კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკრძალა ბერიამ მათხროვრობა საქართველოში და როგორ სჯიდნენ მათხოვრებს

ლავრენტი ბერიას სიმკაცრესა და დაუნდობლობაზე არაერთხელ დაწერილა. თუმცა, ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ „სადისტი და კაციჭამია“ „რკინის“ სახალხო კომისარი მთლად ისეთი არ ყოფილა, როგორსაც მას ბევრი წარმოაჩენს. თურმე, მასაც სცოდნია სიყვარული, შესძლებია ყოფილიყო გულისხმიერი, დამთმობი და სენტიმენტალურიც კი... ისტორიკოსი ემანუილ გროსმანი წერს: „ერთ დროს აქსიომად ქცეული მოსაზრება, რომ ბერიაზე ან მხოლოდ ცუდი უნდა დაწერო, ან – არაფერი, ნელ-ნელა, მაგრამ თანამიმდევრულად, იმსხვრევა. ამ ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკვლევებმა და მასმედიასა და პერიოდიკაში გამოქვეყნებულმა საარქივო მასალებმა თუ სხვადასხვა ადამიანის მოგონებებმა, სულ სხვაგვარად დაგვანახვა მაშრალ ბერიას სახე. გამოჩნდა, რომ თურმე ისიც (ბერია) ადამიანი ყოფილა და არა ისეთი „ფრანკენშტეინი“, როგორადაც წარმოაჩენდნენ.
ბერიას მოსამსახურე, ნორა კაკაჩია 1969 წელს გათავისუფლდა მკაცრი რეჟიმის ციხიდან. 15-წლიანი სასჯელი მან თავიდან ბოლომდე ცნობილ „ვლადიმირის კრიტში“ გაატარა, სადაც, ფაქტობრივად, ტყუილად იჯდა. ეს პირმშვენიერი, ტანწერწეტა და უაღრესად პატიოსანი ქალი ამდენი ხნით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოწყვიტეს ქმარსა და სამ შვილს, რომ პროკურორის შემოთავაზებას არ დასთანხმდა და ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე, ბერიას „საყვარლობა“ არ „აღიარა“. თავის დღიურებში ნორა კაკაჩია წერდა: „ლავრენტი პავლოვიჩთან მუშაობა ჯერ კიდევ 1931 წელს დავიწყე. მაშინ 19 წლის, გაუთხოვარი გოგო ვიყავი და 22 წელი მის ოჯახში გავატარე. 1953 წლის ივლისში, როდესაც ბერია დააპატიმრეს, ხოლო მოგვიანებით კი ქალბატონ ნინო გეგეჭკორისგან (ბერიას მეუღლე) შევიტყვე, რომ თურმე ის მოუკლავთ, მე შვებულებაში ვიმყოფებოდი. ქმართან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ჩემს მშობლიურ სახლში, სოხუმში ვისვენებდი ზღვაზე. სწორედ იქ ჩამომაკითხეს გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა. სასწრაფოდ მოსკოვში გადამაფრინეს და მითხრეს, რომ ბერიას წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება. მე პირადად გენერალური პროკურორი, რუდენკო მელაპარაკა და მითხრა:
– ნაძირალა ბერია დავაპატიმრეთ. მის დანაშაულებებს ვიძიებთ და უნდა დამიწეროთ, რომ ის სქესობრივ თანაცხოვრებას გაიძულებდათ...
თავდაპირველად მეგონა, გენპროკურორის სიტყვები მომესმა და გამეორება ვთხოვე. როდესაც იგივე მითხრა, მივუგე:
– რას ბრძანებთ, ეს ხომ აბსოლუტური სიცრუეა...
რედენკომ ფეხზე ადგომა მთხოვა. შემათვალიერა და ირონიით მკითხა:
– ნუთუ ასეთი ღირსებების მქონე ქალი ერთხელაც არ შეგითრიათ ლოგინში იმ მახინჯმა მანიაკმა?
მე ვეღარ მოვითმინე და რუდენკოს ისე ძლიერად გავაწანი სახეში სილა, რომ კედელს თავით მიენარცხა... ამ კოშმარს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაემატა და გენპროკურორის კაბინეტში ჯერ რუდენკოს თანაშემწეებმა სასტიკად მცემეს, შემდეგ ლეფორტოვოს ციხის ერთადგილიან საკანში გამომამწყვდიეს და ერთი თვის განმავლობაში უსასტიკესად მამცირებდნენ. მცემდნენ, ქმარ-შვილის დახოცვით მემუქრებოდნენ და ბერიას წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ. მაგრამ, რაც არ ყოფილა, იმას როგორ ვაღიარებდი და ბოლოს 58-ე მუხლი – სამშობლოს ღალატი მომიყენეს. გამასამართლეს და „ვლადიმირის კრიტში“ 15 წლით გამომამწყვდიეს, სადაც ბოლომდე ვიჯექი...“
ნორა კაკაჩია 58 წლის ასაკში გათავისუფლდა ციხიდან და ეს ერთ დროს ულამაზესი ქალბატონი 80 წლის მოხუცს ჰგავდა. თუმცა, სულით მაინც გაუტეხელი იყო და ჯერ ქმარ-შვილი მოძებნა, რომლებიც სოხუმში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, ბერიას ცოლ-შვილს მიაგნო კიევში და ნინო გეგეჭკორის დახმარებით, უკრაინაში დასახლდა. იქვე გარდაიცვალა 67 წლის ასაკში... ნორა კაკაჩიას დღიურებში, რომელიც მას „კაგებემ“ 1975 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოართვა, ვკითხულობთ: „ლავრენტი პავლოვიჩის ოჯახში ვატარებდი მთელ დროს. ჩემს მოვალეობაში შედიოდა როგორც საჭმლის მომზადება, ასევე „ასობნიაკის“ დალაგება. თუმცა, მე ამ საქმიანობაში  ქალბატონი ნინო, ბერიას მეუღლე მეხმარებოდა და ჩვენ შორის მდგომარეობრივი განსხვავების მიუხედავად, სულაც არ თაკილობდა საქმეს. ის ძალიან უბრალო, მაგრამ ღირსეული ქალი იყო და ვმეგობრობდით. უბრალო ადამიანი იყო თავად ლავრენტი ბერიაც. მართალია, ის უმეტეს დროს სამსახურში ატარებდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად, მაინც ახერხებდა კონტაქტს სახლში მყოფებთან, მათ შორის ჩემთანაც. მას ჩემთვის არასდროს არაფერი უკადრებია... ბერია, საკმაოდ მხიარული და გულღია იყო. სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე და პატარა სერგო. უყვარდა სხვადასხვა ისტორიის მოყოლა და უზადოდ მღეროდა... ჩვენს სახლში ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრიდა თავს, როცა ლავრენტი პავლოვიჩი სახლში იყო. ბერია ყოველთვის ამ კამპანიის სულსა და გულს წარმოადგენდა. კუთხური წარმოშობით მეგრელი ვარ. მეგრელი იყო ბერიაც და ხშირად მეგრულად მელაპარაკებოდა, რაზეც ქალბატონი ნინო ხუმრობით უბრაზდებოდა... ცოლ-ქმარს, როგორც ვიცი, არასდროს უჩხუბია და ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. სისულელეა ის, რომ თითქოს, ბერიას საყვარლები მოჰყავდა სახლში. ეს აბსურდია. რუდენკომ და მისმა გამომძიებლებმა მოიგონეს, რომ ჩირქი მოეცხოთ მისთვის. ლავრენტი პავლოვიჩი განსაკუთრებულ პატივს სცემდა სტალინს და ის კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ადამიანად მიაჩნდა. საქართველო უყვარდა ძალიან და თავისი სამშობლოსთვის ბევრი გააკეთა და კიდევ უფრო ბევრი – რუსეთისთვის. მაგრამ, მას ეს ღვაწლი არც რუსებმა დაუფასეს და არც ქართველებმა... მარტო ის რად ღირს, რომ მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ბერიამ გააკეთებინა მუშტაიდის ბაღში და ეს ადგილი ბავშვების საყვარელ გასართობად იქცა. ლავრენტი პავლოვიჩს, თავისუფალი დრო რომ ჰქონდა, სერგოც თავად დაჰყავდა მუშტაიდში და მიუხედავად იმისა, რომ ცეკას პირველი მდივანი იყო, ატრაქციონებზე გასართობად რიგში აყენებდა თავის ვაჟს... ლავრენტი ბერიაზე ვერავინ იტყვის გულჩვილი იყოო, მაგრამ თანაგრძნობის უნარი მასაც გააჩნდა და ამაში არავის ჩამოუვარდებოდა...
მაისის ერთ თბილ, მზიან დღეს მოსკოვიდან ახალდაბრუნებულ ლავრენტი პავლოვიჩს მისმა ვაჟმა მუშტაიდში გასეირნება სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბერია ძალიან დაღლილი იყო, დაეთანხმა შვილს და რადგან ჩემი პატარა ვაჟიც იქ იმყოფებოდა, ჩვენც თან წაგვიყვანა. ჩვენთან ერთად წამოვიდნენ ქალბატონი ნინო და ბერიას დაცვის უფროსი – სარქისოვი. ბავშვებს, რა თქმა უნდა, რკინიგზით გასეირნება სურდათ და წინ გაიქცნენ.  ჩვენ კი ნელა მივდიოდით და ლავრენტი პავლოვიჩს ვუსმენდით, რომელიც სტალინს აქებდა. უცებ პატარა სერგომ უკან მოირბინა და მამას უთხრა:
– მამი, მანეთიანი მომეცი, რა!
– რად გინდა? – ჰკითხა ლავრენტი პავლოვიჩმა.
– რკინიგზის ბილეთები უნდა ავიღო.
– ხომ მოგეცი. დაკარგე?
– არა, – მიუგო სერგომ და თითი მარცხნივ გაიშვირა, – აი, იმ ბაბუას მივეცი...
ბერიამ თითს თვალი გააყოლა და სკამზე მჯდომი მოხუცი დაინახა, რომელსაც მუხლებზე ქუდი ედო და მათხოვრობდა... ბერიას სახე აელეწა და სარქისოვს მრისხანედ შეხედა, თავად კი მათხოვრისკენ გაემართა. საქმე ის გახლდათ, რომ ბერიას საგანგებო დადგენილებით, თბილისსა და მთელ საქართველოში აღრიცხვაზე იყვნენ აყვანილები სოციალურად გაჭირვებული ადამიანები და მათ დახმარებას უწევდნენ. ასეთი პოლიტიკის გამო მათხოვრობა აღარავის სჭირდებოდა და თუკი ვინმე მაინც გაიწვდიდა ხელს, მას გამოსასწორებელი სამუშაოებით სჯიდნენ. მეორედ კი თაღლითობისა და გამოძალვისთვის ასამართლებდნენ...
მათხოვართან მისულ ბერიას ჩვენც უკან მივყევით. გავიგეთ, რომ მოხუცს თურმე ერთადერთი ექიმი შვილი დაუპატიმრეს მავნებლობის ბრალდებით. მას კი პენსია შვილის გამო მოუხსნეს და შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, იძულებული გახდა, ემათხოვრა... მოხუცი იმდენად შთამბეჭდავად ყვებოდა თავის გასაჭირს, რომ ლავრენტი პავლოვიჩს თვალზე ცრემლი მოადგა. რომ არავის შეემჩნია, ვითომდა მზის გამო, მუქი სათვალე გაიკეთა. შემდეგ მოხუცს ადგომა სთხოვა და სარქისოვს უბრძანა – მისი შვილის ამბავი გაერკვიათ. პენსია კი უპირობოდ აღუდგინონ და ვინც მოუხსნა, დასაჯონო... ეს ისტორია ასე დასრულდა – „სობესის“ (სოცუზრუნველყოფის განყოფილება) უფროსი, ვანიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. უდანაშაულო ექიმის საქმე კი საგულდაგულოდ გამოიკვლიეს და მას სტატუსი აღუდგინეს. სხვათა შორის უდანაშაულო ექიმი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, მომავალში პროფესორი და საქვეყნოდ ცნობილი ექიმი გახდა...“
ნორა კაკაჩიას მონათხრობის ეს მცირე ფრაგმენტი ნათლად მეტყველებს, როგორც საბჭოთა პოლიტიკის შავ-ბნელ მხარეებზე, ასევე, მისი ერთ-ერთი მსხვილი ფუნქციონერის, ლავრენტი ბერიას არაერთგვაროვან, რთულ პიროვნებაზე. კეთილი იყო თუ ბოროტი ამ ცნებებს მიღმა მდგომი პიროვნება, ყველამ თავისებურად განსაჯოს.“

скачать dle 11.3