცებ დავინახე, როგორ დაეჯაჯგურა ის აივანზე მდგარ რეზოს და როგორ გადმოაგდო აივნიდან. მე იქაურობა ინციდენტიდან ძალიან მალე დავტოვე, თუმცა, გადაწყვეტილი მქონდა, მომხადრის შესახებ რეზოს დედისთვის მეცნობებინა, რაც შოკიდან გამოსულმა ორ დღეში  გავაკეთე კიდეც.” 
 საქმის მასალების მიხედვით, რაც მოგვიანებით დადასტურდა ელზა მ-ძის მიერ, რომელსაც ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი, მან მამაკაცი მშენებარე სახლის მესამე სართულიდან განგებ გადააგდო. ელზა მ-ძის ჩვენების მიხედვით, მკვლელობაზე ის დამ წააქეზა, რომელიც უმტკიცებდა, რომ რეზო  მის 18 წლის შვილს, ნათიას, სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა. გაირკვა  შემთხვევის ადგილიდან საეჭვოდ დაკარგული რეზო ს-შვილის კუთვნილი  ტელეფონის შესახებ, რომლის არსებობასაც ადასტურებდა ტაქსის მძღოლი. ელზა მ-ძის ჩვენებით, მან უკვე გარდაცვლილი მამაკაცს პერანგის ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და ტუალეტში ჩააგდო, რათა მიმოწერის კვალი წაეშალა, თუმცა ამ მიმოწერის გამოაშკარავება გამოძიებამ მარტივად შეძლო.    საქმის მასალების მიხედვით, ჩხუბის შემდეგ, რომელიც ცოლისდისგან მამაკაცის მიმართ მძიმე ბრალდებებს მოჰყვა, ქალმა რეზო ს-შვილი მშენებარე სახლში ბინის მონახულების მიზნით აიტყუა და შემდეგ მესამე სართულიდან გადმოაგდო.    სასამართლომ ელზა მ-ძე დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ცრუ  ჩვენებისთვის პასუხისგებაში მიეცა მისი და, ეკატერინე მ-ძეც, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

скачать dle 11.3