კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არსებობენ კარგი ქრისტიანები და როდის აყენებს ადამიანი თავისი ქცევით ღმერთს შეურაცხყოფას

დღეს ისეთი მოწყენილი ცხოვრებაა, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში – გადის დღეები, კვირეები, წლები და ცხოვრებაში ახალი არაფერი იწყება, არაფერი იცვლება. თუმცaა, მართლმადიდებლებისთვის ყოველი დღე ძვირფასია. როგორ უნდა გავატაროთ დღე ქრისტიანებმა და რა გვაშორებს ღმერთთან, ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ქრისტემ მოციქულებსა და ჩვენ მოგვცა ასეთი დარიგება: სასუფეველი ცათა ეძიეთ საკუთარ თავში. ნუ იზრუნებთ  ხვალინდელ დღეზე, რამეთუ დღევანდელ დღეს საკმარისი საფიქრებელი აქვს. თუმცა, დღევანდელ დღეზე ფიქრი იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მაინტერესებს წარსული და არ მაინტერესებს მომავალი. ყველა მარხვას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს – მოუძლურდეს სხეული და გაძლიერდეს სული. როგორც ყოველ დილას დგებით სასწორზე და ჭარბ წონას ებრძვით, ვარჯიშობთ, ექიმებთან დადიხართ, ასევე  უნდა ებრძოლოთ ყოველ დილას ვნებებს, მანკიერებებს, რომლებიც გაღვიძებისთანავე შემოდის ჩვენში. გათენებული არ არის და მრავალი უაზრო ფიქრის, ვნების მონა ხართ. როცა ადამიანი ცოტას ჭამს, მისი სხეული დუნდება და სული ძლიერდება.
– როგორ უნდა დაგეგმოს ადამიანმა თავისი დღე, რის კეთებაა დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი?
– თუ რა უნდა ვაკეთოთ მთელი დღე და როგორ მოვიქცეთ, ეს კარგად წერია დილისა და ძილის წინა ლოცვებში. ვინც ხშირად ეზიარება – ზიარების წინა ლოცვებში; თუმცა, ადამიანების 90 პროცენტი ისე კითხულობს ლოცვებს, რომ ერთი სული აქვს როდის დამთავრდება. ხშირად მოძღვართან მიდიან და ერთი სული აქვთ, როდის დაასრულებენ მასთან დიალოგს, რადგან იმ მომენტში ფიქრებით სხვაგან არიან, სხვა რამ აწუხებთ – უნდათ, უცებ ჩააბარონ აღსარება, მიიღონ ზიარება და გაიქცნენ. ასე ვდგავართ უფლის წინაშე და გვეზარება მასთან ურთიერთობა. ჭეშმარიტი რელიგია – ეს არის განახლებული კავშირი ღმერთთან. ადამს ან ევას სამოთხეში რომ ეთქვა: უფალო, შემიწყალე, ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. მაგრამ, როგორც კი ადამიანი შესცოდავს, ის გაუცხოების მდგომარეობაშია უფლის წინაშე და ის, ვინც ყველაზე მეტად უყვარდა, ვისთანაც ახლოს იყო, იმას შორდება. სული შორდება ღმერთს, სულს შორდება სამშვინველი, სამშვინველს შორდება ხორცი და ხორცი ხდება ამ სოფელზე მიჯაჭვული.  ამიტომაც თქვა ქრისტემ: ვისაც ეს სოფელი უყვარს, მას არ უყვარს უფალი. ამსოფელში ჩვენი ქვეყანა არ იგულისხმება, მასში იგულისხმება ყველა უკეთურება, დაცემული ქმედება, რაც ეშმაკებისგან, დაცემული ადამიანებისგან მოდის. პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ: აიღეთ დილით პასტა და ფურცელი და მთელი დღის განმავლობაში რა აზრებიც მოგივათ, ის ჩაიწერეთ. საღამოს მიხვდებით, რა საშინელი ადამიანები ვართ. ადამიანი რომ გაიღვიძებს, ზლაზვნით, მთქნარებით კი არ უნდა მივიდეს ხატების კუთხესთან, არამედ ყურადღებით, დამშვიდებელი, გაღვიძებული. ვინც უყურადღებოდ კითხულობს ლოცვებს, ის შეურაცხყოფას აყენებს უფალს. მინდა, ყურადღება გავამახვილო დილის ლოცვებში მაკარი დიდის ლოცვაზე, რომელიც მეოთხე საუკუნის წმიდანია. გადმოცემის თანახმად, მან ეს ლოცვა მაშინ დაწერა, როდესაც მოიხიბლა ორი ქალბატონის ცხოვრებით. ნებისმიერი დაცემული ადამიანი, ყველა ჩვენგანი – ეკლესიური თუ არაეკლესიური – გარკვეული ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება. ასე იყვნენ დიდი მამებიც. ერთხელ მაკარი დიდიც მოიხიბლა თავისი სულიერი მდგომარეობით და ღმერთს ჰკითხა: თუ არის ვინმე ჩემზე უპირატესი დედამიწაზეო. ღმერთმა უთხრა: ამა და ამ ოჯახში შეხვალ და შენზე უპირატესებს ნახავო. მართლაც შევიდა ერთ ოჯახში, სადაც მაზლის ცოლები ცხოვრობდნენ მშვიდად, წყნარად. ეკითხება მაკარი დიდი: რით ხართ გამორჩეულები. მათ უთხრეს: სანამ გავთხოვდებოდით მონაზვნობა გვინდოდა, მშობლებმა არ გაგვიშვეს და მერე გავთხოვდით. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით: კარგი არაფერი გაგვიკეთებიაო. და სწორედ ასე იწყებს მაკარი დიდიც ლოცვას: „ღმერთი გამწმინდე, მე ცოდვილი, რამეთი არა მიქნიეს კეთილი წინაშე შენსა“. როგორც კი გაიღვიძებ და ხვდები, რომ კარგი არაფერი გაგიკეთებია, აქედან იწყებ კარგი რაღაცის დაგეგმვას. ზოგი დილას იწყებს: რა კარგად ვითამადე, როგორ შემაქეს, ჩემზე კარგი შვილი არავის ჰყავს, ქმარი... ასეთი მოხიბლული ოჯახები და მდგომარეობა გვაქვს ქართველებს. თუ ფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ხარ, მხოლოდ ერთი პრინციპით გამოდიხარ: განიკითხო სხვა ადამიანები. მაგრამ, თუ ფიქრობ, რომ არ ხარ კეთილი, კარგი არაფერი გიკეთებია, საკუთარ თავზე ფიქრობ და აღარ გრჩება დრო სხვებზეც იფიქრო. ჩვენ კი გვინდა, ყველამ ჩვენს დაკრულზე იარსებოს – ქმარმა, ცოლმა, შვილმა, ღმერთმაც კი. მერე ვწუწუნებთ: რატომ მიდის ჩემი საქმეები ასეო. იმიტომ, რომ შენი ნებით ცხოვრობ. „მამაო ჩვენოში“ ამბობ: იყავნ ნება შენი, ამ სიტყვების თქმა არ გაქვს დამთავრებული და ცდილობ, ყველამ შენს ჭკუაზე იაროს. მთელ დღეს გუშინდელი ჩხუბის ემოციებით ვატარებთ ან მომავალ სიხარულზე ფიქრით. ანუ, მთელი დღე ან წარსულზე ვფიქრობთ, ან მომავალზე – ოცნებაში ვატარებთ მას. ოცნებაში რომ აღარ ვიყოთ, ჭეშმარიტ რეალურ ცხოვრებაზე უნდა ვიფიქროთ. საკუთარი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს, უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ უღირსები ვართ. საღამოს რომ მოვდივართ, მთელი საღამო ვამბობთ: დავიღალე, არ შემიძლია ლოცვა. ყველას გთხოვთ, არ დაიძინოთ ძილის წინა ლოცვებში მეოთხე ლოცვის წაკითხვის გარეშე, რომელიც ერთგვარი აღსარებაა უფლის წინაშე. ჩვენ ვცხოვრობთ დღევანდელი დღით, ანუ გვავიწყდება. აქვე მინდა, ზიარების საიდუმლოსაც შევეხო. ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ყველასთვის განსხვავებულია. ვინ რამდენჯერ ეზიარება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ ეზიარება. მინახავს ადამიანები, რომლებიც მთელი წირვის განმავლობაში კითხულობენ ლოცვას, მერე მეკითხებიან: მამაო, ბოლომდე ვერ წავიკითხე, შეიძლება ვეზიარო? ჩვენს წინაპრებს ამხელა ლოცვანი ჰქონდათ? ზოგმა მღვდელმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა, ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვა. სად იყო ამდენი ლოცვანი, მაგრამ მათ იცოდნენ ბასილი დიდის ლოცვა და საკმარისი იყო, ის ეთქვათ ზიარების წინ გააზრებულად – იგებდნენ რას ეზიარებოდნენ, ვის და რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი ლოცვაა მეექვსე ლოცვა ბასილი დიდისა, რომელიც ზიარების ლოცვაშია გადმოცემული, სადაც ღმერთს ეუბნები: შენ იცი, რომ მე უღირსად ვეზიარები შენს პატიოსან სისხლსა და ხორცს და რომ ვარ ღირსი სასჯელის. მაგრამ, შენი წყალობიდან გამომდინარე, მოვდივარ შენთან და ვეზიარები სისხლსა და ხორცს, რადგან ვინც ჭამს შენს სისხლსა და ხორცს, შენ იქნები მასთან და ის იქნება შენთან. ზოგი ფიქრობს, რომ ზიარებით უნდა განიკურნოს, მაგრამ მთავარი განკურნება კი არ არის, არამედ შენ იგრძნო ღმერთი შენში, შენი ბნელი გონება გაიწმინდოს ცუდი აზრებისგან. ზიარების შემდეგ ადამიანს კადნიერება ეძლევა, ღმერთთან იყოს ახლოს, მისი სიყვარული ჰქონდეს. ბევრი ამბობს: არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ღმერთი მიყვარს. იმას უყვარს ღმერთი, ვისაც კადნიერება გააჩნია, იცავს მცნებებს და იღებს წმიდა ზიარებას, შეუძლია დაჯდეს მარჯვენით მამისა. მაგრამ საკმარისია, ეკლესიიდან გავიდეს ადამიანი და მაშინვე ვნებებში, ცოდვებში ვარდება. ძნელია, ღმერთზე იფიქრო, როცა ამდენი საქმე გაქვს, ასე ძალიან ცხელა. მაგრამ, არ უნდა დაისვენოთ ლოცვისგან, ღმერთისგან, სიკეთის კეთებისგან, რადგან არავინ იცის, რა გველოდება.

скачать dle 11.3