კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა შვილის სიდედრი სიძესთან ინტიმური კავშირის გამო მოკლა

60  წლის  ემზარ ა-ძე 55 წლის  ჟანეტ დ-შვილის მკვლელობის  ბრალდებით სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი დასდეს შვილის სიდედრის განზრახ მკვლელობაში, რაც დადასტურდა კიდეც იმ ორი მოწმის მიერ, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველნი აღმოჩნდნენ. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, გამოძიებისთვის სასამართლო პროცესამდე უცნობი დარჩა – ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, მაგრამ დანაშაულის მოტივი  საიდუმლოებით იყო მოცული.  მოწმემ სასამართლო პროცესზე მოულოდნელად სკანდალური ჩვენება მისცა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ მარტოხელა მძახალი მამაკაცმა, რომელიც კარგი რეპუტაციით იყო ცნობილი.
საქმის მასალების მიხედვით, ემზარ ა-ძემ ნათესავი ქალი  საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით  მოკლა. ორივე ჭრილობა ქალს გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.  მკვლელობის ფაქტის თვითმხილველმა, ემზარ ა-ძის ბინაში მყოფმა ექთანმა, ჩვენება მისცა გამოძიებას. ის დაწვრილებით აღწერდა მომხდარის შესახებ: „ერთი თვეა, ემზარ ა-ძის ბინაში მის მეუღლეს, რომელიც ინვალიდია, ნემსებს ვუკეთებ. იმ დღეს ამ ოჯახში ჩემს შვილთან, 18 წლის ნათიასთან ერთად ვიყავი მისული. პაციენტი პირველ სართულზე იწვა, ნემსი გავუკეთე და ბინიდან დერეფანში გამოვედი. ნათია ჩემგან რამდენიმე მეტრში იდგა.  დერეფნამდე გასაცილებლად გამოგვყვა ემზარ  ა-ძის  რძალი – მარიკა, რომელიც  დედამთილის ჯანმრთელობის შესახებ მეკითხებოდა. ამ დროს ეზოში შემოვიდა ემზარ ა-ძე, რომელიც მომესალმა და სახლისკენ წამოვიდა. ზუსტად ამ მომენტში შევნიშნე მეორე სართულიდან კიბეზე ჩამომავალი ქალი, რომელსაც არ ვიცნობდი, ამ ოჯახში ის პირველად ვნახე. უცებ გავიგონე ემზარ ა-ძის ხმამაღალი დაყვირება – შენ კიდევ გაბედე ჩემს სახლში მოსვლაო? ქალს, რომელიც კიბეზე ჩამოდიოდა, არაფერი უთქვამს მისთვის. ამ დროს კიბის ბაქანზე ემზარის ვაჟიც შევნიშნე,  რომელიც რამდენჯერმე მყავდა ნანახი.  ყველაფერი მოულოდნელად მოხდა: ემზარ ა-ძე სახლში შევარდა, იქიდან    თოფით შეიარაღებული  გამოვარდა  და,  ისე,  რომ რეაგირება ვერავინ მოვასწარით, ქალის მიმართულებით გაისროლა. უცნობი ქალი, რომელიც რამდენიმე საფეხურზე იყო   ჩამოსული, გასროლის შემდეგ კიბეზე დავარდა.  ემზარის რძალმა   კივილი ატეხა,  კიბეზე ავარდა და „დედა, დედას” ძახილი დაიწყო. მაშინ მივხვდი, რომ ქალი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა  მისი  დედა იყო.  მე კიბეზე ავვარდი და ქალს პულსი გავუსინჯე, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.   ამ დროს შევნიშნე, რომ ემზარ ა-ძე ახლა შვილის  მიმართულებით უმიზნებდა თოფს. კიბეზე მე და ემზარის რძალი ვიდექით,  მისი ვაჟი კი  კიბის  ზედა ბაქანზე იდგა. შეაირაღებული  მამის დანახვაზე, როგორც მერე მივხვდი, მეორე სართულზე მდებარე ოთახში შევარდა  და  მამას იქ დაემალა. ხმაურზე ემზარის ეზოში მეზობლები შემოცვივდნენ და სასწრაფო გამოიძახეს,  რომელსაც  პოლიციაც მოჰყვა. ამ დროს ემზარ ა-ძე  სახლში უკვე აღარ იმყოფებოდა.”   
 გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ემზარ ა-ძის ვაჟმა, მერაბ ა-ძემ, ჟანეტ დ-შვილის ქალიშვილი ცოლად ხუთი წლის წინ შეირთო.  ემზარ ა-ძე, რომელიც კერძო მეწარმე იყო, კარგი რეპუტაციით სარგებლობდა რაიონულ ცენტრში, თუმცა საწინააღმდეგოს ამბობდნენ მის შვილზე, რომელიც 40 წლის ასაკშიც მამის კმაყოფაზე ცხოვრობდა. ჟანეტ დ-შვილი მარტოხელა ქალი იყო და სამაკლერო ბიზნესით იყო დაკავებული. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა სხვადასხვა ქორწინებიდან. ემზარ ა-ძეს მაინცდამაინც თვალში არ მოსდიოდა შვილის სიდედრი, მაგრამ მასთან მაინც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. ბოლო პერიოდში, მიღებული ტრავმის გამო, ემზარ ა-ძის მეუღლე საწოლს მიეჯაჭვა, მეზობლების განცხადებით, ამის შემდეგ ემზარ ა-ძეს, რომელიც მეზობლებს ძალიან უყვარდათ, ხასიათი შეეცვალა, თუმცა, მისი გაღიზიანების მიზეზსა და წუხილს ყველა კარგად ხვდებოდა. მას განსაკუთრებით დაეძაბა ურთიერთობა შვილთან, რომელსაც უკვე კატეგორიულად სთხოვდა, რომ მუშაობა დაეწყო. რა გახდა ემზარ ა-ძის და მისი ვაჟის სიდედრს შორის უსიამოვნებების დაწყების მიზეზი, არავინ იცოდა, თუმცა, რამდენიმე მეზობელმა გამოძიებასთან დაადასტურა, რომ, როგორც კი  ჟანეტ დ-შვილი შვილთან სტუმრად მივიდოდა, ემზარი აუცილებლად რამეს მოიმიზეზებდა ხოლმე, რომ სახლიდან გასულიყო. მისი მეგობრების ჩვენებით,  მკვლელობას სხვა მოტივი ჰქონდა, რაზეც ბრალდებული არ საუბრობდა და რასაც მკაცრად  მალავდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, მაგრამ, რატომ მოკლა შვილის სიდედრი და რატომ ემუქრებოდა მოკვლით შვილსაც, ამაზე ხმას არ იღებდა.
სასამართლო პროცესზე სკანდალური ჩვენება მისცა გარდაცვლილის დამ,  რამაც გამოააშკარავა მკვლელობის გასაიდუმლოებული მოტივი.  ვენერა დ-შვილის ჩვენების მიხედვით,  მკვლელობამდე ერთი თვით ადრე ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მის შვილს ინტიმური კავშირი ჰქონდა სიდედრთან. ვენერა დ-შვილის ჩვენებით, ამ ფაქტზე ის თავადაც ეჭვობდა, რადგან რამდენჯერმე საეჭვოდ  ინტიმურ და უხერხულ სიტუაციაში გადააწყდა დას და მის სიძეს. „როცა ამის შესახებ ჟანეტს ვუთხარი,  გაიცინა – საიდან მოიტანეო, მაგრამ, მივხვდი, რომ მართალი ვიყავი. ჟანეტი არც მე  მენდო და არ გამომიტყდა. ერთი თვით  ადრე გავიგე, რომ ემზარმა შვილს ძალიან სცემა. როცა ჟანეტს ვკითხე, რა მოხდა, რატომ გაიმეტა მამამ შვილი-მეთქი, მიპასუხა, ჩემი სიყვარულის გამოო. მისი ნათქვამი ნახევრად ხუმრობას ჰგავდა, მაგრამ მე კარგად ვიცნობდი ჩემს დას და, მივხვდი, რომ მას სიძესთან მართლაც ჰქონდა ინტიმური კავშირი. ძალიან შემეცოდა ჩემი დის შვილი, რომელიც სანახევროდ ჩემი გაზრდილია და, მას რომ მოვფრთხილებოდი, გავჩუმდი.  როდესაც ამ მკვლელობის შესახებ შევიტყვე, ჩემს ეჭვებში  საბოლოოდ  დავრწმუნდი. ისიც გავიგე, რომ ემზარმა შვილს შემოუთვალა, ჩემს პროცესზე ფეხის მოდგმა არ გაბედოო.  მან არც ჩემს დას აპატია ოჯახის შეუარცხყოფა და არც თავის შვილს, თუმცა მერაბი გადაურჩა მამის განაჩენს ოჯახის ღირსების შელახვისთვის. როცა მივხვდი, ისე მიდიოდა სასამართლო პროცესი, რომ ბრალდებული არაფრის აღიარებას არ აპირებდა, შემეცოდა ეს პატიოსანი კაცი. თავიდან კი გადავწყვიტე, ამის  შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა, მაგრამ საკუთარ  თავთან დადებული პირობა ვერ შევასრულე და სასამართლოს ყველაფერი მოვუყევი.” გარდაცვლილი ქალის დის სკანდალური ჩვენების მიუხედავად, ბრალდებულმა დუმილის უფლება ბოლომდე გამოიყენა და, მკვლელობის მოტივი მაინც არ დაადასტურა. სასამართოლომ ემზარ ა-ძეს ჟანეტ დ-შვილის განზრახ მკვლელობისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3