კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინეს საქართველო კიდევ ერთ აოხრებას წმიდა ვახტანგ მესამემ და მისმა მცირერიცხოვანმა ჯარმა

გილანის ომიდან შინ ბრუნდებოდა ქართლის სამოცდამეშვიდე მეფე, ვახტანგ მესამე – „ყოვლითურთ სრული, სარწმუნოებით მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელი, მშვიდი და მდაბალი, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველი”, – წერს მემატიანე.
გული დამძიმებოდა მგლოვიარე მეფეს. ათასობით თანამებრძოლი ქართველი ვეღარ მოჰყავდა უკან, ვეღარ დაუბრუნებდა იმედით მომლოდინე ოჯახებს შვილებს, ქმრებს, ძმებს...
რა იცოდა, რომ ახალი ხიფათი უკან მოსდევდა. რამდენიმე წლით ადრე, 1304 წელს, მონღოლთა ჰულაგუიდების სახელმწიფოს ილხანთა ტახტზე ავიდა არღუნ ყაენის მესამე შვილი, ყაზან ყაენის უმცროსი ძმა, ოლჯაითუ, რომელსაც ქართველები „ხარბანდას” სახელით იცნობდნენ. ახალი ყაენის დედა, ურუქ-ხათუნი, ქრისტეს მიმდევარი ყოფილა. დაახლოებით 9-10 წლის ასაკში, 1289 წელს, დედას ქრისტიანულად მოუნათლავს ოლჯაითუ და, მაშინდელი რომის პაპის, ნიკოლოზ მეოთხის პატივსაცემად ნიკოლოზი უწოდებიათ. არღუნ ილხანს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან.
მამისა და ძმის მსგავსად, ხარბანდამაც გააგრძელა დიპლომატიური ურთიერთობა ევროპელებთან: ევროპაში ელჩობა გაგზავნა გენუელი ვაჭრისა და დიპლომატის, ბუსკარელო დე გიზოლფის მეთაურობით, რომელიც ილხანთა კარზე მსახურობდა და რამდენჯერმე იყო ევროპაში ყაენების ელჩად ნამყოფი. ოლჯაითუ დაუკავშირდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზს (რომის პაპებს რომ ებრძოდა და ტამპლიერთა ორდენი რომ გაანადგურა), ინგლისის მეფე ედუარდ გრძელფეხებას (შოტლანდიის გმირი უილიამ უოლესი რომ შეაპყრობინა და მოკლა) და რომის პაპს, კლიმენტი მეხუთეს (რომიდან ავინიონში რომ გადავიდა და ტამპლიერების განადგურებაზე კურთხევა რომ გასცა). ოლჯაითუს  ევროპელების დახმარება სჭირდებოდა ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდოდა, ხელში ჩაეგდო სირია და ამიტომ ევროპელებს მოკავშირეობას ჰპირდებოდა. ოლჯაითუს წინამორბედების დროს, ეგვიპტელმა მამლუქებმა რამდენჯერმე დაამარცხეს მონღოლები და შეაჩერეს მათი წინსვლა აფრიკისკენ.
თავიდან, მონღოლური იმპერიის ნაწილებში, მათ შორის – ჰულაგიუდების საილხანოში, რომელსაც გავლენა ჰქონდა საქართველოს აღმოსავლეთზე და რომლის ვასალიც იყო ტფილისის მეფე, ტოლერანტული დამოკიდებულება იყო სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისადმი. იმპერიის შექმნისას მონღოლებმა გადასახადისგან გაათავისუფლეს  რელიგიური ინსტიტუტები, მაგრამ ვითარება იცვლებოდა, განსაკუთრებით საილხანოში.
ჰულაგუიდების საილხანოს ცენტრი ირანში იყო. ირანული წარმოშობის მაჰმადიანებს უკვე დიდი თანამდებობები ჰქონდათ ილხანთა კარზე და უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ. თანდათანობით ახერხებდნენ, ყაენებსა და მათ შვილებზე გავლენა მოეხდინათ არა მარტო პოლიტიკური, არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც. 1295 წელს ოლჯაითუმ ისლამი მიიღო.
აღზევებულ მაჰმადიან სპარსელ დიდებულებს არ აწყობდათ მონღოლების მიერ გატარებული სარწმუნოებრივი ტოლეტანტობის პოლიტიკა და ცდილობდნენ, თავიანთი სარწმუნოება განემტკიცებნათ საილხანოსა და მისი ვასალების ტერიტორიაზე. რადიკალ ისლამისტებს არ მოსწონდათ ქართველთა სარწმუნოებრივი სიჯიუტე. ჩვენი წინაპრები ყველანაირად ცდილობდნენ, ყველგან ხაზი გაესვათ საკუთარი სარწმუნოებისათვის. ვახტანგ მეფე, თავისი წინამორბედების მსგავსად, მონღოლი ილხანების სახელით გამოსულ  იმ დირჰემებზე, რომლებიც საქართველოში იჭრებოდა, ჯვარს გამოსახავდა და არაბულად აწერდა: „სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, უფლისა ერთარსებისათა“.
რელიგიური ფუნდამენტალიზმით შეპყრობილ სპარსელთა ერთი ნაწილი ვერ იტანდა ქართველთა ასეთ პრივილეგიას. სხვა ქრისტიანებიც ადიდებდნენ მაცხოვარს საილხანოს ტეროტორიაზე არსებულ  ქრისტიანულ ტაძრებში, თვით საილხანოს მთავარ ქალაქებშიც.
სპარსი დიდებულები ფიქრობდნენ: გადავიტანთ მონღოლთა ბატონობას, გადმოვიყვანთ მათ ჩვენს კულტურასა და სარწმუნოებაზე და მერე ისევ ჩვენ გავბატონდებით რეგიონშიო.
ხარბანდამ მიიღო ისლამი და ეწოდა ყიას ედ-დუნია ვა-დ-დინ მუჰამედ ხუდაბანდე ოლჯაითუ სულთანი.
ახალი ყაენი კარგად იყო განწყობილი ვახტანგ მეფისადმი, რადგან, როგორც გვიამბობს ქართველი მემატიანე, კეთილი ადამიანი ყოფილა.   მონღოლ ყაენებს განსაკუთრებით მოსწონდათ ჩვენი წინაპრების ერთგულება და თავდადება ომებში.
ანტიქრისტიანი ისლამისტები, ქართული მატიანის მიერ ხოდრისელებად (ხოდარასელებად) წოდებულნი ეახლნენ ხარბანდას და უთხრეს:
„თუ ყველა ქრისტიანს არ დაატოვებინებ სჯულს თუ არ დააქცევ ეკლესიებს, ვერ გაიმარჯვებ შენს მტრებზე და არ იქნება წარმატებული შენი მეფობა“.
დაუჯერა ყაენმა და თავრიზსა და სხვა ქალაქებში დაანგრევინა ეკლესიები. არამაჰმადიანებს სპეციალური გადასახადი – ჯიზია დაუწესეს.
საქართველოს ჯერი დგებოდა და დროც იხელთეს – ქართველთა მეფე ძალიან შემცირებული ჯარით მიემგზავრებოდა სამშობლოსკენ.
დიდი არმია გამოგზავნა ოლჯაითუმ საქართველოში ქართველი ხალხისთვის სჯულის შესაცვლელად  და ქართული ტაძრების დასანგრევად
ნახჭევანში წამოეწივნენ მონღოლები ვახტანგ მეფესა და გილანის ომში ძალიან შეთხელებულ ქართველთა ჯარს. როცა ჩვენმა ხელმწიფემ გაიგო, რაც ხდებოდა, არ შეშინდა, უფრო განმტკიცდა რწმენაში, თავის მეომრებს მიუბრუნდა და მიმართა:
„კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულნო და ქრისტეს ღმერთის აღმსარებელნო! იცით, ჩვენი სარწმუნოება მამა-პაპათაგან მოგვდგამს. გსმენიათ ქადაგება წმიდა მოციქულთა! იცით ღვაწლი და ახოვანება მოწამეებისა! თქვენი თვალით გინახავთ ტაძრებში უამრავი სასწაული. გსმენიათ სახარებიდან ჭეშმარიტი ღმერთის პირით ნათქვამი:
„რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“. ასევე: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“.
ნუ შეშინდებით, წავიდეთ ყაენთან, დავდვათ სული ჩვენი იმისთვის, ვინც დადო თავისი სული ჩვენთვის. ჯერ ჩვენ გავწიროთ ჩვენი თავი სასიკვდილოდ, მერე იყოს ღვთის ნება და მან დაიცვას თავისი სამწყსო.“
ვახტანგ მეფის გმირებმა სიხარულით მიიღეს ხელმწიფის მოწოდება და გაემართნენ ურდოსკენ. მივიდნენ ყაენის კარზე, მუხლი მოიყარეს და ხმამაღლა მიმართა ვახტანგ მეფემ ილხანს:
„ისმინე, მაღალო და ძლიერი ყაენო, მოვიდა შენი ბრძანება, რათა ყველა ქრისტიანმა დავუტევოთ ჩვენი სჯული. ახლა ისმინე: თქვენს ბედნიერ პაპებსა და მამებს ამ სარწმუნოებით ემორჩილებოდნენ და მსახურობდნენ ჩვენი პაპები და მამები. ვერასოდეს გაიგონებდი, ქართველთა რჯული ცუდიაო. პირიქით, ყველაზე წარჩინებულები ვიყავით. სპარსთა სჯული უფრო საძაგლად მიაჩნდათ პირველ ყაენებს და მათ ხოცავდნენ, რადგან, მონღოლთა დასკვნით, სპარსნი იყვნენ მწამვლელნი, მამათმავალნი და კაცის მკვლელნი. ახლა თუ სპარსელებს უჯერებ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენ წინაშე არიან ჩემთან ერთად. მე მზად ვარ, მივიღო სიკვდილი ქრისტიანული სარწმუნოებისთვის, მერე ესენიც ყოველნი, შენ წინაშე მყოფი ქრისტიანები, მზად არიან და, აჰა, მოგვკვეთე თავი ყველა ჩვენგანს”, – და მიუშვირეს კისრები ქრისტესთვის თავდადებულმა მეფემ და მისმა თანამებრძოლებმა ყაენს.
ეს რომ მოისმინა ხარბანდამ, გაოცდა, პატივით ფეხზე წამოაყენა მეფე, ტკბილად მიმართა, პატიება სთხოვა და დააბრალა თავის მრჩევლებს.
იმ დღეებში საილხანოს ერთ-ერთ დედაქალაქში, თავრიზში, ეკლესიებს ანგრევდნენ. ოთხ დღეში ოლჯაითუ ყაენის ოთხი შვილი მოკვდა: უფლისწული ბარტამი და სხვები.
ასე გადაარჩინა მეფე ვახტანგმა თავისი სამეფო მონღოლთა და ისლამისტთა გამანადგურებელი ლაშქრობისგან.
წამოვიდა ყაენის მიერ პატივცემული ვახტანგ მეფე სამშობლოსკენ. ნახჭევანში რომ მოვიდნენ, მუცლის სამობა შეეყარა მეფეს და გარდაიცვალა ქრისტესთვის თავგანწირული ხელმწიფე. წამოასვენეს მისმა თავგანწირულმა ქრისტიანმა თანამებრძოლებმა წმიდა მეფის ცხედარი და დმანისში დაკრძალეს.
არის მეორე ვერსიაც, უფრო გვიანდელი, ვიდრე ჟამთააღმწერლის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ მეფე და მისი თანამებრძოლები ყაენის ბრძანებით უწამებიათ და მოუკლავთ.
დარჩა მეფეს ორი შვილი: დიმიტრი და გიორგი.

скачать dle 11.3