კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღნიშნეს ჯანო იზორიას ნაჩუქარი ბინა აფხაზეთში აფხაზებმა

მსახიობი ჯანო იზორია, თამამად შეიძლება ითქვას, „ცეკვავენ ვარსკლავების“ გამარჯვებული გახდა, რადგან მას ყველაზე ბევრი პრიზი და, რაც მთავარია, „სუხიშვილებისგან“  ბინა გადაეცა საჩუქრად.  ჯანო მთელი პროექტის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, იბრძოდა და ძალიან კარგად ცეკვავდა, რისთვისაც მან მიღებული პრიზები ნამდვილად დაიმსახურა.
ჯანო იზორია: ბოლო ერთი კვირა ისეთი რთული იყო, ღმერთი მაღლიდან მიყურებდა და ფიქრობდა: რა ვუყო ახლა ამასო და ბოლოს ასე შემიცვალა ყველაფერი. პროექტი რომ დავტოვე, ძალიან განვიცადე. სპორტულ კარიერაში, როდესაც კრივზე დავდიოდი, მარცხის გამოცდილება მქონია და, როცა შეჯიბრებას ვეთიშებოდი, ეს ყოველთვის ძნელად გადასატანი იყო. ახლაც რთული იყო ამ მარცხთან შეგუება, თან, ერთი ნაბიჯი რომ მქონდა დარჩენილი. სახლში არ მინდოდა მისვლა – თითქოს მრცხვენოდა. მახსოვს, 90-იანი წლები იყო, სიბნელე, ლამპის შუქი, დედა სახლში მელოდება და მე მესამე ადგილზე გავედი. თან, იმ შეჯიბრებაზე გაგვძარცვეს – ტანსაცმელი მომპარეს და, წარმოიდგინე, მივდივარ სახლში ტრუსიკითა და მესამე ადგილით. ფოთში ისეთი ამბები ხდებოდა მთელი სამი თვის განმავლობაში, საოცრება: მსვლელობები ავტომობილებით, თეატრი ივსებოდა, დიდ ეკრანზე აჩვენებდნენ შოუს. რომ გადავიდოდი ტურიდან ტურში, ქეიფობდნენ – სახალხო ამბავი გახდა. აფხაზეთში, სოფელშიც ისეთი ამბავი ხდებოდა. გუშინ მითხრეს (ინტერვიუ ჩაწერილია 29 ივნისს – ავტორი), ორშაბათს აფხაზებს სიხარულისგან ჰაერში ავტომატიდანაც უსვრიათ. ეს თუ სიმართლეა, მგონი, ნელსონ მანდელა გავიჩითები...
– პროექტის დატოვების შემდეგ სერიოზული დაპირისპირება იყო შენსა და სტანისლავ ბონდარენკოს ფანებს შორის.
– ისე, ერთი რამ გამკვირვებია: მესმის, რომ მე ჩემსას ვგულშემატკივრობ, შენ – შენსას, მაგრამ, ვისაც ვგულშემატკივრობ, ისინი თუ ერთმანეთთან კარგად არიან, მაშინ ჩვენ რაღა გვაჩხუბებს? სამაგიეროდ, ვიღაცეებმა ძალიან დამასტიმულირეს. ჩემთვის ლანძღვა დოპინგია; იცი, როგორი დოპინგი? – „იფ, შენ გეიხარე”! გალიაში გამომწყვდეული მგელივით რომ დავდიოდი  იქით-აქეთ, გიჟივით, აი, იქ მუშავდებოდა ჩემს თავთან მთელი ამბავი. თუ მეტყვიან: „ჯანო, კარგია,” – ეს დიდ სტიმულს მაძლევს, არ ვფუჭდები, პირიქით, უფრო მეტის კეთება მინდა, საქმე მინდა ვაკეთო. ვისაც საქმე არ აქვს, წავიდნენ, აკეთონ, მე რას მიყურებენ. საქმის კეთება, დამერწმუნეთ, ძალიან კარგია. გუშინ ჩემი ძმა ჩამოვიდა უნგრეთიდან, რომელიც 2008 წელს ოლიმპიადიდან რომ დაბრუნდა, ავარიაში მოყვა და  ძლივს გადაგვირჩა, 2 თვე საავადმყოფოში იწვა. მოკრივის კარიერა ვერ გააგრძელა, თუმცა საქართველოს კადეტთა ნაკრების მწვრთნელი გახდა და გუშინ უნგრეთიდან – ევროპის ჩემპიონატიდან ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები ჩამოიტანეს. აკეთებს ადამიანი დიდ საქმეს. ჩემი ძმის ავარიას გადავყევი, არ მეგონა, ადამიანად თუ ვივარგებდი, სავალალო სიტუაციაც იყო. ალბათ, თავსაც არ ვიცოცხლებდი, რამე რომ მომხდარიყო. მახსოვს, დილით ადრე ზღვაზე როგორ ვვარჯიშობდით და მერე – საღამოს. პატარა იყო – ჩემზე 5 წლით უმცროსია, დილით 7 საათზე ზამთარში, სიცივეში, სიბნელეში ვდგებოდი, ლოგინში ვაცმევდი ტანსაცმელს, რომ არ დაზარებოდა ადგომა. ქუჩის ძაღლები გამოგვეკიდებოდნენ, ქვებით ვიგერიებდით. ზღვაზე ვიკრიბებოდით ყველანი და ვარჯიშში გვათენდებოდა. ზაურ ანთია და ზურაბ ტიბუა  იყვნენ ჩვენი მწვრთნელები. ისინი გვაკაჟებდნენ, მიგვაჩვიეს ზამთარში ზღვაში ბანაობას, სკოლაში ისეთი „დასტოინები” მივდიოდით, შინაგანი სიძლიერე გვქონდა. დავჯდებოდი, გადავხედავდი სხვებს: მე დღეს ზღვაში ვიბანავე...
– ძალიან კარგი საჩუქარი მიიღე – ბინა, რომლის აშენებაც მალე დასრულდება.
– ეს იყო სასწაული. ილიკო და ნიანუ სუხიშვილებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. სიჩქარეები რომ აქვს მანქანას: პირველი, მეორე და, მესამეში რომ ჩააგდებ... უკვე „მეოთხე სიჩქარეშია” ჩემი ცხოვრება, დგუფ და – მეხუთეც მიჰყვება. ისე შეცვალეს ჩემი ცხოვრება, არ ვიცი, ამაზე მადლობა როგორ გადავუხადო. დაუნახავად არ დასრულდა ჩემი შრომა, ისეთი ბედნიერი ვარ და მადლობელი ილიკოსი, ნიანუსი და კომპანია „სვეტის“.
– გაგაკრიტიკეს – უნდა იწუწუნო, ბინა რომ გაჩუქონო.
– არ მიწუწუნია, მე ნერვით ვთქვი – რომ მჭირდებოდა ბინა და მორჩა. მაინტერესებს, თბილი და კომფორტული ოთახებიდან წერდნენ ამას? ვინმემ მიმათრია იქამდე, თუ ვინმე მეხმარებოდა – მიმიხედეთ ამასო? ყველა ვიბრძოდით და გვინდოდა მიზნამდე მისვლა. ნახევარი ნაბიჯი რომ მაქვს დარჩენილი, მანქანა მაწყენდა თუ ბინა? არც ერთი მაქვს და არც მეორე. ვიფიქრე: ან ერთი, ან მეორე და ვიბრძოდი ამისთვის. ჩემი შრომით მინდოდა რაღაცის მოპოვება და რა არის ამაში საწუწუნო? „ჩამოთრეულზეც“ ერთი ამბავი იყო და მეც ვიხუმრე: კიდევ ერთი „ჩამოთრეული“ შეემატა დედაქალაქს-მეთქი. მერე „ბავშვის სუნიანი ნასკი“ – აი, იმ სუნიანმა ნასკმა მიმიყვანა აქამდე და ეგ ნასკი გახდება ჩემი ბინის გასაღების „ბრელოკი“, „მეგობრებო“!
–  ვინ მიგყავს იბიცაზე?
– ჩემი ცოლი – ნინი, თან, მოგზაურობაზე გიჟდებოდა. მთელი სამი თვე ფიქრობდა – ნეტავი, მოგზაურობა იქნებაო? ახლა გავერკვევით, ხანგრძლივი ვადა თუ აქვს და, ჩვენ როცა მოვახერხებთ, მაშინ თუ შევძლებთ წასვლას, წავალთ. გვინდა, ცოტა მოიჩიტოს ევა, რომ ბებიასთან დარჩეს. ნინი ჯიგარია: ეგვიპტეში რომ ვიყავით, სლავი გოგონები ბობოქრობდნენ. საჭმელს რომ ვჭამდით, მეუბნებოდა: გეიხედე, გეიხედეო... რა გევიხედო, ვჭამ-მეთქი. მერე თვითონ ამბობდა: ნახე, რა გოგო მოდისო. პროექტთან დაკავშირებით ზოგი ამბობდა, არ ეჭვიანობს კარინაზეო? რატომ უნდა ეეჭვიანა?
–  კარინას არ მოუწყობ ერთ ოთახს შენს ბინაში?
– კარინამ თქვა, ჯანოს მფარველი ანგელოზი ვარო და მართლაც ასეა. კარინასთვის ჩემს ახალ სახლში ყოველთვის იქნება ადგილი. ამ ადამიანმა სასწაული შეძლო, მან შემაძლებინა ყველაფერი, მაგრად დამამშვენა თავისი პროფესიონალიზმით, ხასიათით, დისციპლინით, სილამაზით. რატიმ და კარინამ დაბადების დღეზე ტელეფონი მაჩუქეს – უკვე შეგიძლია, რეპეტიციები გადაიღოო. ყველა იღებდა რეპეტიციას, დადგმას და სახლში ამუშავებდნენ. მე ფანრიანი „ნოკია” მქონდა, რას გადავიღებდი, ვიმახსოვრებდი. მერე ზოგჯერ ტვინიდან მეშლებოდა და დავდიოდი: „შენი დედა ვატირე, ქვის ხანიდან ხარ, ჯანო იზორია“.
– როგორი რეაქცია ჰქონდათ შენებს, ბინის ამბავი რომ გაიგეს?
– როცა სტასთან ერთად ვიდექი აუტსაიდერებში, მინდოდა მეთქვა: ფოთში დარეკეთ და დედაჩემს ტელევიზორი გამოურთეთ-მეთქი. ქალმა ორჯერ პირდაპირ ლაივებში განიცადა იმედგაცრუება. ერთხელ ათენში ოლიმპიადაზე პირდაპირ ეთერში უყურა დედაჩემმა ნიკას თამაშს, სადაც ჩემი ძმა მინიმუმ ბრინჯაოს მედალს იღებდა, რასაც უნდა მოჰყოლოდა ბატონი ბადრი პატარკაციშვილის ჯილდო – 500 ათასი პრემია და ბინაც იყო საჩუქრად. დანაყა აზერბაიჯანელი, მაგრამ აზერბაიჯანელს მისცეს გამარჯვება. ისეთი უსამართლობა მოხდა, საქართველოში ხალხმა ტელევიზორები დალეწა. ჩემი ძმა მაშინ 17 წლის იყო, რინგიდან არ ჩამოდიოდა, ტიროდა, თან ქართულად იგინებოდა და იმ გინებით გახდა იმ დროს პოპულარული. ახლა კი ჩემს ამბავზე ვფიქრობდი: „ვაიმე, დედა, ხომ ხარ კარგად?” მშვენივრად არის, გახარებულია. ფოთის თეატრი ჩემია, იქ უნდა გავაკეთო ყველაფერი, მაგრამ, სხვა თეატრიდან რომ დაეძახათ, რთული იქნებოდა ჩემთვის. კინოს სფეროდან არავინ ჩამოვიდოდა ჩემთან ფოთში, შენ უნდა იმოძრაო. ამიტომ, სულ მეგონა, რაღაცეებს, ჟარგონი უნდა ვიხმარო – „ვმაზავდი“. რეზო ჩხეიძე მეუბნებოდა, სერგო ზაქარიაძეს უთქვამს: ცხოვრებაში ერთხელ ჩამოგივლის თეთრი რაში, უნდა გააჩერო, მოახტე, გააჭენოო. ყველა გზაზე ვდარაჯობდი ამ ცხენს: ღამე შემეძლო გამეთენებინა; ცოტა შიმშილიც ამეტანა, სიცივეც, მაგრამ, მჯეროდა, რომ ჯერ არ ჩამოურბენია. ბოლოს ნიანუმ და ილიკომ გამოაჭენეს და შემახტუნეს. ჩემთვის ეს იმხელა პატივია, ჩემი შვილები, შვილიშვილები რომ გაიზრდებიან, ვეტყვი: ეს ჩვენი ლეგენდარული, ჩემი ქვეყნის განძის – „სუხიშვილების” საჩუქარია-მეთქი.

скачать dle 11.3