კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრთები

– ეს აქ საიდან მოვიდაო? – იკითხა ბიჭმა, ანკესის ტივტივასთან მოცურავე ჭრელ ბუმბულზე.
– ხო, მაგაზე კარგ ამბავს მოგიყვებითო! – თქვა მამამ და დაიწყო:
–  უხსოვარ დროში, ელადის ქალაქ ათენში, ერთი არქიტექტორი და მოქანდაკე ცხოვრობდა –  სახელად დედალოსი.
–  ხო, ვიცი, რომ გაფრინდაო?!
–  არაფერიც არ გაფრენილა, შენისთანა არიფებს ეგონათ, რომ გაფრინდა, თორემ ყველაფერი სხვანაირად იყოო! –  უპასუხა მამამ.
–  ჰოდა, ამ დედალოსმა, გამოიგონა შვეული და ასწავლა ბერძნებს კედლების სწორად აგება. მარმარილოსგან ისეთი მფრინავი კაცი გამოაქანდაკა, ხალხს ნამდვილი ეგონა და სანახავად მიდიოდა. დედალოსს ერთი ბიჭი ჰყავდა შეგირდად, დისშვილი –  ტალოსი, რომელიც, ბიძამისივით, გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილდოებული. თევზის ფარფლებმა მას ხერხის შექმნა შთააგონა, წრის დასახაზად ფარგალი გამოიგონა. ფარგლით ხეზე წრე დახაზა, ხერხით გამოჭრა, სატრიალო გაუკეთა და თიხის ჭურჭლის დასამზადებელი დაზგა მზად იყო.
ათენში ცხოვრობდა კიდევ ერთი გამომგონებელი და პოეტი –  ედიოსი, რომელსაც შურდა დედალოსისა და ტალოსის წარმატებები და გადაწყვიტა მათი გამოგონებების და სახელოსნოს ხელში ჩაგდება. ორივეს ვერ მოერეოდა, ამიტომ, ედიოსმა ტალოსი გაიტყუა აკროპოლისის კლდის ქიმზე, უკნიდან ხელი ჰკრა და გადმოაგდო. დარჩა დედალოსი მარტო, ერთგული შეგირდის გარეშე. მისი შვილი –  იკაროსი, ჯერ პატარა იყო და ვერ ეხმარებოდა.
კუნძულ კრეტას განაგებდა მეფე მინოსი, რომელმაც შესთავაზა დედალოსს მინოტავრისთვის –  ნახევრად ხარისა და ნახევრად ადამიანისთვის, სასახლის –  ლაბირინთის აგება. დედალოსი გადავიდა კუნძულ კრეტაზე და მრავალი წლის განმავლობაში აგებდა სასახლეს.
ამ დროს, ათენში, ედიოსმა დაწერა პოემა „დედალოსის გაფრენა”, სადაც აღწერდა: როგორ გაშალა ფრთები დედალოსმა, როგორ აიჭრა ცაში, კამარა შეჰკრა და ზღვის ტალღებს ზემოთ, ლაჟვარდში გაუჩინარდა. ხალხმა დაიჯერა პოემის სიმართლე, რადგან ნანახი ჰქონდათ დედალოსის გამოქანდაკებული მფრინავი კაცი. სულმოუთქმელად ელოდებოდნენ დედალოსის დაბრუნებას, რომ მათთვისაც ესწავლებინა ფრენა.
გავიდა წლები, დაამთავრა დედალოსმა ლაბირინთის აშენება და დაბრუნდა ათენში. სახლში მივიდა. იქ ედიოსი დახვდა, მისი ცოლი მოეყვანა ცოლად. სახელოსნოში მივიდა, იქაც, ყველაფერს ედიოსი განაგებდა. აგორაში დაიბარეს, ფრენის სწავლება მოსთხოვეს. რა უნდა ესწავლებინა, რაც არ იცოდა?! ადგნენ, და ელადადან გასახლება მიუსაჯეს.
***
–  მაგაზე რენეს ამბები გამახსენდაო! –  ჩაერთო ლაპარაკში ბიძა:
–  უხსოვარ დროში, ამ ტბის აღმოსავლეთით ქვემო და ზემო რენეს სახელმწიფოები რომ იყო და მერე რენეს სამეფოდ გაერთიანდა, ალბათ, გახსოვთო! –  ჰოდა, მძიმე დღეები დაუდგა რენეს სამეფოს –  გორის იმპერიამ დაიპყრო და შეიერთა. იპოვეს რენეში რენეგატები (მოღალატეები) და დასვეს სათავეში. სათათბირო დარბაზშიც სულ თავისიანები ჰყავდათ. რასაც უნდოდათ, იმას აკეთებინებდნენ. ძველისძველი რენეული კულტურა ნადგურდებოდა, მდიდარი რენეული ენა გორული „მარავიულით” ჩაენაცვლა. რენეს ველზე გორული გარნიზონი იდგა.
–  ჯარო, მზად ხართ ბრძოლისთვისო?
–  მააო! –  უპასუხებდა ჯარი.
–  მზად ხართ თავდაცვისთვისო?
–  რავი, აბაო! –  ისმოდა მთელ რენეში.
რენეს ხელმწიფედ, რენეელი რენეგატი –  შადიმანი დასვეს. 15 წელი იმეფა შადიმანმა, ბევრი სამშობლოს ერთგული ვაჟკაცი შორეულ ახალციხეში გადაასახლა, მათ შორის, ცნობილი მამულიშვილები –  ძმები: ბაქარი და ელიზბარი. შადიმანმა ისე გამოიჩინა თავი, რომ გორში გადაიყვანეს მაღალ თანამდებობაზე და რენეს ზედამხედველობაც დაავალეს. მან, თავის ერთგულ ხალხს –  ნოშრევანს და ყარამანს გადააბარა რენეს მართვა.
როგორც ყველა იმპერიას მოსდის, გორის იმპერიამაც რღვევა დაიწყო. დაპყრობილი სახელმწიფოები ვეღარ ამარაგებდნენ იმპერიას: პურით, ხორცით, რძით, ცხიმით, კვერცხით... დაიწყო შიმშილობა. პატიმრები სახლში გამოუშვეს. ბაქარი და ელიზბარი სამშობლოში დაბრუნდნენ, სათავეში ჩაუდგნენ გამათავისუფლებელ მოძრაობას და თითქმის ყოველდღე მართავდნენ საპროტესტო აქციებს.
–  ყოველდღე მიტინგებია, რა ვქნათო? –  კაცი აფრინეს ნოშრევანმა და ყარამანმა შადიმანთან.
–  მოთავეები რამდენნი არიანო? –  იკითხა შადიმანმა.
–  ორნი არიანო! –  მოახსენეს.
–  ერთი მოიცილეთო!
–  მერე მეორეო? –  ჰკითხეს ნოშრევანმა და ყარამანმა.
–  ჩვენს ხალხს გადააცვით, შეგზავნეთ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, მხარი დაუჭირონო! –  შემოუთვალა შადიმანმა.
ელიზბარი რენედან კავთისხევში რომ მიდიოდა, ვიღაცეებმა ეტლს მორი შეუგდეს და კლდიდან გადაჩეხეს. დარჩა ბაქარი მარტო.
–  ბაქარი მეფე რომ გახდება, მაშინ გვეშველება, მეორე დღესვე კარგი ცხოვრება დაიწყებაო! –  გაჰყვიროდნენ ხალხში შადიმანის გადაცმული კაცები.
–  ცხოვრება, ვერ შეიცვლება ერთ დღეში, მაგას დრო სჭირდებაო! –  ამბობდა ბაქარი, მაგრამ ვინ მოუსმინა, ხალხს უცებ უნდოდა ცხოვრების გაუმჯობესება.
დასვა ხალხმა მეფედ ბაქარი, დაიწყო აღმშენებლობისთვის მზადება. რენე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
–  რა ვქნათო? –  კაცი გაუგზავნეს შადიმანს, ნოშრევანმა და ყარამანმა.
–  მიტინგები ჩაატარეთ და დანაპირების შესრულება მოსთხოვეთ, თანაც შეიარაღდითო! –  შემოუთვალა შადიმანმა.
–  ახლავე რატომ არ უმჯობესდება ცხოვრებაო? –  დაიწყეს მიტინგები შადიმანის კაცებმა. გამოიყვანეს მსროლელები და დაუშინეს ისრები ბაქარის ხალხს. ძმათა სისხლი რომ არ დაღვრილიყო, ბაქარი იძულებული გახდა, სხვა სახელმწიფოში გადასულიყო.
შადიმანი გორიდან რენეში გადმოვიდა. მართალია, რენე გორის იმპერიას გამოეყო, მაგრამ სამეფოს ისევ ძველი რენეგატები –  შადიმანი, ნოშრევანი და ყარამანი მართავდნენ.
***
მხოლოდ დედალოსის შვილმა –  იკაროსმა დაიჯერა, რომ ადამიანს ფრენა შეეძლოო! –  გააგრძელა მამამ თხრობა.
–  შეაგროვა ფრინველის ფრთები, გადააბა ერთმანეთს სელის ძაფით, ბოლოები სიმყარისთვის ცვილით გაამაგრა, ფრთები მხრებზე მოირგო, დაიქნია და ცაში აიჭრა. გაფრინდა ზღვის მიმართულებით, ცდილობდა, ზღვის ზედაპირთან ახლოს არ ეფრინა, რომ ფრთები არ დასველებოდა. ავიდა მაღლა, უფრო მაღლა, მაგრამ მზემ ცვილი დაადნო, ბუმბული დასცვივდა და ზღვაში ჩავარდა. დამხრჩვალი იკაროსი ზღვამ კუნძულზე გარიყა. იქვე დამარხეს.
–  ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ბუმბული საიდანო?
–  ვერ მიხვდი? იკაროსს გასცვივდაო!
***
ამასობაში დაბნელდა და მანათობლიანი ტივტივებით გააგრძელეს თევზაობა. ანკესის ზარმა დაიწკარუნა.
–  ბიჭო, მიდი, მოჩხრიკეო! –  თავი ასწია და დაინახა: მთის იქიდან ამოგორებულიყო დიდი, სავსე მთვარე. ტბის ზემოთ კი, მთვარის შუქით განათებული, ფრთებგაშლილი ადამიანი მილივლივებდა. არც ტალღები უსველებდა ბუმბულს და არც მთვარე ადნობდა ფრთებზე ცვილს.

скачать dle 11.3