კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული რეანიმაციაში

ნიას ბედი არ სწყალობდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ დარწმუნებული იყო საკუთარ უიღბლობაში. თითქოს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ მისი ცხოვრება ცისარტყელას ფერებით ყოფილიყო სავსე, მაგრამ ერთბაშად უბედურება დაატყდა თავს – სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსზე იყო, მოულოდნელად მამა რომ გარდაეცვალა. დედამ, რომელიც გაანადგურა ქმრის სიკვდილმა და მთავარი საყრდენი გამოაცალა, მისი სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო... გოგონა იძულებული გახდა, ექთნად დაეწყო მუშაობა და, რომ არა მისი მომხიბლავი გარეგნობა, ამ სამსახურსაც ვერ ეღირსებოდა. მთავარმა კურატორმა, დიდხანს რომ ცდილობდა გოგოს გულის მოგებას და ლოგინში შეტყუებას, თავი გამოიდო – „ქვეყანა შეაწუხა“ და ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო კლინიკაში საოპერაციო მედდად მოაწყო. საოპერაციოს ექთნის სტატუსი იმით იყო უკეთესი, რომ, დანარჩენი ექთნებისგან განსხვავებით, მისი კომპეტენციისა თუ მოვალეობების ზღვარი საოპერაციოს ზღურბლზე გადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოსტოპერაციულ პაციენტებზე ზრუნვა არ ევალებოდა. ამაში, შეიძლება ითქვას, გაუმართლა: მისი საქმე საპასუხისმგებლო იყო,  მაგრამ მძიმეს და ჭუჭყიანს ვერ დაარქმევდი. თუმცა, ექიმის კაბინეტზე მეოცნებე გოგონასთვის მაინც მძიმე დარტყმა იყო, სადღაც „შუაში გაჭედვა“. თავის მდგომარეობას სერიოზულად განიცდიდა. კურატორთან რომ არ დაწვებოდა, ამაში დარწმუნებული იყო, მაგრამ, დასაშვებად მიიჩნევდა რომანს კარიერული წინსვლისთვის... ამიტომ, სამსახურის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, კლინიკის ერთ-ერთ მფლობელს, საკმაოდ სახელოვან ექიმს, პროფესორსა და შესანიშნავ ქირურგს, ბატონ დავითს დაადგა თვალი. სიტუაცია უიმედოდ არ ეჩვენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა დავითმა ჯერ ვერ შენიშნა ახალი საოპერაციო მედდის მომრგვალებული, მაცდუნებელი ფორმები. ნია დარწმუნებული იყო, რომ თავისას მიაღწევდა. განსაკუთრებით მას შემდეგ დარწმუნდა თავისი არჩევნის სისწორეში, რაც ბატონი დავითის ოჯახური მდგომარეობის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია: პროფესორს ცოლი ხუთი წლის წინ გარდაეცვალა. ერთადერთი ქალიშვილი გაუთხოვდა და ქმართან ერთად პრაღაში ცხოვრობდა – ქორწინებიდან სამ თვეში მისი ახალგაზრდა, პერსპექტიული, დიპლომატი მეუღლე ელჩად დაამტკიცეს და წყვილი უკვე მეოთხე წელი იყო, მამასთან სტუმრად მხოლოდ დღესასწაულებზე ჩამოდიოდა, ან ბატონი დავითი ჩადიოდა მათთან – კონფერენციებზე და საქმიანი ვიზიტებით ევროპაში წასული, აუცილებლად შეუვლიდა ხოლმე. შვილისა და სიძის ხშირად მონახულების სურვილი განსაკუთრებით მაშინ გაუმძაფრდა, როცა ანას ტყუპი გოგონა შეეძინა... ნიამ ეს ყველაფერი ექთნებისგან შეიტყო – მის თანამშრომლებს ჭორაობა „დამხმარე საქმიანობად“ ჰქონდათ და განტვირთვისთვის აქტიურად იყენებდნენ. ნიას თავიდან ტუჩი აუბზუეს – შეიძლება, მისი გარეგნობა იყო ამის მიზეზი და, ისიც, რომ გოგოს, მათგან განსხვავებით, სამედიცინო უნივერსიტეტში სამი კურსი ჰქონდა ნასწავლი. მერე თიკო დაუმეგობრდა – საოპერაციოს მთავარი ექთანი, ოცდაათი წლის შეუხედავი, ოჯახსა და შვილებზე მეოცნებე ქალი... ყინული გალღვა. საამისოდ ნიასაც არ დაუკლია ცდა. სახლიდან დედამისის გამომცხვარი ტკბილეული და ღვეზელები მოჰქონდა მთელი ბრიგადისთვის. „კულინარიულმა კომუნიკაციამ“ შედეგი გამოიღო – ნიაკო კოლექტივის სრულფასოვანი წევრი გახდა.
ბატონი დავითი უფრო ახლოს საახალწლო ივენთზე გაიცნო... თანამშრომლები თავდავიწყებით მხიარულობდნენ, მხოლოდ ბატონი დავითი იჯდა განცალკევებით, კოქტეილს წრუპავდა და სიგარეტს დაფიქრებული ეწეოდა. ნიამ ჯერ შორიდან გაუღიმა რამდენჯერმე. სასურველი ყურადღება რომ ვერ დაიმსახურა, თავის ჭიქას ხელი მოჰკიდა და თამამი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
– ასეთი მოწყენილი რატომ ხართ? – ჰკითხა უშუალო, ბავშვური გულწრფელობით და ახლოს მდგარ სავარძელზე ანიშნა, – შეიძლება, დავჯდე?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – დაფაცურდა ბატონი დავითი, – უკაცრავად, მე თქვენი სახელი არ ვიცი.
– ნია მქვია და თითქმის ყოველდღე მხედავთ საოპერაციოში, – ნაწყენი კილოთი მიუგო გოგომ.
დავითი შეწუხდა:
– უნდა მაპატიოთ, სახელებს ცუდად ვიმახსოვრებ. იქ, საოპერაციოში კი მხოლოდ თვალები გიჩანთ. აი, პირბადე რომ გეკეთოთ და ქუდიც გეხუროთ, აუცილებლად გიცნობდით.
– კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, ბატონო დავით, – გაუღიმა ნიამ და თავის სადღესასწაულო კაბაზე დაიხედა, – თუმცა, ვხედავ, ტყუილუბრალოდ ვიწვალე ამდენი.
– რატომ? თვალისმომჭრელად გამოიყურებით, ძალიან ლამაზი ხართ.
– მართლა? მაშინ გაპატიებთ, რომ ვერ მიცანით. წვეულებები არ გიყვართ? – გაათამამა ნია კომპლიმენტმა და დარწმუნდა, რომ სასურველ მიზანთან მიახლოება არც ისე ძნელი იქნებოდა – ეს კაცი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა მკაცრი და შეუვალი.
– უნდა გამოვტყდე, რომ არა. თანაც, ახლა ჩემს დღევანდელ პაციენტზე ვფიქრობ – როგორი იქნება მისი მდგომარეობა...
– საკმაოდ სტაბილური იყო, მე ასე ვიცი. თან, მარტო ხომ არ დაგიტოვებიათ, მორიგეები არიან კლინიკაში. შემიძლია, დავრეკო და ვიკითხო მისი ამბავი.
– არა, არა, მაგას არ ვგულისხმობდი. წამოსვლისას შევუარე და ვინახულე. იმას ვფიქრობ, სიარულს შეძლებს თუ არა... რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ, სერიოზული დაზიანებები ჰქონდა... ძალიან ახალგაზრდაა...
– თქვენ ყველა პაციენტზე ასე ნერვიულობთ? – ნიამ კოქტეილი მოსვა, თვალები მოწკურა და ბატონ დავითს გაუცინა.
– გაინტერესებთ, ექთნებისგან განსხვავებით, პაციენტები მამახსოვრდებიან თუ არა? ზოგიერთი მათგანი – კი... უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე...
– გიყურებდით, როგორ მუშაობდით საოპერაციოში. შეუდარებელი იყავით, – წამოიძახა ნიამ. მისი სიტყვები ისეთი გულწრფელი იყო, რომ დავითმა დიდი ხნის მეგობარივით, ალერსით მოუთათუნა მხარზე ხელი:
– კარგი გოგო ხარ...
– ბატონო დავით... – ნიას ძალიან არ უნდოდა კაცს პატარა გოგონად აღექვა, ამიტომ, გადაწყვიტა, აშკარა იერიშზე გადასულიყო, – ხომ არ ვიცეკვოთ?
– რატომაც არა, – გაიღიმა მცირეოდენი დუმილის შემდეგ და ხალისიანად დაუქნია თავი, – ოღონდ, გაფრთხილებ: დიდი ხანია, არ მიცეკვია და, შეიძლება, ფეხზე დაგაბიჯო.
ნიამ გადაიკისკისა და თავისი თხელი, ნატიფი თითები კაცის ძლიერ ხელისგულში ჩადო.
***
უზარმაზარი სარკის წინ ახალგაზრდა და სიმპათიური მამაკაცი იდგა. უზადოდ მორგებული კოსტიუმი ეცვა და ძვირფას პერანგზე კარგად შეხამებულ ჰალსტუხს ირგებდა. ოთახში ქალი შევიდა. კაცმა სარკეში ზურგს უკან მდგარი ცოლი დაინახა და გაუღიმა:
– რაო, ანუშკა, ძიძები მოვიდნენ?
– ჰო, სწორედ სულზე მომისწრეს. ყველაფერი ერთდროულად უნდათ. მაგიჟებენ, – პრეტენზიული ხმით ჩაილაპარაკა ანამ და ქმარს მხრიდან უხილავი მტვერი ჩამოუბერტყა.
– ძალიან საყვარლები არიან. ყოველდღიურად იცვლებიან და მათთან ყოფნა სულ უფრო საინტერესო ხდება.
– მეც ასე ვფიქრობ, როცა ვეთამაშები... მაგრამ, თუ ორივეს შია ან ეძინება, სიქას მაცლიან... შემომხედე, რას დავემსგავსე – სულ დაღლილი და გამოუძინებელი სახე მაქვს...
კაცი ცოლისკენ შებრუნდა და მოეხვია:
– მე კი მგონია, ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილხარ. ხომ არ დაგავიწყდა, რომ დღეს სტუმრად მივდივართ? საღამოს მძღოლი მოგაკითხავს.
ქალმა ქმარს შესცინა:
– მძღოლი რად მინდა? ჩვენი მანქანით მოვალ.
– არა. როცა მეცოდინება, რომ მძღოლს მოჰყავხარ, გაცილებით მშვიდად ვიქნები. იცი, რა ვიფიქრე? ერთი ძიძა ღამისთვისაც აგვეყვანა – გამოძინებას შეძლებდი.
 – აჰა, ესე იგი, მართალი ვიყავი: ცუდად გამოვიყურები... – აწუწუნდა ქალი, – არ წამოვალ წვეულებაზე.
– ანუშკა, საყვარელო, წვეულებაზე აუცილებლად წამოხვალ. ჯერ ერთი, ეს პროტოკოლის ნაწილია; მეორეც – არაჩვეულებრივად გამოიყურები და ტყუილად წუწუნებ. არ მალოდინო საღამოს... ჰო, მართლა, მამაშენთან ხომ არ დაგირეკავს?
– არა და არც დავურეკავ, ძალიან ვარ გაბრაზებული. ჯერ კიდევ არ გამიარა, – წყრომით ჩაილაპარაკა ანამ და შუბლზე ჩამოშლილი ჯიუტი კულული შეისწორა.
– ისეთი საყვარელი ხარ, როცა იბუტები... – გაიცინა კაცმა, – მაგრამ მამაშენს მაინც დაურეკე.
– თვითონ დამირეკოს...
– ანუშკა, გეყოფა! მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ თავისი პროფესია უყვარს. არა უშავს, ახლა თუ არ ჩამოვიდა, ესე იგი, ვერ შეძლო და მერე ჩამოვა.
– როდის მერე? ახალი წელი მერე კიდევ იქნება? ეგ სულ ასე იყო. დედას სიცოცხლეშიც ასე იქცეოდა. არასდროს არ იყო ჩვენ გვერდით და მერე ბოდიშებს იხდიდა. ერთხელ დედამ უთხრა, ჯობდა, შენს ქირურგიაზე დაქორწინებულიყავიო...
– მამაშენი დიდ საქმეს აკეთებს, ძალიან დიდს – ადამიანებს სიკვდილის საშუალებას არ აძლევს. ანა, ეს უნდა გესმოდეს... ის პროფესიონალია.
– მამაჩემმა თავისი პროფესიონალიზმით მხოლოდ ის მოახერხა, რომ ექიმები და მედიცინა სამუდამოდ შემაძულა. სპეციალურად არ ჩავაბარე სამედიცინოზე და არც ექიმს გავყევი ცოლად.
– კიდევ კარგი, თორემ, მე რა მეშველებოდა, – კაცმა ცოლს კისერზე აკოცა და სავარძლიდან ქეისი აიღო, – წავედი მე... საღამომდე, საყვარელო...
***
დავითმა მის შიშველ მკერდზე მშვიდად მძინარე გოგოს დახედა და მოიღუშა – წუხანდელი ღამე ბუნდოვნად ახსოვდა. ღამე არ დავიწყებია, მხოლოდ იმას ვერ იხსენებდა, ასეთ ავანტიურაზე როგორ დათანხმდა. ოდნავ წამოიწია და გოგოს მკვრივ, ლამაზ სხეულს დააშტერდა. ნიამ თითქოს იგრძნო მისი დაჟინებული მზერა. შეიშმუშნა და თვალები გაახილა:
– დილა მშვიდობისა...
– დილა მშვიდობისა, – უთხრა კაცმა და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი, – ნია, ეს არ უნდა გაგვეკეთებინა.
– რატომ? არ მოგეწონა?
– როგორ არ მომეწონა... ძალიან მომეწონა და პრობლემაც მაგაშია... როგორ მივეცი თავს ამის უფლება? ნია, უნდა მაპატიო...
– გაპატიო? – ნია საწოლში წამოჯდა და ზეწარი შიშველ მკერდზე აიფარა, მერე დიდი, ლამაზი თვალებით მიაჩერდა კაცს და ტუჩები აუთრთოლდა:
– ნანობ?
– არა, არა, – შეწუხდა დავითი და გოგო ჩაიხუტა. ქალის ცხელმა სხეულმა თავბრუ დაახვია, მორეულ ვნებას ვეღარ გაუძლო, ნიას გამოწვდილ ტუჩებს ტუჩები შეაწება და ისევ სიამოვნების მორევში ჩაიძირა...
***
ორი დღის შემდეგ საოპერაციოს შესასვლელში გადაეყარნენ ერთმანეთს. კაცი დაიბნა, გაწითლდა და მზერა მოარიდა... ნია შეაშფოთა მისმა საქციელმა. ისედაც დაძაბული იყო, დავითმა ორი დღის განმავლობაში რომ არ დაურეკა. იმ ღამის მერე, რომელიც ერთად გაატარეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფეშენებელურ ნომერში, გოგოს გულში იმედი ჩაესახა და ახლა ეს იმედი თოვლივით ადნებოდა ხელში.
– დღეს თიკო დამეხმარება – პატარა ოპერაციაა და გაართმევს თავს, – უთხრა დავითმა ისე, რომ მისთვის სახეში არ შეუხედავს.
ნიას შეამცივნა – ყოველთვის ასე ემართებოდა, როგორც კი ნერვიულობას იწყებდა.
– ბატონ დავითს რა სჭირს? – ჰკითხა მეორე საოპერაციოს ხანში შესულ ექთანს, მაგიდასთან რომ იჯდა და თავდახრილი კერავდა ოპერაციისთვის განკუთვნილ, დაჭრილ დოლბანდებს. ქალმა მხრები აიჩეჩა და არაფერი უპასუხა. ნიამ საოპერაციო ხალათი გაიხადა და კლინიკის კაფეში ჩავიდა ყავის დასალევად. დავითი აშკარად არ ჰგავდა შეყვარებულ მამაკაცს. ყოველ შემთხვევაში, შეყვარებულივით ნამდვილად არ იქცეოდა. მერე რა, რომ დავითი მისი პირველი მამაკაცი არ ყოფილა, სამაგიეროდ, ბატონ პროფესორზე სამჯერ უმცროსი იყო და, თან, ძალიან ლამაზიც.
– შეიძლება, თქვენს მაგიდასთან დავჯდე? – ჩაესმა ფიქრში წასულს ვიღაცის ხმა და გამოერკვა, – უკაცრავად, შეიძლება, აქ დავჯდე? – გაუმეორა ლანგრით ხელში მის მაგიდასთან მდგარმა ბიჭმა და მხრები აიჩეჩა, აქაოდა, რა სჭირს ამ გოგოს, თითქოს ყრუს არ ჰგავსო.
– რა ვიცი, თუ სხვა მაგიდასთან ადგილი არ არის... – უხალისოდ გამოეპასუხა ნია და გაცივებული ყავა მოსვა.
– არ არის, თორემ არ შეგაწუხებდით... – თავაზიანობად დაიღვარა ბიჭი. ნიამ თავი ასწია და ბიჭს შეხედა. „დიდი არაფერიაო“, – გაიფიქრა თავისთვის, თუმცა მაშინვე ისიც აღიარა, რომ უცნობის მუქი მწვანე თვალები ყურადღებას ნამდვილად იქცევდა.
– თქვენ საოპერაციოს მედდა ხართ, ხომ? და ნია გქვიათ... – ეს უთხრა უცებ ბიჭმა და მისი უკმაყოფილო, ცოტათი განცვიფრებული მზერა რომ შენიშნა, მაშინვე დაამატა: – მე სწრაფად შევჭამ და ავდგები.
– იყავით, ყავა უკვე დავლიე, – ნიამ ცარიელი ფინჯანი ლამბაქთან ერთად აიღო და გაიფიქრა: „იდიოტი, ნეტავი რას ჩამაცივდა...”
ბიჭმა ღიმილიანი სახით გააცილა გოგო.
***
დავითმა კაბინეტში გამოიცვალა და სახლში წასვლამდე რამდენიმე დღის წინ ნაოპერაციები პაციენტის მონახულება გადაწყვიტა. მისი სახე ისე ღრმად ჰქონდა ჩარჩენილი მეხსიერებაში, პალატაში შესულს იმის განცდა გაუჩნდა, რომ დიდი ხნის ნაცნობთან მივიდა.
– როგორ ხართ? – ჰკითხა და იქვე, საწოლზე ჩამოუჯდა. ქალიშვილი მართლა ძალიან ლამაზი იყო, არ მოსჩვენებია: შავი თმა ტალღებად ეყარა შიშველ მხრებზე. მსხვილი ტუჩები ჰქონდა და თაფლისფერი თვალები. მის გარეგნობაში იყო რაღაც ისეთი, რაც მამაკაცს გულგრილს ვერ დატოვებდა.
– თქვენ გამიკეთეთ ოპერაცია? – ჰკითხა დავითს და ისე შეხედა, რომ კაცს მთელ სხეულში ჟრუანტელად დაუარა ცხელმა ტალღებმა. ეს უჩვეულო მდგომარეობა ნიასთან გატარებულ ღამეს დააბრალა და საკუთარი თავი გაკიცხა ამ სისუსტისთვის.
– მითხრეს, რომ თქვენ უნდა გიმადლოდეთ, ცოცხალი რომ ვარ, – განაგრძო ქალიშვილმა.
– განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემი პროფესიული ვალი მოვიხადე, – თქვა დავითმა და გაუკვირდა, ასეთი სისულელე რამ მათქმევინაო, – ფეხის თითებს ამოძრავებთ, ხომ ასეა?
– მგონი, კი, – გაეღიმა ქალიშვილს, – იცით, ჯერ კიდევ შოკში ვარ ამ ავარიის შემდეგ.
– შოკში არ ხართ. სტრესის ზემოქმედებიდან გამოდიხართ და ეს ნორმალურია, – დავითმა ფეხებზე საბანი გადახადა და დააკვირდა.
– აბა, სცადეთ... მშვენიერია, ძალიან კარგია, ყოჩაღ. თუ ასე გააგრძელებ, სახლში მალე წახვალ.
– ანუ, სიარულს შევძლებ?
– სირბილსაც, – დაჰპირდა დავითი. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, რომ პალატის კარი გაიღო და ნიამ მორიდებით იკითხა:
– ბატონო დავით, შეიძლება? ერთი წუთით, რაღაც მინდა გითხრათ.
დავითი მძიმედ წამოდგა და კარისკენ გაემართა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3