კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ იძია შური პატარა ლავრენტი ბერიამ ქართული ეკლესიის წამბილწავებზე

ხშირ შემთხვევაში ლავრენტი ბერიას „ბოროტ გენიას“ უწოდებენ და ამით ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულ მიდრეკილებას პოლიტიკური ინტრიგებისადმი, რაც ამ არაორდინარულ ადამიანს პოლიტიკურ ოლიმპზე აღმასვლაში დაეხმარა. ისტორიკოსი ბორის საველიევი წერს: „ბერია უნიჭიერესი ადამიანი იყო. მას ჰქონდა ყველაფრის ძალიან მოკლე დროში ათვისების უნიკალური ნიჭი და თავის კოლეგებს შორის სწრაფი აზროვნებითა და ცხოვრებაში ინოვაციების უმოკლეს დროში დანერგვის უნარით გამოირჩეოდა. საკმარისი იყო, ბერიას რამე მოსწონებოდა, რაც მისადმი მინდობილი საქმისთვის სასარგებლო იყო, რომ ის უმალვე ცხოვრებაში ნერგავდა მას... ჯერ კიდევ ცეკას პირველი მდივნობის დროს, თბილისის სახანძრო რაზმის შემოწმებაზე მყოფ ბერიას ერთი ინოვაცია მოუვიდა თავში, რომელიც მალევე დანერგა ცხოვრებაში და უკვე შემდეგ გაიმეორეს სხვებმაც... პლაცზე ჩამწკრივებული ძველი სახანძრო მანქანების დათვალიერებისას მენაბდემ „პირველს“ უჩვენა, თუ როგორ მოქმედებდნენ მისი ხელქვეითები ხანძრის დროს. მანიპულაციები რომ დაიწყო, ერთ-ერთი მეხანძრის მიერ უხეიროდ მიმაგრებული მილი ბუდიდან გამოვარდა და ბაკიდან წამოსულმა წყლის ჭავლმა ბერია და მისი თანმხლები პირები გაწუწა... მართალია, 1937 წელი არ იყო, მაგრამ ამხანაგი ბერიას „ხელყოფა“ მაშინაც დასჯადი ქმედება იყო და, გაცხარებულმა მენაბდემ, ბერიას გასაგონად, იქვე დააპირა მოუხერხებელი ხელქვეითის დასჯა. ბერიამ კი მენაბდეს ეგზეკუცია არ დაანება, მილმოძრობილ მანქანასთან მივიდა და ყურადღებით დაუწყო თვალიერება. ბოლოს ინჟინერი მელქაძე იხმო, რომელიც თან ახლდა და ათიოდე წუთი ელაპარაკა, რის შემდეგაც სახანძრო რაზმი დატოვა, მენაბდეს კი უთხრა, რომ არავინ დაესაჯა... ზუსტად ერთი თვის შემდეგ თბილისის დასუფთავების სამსახურმა 20 სპეციალურად დამზადებული, ქუჩის სარწყავი მანქანა მიიღო, რომლებიც ინჟინერ მელქაძის პროექტით  გადაკეთდა სახანძრო მანქანიდან და საჭავლე მილის მაგივრად ორივე მხრიდან ბრტყელი, სარწყავი მოწყობილობები ჰქონდა დაყენებული. სწორედ ასეთი მანქანები გამოდიოდნენ საქართველოს დედაქალაქში ყოველ დილით და რწყავდნენ ქუჩებს. ამ მაგალითზე კი, მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში გამოჩნდა მსგავსი, როგორც შემდგომ უწოდეს, მოძრავი „ლეიკები“ (სარწყავები).
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ჯერ კიდევ 1931 წელს ბერიას თაოსნობით შეიმუშავეს  ამ პერიოდისთვის ინოვაციური პროექტი. კერძოდ, ლავრენტი ბერიას თბილისში ველოსიპედების ზონის შექმნა უნდოდა და საამისოდ სპეციალური ბილიკებიც კი დააპროექტებინა საპროექტო ბიუროში, ვორონეჟის ველოსიპედების ქარხანას 10 ათასი ველოსიპედის შეკვეთა მისცა და თანხაც გადაურიცხა, თუმცა, მოსკოვში გაგზავნილი ეს ინოვაციური პროექტი მაშინდელი კომუნალური მეურნეობის კომისარმა, ივანე ვოლკოვმა ჩააგდო. მან (ვოლკოვმა) ბერიას ინიციატივას, რატომღაც, ფუტურისტული უწოდა და არ დაამტკიცა. ველოსიპედები კი მოსკოვში დატოვეს და გასაყიდად გაიტანეს. მართალია, გადარიცხული ფული უკანვე დაუბრუნეს საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ ბერიამ ვოლკოვს ეს თავხედობა არ დაუვიწყა... უკვე მოსკოვში გადაყვანილმა „ენკავედეს“ შეფმა ბერიამ სარატოვის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ივანე ვოლკოვი 1938 წელს მაქინაციებში გამოიჭირა და 41 ათასი მანეთის გაფლანგვისთვის ის ჯერ გაასამართლეს, შემდეგ კი დახვრიტეს... სხვათა შორის, ივანე ვოლკოვის რეპრესირება ბერიას ბრალდებად წაუყენეს ფალსიფიცირებულ სასამართლოზე და მფლანგველი უმანკო კრავად გამოიყვანეს. თუმცა ის ნამდვილად დამნაშავე იყო და ბერიამ მხოლოდ ისარგებლა ამით...
იყო თუ არა ვოლკოვის საქმე ბერიას შურისძიება „ველოსიპედების საქმის“ გამო? ალბათ, იყო. მაგრამ ბერიას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია, მან მხოლოდ სახელმწიფო დამნაშავე დასაჯა... ერთ-ერთი ცნობილი  მემუარების ავტორი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი ასე წერს ბერიაზე: „მარშალი ბერია სუფთად მუშაობდა, განსაკუთრებით კი ჩეკისტურ საქმეში არ უყვარდა „კუდის“ დატოვება. ის ყოველი ოპერაციის დეტალურად განხილვისას გვაფრთხილებდა, რომ კვალი არსად უნდა დაგვეტოვებინა და ყოველთვის მშრალები ამოვსულიყავით წყლიდან...“
 „წყლიდან მშრალად ამოსვლის“ უნარი ბერიას ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა შესისხლხორცებული და დაწყებით სკოლაშივე უწოდა მას ღვთისმეტყველების მასწავლებელმა, დიაკვანმა პავლე ესვანჯიამ „ეშმაკის მოციქული“... საქმე  ის იყო, რომ 1910 წელს სოფელ მერხეულის პატარა ეკლესიაში საღებავებით აღჭურვილი მეფის კაზაკები შეიჭრნენ და კედლები გადაღებეს, რაც იმ პერიოდში ხშირად ხდებოდა ხოლმე საქართველოში და რუსული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ამის გამო ბერიას ღრმად მორწმუნე დედა ატირებული დაბრუნდა სახლში და პატარა ლავრენტის ამ საშინელების შესახებ მოუყვა... ბერიას უზომოდ უყვარდა დედა და, საერთოდ, თავისი ნათესავები. ვერ იტანდა, როცა მათ ვინმე აწყენინებდა ხოლმე და მწყენინებელს ყოველთვის სამაგიეროს უხდიდა. ბერიამ არც მაშინ დაიხია უკან. 11 წლის ბავშვმა სწრაფად შეკრიბა თანასოფლელი ბიჭები, რომელთა შორის თვითონ ყველაზე პატარა იყო და სოფლის განაპირას დაბანაკებულ კაზაკებს გვიან ღამით ჯერ ცხენები მოუწამლეს სპეციალური სარეველა ბალახით, რომელიც თივაში იყო გარეული;  ეს არ იკმარეს და, ხის ყაზარმას, სადაც მშვიდად ეძინათ კაზაკებს, გარშემო თივა შემოუწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს. თავად კი ახლომდებარე გორკზე ავიდნენ და მშვიდად ადევნებდნენ თვალს პატარა ლავრენტის მიერ მოფიქრებულ სასტიკ შურისძიებას... საბედნიეროდ, კაზაკები გადარჩნენ, მხოლოდ ორმა მათგანმა მიიღო მსუბუქი დამწვრობა. დიაკვანმა პავლემ რომ ეს ამბავი შეიტყო თავისი ვაჟისგან, რომელიც ბერიასთან ერთად მონაწილეობდა შურისძიების აქტში, პატარა ლავრენტი თავისთან დაიბარა, შეახურა და ბოლოს უთხრა: ეშმაკის მოციქული ხარ, შენ, ლავრენტი და, თუ არ გამოსწორდები, უამრავ უბედურებას დაატრიალებო.  პატარა ლავრენტი ბერიამ კი მას მიუგო: ღვთის სახლი შეურაცხყვეს და შერყვნეს იმ უღმრთოებმა და ცეცხლით მოსულებს ცეცხლივე შევაგებეო...
როგორც მოგვიანებით უხუცესი დიაკვანი იხსენებდა, ის (დიაკვანი) თურმე ენაჩავარდნილი მდგარა პატარა შურისმაძიებლის წინ, ბოლოს კი თავზე ხელი გადაუსვამს ბავშვისთვის და ლოცვების გაძლიერება და სახარების კითხვა დაუვალებია მისთვის...“

скачать dle 11.3