კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რატომ სთხოვს ქართველი პატრონობას სახელმწიფოს, რატომ ამადლის თავის არსებობას და რატომ არ აღიარებს საკუთარ ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ

ისე მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს ვთხოვთ სახელმწიფოს: ჯანმრთელობის დაცვით დაწყებული და დასაქმებით დამთავრებული. მეორე მხრივ, ცხადია, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი დაცვა სახელმწიფოს ფუნქციაა, ოღონდ, ეს პროცესი ორმხრივია: ვალდებულებები მოქალაქესაც აქვს, თუმცა, ისეთ ელემენტარულსაც კი, როგორიც გარემოს არდანაგვიანებაა, ვერა და ვერ დავეჩვიეთ, ისევე, როგორც მწვანე ნარგავების მოვლას ვინ ჩივის, მათ არგანადგურებას, თითქოს ჟანგბადი იმ მწვანე ნარგავებს სჭირდებოდეს და არა ჩვენ. მეტიც, საკურორტო ზონაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები სახელმწიფოს სთხოვენ დასასვენებელი ადგილების მოწყობას, რათა დამსვენებლები მოიზიდონ, მაგრამ იმავე დამსვენებლებისგან აღებული ფულიდან გადასახადების გადახდა აზრადაც არ მოსდით. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ ფიქრობს მოქალაქე, რომელიც თავად არ ზრუნავს თავის ქვეყანაზე, რომ ხელისუფლებაში მასზე უკეთესი აღმოჩნდება, ვინც ცხოვრების მიზნად მათზე ზრუნვას დაისახავს? –  ამ საკითხზე ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– ასეთი მიდგომა პოსტსაბჭოთა სინდრომია თუ რატომ ელის მოქალაქე, რომ თანამდებობებზე მასზე უფრო მეტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი იქნება და რატომ არ განიხილავს ორმხრივად სახელმწიფოსთან ურთიერთობის პროცესს?
–  ჩვენი სოციუმის მენტალობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრობლემაა ინდივიდის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი. სახელმწიფო განხილულია როგორც პატრონი, რომელმაც უნდა მოუაროს და ყველაფრით უზრუნველყოს. ერთგვარად პატრონყმობის გამოძახილია და  ფეოდალურია თავისი მიდგომით მოსაზრება, რომ უნდა მარჩინოს სახელმწიფომ. უფრო მეტიც, ღმერთთანაც ასეთი დამოკიდებულება აქვს: თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინეო, ანუ, თავის არსებობას ამადლის ღმერთს. სახელმწიფო კი რაღაა ღმერთთან შედარებით და, ამიტომ, იმასაც ამადლის. ძნელი სათქმელია, საიდან მოდის: არ არის გამორიცხული, რომ საბჭოთა პერიოდიდან. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ბინას რომ აქირავებდნენ, არავინ იხდიდა იმ ქირიდან გადასახადს.
– მგონი, გაქირავებაც აკრძალული იყო, როგორც კომერციული საქმიანობის ფორმა.
– ან მოგვიანებით, როდესაც შუქი არ იყო და ადამიანები ათასგვარ მანიპულაციებს მიმართავდნენ, რომ შუქის ფული არ გადაეხადათ –  ეს  კარგა ხანს იყო გამჯდარი ძვალსა და რბილში, რომ უნდა მოიპარო და არ გადაიხადო გადასახადები, ამიტომ, შესაძლოა, იმის გამოძახილიც იყოს. ახლა ძნელია ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სახელმწიფოსადმი. არ ვიცი, როგორაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ისინი მაინც უფრო გვიან შევიდნენ საბჭოთა კავშირში, უფრო ევროპელები იყვნენ და უფრო იცოდნენ კაპიტალისტური ცხოვრების წესი. ჩვენ ხომ ბურჟუაზიის ეტაპი არ გაგვივლია, პირდაპირ გადავხტით კომუნისტურ რეჟიმში ფეოდალიზმიდან და არ გაგვივლია განვითარების ის სტადიები, რაც ევროპამ გაიარა. რეგულაციები, ფაქტობრივად, ახლა ყალიბდება. საგადასახადო სისტემამ ჩვენთან მუშაობა გასული საუკუნის 90-ან წლებში დაიწყო, კაცობრიობისთვის კი ეს განვლილი ეტაპია: საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის, შეერთებული შტატებისთვის, ინგლისისთვის… ჩვენთვისაა ახალი ხილი და ამიტომ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სახელმწიფო მეწველი ძროხაა, თვითონ კი არაფერი არ უნდა გააკეთო სახელმწიფოსთვის.
სხვათა შორის, ეს მიდგომა რაღაც ფორმით განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის. თუ გახსოვთ, კენედიმ უთხრა ამერიკელებს: როდესაც ამბობთ, რას მაძლევს მე ამერიკა, დაფიქრებულხართ, თქვენ რას აძლევთ ამერიკასო?! ასეთი დამოკიდებულება, იმ ზომით არა, როგორც ჩვენთან, მაგრამ იქაც არის. რატომ? იმიტომ, რომ, რადგან მოქალაქე იხდის გადასახადებს და, ფაქტობრივად, არჩენს სახელმწიფოს, მიიჩნევს, რომ ყველაფერი გარანტირებულად უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ, რუსოს თეორიაა, რომ საზოგადოება არის საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ანუ ადამიანებს შორის იდება ხელშეკრულება, როგორ ვიცხოვროთ და, მათ შორის, იდება ხელშეკრულება სახელმწიფოსთან. ჩვენთან კონტრაქტის პირველადობა არ არის გამჯდარი. არადა, კონტრაქტი პირველადია ბიზნესურთიერთობაში; ბიბლიაა, რომელიც უნდა შეასრულოს, იმიტომ, რომ კონტრაქტი თავისებური პირობაა, რომელიც უნდა შეასრულოს. ასევე, სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორისაც უნდა დაიდოს კონტრაქტი. მაგალითად, ხომ გადავდივართ საკონტრაქტო ჯარზე?! ადრე სავალდებულო სამხედრო სამსახური იყო.
– თუმცა პირადად მე წინააღმდეგი ვარ მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურის.
– მაგრამ ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. კონტრაქტორები დავით აღმაშენებელსაც ჰყავდა, ასე რომ, ეს ფორმები არსებობს. ჩემი აზრით, თუ სახელმწიფოს უნდა, რომ წინ წავიდეს, თავის მოქალაქესთან, როდესაც ის 18 წლის შესრულდება, უნდა გააფორმოს ხელშეკრულება. მართალია, კონსტიტუცია გავალდებულებს და კანონებიც, მაგრამ, დიდი რამაა, როდესაც შეგნებულად მოაწერ ხელს ყველა პუნქტს. თორემ, სახელმწიფო თითქოს ცალკეა და მოქალაქე –  ცალკე, არსებული კანონების აღსრულების პროცესში. ხელშეკრულების არსი კი ის არის, რომ ორივე მხარე იღებს ვალდებულებას –  ასეთი რამ უნდა იყოს სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის. თითქოს იგულისხმება, რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.
– მაგრამ, რად უნდა კონტრაქტი იმას, რომ, როდესაც სოფლის ბირჟაზე ვდგავარ და თუთუნს ვღეჭავ, ავდგე და ჩამონგრეული ღობე გავასწორო, ან, ჩემი სახლის წინ რომ ხეა, თან, თავისით ამოსული, იმას შემოვუბარო; ბოლოს და ბოლოს –  არ მოვჭრა?!
– ჩემი სახლის წინ რომ ხეა, ის არ არის განხილული, როგორც ჩემი საკუთრება.
– მაგრამ მე ხომ ვსუნთქავ იმ ხით?
– მართალი ხართ, მაგრამ, ოლპორტმა გააანალიზა და დაასკვნა: თუ ადამიანს სახლი დაწკრიალებლი აქვს, გარეთ კი –  არეულ-დარეული, ეს ნიშნავს, რომ ის ეგოისტია, ანუ, თავისას უფრთხილდება, ხოლო, რაც მისი არ არის –  არა.
– საქართველოსთვის ტიპურია ასეთი მიდგომა.
– დიახ, ნაგავთან, ჰიგიენასთან დაკავშირებით. ყველაფერს ანაგვიანებს ქართველი და ფიქრობს, რომ გარემომ მის მიერ დაყრილი ნაგავი უნდა მოითმინოს. ჩვენ გვიკვირდა, როდესაც ჩავდიოდით ბალტიისპირეთში, რა სისუფთავეა იქ. ახლა არეალი გაფართოვდა და უფრო მეტად რწმუნდება მოსახლეობა, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს თავიანთი სამშობლო მხოლოდ სადღეგრძელოში უყვართ. ეგოისტურად უყურებენ გარემოს, თანამოქალაქეებს, მათ შორის, სახელმწიფოსაც. არ არის ვალდებულებითი დამოკიდებულება მეორე მოქალაქისადმი. მეორე მოქალაქე მოყვასია და მისადმი გაქვს ვალდებულებები. მრევლი ასრულებს ამ ფუნქციას, ეკლესია ცდილობს, ეს როლი შეასრულოს, მაგრამ ეს ეკლესიაში რჩება და სამოქალაქო ცხოვრებაში არ გადმოდის.
– ჯვრისკენ რომ ადიხარ, გზისპირი გატენილია ხეებზე შეფენილი ცელოფნებით, ბოთლებით, ანუ, მოქალაქე ჯარში არ მიდის, გადასახადს არ იხდის, გარემოს არ უვლის…
– როგორც კი საქართველოს გაუჭირდა გასული საუკუნის 90-ან წლებში, ხალხი გაიკრიფა საქართველოდან. ისინი არც ჩამოვლენ აქ. თითქოს ახლობლებს არჩენენ და ამ მოტივით არიან იქ, მაგრამ, სამშობლოსადმი ტკივილი არ აქვს ქართველს. ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა ცალკე ინდივიდები არიან. ან, ილიას რომ კაცი მოკლავს, როგორ უნდა სძულდეს საკუთარი თავიც, საკუთარი სამყაროც და ქვეყანაც! არ არის ეს სიყვარულის ქვეყანა იმ ზომით, რა ზომითაც გვგონია. ემოციურები კი ვართ, ოღონდ,  გულის სიღრმეში ეგოისტები ვართ. თავკერძები, „დათა თუთაშხიაში“ კარგადაა გაანალიზებული ეს თავკერძობა და მისი როლი ეროვნულ დაკნინებაში. თავკერძობის გამოხატულებაა ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში. ეს, საერთაშორისო ტერმინოლოგიით, ეგოიზმია, ქართულად –  თავკერძობა.
– ძალიან გვიყვარს შეფასება, პათოსით –  ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველოო, არადა, ეს თქვა აკაკიმ და თქვა ილიას მკვლელობაზე და, შენ გაქვს მორალური უფლება, რომ პირველი პირიდან თქვა იგივე? აკაკი ხარ?
– დიახ, ეს თქვა აკაკიმ და თქვა კონკრეტულად ილიას მკვლელობაზე. თითქოს შეთანხმებულები არიან ადამიანები იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არ იცხოვრება. ესე იგი, გაჭირვებას, როგორც გამოწვევას არ უყურებენ, რომ აიღონ და რაღაც გააკეთონ ისეთი, რაც ქვეყანას წაადგება. მერე გაუკვირდებათ, ჩინელი რომ შემოვა და ააყვავებს აქაურობას, თვითონ კი სხედან დომინოს თამაშობენ და არაყსაც სვამენ შუადღისას.
– ადამიანები თავისით მივლენ იმ აზრამდე, რომ ქვეყანას უნდა მოუარონ და მათაც აქვთ პასუხისმგებლობა, თუ, სასკოლო ასაკიდანაა აუცილებელი ამ უნარების განვითარება?
–  ღვედები ხომ ყველამ გაიკეთა?! რაღაც ასეთი მკაცრი სანქციები უნდა იყოს გარემოს დანაგვიანებაზეც, სხვანაირად ძალიან ძნელია. დაწყებითი სასკოლო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილიშვილი სანაგვესთან მიირბენს და ჩააგდებს ხოლმე ნაგავს –  ეს საბავშვო ბაღში ასწავლეს. ალბათ, განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ, მშობელს რას უშვრები? ის რომ გააკეთებს, ხომ მიჰბაძავს მას ბავშვი? თაობები უნდა შეიცვალოს, ისე არაფერი გამოვა. მაგრამ, ბევრი რამეც იცვლება: თუმცა ჭამაზე ისევაა ორიენტაცია, მაგრამ ღორული ჭამა-სმა აღარ არის, არც ხუთსაათიანი სადღეგრძელოები და ღვინის დაძალებები –  ახალი თაობა უფრო წინ წასულია ამ მხრივ.
– ეგოიზმს უკავშირდება არაჰუმანური დამოკიდებულება ქუჩის ცხოველებისადმი?
– დიახ, არ არის ჰუმანური დამოკიდებულება მცენარეებისა და ცხოველების მიმართ…
– მაგრამ, ვიღაცამ ხომ ააშენა ეს ქვეყანა, ესე იგი, ყოველთვის წყალწაღებულები არ ვყოფილვართ?
– ეს არ ვიცი, მაგრამ, ვიცი, რომ ღარიბი ქვეყანა ვიყავით. ერთი საერო ნაგებობა არ არის, რომელიც სიმდიდრის გამოხატულება იქნებოდა, სულ ეკლესიები და ციხე-სიმაგრეებია. ერთი ერეკლე მეფის სასახლე გვაქვს და, ისიც, გეგონება, გლეხი კაცის სახლიაო –  ძალიან მოკრძალებულია მეფის საცხოვრისისთვის. ღარიბი ქვეყანა ვიყავით, გადარჩენაზე ორიენტირებული და არა – განვითარებაზე. ჩვენ უფრო ფოლკლორის ხარჯზე გავედით ფონს, მეტი არაფერი შეგვიქმნია ცივილიზაციისთვის.
– არტიტექტურა?
– არქიტექტურა –   საეკლესიო ნაგებობების სახით, ოდა სახლებიც ფოლკლორულია. ტექნოლოგიურად არაფერი შეგვიქმნია, რითაც კაცობრიობას შევძენდით რამეს. მაგალითად, ჩინელებმა კაცობრიობას შესძინეს დენთი; ინგლისმა კონსტიტუცია შესთავაზა; ძველმა რომაელებმა –  კანონების კრებული, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის და ასე შემდეგ… ქართველებს კი, რაღაც მაინცდამაინც დიდი არ მიგვიცია კაცობრიობისთვის. მხატვრობა გასაგებია.
– რუსთაველი?
–  მე ვამბობ ცივილიზაციურ წვლილზე მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით, თუმცა ხელოვნებაში წვლილი გვაქვს.
– ამიტომაც მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოსში, როგორც დედამიწელების ერთ-ერთი მახასიათებელი.  ანუ ჩვენ სულიერი მისია გვაქვს?
– ზვიად გამსახურდიას კი ჰქონდა თეორია საქართველოს სულიერი მისიის შესახებ, მაგრამ ეს მაინც ჰიპოთეზურია, არ ჩანს ხელშესახებად. რატომ შექმნეს ევროკავშირი გერმანიამ და საფრანგეთმა?! მათ დაიწყეს იმიტომ, რომ ჰქონდათ ცივილიზაციური წინსვლების ფუნდამენტები. გერმანიაში პროტესტანტიზმი ჩამოყალიბდა, რამაც ჩამოაყალიბა კაპიტალიზმი. ჩვენ არც კი გაგვივლია კაპიტალიზმი, როგორც განვითარების სტადია. ამდენად, მენტალური წინსვლა ვერ მიჰყვება ეპოქას. სახელმწიფო ჩვენთან ახლა სწრაფი ტემპებით ყალიბდება, მაგრამ სოციუმის მენტალობა ვერ მისდევს მას, რადგან ფეოდალურ-საბჭოურია, როდესაც გარანტიებს ეძებს ადამიანი. ადამიანებს რისკი ვერ წარმოუდგენიათ, ყველას უნდა, რომ რისკის გარეშე მიიღოს მოგება, ამიტომაც ვერ ვითარდება ბიზნესი.
– გამოდის, უნდა ვისწავლოთ კაპიტალიზმი და ნელ-ნელა არა მხოლოდ გავმდიდრდებით, სისუფთავესაც შევეჩვევით და ზრუნვასაც?
– უნდა გავიაროთ ეს ეტაპი. ახლა გავდივართ, ოღონდ დაგვიანებულად და, მის იმ ფორმებს, რომლებიც მოწინავე კაცობრიობამ დიდი ხნის წინათ გაიარა. ადამიანებმა არ იციან დაზოგვა და შენახვა. ძალიან ცოტა დეპოზიტია ბანკებში, მაშინ, როდესაც დასავლეთში ყველა მოქალაქეს აქვს დეპოზიტი. ალბათ, თანადთან ჩვენც ვისწავლით.

скачать dle 11.3